|
ახლა ვნახოთ რა ხდება იქ სად მუშტიც არ მუშტობს...
„მე მინდა შაგახსენოთ გასული წელი, რომელიც არის სამაგალითო. ეს ეგრეთ წოდებული, ავად სახსენებელი კოჰაბიტაცია, რომელმაც ჩვენ ყველას ერთად, დაგვანახა, თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, აღნიშნული პროცესი", - ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა 31 მაისს, ოზურგეთში. ცოტა უფრო ადრე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რომ კოჰაბიტაცია „ცუდი ბიჭია" და ის საპრეზიდენტო არჩევნებისთანავე დასრულდება. ხმები წესიერად არც კი იყო დათვლილ, როცა გაირკვა რომ მარგველაშვილს „გვერდ დაუმშვენებდა" მიხეილ მაჭავარიანის ძმა. ნუ, ახლა, ძმა ძმისთვის და შავი დღისთვის, გამოვრიცხოთ და ისიც გავითვალისწინოთ რომ ძმა ძმის ცოდვებზე არ აგებს პასუხის, მითუმეტეს როცა ცოდვები სიტყვით „დასტურდება", მაგრამ კოჰაბიტაცია რომ არ დასრულდა და მარგველაშვილმა სიტყვა გატეხა მაჭავარიანის დანიშვნით, ეს თამამად შეიძლება ვთქვათ. კარგით, გავიდა დრო და რა შეიცვალა ამ მხრივ? ხალხი ამბობს არაფერიო, მთავრობის მეთაური კი „წყევლა-კრულვით" მოიხსენიებს თავისავე გუნდის მიერ, უფრო სწორად ამჟამად პირველი მოქალაქის იდეას - კოჰაბიტაციას! ნუ, კარგით, ამაზედაც დავხუჭოთ თვალები და შევხვდეთ გაგებით განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ თვალდახუჭულებიც რომ ვხედავთ ამ „წყეულ კოჰაბიტაციას" რა ვქნათ? თუ კოჰაბიტაცია (რომელსაც რატომღაც უმადური ნაციონალიზმი ტაშით არ ხვდება) ანგრევს, რაც აშენებს ის სადაა? ჩვენს გულებში? კი, ხალხის გულებში და ტვინში არის, მაგრამ იქ, მაღლა ისევ კოჰაბიტირებულების „პარადი" რომ არის, ამას „ჩაის რევოლუციით" უნდა გავუსწოროთ „კბილები"? სად არის საქმე, რომელიც სიტყვას უნდა ერთვოდეს თან? საქმე მუშტმა ჩაანაცვლა? კარგით, ახლა ვნახოთ რა ხდება იქ სად მუშტიც არ მუშტობს...
სტატიას თან ერთვის ფოტოები თქვენ ხედავთ ბათუმის მერობის კანდიდატის, ერმაკოვის ცენტრალური შტაბს, რომელიც ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. ერთ-ერთ ფოროზე ხედავთ თემურ კახიძეს, ნაციონალების ახალგაზრდული ფრთის ყოფილ შეფს და ამჟამად მერიის აპარატის უფროსს, ერთ სურათზე კახა მიქელაზე, ნაციონალების აჭარის რეგიონის უფროსი და ნარკოტიკების დიდი ოდენობით გასაღების გამო ნასამართლევი (და თუ ვინმე იტყვის რომ მას ბრალი მოეხსნა ან აპატიეს ის რაზედაც ედავებოდნენ, ვიტყვი, ედავებოდნენ და გაასამართლეს!), ერთ სურათში ხედავთ აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ნაკაშიძეს, ქიძინიძეს, ნაციონალების შტაბის უფროსს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და მესხიძეს, უშიშროების ყოფილ თანამშრომელს. მოკლედ, ყველა სურათს არ ვიცი დაიტევს თუ არა გაზეთის გვერდი, მაგრამ ვინც ჩამოვთვალე და ვინც ვერ ჩამოვთვალე (იმიტომ რომ ზოგის გვარი ვიცი და სახელი ან თანამდებობა არა) ყველა ნაციონალია და ყველა ერმაკოვის შტაბთან არის დაფიქსირებული, ზოგი სუფრასთანაც ილხენს ოცნების კანდიდატთან ერთად და არც ამის დადასტურებაა დიდად ძნელი. არადა, ოზურგეთიდან ბათუმამდე სულ რაღაც ერთი საათი (ან ცოტა მეტი) აშორებდა პრემიერ-მინისტრს. იმ დროს როცა ოზურგეთში ირაკლი ღარიბაშვილი კოჰაბიტაციას წყევლიდა ბათუმში კოჰაბიტირებულები ტელევიზორებთან ისხდნენ და იცინოდნენ... სამწუხაროა...
კონკრეტულ შემთხვევებზე არაფერი ვიცი და ნაციონალები უკვე აღარ არსებობენო, - ასე ბრძანა პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთში, არადა, კიდევ ვიმეორებ, ოზურგეთიდან ბათუმი არც ისე შორსაა. ბათუმი არაა „ცენტრალნაია", მაგრამ არც „პასლედნია გოროდებს" შორის, ესეც რომ არა საზღვრისპირა ქალაქ-კურორტია და წესით იქ რაც ხდება კონკრეტული კი არა ზოგადი უნდა იყოს, სხვა პატარა ქალაქების ფონზე, თუმცა არც „პატარების" ყურადღების მიღმა დარჩენა შეიძლება თუ წყევლა-კრულვას რეალობად ჩავთვლით. ჰოდა, ამ „ყველაზე მაღალხარისხიან" კურორტ-ქალაქში, სადაც მიშას დროს სეზონი მარტში იწყებოდა და ნოემბრის ბოლოს მთავრდებოდა, სადაც ნაციონალებმა „გაზაფხული მოიყვანეს" დღეს ისეთი „დომხალია" დედა შვილს რომ არ აიყვანს:
2012 წლის 1 ოქტომბრიდან ორი წელიც არ გასულა და ეს უკვე რიგით მესამე არჩევნებია, რომელმაც, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და ამ ქვეყანაში ისევ რაღაც უნდა შეცვალოს. ხელისუფლება თავისი შეუსრულებელი დაპირებების და ვალდებულებების გასანეიტრალებლად და მიზეზად გამუდმებით ამ არჩევნებს აცხადებდა. აი, მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ყველაფერი შეიცვლება, ნაცები საბოლოოდ წავლენ მმართველობიდან, მაშინ დაიწყება ნამდვილი აღმშენებლობაო. ჰოდა, აგერ ეს არჩევნებიც კარსაა მომდგარი. კოჰაბიტაციაც ამიტომ მიაწყევლა ღარიბაშვილმა, თორემ მაგალითად ბათუმის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ერმაკოვი რომ მოეყვანა კონკრეტულად, ზოგადი დასკვნების გაკეთება არ გაუჭირდებოდა და წყევლაც „დამისამართებული" იქნებოდა. „ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე" კანდიდატი ქალაქში ცნობილი ნაცია, მაგრამ ოცნების მხრიდან იყრის კენჭს, წყევლამ თქვა გზა მაჩვენეო და რა ვიცი აბა რა ვთქვა ზოგადად ასეთ კონკრეტულზე? ცვლილებების რა მოგახსენოთ? მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს, აი ნაცები და ყოფილი ნაცები რომ წასვლას არსად აპირებენ, მითუმეტეს მმართველი ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ეს კარგად ჩანს ზოგადადაც და კონკრეტულად აჭარაშიც. იქ, სადაც მიშამ მეორე ვარდების რევოლიციის აკვანი დაარწია...
როგორც ბათუმელები ამბობენ ამ არჩევნებზე ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც ერთი „ფალავანი" ჰყავთ. თავის დროზე გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნა გახდა ჯერ კიდევ ბათუმელების პროტესტის და მხრების ჩეჩვის მიზეზი, იმასაც ამბობდნენ, ეს ის ერმაკოვი არაა, ხალხს რომ არდაჭერის, ანუ თავისუფლების საფასურს მსხვილ კუპიურებში და უცხოურ ვალუტაშიც ართმევდაო, მაგრამ რაკი მაშინ წყევლა მოდაში არ იყო და გინებითაც ღიად ვერ იგინებოდნენ, შესაგუებელს შეეგუენ ბათუმელები... არად, ყველაფერი მარტივად და ერთი ხელის მოსმით დაიწყო: ბათუმის შემოსავლების სამსახურში კარგი შემოსავლების მქონე ერმაკოვმა რომ ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობაზე ნათია სურგულაძე შეცვალა, მაშინვე გაჩნდა ბათუმელებში ეჭვი - ამას მერობისთვის ხომ არ ამზადებენო? ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს წინათგრძნობა ამ ქალაქს აუხდა. ბათუმელები არ ცდებიან, კარგად ახსოვთ ერმაკოვის პერსონის სახასიათო როლი წინა ხელისუფლების პირობებში. არაა დახასიათებისთვის ცუდი - ვარშალომიძის მარჯვენა ხელი, ახალაიების კლანის პირადი მასპინძელი ბათუმში. ნუ გაგიკვირდებათ და თავად ერმაკოვი თვლის რომ მას ეს თანამდებობა დამსახურებულად არ მიუღია (დიახ, არ...), ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თავის უეცარ გამჩენას ასე ხსნის: „არის ადამიანები ვინც შენ გიცნობს, გაფასებს" და კითხვაზე - მართლა განცხადებით მიიღეს თუ არა ის მერიაში სამუსაოდ, ასე პასუხობს ჟურნალისტს: „ამ გუნდმა, რომელიც მოვიდა ხელისუფლების სათავეში ჩათვალა რომ ჩემი რესურსის გამოყენება შესაძლებელი იყო და მე არაერთხელ გავუსვი ამას ხაზი, რომ ჯერ შინაგანად უნდა ვყოფილიყავი დარწმუნებული შევძლებ მე კი ამას?!"
2014 წლის 31 მარტს, ახალგაზრდულმა მოძრაობამ - „ANTI-კლანი" ბათუმის მერიას და საკრებულოს მიმართა მოთხოვნით: „დაუყოვნებლივ გადააყენეთ ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი ნაცზონდერი (ეხლა უკვე ოცნების წარმომადგენელი) გიორგი ერმაკოვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პერმანენტულ აქციებს და არ გამოვრიცხავთ უვადო შიმშილობას. ეს სადისტი ნამდვილად არ არის მოსახლეობის არჩევანი, ბათუმი არ იმსახურებს მსგავს არარაობას ქალაქის მართველად!" მსგავსი ბრალდების გამო, წესიერი ადამიანები ან პასუხს ითხოვენ, ან განმარტებას აკეთებენ, ან, შეურაცხყოფისთვის სასამართლოში მიდიან. თუმცა, ერმაკოვს ამ პროტესტზე რეაქცია არ გამოუხატავს. მან ხომ უბრალოდ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა და იქ შეიარჩიეს. ესაა ერმაკოვისეული ოფიციალური ვერსია.
ხელისუფლებაში მოსულ გუნდს რომ კადრების შერჩევა უჭირს, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით. თან სერიოზულად უჭირთ ანალიზის მიმართულებით, თორემ გიორგი ერმაკოვის თუნდაც ბიოგრაფიის, თანაც ოფიციალური ბიოგრაფიის თვალის ერთი გადავლების შემდეგაც კი, რაღაც დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა. როგორ გამოიყურება ერმაკოვის შრომითი ბიოგრაფია:
2011- 2012- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
2011 – საქართველოს ფინანსთა სასმინისტროს შემოსავლების სამსახურის შიდა კონტროლის დეპარტამენტის სპეციალურ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2010-2011 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულის ცენტრის უფროსის მოადგილე;
2005-2008 – საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი;;
2004-2005 – საქართველოს შსს აჭარის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი;
2002-2004 – საქართველოს შსს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო – განყოფილების უფროსი;
არ ვიცით განგებ თუ შემთხვევით, მაგრამ, ერმაკოვს ბიოგრაფიაში გამოტოვებული აქვს ერთი თარიღი - 2010 წელს 6 თვე გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად რომ იმუშავა. ამბობენ, იმ პერიოდში სწორედ ერმაკოვი ხელმძღვანელობდა ხე-ტყის უკანონო ჭრას და საკმაოდ დიდი თანხაც მიითვისაო. იმასაც ამბობენ, რომ, გარემოს დაცვის ინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი დააჭერინა. ზოგი ახლაც არაა გათავისუფლებულიო. თავის დროზე ხმები კი გამოვიდა, ერმაკოვის კანდიდატურა ოცნებისთვის „განხეთქილების ვაშლიაო" მაგრამ, განხეთქილება განხეთქილებად დარჩა და ერმაკოვი კანდიდატად. იმ ქალაქის, სადაც იყო სერიოზული კამათი მის გარშემო. ჯერ ვიცე-მერად დანიშნეს. მერე მერის მოვალეობის შემსრულებლად. ახლა მერობისთვის ამზადებენ.
ერმაკოვი ბოლომდე ერთგული რჩება ნაციონალური მოძრაობის შიდა განაწესის. მის მიმართ პრეტენზიები „ოცნების" ადგილობრივ წარმომადგენლებსაც აქვთ, ბატონი გიორგი, რატომღაც, გამუდმებით ნაციონალური გამოცდილების კადრს ასაქმებსო. ამაში ეჭვი არც შეიძლება შეიტანო, ფაქტები სახეზეა და მისი ახლანდელი კამპანიის ბირთვი ისევ ნაციონალური მოძრაობის ძველი, კარგად ნაცნობი სახეებია. მის ოფისთან ვის არ შეხვდებით უახლოესი წარსულიდან. განსაკუთრებით ყოფილი ძალოვანები ჭარბობენ. ძველმა, პენსიაზე გასულმა პოლიციელებმა ერმაკოვს თავიანთი მხარდაჭერა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურადაც გამოუცხადეს.
ნაციონალურიი კადრის მფარველობის საუკეთესო მაგალითი თემურ კახიძეა, რომელიც ერმაკოვმა მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. არადა კახიძე წინა წლებში ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან იყო, სადაც საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ბათუმის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გახლდათ, წინა წლებში კი ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი - ბათუმის მერიის მრჩევლად უშიშროების თანამშრომელ თოდრიას დანიშვნა, რომელსაც მთლიანად მერიის მუშაობის და თანამშრომლების კონტროლი დაევალა ალბათ.
„ქართული ოცნების„ მერობის კანდიდატის ბიოგრაფიაში საარჩევნო ბუკლეტზე ჩამატებულია ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ერმაკოვის ახალგაზრდობის, როცა ის ბათუმის ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა და იქ პირველად დააფასა ფიზიკურდი შრომა. არადა, როგორც ხანდაზმული ბათუმელები იხსენებენ, მაშინ, ჯერ კიდევ ბავშვი ერმაკოვი უშიშროების მაღალჩინოსანი მამის მთავარი ინფორმატორი იყო ფაბრიკაშიო. ასე რომ ამ პროფესიის ათვისება ადრეული ასაკიდან დაუწყია ერმაკოვს. ავი ენები იმასაც ამბობენ, ბათუმის მერობის კანდიდატი ГРУ აგენტიაო?! მოკლედ, ენა რას არ იტყვის, მაგრამ ხანდახან ხმაური ტაშტის გატეხვას (თუნდაც მოგუდულად) მოყვება ხოლმე და არც ერმაკოვის გადადგომის მოთხოვნით მოწყობილი აქცია უნდა დაგვავიწყდეს... ამიტომაც ვერ გაუგიათ ბათუმელებს, რატომ უნდა იყოს მათი ქალაქის თავი მხოლოდ რეკეტში და ტერორში გამორჩეული კადრი, რომელმაც ამ ქალაქის მაცხოვრებლებს თავი სხვა ვერაფრით დაამახსოვრა...
უშიშროების მაღალჩინოსნობა ახალაიების დამსახურებით მიიღო. ასევე ერმაკოვი იყო ყველა იმ შეხვედრის ორგანიზატორი, რომელსაც ბათუმში ახალაიები მართავდნენო. ერმაკოვი იყო მათი საქმიანი შეხვედრების და ახალაიების საახლობლოს „გასართობი ტურისტული პროგრამების" მომგვარებელიო. რაც შეეხება ვარშალომიძეს, მასთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს და არც ერთი ვარშალომიძის გარდაცვალების ფაქტს უყურადღებოდ არ ტოვებს, ყველა „ტირილში დაიარებაო", - ასე ამბობენ იქაურები.
გავრცელებული ხმების და სხვა პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ერმაკოვს არა მხოლოდ კადრები ყავს წინა ხელისუფლებიდან, საარჩევნო კამპანიასაც „ძველი" და აპრობირებული მეთოდებით ახორციელებს - სხვისი ხელით კონკურენტების უფლებების შელახვა, შიშის ჩანერგვა აქტივისტებში, უაზრო დაჭერები ეჭვის საფუძველზე. ეს ერმაკოვის კამპანის ირიბი, არაოფიციალური და ჩრდილოვანი ნაწილია. მსგავს ბრალდებებზე ნაციონალური სულისკვეთების ოცნების კანდიდატი მოკლე და ირონიულ საეთერო განცხადებებს აკეთებს. თუმცა, ირონიის მარაგი, საეჭვოა, 15 ივნისამდე და ბათუმელების უმრავლესობაზე ეყოს. მიუხედავად იმისა, რომ, მისი გამარჯვება ორ პოლიტიკურ ძალას ერთნაირად აწყობს, ლოგიკური დასასრული გიორგი ერმაკოვის პოლიტიკიდან დამარცხებულების კარიდან გასვლა იქნება. თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს. ყველაზე საინტერესო ფაზა ახლა იწყება და იმასაც ვნახავთ, რისთვის ჭირდება ერმაკოვს ის პერსონები, რომლებსაც მის საარჩევნო შტაბში ხშირად აფიქსირებენ.
დარეჯან მეფარიშვილი, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |