![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
1925 წლის ჟურნალი “სოფლის კომუნისტი” წერდა: “უდიდესი სიფრთხილით, უდიდესი წინდახედულებით, გამოცდილების გამოყენებით, ჩადენილი შეცდომების არდავიწყებით პარტია განაგრძობს თავის ბრძოლას ყოველგვარი ღმერთების, ეკლესიების, მღვდლების, დღესასწაულების... წინააღმდეგ _ მიზანშეწონილ, დაუზოგავ ბრძოლას”. შესაძლებელია ითქვას, რომ 1924 წლის 21 ნოემბრის დადგენილება, რომელმაც გააუქმა რელიგიური მსახურების შეზღუდვა (და უფრო ადრე, 1923 წლის მაისის თათბირი, რომელმაც დაგმო ადმინისტრაციული წესებით ეკლესიების დახურვა და ძალადობა, ანტირელიგიური მუშაობის ტემპის დაჩქარება და პარტიის სწორი ხაზის გამრუდება) უფრო ფორმალური დოკუმენტი იყო, რადგან, ფაქტობრივად, ბოლშევიკური სისწრაფე შეიცვალა ბოლშევიკური სიფხიზლითა და სიმტკიცით.
1929 წელს გაზეთი “მთიები” ბეჭდავს წერილს სათაურით “ხატების მოყვარული კომკავშირელი”: “გორის თემში კომკავშირის უჯრედში ირიცხება აკაკი მიხას ძე ჩიქოვანი. გასულ წელს აკაკი ჩიქოვანს ხელში საცეცხლური ეჭირა და მღვდელთან ერთად დადიოდა საკურთხებზე, რეკდა ზარებს და გლეხობას მოუწოდებდა ეკლესიისკენ სალოცავად. ჩიქოვანი გლეხობაში აგიტაციას ეწეოდა იმის შესახებ, რომ არსებობს ღმერთი, ძალა აქვს ხატს და სხვა”.
მაშინ, როცა 8 წლიდან ბავშვებს უკვე ნორჩ მებრძოლ უღმერთოთა ჯგუფებში რიცხავდნენ საგანგებო დავალებებით, კომკავშირელს ვინ აპატიებდა შავ-ბნელ რწმენას, მით უფრო _ ინტელიგენციას. ამიტომაც, მწარედ გადასწვდნენ უნივერსიტეტის პროფესურას, მათ შორის: “გრიგოლ წერეთელი არის საქართველოს საეკლესიო საბჭოს წევრი, ეკლესიაში დადის, პირჯვარს მარცხენა ხელით იწერს, სანთელს უნთებს ხატებს: “მაცხოვარ” ქრისტესა და მის მშობელ მარიამს. აგრეთვე, პროფესორი მოსეშვილი და დოცენტი ანდრონიკაშვილი. კითხვა იბადება: ასეთ მეცნიერთა გავლენა როგორი უნდა იქნას მოსწავლე-ახალგაზრდობაზე? შეუძლიათ თუ არა მათ, რომ ჩვენი სოციალისტური აღმშენებლობისთვის აღზარდონ კომუნისტური მსოფლმხედველობით გაჟღენთილი სპეციალისტები? პასუხი _ არა!
რელიგიური ცინიზმი და გაუგონარი მკრეხელობა პიკს აღწევდა. დაიწერა საუფლო ლოცვის, _ მამაო ჩვენოს, _ ბოლშევიკური ვარიანტი:
“მამაო ჩვენო, რომელი ხარ პეტერბურგში,
დაიწყევლოს სახელი შენი,
წარწყმდეს სუფევა შენი, და
ნუ იყოფინ ნება შენი, თვით ჯოჯოხეთშიც.
მოგვეც ჩვენი პური, რომელსაც გვპარავ,
და გადაიხადე ვალნი შენნი,
ვითარც ჩვენ ვიხდით ვალთა ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ საცდურსა,
არამედ მიხსენ ჩვენ პლევეს პოლიციისაგან
და წარწყმიდე სახსენებელი მისი და,
რამდენადაც უძლური ხარ და სულით გლახაკი,
უკუნისამდე მასთან ერთად წარწყმდი შენც, ამინ!”
რუს ბოლშევიკთა მსგავსად, ანალოგიური მკრეხელობა გერმანელ სოციალისტებსაც შეუთხზავთ. თუ პირველნი “მამაო ჩვენოში” მეფეო ჩვენოს გულისხმობდნენ, მეორენი კაპიტალს მიმართავენ და ხოტბას ასხამდნენ მას (თ. ფანჯიკიძე):
“კაპიტალო ჩვენო, რომელი ხარ დასავლეთში,
საიმედო იყოს ინვესტიციები შენი,
და გამორჩენა მიიღე მათგან. დაე, ამაღლდეს აქცია შენი,
ვითარცა უოლი-სტრიტზე, ასევე _ ევროპაშიც.
ვაჭრობა ჩვენი უზრუნველყავ,
და განამრავლე კრედიტი შენნი,
ვითარცა ჩვენ განვუმრავლებთ კრედიტებს თანამდევთა მათ ჩვენთა
და ნუ გაგვაკოტრებ,
არამედ გვაშორე ჩვენ პროფკავშირები,
რამეთუ შენია მსოფლიოს ნახევარი,
ძალა და სიმდიდრე 2000 წელია, მამონა”
არსებობს ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები, ანუ კატეხიზმო (საღვთო სჯული), ამის კვალობაზე შეიქმნა “უღმერთოს კატეხიზმოც”, რომელიც კითხვა-პასუხითაა დაწერილი. ამ ანტირელიგიური დოკუმენტის 48-ე შეკითხვას: ბოროტმოქმედების ჩადენაში სარწმუნოება თამაშობს თუ არა შემაფერხებელ როლს? ასეთი პასუხი აქვს გაცემული: “დიდათ შემცდარია აზრი, ვითომ რელიგია აკეთილშობილებს ადამიანს და ბოროტმოქმედებათა შემცირებას ხელს უწყობდეს. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში რელიგია ხელს უწყობდა ბოროტმოქმედებათა გამრავლებას. ამას მოწმობს მთელი რიგი ფაქტებისა. რელიგიურ უქმეებში მომხდარი ლოთობა, ჩხუბი და ყოველგვარი ბოროტება სტატისტიკის მიხედვით ყოველ საზღვარს სცილდება. სამღვდელოებას შორის სხვადასხვა ბოროტმოქმედებას აქვს ადგილი. სისხლის სამართლის დამნაშავეთა დიდი ნაწილი მორწმუნეებისგან შესდგება. კაპიტალის სისხლიან პოლიტიკის მწარმოებელი გაბატონებული კლასის წარმომადგენელნი თითქმის ყოველთვის მორწმუნენი და ღვთის მოსავნი არიან”...
ამავე “კატეხიზმოში” დასმულია შეკითხვა:
რით არის რელიგია ხალხის ოპიუმი?
დოგმატური მარქსიზმის ამ დაუძლეველ ლოზუნგს, დღესაც ხშირად რომ იმოწმებენ 21-ე საუკუნის უღმერთოები, ასეთ პასუხს სცემს “უღმერთოს კატეხიზმო”:
_ ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადამიანს საშუალებას არ აძლევს, სწორი წარმოდგენა იქონიოს ქვეყანაზე და ამის მაგივრად ჰკვებავს მოგონილი და ცრუ ცნებებით, რაც დიდად მავნებელია. მეორე კიდევ ისაა, რომ რელიგია აძლევს ადამიანს ბედნიერების ანარეკლს და ამით ამონავებს მის ნებისყოფას და სურვილს ნამდვილ ბედნიერებისთვის ბრძოლის საწარმოებლად. მესამე _ რელიგია აჩვევს ადამიანს მოთმინებას, ექსპლუატატორთა ნების მორჩილებას, ზრდის მასში მონურ და დამამცირებელ გრძნობებს. მეოთხე _ რელიგია ხელს უშლის კაცის ცხოვრებას, უნერგავს ადამიანის გონების უძლურების აზრს, აგონებს, რომ ის ღვთის წინაშე არარაობას წარმოადგენს”.
ამ “ოპიუმის” წინააღმდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებიც. გაშმაგებული წერდა ფილიპე მახარაძე: “სარწმუნოება იპყრობს და ბოჭავს, ხელ-ფეხს უკრავს ადამიანს სავსებით, თავიდან ფეხებამდე. ის ბოჭავს ადამიანს წარსულის ტრადიციებით, ზნე-ჩვეულებებითა და ცრუმორწმუნეობით”. ცოტა მოგვიანებით მისი რიტორიკა კიდევ უფრო მკაცრი და სასტიკი გახდება: “სარწმუნოება _ ესაა დამონავებულ-დაბეჩავებულ და გონებადახშულ ადამიანთა მსოფლმხედველობა, რასაც გაბატონებული კლასები იყენებდნენ ხალხის უმრავლესობის გასაჟლეტად და დასამორჩილებლად”.
შიზოიდურმა აკვიატებამ, ყველგან და ყველაფერში სოციალიზმის ძირები ეპოვათ, ასეთი აბსურდიც კი ათქმევინა ლუნაჩარსკის, რომ პირველი ქრისტიანობა ნაწილობრივ სოციალისტური მოძღვრება იყო, ხოლო დროთა განმავლობაში მან დაკარგა ყოველგვარი სოციალისტური სულისკვეთება და ხალხის ჩაგვრის უდიდეს იარაღად გადაიქცაო. მიაქციეთ ყურადღება, რაზე კეთდება მთავარი აქცენტი, რატომ ებრძვიან რელიგიასა და ღმერთს, _ ხალხის ჩაგვრის უდიდესი იარაღიაო. და ამას ამბობენ ისინი, ვინც თავად იყო ძალადობის, ტერორის, უსამართლობის, სისასტიკის, დაუნდობლობის, ადამიანთა ხოცვა-ჟლეტის შემოქმედი.
“ღმერთმა შექმნა ადამიანის” ნაცვლად დამკვიდრდა ფ. ენგელსისეული მახინჯი და გაუკუღმართებული შეხედულება, რომელიც პირდაპირ მიესადაგებოდა და გამოხატავდა პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოს იდეოლოგიას, მუშათა კლასისა და მშრომელი გლეხობის მენტალობას: შრომამ შექმნა ადამიანი, მანვე დააგროვა აურაცხელი ქონება და იგივე არის მთავარი ფაქტორი საზოგადოებისა და კულტურის განვითარებისა. ამავე დროს, ამის გვერდით გაჩნდა სხვაგვარი მიდგომაც: “ღმერთს კი არ შეუქმნია ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი”.
საბა მეტრეველი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |