|
რომელ ჩინოვნიკს ემუქრება ომბუდსმენის სადამსჯელო მექანიზმი?!
კანონდამრღვევი ჩინოვნიკების მიმართ სადამსჯელო მექანიზმები ამოქმედდება. ომბუდსმენი სანქციებს იმ მინისტრების მიმართ გამოიყენებს, რომლებისთვისაც სახალხო დამცველის რეკომენდაციები არაფერს ნიშნავს. აღნიშნული სანქციები შესაძლოა, ძალოვან უწყებებს შეეხოს. თუმცა, ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველს ხმაურიანი განცხადებებისთვის "საქმე გაურჩიეს" და მეგობრული რჩევაც მისცეს, რასაც უჩა ნანუაშვილი არ ადასტურებს.
ფიქრობს თუ არა ოფისის დატოვებაზე უჩა ნანუაშვილი? მოჰყვა თუ არა მის განცხადებებს მთავრობიდან ზარი? რომელი სამინისტროები არ ითვალისწინებენ სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციებს? უსმენენ თუ არა მას? ამ და სხვა კითხვებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს.
- სტატიკით მინდა დავიწყო, არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დარღვევებზე სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და პროცესი მატებისკენ მიდის. რაზე მეტყველებს არსებული სტატისტიკა - ცხოვრება გაუმჯობესდა, მეტი თავისუფლების შეგრძნებაა თუ პირიქით?
- გეთანხმებით, ზოგადად, განცხადებების რაოდენობა ნამდვილად იზრდება. ასევე, გაზრდილია მომართვის რაოდენობაც. მაგალითად, შარშან 11-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. ზოგი ისეთი განცხადებებია, რომელიც ადრეც იყო შემოტანილი და ხელახლა შემოიტანეს. ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, მაგალითად, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია საჯარო უწყებებიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლის ტალღამაც გადაიარა საქართველოში და ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა. ამ ტიპის განცხადებების რაოდენობა საკმაოდ დიდია. გარემო თავისუფალია და მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე დაწერონ საჩივრები და ასეც ხდება. მაგალითად, სასჯელაღსრულების თემაზე შემოდის საჩივრები, რაზეც ადრე წარმოუდგენელი იყო საუბარი. ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა მისასალმებელი და კარგია, თუმცა პრობლემებიც საკმაოდ ბევრია.
- როგორც აღნიშნეთ, საჩივრების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის საჯარო სამსახურებიდან თანამშრომელთა განთავისუფლება. კიდევ რა მიმართულებებია აქტუალური, რაზეც მოქალაქეები მოგმართავენ და თქვენს ჩარევას ითხოვენ?
- განცხადებების დიდი რაოდენობა უკავშირდება ძალაში შესული განაჩენის გადახედვას, თუმცა ეს ჩვენი კომპეტენცია ნაკლებადაა და მსგავს განცხადებებზე რეაგირებას ვერ ვახდენთ. ასევე, დიდი რაოდენობით განცხადებები შემოდის პენიტენციარულ დაწესებულებებში ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მსჯავრდადებულები სამედიცინო ხასიათის დახმარების აღმოჩენას ითხოვენ და ასეთი ჯგუფი საკმაოდ დიდია. ასევე, დიდი რაოდენობით შემოდის განცხადებები სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით.
- გასაგებია, რომ განცხადებები შემოდის, მაგრამ გვაინტერესებს, ამის იქით რა ხდება, როგორია შედეგი. იგივე სამსახურებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით რა შეუძლია სახალხო დამცველს?
- სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეებს აიძულებენ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერონ. ამ შემთხვევაში, ძნელია დავა და შეუძლებელია რეაგირება. სხვა შემთხვევებში, გვქონდა ფაქტები, როცა საჯარო სექტორიდან უკანონოდ განთავისუფლებულები აღადგინეს სამსახურებში. იყო შემთხვევებიც, როცა ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს საჯარო დაწესებულებებმა.
- რომელია ის უწყებები, სადაც სამსახურიდან განთავისუფლების ტალღამ გადაიარა?
- ერთი უწყების გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ეს ტალღა მეტ-ნაკლებად უწყებების უმეტესობას შეეხო. პროცესი ცენტრალური ხელისუფლებიდან უფრო შორს - მუნიციპალიტეტებშიც წავიდა. ძალიან ბევრი განცხადება შემოვიდა თავდაცვის სამინისტროდან, სასჯელაღსრულებიდან, ასე ჩამოთვლა გამიჭირდება. ეს ძალიან ბევრ უწყებას ეხება.
- სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებებით, საქმეების შესწავლით, პროცესებში ჩართვით და ასე შემდეგ, რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ, მდგომარეობა გაუმჯობესდა?
- უფლებები ირღვევა, თუმცა, შეიძლება ითქვას, უფლებების დარღვევა სხვა სახით ხდება და არა იმ ფორმით, როგორც ამას საზოგადოება იცნობდა. მაგალითად, ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა პენიტენციარულ დაწესებულებებში, შესაძლებელია ისეთი მძიმე ფორმით არ ხდება, მაგრამ არის პრობლემები თუნდაც სამსახურებიდან მასობრივი განთავისუფლების. ასევე, პრობლემები დაკავშირებული პატიმართა უსაფრთხოებასთან. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები, რომ დაეცვა მსჯავრდადებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვერ მოახერხა.
- სად არის ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა?
- პენიტენციარული სისტემა უკვე ვახსენე. ასევე, პრობლემებია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. 40-ზე მეტი განცხადება შემოვიდა ჩვენს ოფისში, როცა მოქალაქეები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უჩიოდნენ. ეს ის ფაქტებია, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგი არ დამდგარა. როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სჩადის დანაშაულს, გამოძიება ნაკლებად ეფექტურია.
- აქედან გამომდინარე, თქვენ მოითხოვეთ, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული სხვა, დამოუკიდებელ ორგანოს გამოეძიებინა. აღნიშნული ინიციატივა გაერომაც მოიწონა, თუმცა რა, არის შედეგი?
- დიახ, ასეა, აღნიშნული ინიციატივა გაგზავნილია პარლამენტში და იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ განიხილავენ. უნდა შეიქმნას სპეციალური, დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა. შესაძლებელია, ეს ორგანო პარლამენტს დაექვემდებაროს. მსგავსი რეკომენდაცია გაიზიარა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში და თომას ჰამერბერგმა.
- გასაგებია, რომ საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები იზიარებენ, მაგრამ ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ვინც მთავარია, ის თუ იზიარებს?
- ვნახოთ, გამოჩნდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს არის და ვნახოთ, რას იზამს პარლამენტი.
- თქვენი წინამორბედები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, შენიშვნებს, კრიტიკასა თუ ანგარიშს არავინ უსმენს და ის მხოლოდ ფურცელზე რჩება. თქვენ გისმენენ? იზიარებენ? გეკითხებიან? რამდენად ეფექტურია სახალხო დამცველის ოფისი?
- ახლახან გამოქვეყნდა კვლევა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, რეკომენდაციების ნახევარი შესრულებულია. მაგრამ რეალურად მივდივართ იქით, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია მხოლოდ რეკომენდაციაა. გასულ წელს პირველად მოხდა შემთხვევა, როცა პარლამენტს, ნაცვლად იმისა, რომ ცნობად მიეღო სახალხო დამცველის ანგარიში, სპეციალური დადგენილება მოამზადა, სადაც დეტალურადაა აღწერილი კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მისამართით. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომელიც პარლამენტმა გაიზიარა და საჭიროდ ჩათვალა მისი შესრულება.
- გასაგებია, რომ პარლამენტმა გაიზიარე თქვენი რეკომენდაციები და საჭიროდ ჩათვალა მისი შესრულება, მაგრამ შესრულდა? არის შედეგი?
- სანამ პარლამენტში 2014 წლის ანგარიშის განხილვა დაიწყება, ჯერ სწორედ ძველ რეკომენდაციებს გავივლით - რა შესრულდა და რა არა. შემდეგ შემეძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
- თუმცა, საკმაოდ ბევრია თემა თუ საკითხი, როცა სახალხო დამცველის კანონიერ მოთხოვნას უგულებელყოფენ. ამ შემთხვევებზე რას გვეტყვით?
- როცა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა არ სრულდება, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და პრაქტიკაში გამოვიყენებთ კონკრეტულ ბერკეტებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია თუნდაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული საჯარო მოხელის დაჯარიმება და ამ მექანიზმის გამოყენებას უახლოეს დროში აქტიურად ვიწყებთ.
- რომელი უწყებები თუ კონკრეტული ჩინოვნიკები არიან ამ ზღვარზე, ვის ემუქრება სახალხო დამცველის ერთ-ერთი სადამსჯელო მექანიზმი?
- სადამსჯელო მექანიზმი გვინდა გამოვიყენოთ ყველა იმ უწყების მისამართით, ვინც რეალურად არ ასრულებს ან ნაკლებად ასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
- მაგალითად?
- მაგალითად, ერთ-ერთია იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, პროკურატურა. ყველაზე მეტი რეკომენდაცია აღნიშნულ უწყებებს ეხებოდათ. რეკომენდაციების მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტი შესრულდა. სამართალდამცავი ორგანოები ისევ რჩებიან იმ კატეგორიაში, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს. მაგალითად, დევნილთა სამინისტრომ რაღაც საკითხები გაითვალისწინა, თუმცა იყო საკმაოდ ბევრი საკითხი, რომელიც არ გაითვალისწინეს. 2013 წელს დევნილთა სამინისტრომ 2 რეკომენდაცია შეასრულა, 6 რეკომენდაცია არ შეასრულა, 1 კი - ნაწილობრივ.
- კონკრეტულ უწყებებს რომ დავუბრუნდეთ, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში, სადაც თქვენი წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგისთვის იყვნენ მისულები, ოთახში ჩაკეტეს, დაატყვევეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუღეს კარი. დაიწყო თუ არა ამ საქმეზე გამოძიება, არის თუ არა შედეგი და ესეც ხომ არ მიანიშნებს, ზოგადად, რა დამოკიდებულებაა ომბუდსმენის ოფისის მიმართ?
- სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ მსგავსი ინციდენტების გახმაურება. ჩვენი თანამშრომლები მეშვიდე დაწესებულებაში მონიტორინგს აწარმოებდნენ. ამ დროს, დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უყვირა, რომ დერეფანში ნუ დადიოდა და შესულიყო ოთახში, სადაც მსჯავრდადებულებს უნდა შეხვედროდნენ. როგორც კი ოთახში შევიდა, გარედან კარი ჩაუკეტეს. როგორც ვიცი, გამოძიება დაიწყო და იმედი მაქვს, კონკრეტული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მსგავსი ფაქტები მხოლოდ მეშვიდე დაწესებულებაში არ ხდება.
- ნარკოტიკები ციხეში - არის დღეს ეს რეალური პრობლემა?
- კონკრეტული მტკიცებულება რომ მქონდეს, ნამდვილად გავაკეთებდი განცხადებას. ეს არ არის ადვილი დასამტკიცებელი. შესაბამისად, თავს შევიკავებ.
- ის პრობლემები, რაც ლალი მოროშკინამ ციხეებში არსებულ ვითარებაზე გაახმაურა, თქვენთვის ცნობილი იყო?
- ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ დაწესებულებებთან და შესაბამისად, სხვადასხვა წყაროებიდან გარკვეული დოზით ინფორმაცია მოდის. ერთია ინფორმაცია და მეორე - შესწავლა. თუ კონკრეტული ფაქტი დადასტურდება, ჩვენი მხრიდან რეაგირება ხდება. არის ფაქტები, რომლებიც ნამდვილად დადასტურდა, ასევე არის ინფორმაცია და შესაძლებელია, ეს მართლაც ხდება ციხეში, თუმცა, გამიჭირდება დამტკიცება, თუ მტკიცებულება არ არსებობს. ყველაზე მძიმე პრობლემა, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობს, არის ჯანდაცვა. ჩვენ დღესაც იგივეს ვითხოვთ, რასაც ადრე ვითხოვდით - ყველა ფაქტის გამოძიებას, რაც ამ უწყებას უკავშირდება, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურადაა საუბარი. საკმაოდ ბევრი შემთხვევაა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ასევე, ბევრია შემთხვევა, როცა გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. თუ კონკრეტული შედეგი არ დადგება, ჩვენი რეაგირება გაცილებით მწვავე იქნება.
- ეს ფაქტები პატიმართა ცემას უკავშირდება?
- დიახ, იყო შემთხვევები, როცა პატიმარმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.
- სიკვდილიანობა ციხეებში. წელიწადში 25 ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იგივე, გახმაურებული გიგა ფარტენაძის საქმე, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, "თავანის" ჩაუბარებლობის გამო მოკლეს ციხეში. პატიმართა გარდაცვალებებზე საკმაოდ ხშირია მკვლელობის ვერსიები და ბრალდებები. თქვენც გაქვთ კითხვის ნიშნები, გამოძიების შედეგებზე რას იტყვით?
- ჩვენ ვსწავლობთ გარდაცვალების რამდენიმე საქმეს. იგივე, ფარტენაძის საქმე მინდა გავიხსენო, სადაც კითხვის ნიშნები ნამდვილად ჩნდება. უკვე დროა, გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ყველა საბუთის გამოთხოვა დავიწყეთ, რომელიც კონკრეტულ ინციდენტს უკავშირდება, თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საბუთების ნაწილი არ მოგვაწოდა იმ მიზეზით, რომ მას გრიფი "საიდუმლო" ადევს.
- თუმცა, სახალხო დამცველს საიდუმლო მასალებზე წვდომა კანონმდებლობით აქვს...
- დიახ, ასეა და აღნიშნული შესაძლებლობა არაერთხელ გამომიყენებია. სწორედ ამიტომაც ვითხოვთ, რომ გამოძიება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე. მხოლოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომა პრობლემას ვერ ხსნის. მაგალითად, ბოლო თვეებში ამ დაწესებულებაში დაფიქსირებულია შემთხვევები, რომლებსაც გასულ წლებში ნაკლებად ჰქონდა ადგილი, იგივე სიკვდილიანობა. არის შემთხვევები, სადაც შესაძლებელია იკვეთებოდეს კვალი, როცა დაწესებულების თანამშრომელმა პატიმრის გარდაცვალებაში მიიღო მონაწილეობა. ეჭვები და კითხვები რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მართლაც არსებობს.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაგროვილი პრობლემები საკმარისი მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებისთვის?
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ფუნქციურად გარკვეული ავტონომიური სტრუქტურაა. ჩვენც გვქონდა მსგავსი კითხვები. როცა გარკვეული ტენდენციები იკვეთება, ბუნებრივია, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. რეალურად, ამ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. დაგროვილია ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი, რომელიც ბოლომდე არ მისულა. ადამიანის სამსახურიდან წასვლაც პასუხისმგებლობის დაყენებას არ ნიშნავს. პატიმართა გარდაცვალების არაერთი ფაქტია გამოუძიებელი. შედეგად კი ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, ყველამ უნდა აგოს პასუხი.
- თქვენს ხმაურიან განცხადებებს, კრიტიკას მთავრობა კრიტიკითვე პასუხობს. მაგალითად, იუსტიციის მინისტრი, როცა თქვენ განცხადება გააკეთეთ, რომ მათი მხრიდან რეკომენდაციები არ სრულდებოდა. იგივე კახი კალაძე, ხუდონჰესის თემაზე, იგივე სოზარ სუბარი, პრემიერი და ასე შემდეგ. ჩამონათვალი დიდია. ერთ-ერთი ინფორმაციით, თქვენმა ხმაურიანმა განცხადებებმა საკმაოდ გააღიზიანა როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრემიერი. რასაც თქვენთან ე.წ. "საქმის გარჩევა" თუ მეგობრული რჩევა მოჰყვა. რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, ამ თემაზე გქონდათ თუ არა შეხვედრა, არასასიამოვნო საუბარი მთავრობის რომელიმე წევრთან და მიიღეთ თუ არა შენიშვნა?
- არა, მსგავსი შენიშვნა არ მიმიღია. ზოგადად, როცა შესაძლებლობა მაქვს, მთავრობის წევრებთან სხვადასხვა საკითხს ყოველთვის ვაყენებ. ეს არის საჯარო, თუ რამე სენსიტიური საკითხი არ არის.
- ამ შემთხვევაში საუბარია არასაჯარო შეხვედრაზე...
- ჩემმა კრიტიკამ თუ ვინმე გაანაწყენა, ვერ გეტყვით. ჩემთან ამ საკითხზე არავის დაურეკავს, არც შეხვედრა მქონია. თუ ვინმეს კრიტიკა არ მოეწონა და არ ესიამოვნა, ეს მათი პრობლემაა. მე ვსაუბრობ ფაქტებით - რამდენი რეკომენდაცია შესრულდა, რამდენი - არა და სად რა ხდება. დანარჩენი, ვის არ მოეწონება და ვის მოეწონება, ეს ჩემი საქმე არ არის.
- თქვენამდეც მოსულა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველი მიდის. დაგროვილი საკითხები არის მიზეზი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოთ?
- მე მივდივარ 2017 წლის შემოდგომაზე. ეს ის დროა, როცა ჩემი მუშაობის ვადა იწურება. პირიქით, ვმუშაობთ, რომ ჩვენი მანდატი გაიზარდოს და გვქონდეს მეტი რესურსი იმისთვის, რომ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოვახდინოთ და ამ ოფისის მუშაობა რაც შეიძლება ეფექტური გახდეს.
- კიდევ ერთი კითხვა. როგორ ფიქრობთ, გისმენენ?
- არ ვიცი. ფაქტია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ შეცვლილა და ყველაფერი იგივეა. რეალურად, შესაცვლელია სისტემა. კანონი არ უნდა იძლეოდეს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას.
- ერთ-ერთი ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჯგუფზეც არსებობს, რომლებიც აქტიურად გამოდიან უკანონო მიყურადების წინააღმდეგ. მათ შორის თქვენზეც, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. ფლობთ თუ არა მსგავს ინფორმაციას?
- არ ვიცი, არ გამიგია. ჩემზე რა უნდა იყოს? გამორიცხული არაფერია, მაგრამ, არ მგონია. როცა ამ საკითხზე გაიმართა შეხვედრა, საუბარი იყო, რომ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საკმაოდ ფართო წრე - საერთაშორისო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები.
ეკა გულუა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |