რა ხდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რა დარღვევებზე საუბრობს პროფესორი, რა განცხადება შევიდა სამინისტროში და რა ფაქტებზე ხუჭავს თვალს მინისტრი? ამ და სხვა კითხვებს პასუხობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნუგზარ კერესელიძე,
- "საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ" აკისრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობას უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე (მუხლი 7; პ.1; ნაწილი მ), აქედან გამომდინარე, მინისტრს მივმართე რეაგირებისთვის, რათა შესწავლილ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების რიგი მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტები და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. კანონის დარღვევამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიწვია აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში ყოვლად მიუღებელი მოვლენა, რასაც წარმოადგენს განსხვავებული აზრის გამო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და რასაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე.
- კონკრეტულად?
- 17 იანვარს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც დეკანი, პროფესორი აშორდია ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხი იყო ფაკულტეტზე "პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" დაფუძნების შესახებ და მისი დირექტორის კანდიდატურის შერჩევა. ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლისას მე მივესალმე ფაკულტეტზე ინფორმატიკის მიმართულებით ინსტიტუტის შექმნას და მხარი დავუჭირე დეკანის მიერ ინსტიტუტის დირექტორად წარმოდგენილ კანდიდატურას. ამ საკითხზე სიტყვით გამოსვლისას მივესალმე ფაკულტეტზე ინფორმატიკის მიმართულებით ინსტიტუტის შექმნას, მხარი დავუჭირე დეკანის მიერ ინსტიტუტის დირექტორად წარმოდგენილ კანდიდატურას და აღვნიშნე, რომ ინსტიტუტის დაფუძნება მოხდა საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ და უნივერსიტეტის წესდების მოთხოვნების უგულებელყოფით. კერძოდ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 27.12.2013 წ. დადგენილება, #05/01-145 სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ, მიღებულია აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების გადამეტებით, რადგანაც 21-ე მუხლით განისაზღვრება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი, ხოლო პუნქტი 1-ბ ნაწილის ძალით აკადემიური საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ასეთი წარდგინება კი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული სახელწოდების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნას, ფაკულტეტის საბჭოს არ მიუღია, ამდენად ფაკულტეტის საბჭომაც არ შეასრულა თავისი მოვალეობა. გარდა აღნიშნულის დარღვევებისა, ინსტიტუტი დაფუძნებულ იქნა ჩართულობისა და მართვის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით. ჩემი სიტყვის წარმოთქმისას, რომელშიც, როგორც მოგახსენეთ, დაფიქსირებული იყო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების რიგი ფუნდამენტური მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტები, სხდომის თავმჯდომარე მაწყვეტინებდა სიტყვას, ხმარობდა უცენზურო გამონათქვამებს. აშკარად იგრძნობოდა, რომ დეკანი ჩემს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა. მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა, სიტყვა გავაგრძელე კონსტრუქციული კრიტიკის სტილში.
- და აქედან დაიწყო?
- მაშინ, როცა დეკანი მიხვდა, რომ წონასწორობიდან ვერ გამომიყვანა, თავად გახდა საკუთარი პროვოკაციის მსხვერპლი: ჯერ დაიწყო ცილისწამება, მერე მოაყოლა უშვერი სიტყვები, შემდეგ გამოიწია ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ კოლეგა-პროფესორებმა შეაჩერეს. ამის შემდეგ ის დასწვდა წყლიან ჭიქას და ჩემი მიმართულებით ისროლა, ჭიქა ამცდა, ხოლო წყალი შეესხა სხდომის მონაწილე სხვა პროფესორებს. ფაქტობრივად, სხდომა ჩაიშალა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაშუქდა ტელევიზიით. სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩემი მოლოდინი, რომ დეკანი დაძლევდა სისუსტეს, ბოდიშს მოუხდიდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, მათ შორის მეც. ამის სანაცვლოდ, ის საგაზეთო პუბლიკაციაში ცინიკურ ინტერპრეტაციას აძლევს მომხდარს, კიდევ ახალ-ახალ ცილისწამებებს აფიქსირებს და მოვლენების განვითარებასაც "წინასწარმეტყველებს". ციტატა: "აქ არსებობს რექტორატი, უნივერსიტეტის ეთიკის კომისია, იმას (ნ. კერესელიძეს) გამოიძახებენ და მიიღებს საკადრის პასუხს ფაკულტეტზე ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო". გასული საუკუნის 37 წლის რეპრესიებისთვის დამახასიათებელი ბრალდების ტერმინოლოგიით - "ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო" - ნათქვამი ეს ფრაზა ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ პროფესორი აშორდია არის შემსრულებელი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლებზე მორალური ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიისა.
- ეს ეჭვია, მაგრამ ეგებ უსაფუძვლო?
- ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ ფაკულტეტის საბჭოს აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელმაც არ დაგმო დეკანის საქციელი. პირიქით, ჩემს გამტყუნებას შეეცადა. ამ დღეებში გამოქვეყნდა აშკარა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში, რომლებიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ბეჟან ხორავასა და უნივერსიტეტის პროფესორის მამუკა ბერიას სახელით ქვეყნდება. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის 26 მაისს, მისი რექტორად მეორედ არჩევის მეორე დღეს ჯონი აფაქიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) ანგარიშსწორებით დამემუქრა, თუკი მისადმი კრიტიკასა და ოპონირებას გავაგრძელებდი. ცხადია, უნივერსიტეტში არსებული ვითარების გამო, ძნელად სარწმუნოა, რომ ეთიკის კომისიამ მიიღოს პირუთვნელი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მოუწევს.
- დავიბენი.
- და მაინც, რატომ იყო დამოუკიდებლობის დღეს რექტორი ასე აგრესიული? მაშინ, როცა წინა დღეს, 2013 წლის 25 მაისს, "ბრწყინვალე გამარჯვებას" მიაღწია - აკადემიურმა საბჭომ ის ერთხმად აირჩია რექტორად, 7 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. ამ "ბრწყინვალე გამარჯვებას" ერთი ხინჯი ჰქონდა, მე, როგორც რექტორის არჩევნებზე დამკვირვებელმა, დავაფიქსირე ვიდეოფირზე ერთობ უჩვეულო მოვლენა, აკადემიური საბჭოს წევრები ხმის მიცემას ახორციელებდნენ კაბინაში, რომლის თავზეც დამაგრებული იყო ვიდეოთვალი მუშა(ჩართულ) მდგომარეობაში. აი, ასე ესმით სსუ-ში 21-ე მუხლის 1 პუნქტის დ) ნაწილით განსაზღვრული ნორმა: აკადემიური საბჭო თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს - რექტორს. რისთვის იყო ამდაგვარად ჩატარებული არჩევნები, და საკითხი - რამდენად გამოიყენებოდა მუშა მდგომარეობაში მყოფი ვიდეოთვალი, განლაგებული ხმის მიცემის კაბინის თავზე, აკადემიური საბჭოს წევრებზე ზემოქმედების იარაღად რექტორის არჩევისას, ვფიქრობ და მოვითხოვ, რომ უნდა გახდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპეტენტური ორგანოების შესწავლის საგანი. განსაკუთრებულად უცნაურია ის, რომ ასეთი არჩევნები ტარდება ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ კანონიერებისა და სამართლიანობის შემდგომი განმტკიცების იმედით.
- უკვე რამდენჯერმე ახსენეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო...
- სამწუხაროდ, უნივერსიტეტის მართვის ამ უმაღლეს კოლეგიურ ორგანოშიც აღინიშნება უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების უხეში დარღვევა: მუხლი 20, პუნქტი 6-ის ძალით "სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა". ამდენად, სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი - ბეჟან ხორავა, არჩეული ამ თანამდებობაზე 2013 წლის 13-14 მარტს, აგრძელებს რა აკადემიური საბჭოს წევრობას, არღვევს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ, რადგანაც ამავდროულად ის არჩეულ იქნა 2013 წლის დეკემბერში ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, რაც დასტურდება ამ უკანასკნელი უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნოვრუზ ბაირამოვის ინფორმაციით. თავად სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მოხდა რეკორდულად მოკლე ვადაში, არჩევნები გამოცხადდა 07.03.2013 წელს, რექტორის ბრძანება #15/01-13-14 და დაინიშნა 14.03.2013 წელს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდი განისაზღვრა 4 სამუშაო დღით, რაც წინასაარჩევნო აგიტაციისთვის, ჩემი აზრით, არასაკმარისია. ამიტომაც პირადად მე და პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, ჩავთვალეთ რა, რომ აკადემიურ საბჭოში არჩევნები ტარდებოდა არადემოკრატიულად, გავაკეთეთ საჯარო განცხადება და პროტესტის ნიშნად არ მივიღეთ მონაწილეობა აკადემიური საბჭოს აღნიშნულ არჩევნებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით (#167/ნ 2012 წლის 30 აგვისტო), დამტკიცდა სოხუმის უნივერსიტეტის წესდება, რომლის მუხლი 70, გარდამავალი დებულებები, პუნქტი 1-ის ძალით, უნივერსიტეტის არჩეული აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება გრძელდება ამ წესდების ძალაში შესვლიდან დარჩენილი უფლებამოსილების ვადით (2013 წლის 23 იანვარი). მაგრამ ახალი უფლებამოსილების აკადემიური საბჭოს არჩევისას (რექტორის ბრძანებები #15/01-13-13, #15/01-13-14) იურიდიული ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლის არჩევა არ დანიშნულა, და ახალი უფლებამოსილების აკადემიური საბჭოში დარჩა წევრად წინა უფლებამოსილების აკადემიური საბჭოში 2012 წლის 27 აპრილს არჩეული წარმომადგენელი იურიდიული ფაკულტეტიდან. უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ასეთმა უხეშმა დარღვევამ სსუ-ში იურიდიულ სფეროში კურიოზის შემდეგნაირი პრეცედენტი შექმნა, რომელიც ანალოგიის მოშველიებით უფრო მკვეთრად გამოჩნდება. კერძოდ, უნივერსიტეტში ფეხმოკიდებული იურიდიული ლოგიკის განვრცობით, დასაშვებია, ვთქვათ, საქართველოს X მოწვევის პარლამენტში დეპუტატად დარჩეს X მოწვევის პარლამენტში ჩატარებული არჩევნების გარეშე, (X-1) მოწვევის პარლამენტში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად არჩეული დეპუტატი, იმ მოტივით, რომ დეპუტატი ირჩევა 4 წლით, ადგილნაცვალ დეპუტატს კი 4-წლიანი უფლებამოსილება (X-1) მოწვევის პარლამენტში არ შეუსრულდება და საჭიროა, ის დარჩეს ავტომატურად X მოწვევის პარლამენტში დეპუტატად. სოხუმის უნივერსიტეტში ვოლუნტარისტული, კანონზე არდაფუძნებული მართვა ნორმად იქცა. ამის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ 2013 წელს უნივერსიტეტის ახალი წესდების მიღების პერიპეტიები წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. გასული წლის აგვისტოში წარმომადგენლობის საბჭო სამჯერ შეიკრიბა, იმ პერიოდში, როცა მისი წევრების უმრავლესობა - აკადემიური პერსონალი და სტუდენტები შვებულებაში არიან და მათი გამოძახება ამ პერიოდში უნივერსიტეტის მხრიდან შვებულებიდან გამოძახებულთათვის ფინანსურ კომპენსაციას ითვალისწინებს. პირველ შეხვედრაზე (2013 08) კვორუმი არ დაფიქსირდა და წარმომადგენლობის საბჭოს სხდომა გადაიდო, მეორე სხდომა (2013 08 11) შედგა აკადემიური საბჭოს წევრების, მათ შორის რექტორის თანდასწრებით. აღნიშნულ სხდომაზე მომეცა სიტყვის თქმის საშუალება და წარმომადგენლობის საბჭოს წევრების ყურადღება მივაქციე იმ ფაქტს, რომ წესდების პროექტში შესული იყო ისეთი ნორმები, რომელიც ითვალისწინებდა 2013 წლის 24 ივლისს პარლამენტის მიერ "საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში" მიღებულ ცვლილებებს, მაგრამ ისინი კანონიერ ძალაში არ იყო შესული, რადგანაც პრეზიდენტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი შესაბამის კანონზე და შესაძლო ვეტოს პირობებში პრეზიდენტის მხრიდან, პარლამენტს უნდა დაეძლია ეს ვეტო (შემდგომში მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდა). მაგრამ მაშინ, იმ სხდომაზე წარმომადგენლობის საბჭოს წევრებს ისიც ავუხსენი, რომ ასეთი სახით მიღებულ წესდებას არ დაამტკიცებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, "საქართველოს უმაღლესი განათლების კანონში" მითითებული აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც სამინისტრო კანონს არ დაარღვევდა. წარმომადგენლობის საბჭოს წევრებმა, შეგულიანებულმა, აკადემიური საბჭოს წევრებისა და რექტორის მიერ, მაინც დაუჭირეს მხარი ლაფსუსებით სავსე, "საქართველოს უმაღლესი განათლების კანონს" შეუსაბამო წესდებას, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სამინისტრომ არ დაამტკიცა და უნივერსიტეტს უკან დაუბრუნა გადასამუშავებლად. შედეგად, წარმომადგენლობის საბჭოს აგვისტოში მესამედ (2013 08 21) მოუხდა სხდომაზე შეკრება და გასწორებული წესდების მიღება, რომელიც განათლების მინისტრმა 2013 წლის 03 სექტემბერს დაამტკიცა. ასე უყაირათოდ იხარჯება ადამიანური და ფინანსური რესურსები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვოლუნტარისტული მენეჯმენტის პირობებში, თანაც უნივერსიტეტის წესდების ცვლილება ხდება საჯარო განხილვის გარეშე, შვებულების პერიოდში. ის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის უზრუნველყოფილი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (რაც გარანტირებულია მუხლი 16, პ.1, გ) ნაწილით; უნივერსიტეტის წესდების შესაბამისი ნორმა მუხლი 6, პ.1, გ) ნაწილით), ამაზე საუბრობენ რიგი პროფესორები. კერძოდ, რექტორის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ეს საკითხი დააყენა პროფესორმა ნაჭყებიამ. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა აკადემიური საბჭოს არჩევისას დაშვებული კანონდარღვევები, თავად აკადემიური საბჭოს მუშაობა ხარვეზებით, სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის მართვის ხარვეზები, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, აკადემიური პერსონალის საკონკურსო არჩევნების დარღვევები (პროფესორები მირესაშვილი, ჯაიანი, კილანავა). განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი სოხუმის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის არჩევასთან დაკავშირებული კონკურსების ჩატარება. მაგალითად, 2013 წლის იანვარში აკადემიური პერსონალის არჩევისას გამომჟღავნდა ტენდენციურობა. პირველ რიგში, საკონკურსო მიმართულებებისა და მათზე ვაკანტური ადგილების გამოცხადება ემსახურებოდა არა აკადემიური პროცესის ინტერესებს, არამედ გახლდათ ადმინისტრაციის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილება: იმ მიმართულებით, სადაც მაღალია აკადემიური საათების რაოდენობა, ვაკანსიათა რაოდენობა მცირე იყო, (მაგალითად, ინფორმატიკის მიმართულება), ამავე დროს გამოცხადდა ვაკანსია იმ მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფილი არ იყო არც ერთი აკადემიური საათით (ასისტენტ პროფესორის ქვემიმართულებაზე - ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა). საერთოდ, 203 ვაკანტური ადგილიდან შევსებულ იქნა 188. თავად კომისია ზოგი მიმართულებით შედგებოდა ერთი კაცისგან. ზოგიერთ კომისიას არ ჰქონდათ შემუშავებული კონკურსანტების შეფასების ერთიანი, ცხადი, ობიექტური, კონკრეტული კრიტერიუმების სისტემა, კრიტერიუმისთვის შესაბამისი წონის მინიჭებით. შედეგად მივიღეთ ბევრი კონკურსანტის მიერ საარჩევნო კომისიის არაობიექტურობაში დადანაშაულება (როგავა, მანია, ფაჩულია, ჯაიანი და სხვა), რიგ შემთხვევაში ისინი ობიექტურობის ძიებამ სასამართლომდე მიიყვანა. სასამართლომდე მოგვიწია მისვლა ჩვენც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას - "სამართლიანი, ეფექტიანი რეფორმები", რომლის თანათავმჯდომარეც გახლავართ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უგულებელყო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ა) ნაწილი, ნორმა, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, ჩვენთვის უნდა გადმოეცა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, დაკავშირებული კონკურსებთან, როგორც არჩევით თანამდებობაზე წარდგენილი ინფორმაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 26 დეკემბერს დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დაავალდებულა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გადმოეცა ჩვენთვის კონკურსანტების მიერ კონკურსზე წარდგენილი მონაცემები. ამდენად, სასამართლომ აღკვეთა სსუ-ს ხელმძღვანელობის თვითნებობა და მათ მიერ უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების რიგი მოთხოვნების უგულებელყოფა. მას მერე, რაც გადმოგვეცემა კონკურსანტების ინფორმაცია, საშუალება გვექნება, შევაფასოთ კონკურსის ჩატარების ობიექტურობის რეალური ხარისხი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
- და რეაქცია როგორი იყო?
- სასამართლოს მიერ, ჩვენი სარჩელის ძირითად ნაწილში დაკმაყოფილებამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დიდი შეშფოთება გამოიწვია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ ა.წ. 17 იანვარს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ჩემ მიმართ წამოსული აგრესია ამ ფაქტმაც განაპირობა. თავად მ. აშორდიას თავგამოდება შეიძლება აიხსნას იმით, რომ 2009 და 2013 წლებში ფაკულტეტის საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო დეკან მ. აშორდიას მიერ და ორივე შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებების მიმართ დაფიქსირდა უნდობლობის ფაქტები. ჩვენი აზრით, დამყოლი კომისიების მოწვევისა და მათი მეშვეობით, სასურველი თანამშრომლების კონკურსში გაყვანისა და არასასურველთა ჩაგდების პრაქტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ მეთოდს, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დანერგა კლანური მმართველობა. ასეთი კონკურსების შედეგად იზრდება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისადმი "ერთგული ხალხის" რაოდენობა და მცირდება თავისუფალი, საკუთარი აზრის მქონე პროფესიონალი პროფესორების ხვედრითი წილი. სწორედ ასეთი კლანური მიდგომის მსხვერპლნი გახდნენ აღიარებული მეცნიერ-პედაგოგები აფხაზეთიდან, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიდნენ და იძულებულნი გახდნენ, სსუ დაეტოვებინათ და ახლა წამყვანი პოზიციები სხვა უნივერსიტეტებში უკავიათ. კონკურსში გასვლის ხელშეწყობა, როგორც ჩანს, არის კლანის ერთგულების "პირველი დონის" მაჩვენებელი, კლანის ერთგულების "მეორე დონის" ღირსს უკვე სალექციო ზესაათების წაკითხვის საშუალება მიეცემა, კლანის ერთგულების "მესამე დონეზე" მყოფ აკადემიურ პერსონალს მეორე თანამდებობას უძღვნიან - დამხმარე თანამდებობას და კიდევ ერთ ხელფასს უნიშნავენ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან; ყველაზე მაღალი - "მეოთხე დონის" ერთგულ პროფესორებს ადმინისტრაციულ თანამდებობას მიართმევენ, ისიც მეორე ხელფასით. სულ უნივერსიტეტში 44 პროფესორია, რომელსაც მეორე, მთლიანი შტატით უკავია თანამდებობა (25 თანამშრომელს აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობა; 19 თანამშრომელს აკადემიური და დამხმარე თანამდებობა). 2013 წლის 12 დეკემბრამდე მათზე გაცემულმა ანაზღაურებამ თითქმის 700 000 ლარი (695 587 ლარი) შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ სქემიდან არიან გამონაკლისები, მაგრამ მასაში სქემა უნაკლოდ მუშაობს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოლიტიკის თავგამოდებული გამტარებელნი და უკრიტიკოდ შემსრულებელნი სწორედ ერთგულების სხვადასხვა დონის მატარებლები არიან. კიდევ ერთი შეღავათი ერთგული ხელქვეითებისთვის ის გახლავთ, რომ მათთვის არ არსებობს მონიტორინგის სამსახური, პროფესორები, რომლებსაც ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები უკავიათ, თავისუფალი არიან შრომის იმ ნორმებიდან, რომელიც უნივერსიტეტის შინაგანაწესითაა განსაზღვრული. კერძოდ, მათი სამუშაო საათები არ იწყება 09:00 საათზე და არ მთავრდება 18:00 საათზე, როგორც ეს შინაგანაწესშია ჩაწერილი. შრომის დისციპლინა მათთვის არ არსებობს. რექტორს პირადად შევთავაზე, დაენერგა სოხუმის უნივერსიტეტში მონიტორინგის ელექტრონული საშუალებები და საკვანძო ადგილებში დაემონტაჟებინა ვიდეოკამერებიც, მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია ამ ინიციატივაზე. ალბათ, რექტორისთვის საკმარისია ის ვიდეოკამერები, რომელიც მისი არჩევის მონიტორინგს ახორციელებენ აკადემიური საბჭოს ოთახში. ასეთნაირად შეიქმნა პირად ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვით შედუღაბებული კლანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირადი ფინანსური კეთილდღეობისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და მისი კლანი, რა თქმა უნდა, მორალურ კატეგორიებს დიდად არ დაგიდევენ. ამის ნათელი მაგალითია რექტორის მიერ პირადი ხელფასის დანიშვნის პრინციპი. საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, რექტორის ხელფასი განისაზღვრება, როგორც პროფესორის ხელფასის ნამრავლი კოეფიციენტზე, რომელიც უნდა აიღოთ (1,15; 1,35) შუალედიდან, ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ რექტორმა მარჯვენა ზღვარს მიახლოებული სიდიდე აირჩია 1,32, ხელფასი გაუხდა 1450 ლ., არადა შეეძლო, აერჩია 1.35 და მაშინ ხელფასი მეტი ექნებოდა, აქ რექტორმა 35 ლარით ინამუსა. რექტორს კანცლერმა მიჰბაძა - მას (1,1; 1,3) შუალედიდან უნდა აერჩია კოეფიციენტი და მანაც 1,27 აირჩია, ახლა მისი ხელფასი 1400-ის ტოლია, შეეძლო 1,3 აერჩია და ხელფასი მეტი იქნებოდა, მაგრამ 30 ლარით ინამუსა. არც რექტორმა და არც კანცლერმა აღნიშნული შუალედების ქვედა ზღვართან სიახლოვეში მყოფი კოეფიციენტი არ აირჩიეს. რექტორსა და კანცლერს შუალედების ქვედა მნიშვნელობა რომ აერჩიათ, უნივერსიტეტი თვეში 375 ლარს დაზოგავდა. ის, რომ უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოა თანხების მოზიდვა, ცოტა მოგვიანებით იქნება აღნიშნული. ახლა კი, თუ ხელფასის ზრდის კოეფიციენტად შუალედის მინიმალური მნიშვნელობა იქნებოდა აღებული, იმ თანამდებობებიდან, სადაც ეს პრინციპი მუშაობს - 7 დეკანი, 8 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (უნივერსიტეტის და ფაკულტეტებზე) - ეკონომია თვალშისაცემი იქნებოდა. და კიდევ ერთი წყარო ეკონომიისა - იმ 44-მა ადამიანმა, რომელთაც აკადემიური და ადმინისტრაციული თუ დამხმარე თანამდებობა უკავიათ, არ უნდა აიღონ უშრომელი შემოსავალი. დიახ, წლებია, 44 თანამშრომელი იღებს სოხუმის უნივერსიტეტიდან უშრომელ შემოსავალს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესებულია ნორმა, რომლის ძალითაც პროფესორმა უნდა ჩაატაროს აკადემიური მეცადინეობა სულ მცირე 6 საათი; ასოცირებულმა პროფესორმა - 8 საათი; ასისტენტ პროფესორმა - 10. როცა 44-კაციანი ელიტის წარმომადგენელი ატარებს აკადემიურ მეცადინეობას, ცხადია, რომ ის ამ პერიოდში ვერ ასრულებს ადმინისტრაციულ თუ დამხმარე თანამდებობის უფლებამოსილებას და შესაბამისად, ამ პერიოდისთვის სახელფასო დანარიცხი ადმინისტრაციულ თუ დამხმარე თანამდებობის ხაზით არ უნდა მოხდეს. ელემენტარული გათვლებით, სულ მცირე, სალექციო პერიოდში (7 თვე) პროფესორს არ ეკუთვნის ადმინისტრაციული თუ დამხმარე თანამდებობის სარგოს 13%; ასოცირებულ პროფესორს - 17%; ასისტენტ პროფესორს - 21%. ეს თანხა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია, უნდა დარჩეს უნივერსიტეტის ბიუჯეტში და მოხმარდეს გადაუდებელ ღონისძიებებს. მაგრამ შეძლებს კი 44-კაციანი უნივერსიტეტის ელიტა, ნებაყოფლობით თქვას უარი უშრომელ შემოსავალზე?! არა მგონია. ამიტომაც ვთხოვეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჩაატაროს სოხუმის უნივერსიტეტში ფინანსური ინსპექცია, რათა აღიკვეთოს თანამშრომლებზე უშრომელი შემოსავლების გაცემა და სხვა შესაძლო დარღვევები.
- რა მიგაჩნიათ გადაუდებელ ღონისძიებებად?
- რა არის ის გადაუდებელი ღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში? პირველ რიგში, აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - სველი წერტილების, აუდიტორიების, კიბის, კვების ობიექტის ამოქმედება, ელექტროგაყვანილობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა, ძირითადად უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პოლიტკოვსკაიას #12-ში. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს სველი წერტილების მდგომარეობა ამ კორპუსში, ჰიგიენური საშუალების არარსებობა (მყარი თუ თხევადი საპონი, ხელსახოცები ან საშრობები), დაბალი ტემპერატურა და სხვა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უნივერსიტეტის არც ერთ კორპუსს არ გააჩნია კვების ობიექტი (ბუფეტი ან კაფე-სასადილო), უნარშეზღუდულ პირთათვის პანდუსები. ყოველივე ეს სასწრაფოდაა მოსაწესრიგებელი, რადგანაც მათი არარსებობა დაბლა წევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესტიჟს და შეიძლება ამითაც აიხსნას ის, რომ უკვე მეორე წელია, სსუ ვერ ითვისებს მისთვის გამოყოფილ პირველკურსელების მიღების კვოტას (2012 წელი - კვოტის 88,8%-იანი ათვისება, 2013 წელს - 94%-იანი), რის გამოც უნივერსიტეტმა შემოსავლების სახით დაკარგა, სულ მცირე, 102 000 ლარი. სწორედ უნივერსიტეტის გაუმართავი ინფრასტრუქტურითა და მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უნდა აიხსნას ის, რომ 500 მაღალრეიტინგული სტუდენტიდან არც ერთმა არ აირჩია სსუ!!! უფრო მეტიც, გააგრძელა რა კვლევა ამ მიმართულებით პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ, დადგენილ იქნა, რომ პირველ ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტს, მოსულს სსუ-ში, აქვს 2071,6 საკონკურსო ქულა და ის საერთო რეიტინგში იყოფს 2741-2742-2743 ადგილებს სხვა უნივერსიტეტის დანარჩენ ორ აბიტურიენტთან. ანუ მესამე ათასეულიდან იწყება სსუ-ს სტუდენტური კონტინგენტის შევსება. ცხადია, რომ სოხუმის უნივერსიტეტმა შემდგომშიც უნდა მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, რისთვისაც უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტები, მათ შორის მატერიალური რესურსების მხრივ. არსებული ვითარებით ეს სათუოა და ამიტომაც ის უნდა გამოსწორდეს. რატომ აჭიანურებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იმ სტანდარტების მიღწევას, რაც აუცილებელია ავტორიზაციისთვის? ვფიქრობ, საქმე გვაქვს აზროვნების ინერციულობასთან, რეალობის არაადეკვატურ შეფასებასთან. წლების განმავლობაში სოხუმის უნივერსიტეტს რომ არ შეჰქმნოდა არც ავტორიზაციისა და არც აკრედიტაციის განხრით პრობლემები, ის უნდა ყოფილიყო მაშინდელი - წინა ხელისუფლების დასაყრდენი, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურა და ამ შემთხვევაში ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის არ იყო საჭირო უნივერსიტეტის განვითარების სათანადო ტემპის მიღწევა. და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი ხელმძღვანელობით, იყო პოლიტიზებული და წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" დასაყრდენს. ამიტომაც ვერ გაბედა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პროტესტის გამოხატვა, როცა სსუ-ს ანგარიშიდან 2011 წლის დეკემბერში სახელმწიფომ წაიღო 408 000 ლარი. დღემდე უცნობია, რისთვის წაართვეს ეს თანხა უნივერსიტეტს, პარტიული მიზნებისთვის ხომ არა? საკმარისია უახლესი ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის შეხსენებაც. ერთი ის, რომ სოხუმის უნივერსიტეტის კოლექტივი, რექტორის ხელმძღვანელობით, 2012 წელს გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის წლისთავის აღსანიშნავად მივიდა ერთი დღით ადრე 26 სექტემბერს და არა 27-ში, რათა მონაწილეობა მიეღო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის წინასაარჩევნო აგიტაციაში. ყველა ქართველისთვის სენსიტიური თემა, სოხუმის დაცემა, ასე მოურიდებლად იქნა გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ "ღონისძიებაზე" უნივერსიტეტიდან აიძულეს, მისულიყო ის ხალხიც, რომლებიც სულ ბოლოს, 1993 წლის 27 სექტემბერს გამოვიდნენ სოხუმიდან და არა 26-ში. შეიძლება ერთ დღეს ზოგიერთისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლურია და მიუთითებს წმინდა და ფაქიზ მოვლენებთან უხეშ და მოურიდებელ მოპყრობას. და ის, პირველ რიგში, სოხუმელებმა და სოხუმის უნივერსიტეტმა არ უნდა დაუშვან, მით უფრო პოლიტიკური კონიუნქტურისთვის. 2012 წლის სექტემბრის ბოლოს სოხუმის უნივერსიტეტის აუდიტორიებში აგროვებდნენ სტუდენტებს სტადიონის შესავსებად, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრა იგეგმებოდა. წინა პრეზიდენტმა ვადის ამოწურვის წინ სათანადოდ დაუფასა ღვაწლი სოხუმის უნივერსიტეტის პროფესურას, ათეულობით მათგანი - ღირსების, ხოლო რექტორი ბრწყინვალების ორდენის კავალერი გახდა და პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო ჯილდო. თითქოსდა, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უნივერსიტეტის მენეჯმენტი უნდა შეცვლილიყო და ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სოხუმის უნივერსიტეტის რეალური განვითარების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამის იმედები ნამდვილად არსებობდა, ზოგადად, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მიერ ახალი, ჯანსაღი დამოკიდებულებების დანერგვა და კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის იმ დაპირებაში, რომელიც ბოლომდე მაინც ვერ შესრულდა. ამჟამად რჩება შთაბეჭდილება, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის კურსი, ისევ ლოიალობის სანაცვლოდ ამჟამინდელ ხელისუფლებაში მფარველის ძიებაშია და უნივერსიტეტის განვითარების მაგიერ უფრო საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. პოტიომკინის სოფლის დარად, უნივერსიტეტში ისევ გრძელდება საფასადე სამუშაოები, გარედან მტერს რომ უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი მოყვარეს!
- ეს ყველაფერი მინისტრს აცნობეთ?
- დიახ და სამინისტროს პასუხიც გადმოგეცით, ახლა მკითხველმა და თქვენ ერთად დაასკვენით, რა პოზიციაა დღეს!
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"