

|
ციკლიდან ქართული პარადოქსები
ვაკის ელიტურ კაფეში, სადაც, ძირითადად, ლიტერატურული გურმანები, მომწერლო სუბიექტები და მათზე მიტმასნილი გაურკვეველი ტიპები იკრიბებიან, ზურა ჭიაბერაშვილი და ნოდარ ლადარია სცემეს. მთავარი ინიციატორის სახელი და გვარი იოლი დასამახსოვრებელია, რაკი 1970-იანი წლების "ელიტარული ინტელიგენციის" ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლის, რეზო თაბუკაშვილის სეხნია და შვილიშვილია. მამამისი, ლაშა თაბუკაშვილი თავის დროზე მოდური დრამატურგი იყო და მისი სპექტაკლები თბილისურ თეატრებში ანშლაგით იმართებოდა.
პოლიციამ საქმე "სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების" მუხლით აღძრა. აქ უკვე ჩანს მიკერძოება და კონიუნქტურულობა. ნებისმიერ "უბრალო მოქალაქეს" საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ამგვარი რამ რომ ჩაედინა, იგივე პოლიცია საქმეს უეჭველად არა "სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების" მუხლით აღძრავდა, არამედ "ბოროტი ხულიგნობის", რომელიც ბევრად უფრო სასტიკ სასჯელს ითვალისწინებს. თუმცა ქართველ სამართალდამცველებს განსაკუთრებული ყნოსვა აქვთ და ფაქიზი კანით გრძნობენ, რა არის იმ მომენტში "მეინსტრიმის" შესაბამისი, ანუ რას მოითხოვს მათგან კონიუნქტურა.
ამ მხრივ, ყველაზე ანეკდოტური შემთხვევა მაინც კოდუას ბეგვა გამოდგა, რომელიც ლამის მიასიკვდილეს, რეანიმაციაში იწვა, კომაში იყო, ხოლო საქმე იმავე მუხლით აღძრეს: "სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება"
კიდევ უკვირთ ამ ჩვენს სამართალდამცველებს, რატომ ეზიზღება ისინი ტრადიციულად ხალხს. იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს - ზვიადას, ედიკას, მიშას, ბიძინას - მუდამ ასეთი "კონიუნქტურშჩიკი ჯალათები" არიან. ესე იგი, სისასტიკესაც კონიუნქტურის შესაბამისად იჩენენ.
სხვათა შორის, ინგლისელებს არ აქვთ ამგვარი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ. და არც ამერიკაში ან ნებისმიერ სხვა ნორმალურ ქვეყანაში: პოლიციის ზოგან ეშინიათ, სხვაგან რიდი აქვთ, მაგრამ "ძაღლებს" არ უწოდებენ ზიზღით. იმიტომ, რომ იქ პოლიცია ხშირად სასტიკი, თუმცა სამართლიანია. ხოლო როცა ხელისუფლების ცვლის კვალობაზე "ქოფაკობას" ამჟღავნებ, პატივისცემასაც არ იმსახურებ.
გარდა "მსუბუქი დაზიანებისა", სამართალდამცველთა თაღლითობა აქ კიდევ ერთ მომენტში ჩანს: რეზო თაბუკაშვილი აცხადებს (და ჩვენებაშიც წერს), რომ მარტო სცემდა და სხვა არაფერ შუაშია. არადა, უამრავი მოწმე ადასტურებს ვინმე გიო მგელაძის მონაწილეობას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, პოლიცია დაუყოვნებლივ აღძრავდა საქმეს "წინასწარგანზრახულად ცრუ ჩვენების" მიცემისთვის. ეს ჩვენი "ქოფაკები", რამე რომ იყოს, იმასაც კი არ გაპატიებენ, ჩვენებაში სასვენი ნიშანი შეგეშალოს, ამ შემთხვევაში კი... ვითომც არაფერი. ეს "წინასწარგანზრახულად ცრუ ჩვენებად" თურმე არ ითვლება.
მერე უკვირთ, რატომ არ სუფევს ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი ცნობიერება. იმიტომ, რომ მისი საფუძველი სამართლიანობაა. ხოლო როდესაც პოლიცია კონიუნქტურასაა აყოლილი და "შერჩევით სამართალს" ახორციელებს (ნებისმიერი მოსაზრებით, თუნდაც "აუტკივარი თავის არატკივების" მოტივით), ვერც სხვას მოსთხოვ მაღალ სამართლებრივ შეგნებას.
ახლა, რაც შეეხება უშუალოდ მომხდარსა და მის მიზეზებს: ნოდარ ლადარიამ ინციდენტს "საშუალო ადამიანის ამბოხი" უწოდა. რეზო თაბუკაშვილი, როგორც მწერალი, ნამდვილად არ ბრწყინავს, თუმცა მისი ფანატიკური სიძულვილი ნაციონალებისადმი საქართველოსთვის უკვე კულტურული მოვლენაა. ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად, თუ "რეალობა ცვლადზე არ არის დამოკიდებული, ეს უკვე კულტურაა" და საზოგადოების თვისება.
ფაქტია, ნაციონალები სძულთ. თანაც, არა უბრალოდ სძულთ, არამედ სძულთ ფანატიკურად, ეზიზღებათ და, შესაძლებელი რომ იყოს, დედაწულიანად ამოწყვეტდნენ. თუმცა რაკი ეს "მაინც" მეტისმეტი იქნებოდა, თავში ჭიქის ჩათხლეშით იფარგლებიან.
თანაც, დავაკვირდეთ კატეგორიას, რომელიც ამ განწყობის მთავარი მატარებელი და პლებსისთვის მისი "გამპრავებელია": ელიტა, ზოგადად, მოაზროვნე საზოგადოება, ანუ სწორედ ის ხალხი, ვინც "ქმნის ამინდს" საზოგადოებაში და რომელიც "არა პურითა ოდენ", - ვისაც კიდევ სჭირდება "რაღაც", გარდა პურისა და მატერიალური კეთილდღეობისა.
განსხვავებით საცოდავი წვრილი მოვაჭრეების ან თუნდაც მსხვილი ბიზნესმენებისა, ვისაც ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა "ბიზნესი აახიეს", ამათ თითქოს თავად არაფერი დაუკარგავთ და (ანუ) მიშას მათი კეთილდღეობა არ დაურღვევია, მაგრამ მაინც სძულთ ფანატიკურად - "ამოდგმა ამოყოლებით!"
შედეგად, სადაც კი მოიხელთებენ, ასე უსწორდებიან. ოღონდ პასიონარობის შესაბამისად. რეჟისორ ნუკრი ქანთარიას არანაკლებ "აძაგძაგებს" მათ ხსენებაზე, თუმცა ამგვარ მეთოდებს, ალბათ, არ მიმართავს და მომხდარის კომენტარისას იტყვის: "დაუშვებელია, მაგრამ..."
აი, ეს "მაგრამ" სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია, რაკი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ მოისპნენ და "ქუჩაში გამოსვლას ბედავენ".
"ნაციონალებს" კი, თავის მხრივ, არაფრით სურთ, თუნდაც დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რა არის ამის მიზეზი, ესოდენ ფანატიკური სიძულვილის პირველწყარო? კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ არც სხვებს უნდათ ფენომენის გააზრება. ყველაფერი თუთიყუშივით განმეორებულ სლოგანებზე დაიყვანება: "ცოცხები", "9-წლიანი ძალადობა", "ხალხს სული ამოხადეთ" და ა.შ. სინამდვილეში ეს ყოველივე მხოლოდ გარეგანი გამოხატულებაა: ერთგვარი საბაბი, "სათქმელი", ხოლო სიღრმისეული მიზეზი მიშას ფენომენში უნდა ვეძიოთ, ანუ იმ პროცესში, რომელიც 2003 წლის ე.წ. "ვარდების რევოლუციისთანავე" დაიწყო საქართველოში და იმ შედეგით დასრულდა, რითაც დასრულდა.
არ უნდათ, აღიარონ, რომ მიშასა და მისი გუნდის მმართველობა ყველა მიღწევის, ყველა "იუსტიციის სახლის", ყველა დაგებული გზის, ბათუმის ცათამბჯენებისა და შადრევნების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც წარუმატებელი იყო და ჯერ კიდევ 2008 წელს დასრულდა - სამარცხვინო, თავსლაფდამსხმელი, ისტორიული დამარცხებით, რომელსაც ვერანაირი "5 წუთში აღებული მართვის მოწმობა" და თუნდაც კრიმინალის შემცირება ვერ გადაწონის!!!
ეს სამარცხვინო დამარცხება დაერთო მიშას "შემაწუხებელ სტილს", რომლითაც ის რეფორმებს ატარებდა და, კაცმა რომ თქვას, სხვაგვარად მათი გატარებაც შეუძლებელი იყო.
მწერალი და ხელოვანი კი "ნატიფი არსებაა". მას არ უყვარს, როცა აწუხებენ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნიან. უყვარს სიმყუდროვე, სიმშვიდე და შემოქმედება ისეთ გარემოში, სადაც ღირებულებით კონფლიქტს თავს არ ახვევენ, როგორც ამას ჩვენი რევოლუციონერები და რეფორმატორები სჩადიოდნენ.
"ნაციონალთა" მმართველობის სტილი სწორედაც ფსიქოლოგიურად შემაწუხებელი და დისკომფორტული იყო ამ კატეგორიისთვის. არადა, საქართველოში ძალიან გავლენიანი კატეგორიაა. სხვაგვარად კი, რეფორმების გატარებას ხელისუფლება ვერ შეძლებდა.
თუმცა, აქვე, ძალზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ხსენებული "ნატიფი სულის" ადამიანი არათუ ღიად არ ამბობს და არ იტყვის, რატომ სძულს მიშა სინამდვილეში (მრავალწლიანი ფსიქოლოგიური წნეხის, გაუთავებელი "მატრაკვეცობისა" და, იმავდროულად, ომში სამარცხვინოდ დამარცხების, ცხინვალში ქართველების დაჩოქების გამო), არამედ საკუთარ თავსაც არ უტყდება: ეს რეალური მიზეზები უფრო ქვეცნობიერში აქვს გადასროლილი, ხოლო აღქმადი გრძნობა მხოლოდ ბრმა სიძულვილია არაფრისმთქმელი, ზოგადი სლოგანით: "ხალხს სული ამოხადეთ!".
რეალურად ის კი არ აწუხებს, ხალხს მართლა ამოხადეს თუ არა სული, არამედ ის, რომ პირადად შეუქმნეს ფსიქოლოგიური დისკომფორტი.
ამას ემატება ჩვენი ეროვნული მენტალობის ტოტალიტარული არსი: "რაც არ მომწონს, საერთოდ არ უნდა არსებობდეს, უნდა გაისრისოს და განადგურდეს!".
მთავარი დასკვნა კი ძალიან მარტივი ფორმულაა - ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ ერთადერთი შესაძლო, ბოლო 25 წლის მოვლენათა გათვალისწინებით:
ამ ქვეყანაში თუ ხელისუფლებას სურს, აგრესიული სიძულვილი არ მიიღოს და "ქუჩაში გამოსვლა შეეძლოს", არანაირი "რევოლუციური რეფორმები" არ უნდა გაატაროს და საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთოს, თორემ, თუ რამეს აკეთებ, წინააღმდეგობაც შეგხვდება, ხოლო მისი გადალახვისთვის ისეთი მეთოდები დაგჭირდება, რითაც "დახვეწილი გემოვნების", "მოაზროვნე" ადამიანებს გაამძვინვარებ. მით უმეტეს, თუ ყველა ამ ფსიქოლოგიურ სტრესს კიდევ სამარცხვინო ეროვნული დამარცხებაც დაემატება.
თუ არ გაითვალისწინებ ქართული სოციუმის ამ თვისებას, პირველი შესაძლებლობისთანავე, უკეთეს შემთხვევაში, ჭიქას დაგაფშვნიან თავზე. მედროვე პოლიცია კი, რა თქმა უნდა, "სხეულის მსუბუქი დაზიანებისთვის" აღძრავს საქმეს.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |