ცნობილი იურისტი და კონსტიტუციონალისტი, ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის აკრძალვით, მთავრობამ თავის კომპეტენციას გადააჭარბა.
- ბატონო ავთანდილ, თქვენი აზრით, ვინ არის მართალი ამ გაუთავებელ კამათში ხელმოწერის შესახებ: პრეზიდენტი თუ მთავრობა?
- პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს “არ შეუძლია დადოს საერთაშორისო ხელშეკრულება მთავრობასთან შეთანხმების გარეშე”. მისი თქმით, “მთავრობას აქვს უფლება, საერთოდ აუკრძალოს პრეზიდენტს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა”.
ჩემი აზრით, ეს კონსტიტუციური ნორმის არასწორი ინტერპრეტაციაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ნებისმიერი იურისტი ამაში დამეთანხმება, რომ, როდესაც 73-ე მუხლის პირველ პუნქტში წერია: “პრეზიდენტი დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს მთავრობასთან შეთანხმებით”, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი წარუდგენს მთავრობას ხელშეკრულების პროექტს, ხოლო მთავრობას შეუძლია, ან დაეთანხმოს ამ კონკრეტულ ტექსტს, ანუ ხელშეკრულების პროექტს, ან არ დაეთანხმოს. ესე იგი პრემიერს აქვს უფლება, ან განახორციელოს კონტრასიგნაცია ან არ განახორციელოს. მაგრამ მთავრობას არანაირად არა აქვს უფლება, თქვას: “თვით ხელშეკრულებას (ამ შემთხვევაში ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს) კი ვეთანხმებით, მაგრამ პრეზიდენტს ვუკრძალავთ მასზე ხელმოწერასო”. ეს ძირეულად არასწორი მიდგომაა.
- მხარეთა არგუმენტები რამდენად დამაჯერებელია?
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია 65-ე მუხლი, სადაც ჩამოთვლილია 3 საკითხი, რომლის გარშემო დადებული ხელშეკრულება, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულება, პარლამენტს სარატიფიკაციოდ უნდა წარუდგინოს პრეზიდენტმა და არა პრემიერ-მინისტრმა. როდესაც ამას ვწერდით კონსტიტუციაში, იმას ვგულისხმობდით, რომ არ შეიძლება პრეზიდენტმა სარატიფიკაციოდ წარადგინოს ხელშეკრულება, რომელიც მის მიერ არ არის ხელმოწერილი!
მიაქციეთ ყურადღება, რა საკითხებია ეს: პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციაში შესვლა. ვინ უნდა მოაწეროს ხელი? რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაურმა. გარდა ამისა, როგორც აცხადებენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სამხედრო საკითხებიც. ვინ უნდა მოაწეროს ხელი? პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მხედართმთავარმა! ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრის დადგენის საკითხებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვინ უნდა მოაწეროს ხელი? რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა!
აბა, ვნახოთ, რა წერია კონსტიტუციის 69-ე მუხლში: პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის გარანტი. ანუ, ეს კომპეტენციაც მისია. მთავრობა კი აცხადებს, რომ “ამ საკითხებზეც მაქვს უფლება, არ მივცე პრეზიდენტს ხელშეკრულების გაფორმების ნებართვაო”. ეს ძალიან უხეშ შეცდომად მიმაჩნია.
- თუ სწორად გაგიგეთ, პრეზიდენტმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს მთავრობას დოკუმენტი და მასზე ხელმოწერის საკითხი?
- დიახ, ასეა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შესათანხმებელია თვით ხელშეკრულება და არა ხელმოწერის საკითხი. თუ მთავრობა ხელშეკრულებას ეთანხმება, მაშინ მას არავითარი უფლება არა აქვს, პრეზიდენტს მასზე ხელმოწერა აუკრძალოს. თუ ხელშეკრულებას არ ეთანხმება - სხვა საქმეა.
შალვა თადუმაძეს ერთ რამეში სწორი პოზიცია ჰქონდა: პრეზიდენტის ბრძანებულება მთავრობაში პროცედურული წესების დარღვევით იყო შეტანილი. საქმე ისაა, რომ, წესით, პრეზიდენტმა უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს მთავრობას. გარდა ამისა, მთავრობის პოზიცია კიდევ ერთი თვალსაზრისითაა გამართლებული: იცით, როგორ წერია კანონში “ხელშეკრულებების შესახებ?” მაგალითად, პრეზიდენტი აპირებს, დადოს საერთაშორისო ხელშეკრულება. მაგრამ მას ხომ არ გააჩნია სპეციალური “აპარატი”, რომელიც ამ დოკუმენტს მოამზადებს, მოლაპარაკებებს გამართავს და ასე შემდეგ? ამიტომ პრეზიდენტი მიმართავს მთავრობას: “იცით, რა, ჯიგრებო? გავალებთ, მომიმზადოთ აი, ამ სახის ხელშეკრულება”. მთავრობაც მოუმზადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასცემს პრეზიდენტს და პრეზიდენტიც მოაწერს ხელს. ანუ, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ ევროასოცირების კონკრეტულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ეს წესი არ იყო დაცული. ოღონდ, ცხადია, არ იყო დაცული არა იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ უნდოდა მისი დაცვა. უბრალოდ, მის აპარატში არ იცოდნენ, რომ ასეთი რთული პროცედურა იქნებოდა კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული.
მაგრამ მთავარი იცით, რა არის? პრეზიდენტს ამხელა ამბავი საერთოდ არ სჭირდებოდა. მას უბრალოდ უნდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის! ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციის შესახებ. ამგვარი დავის განხილვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის პრეცედენტები ხომ ვიცით? საფრანგეთში ლამის ყოველდღე ერთმანეთს ედავება მთავრობა და პრეზიდენტი - სარეგლამენტო სფეროა თუ საკანონმდებლო ესა თუ ის საკითხი? ვისი კომპეტენციაა - პრეზიდენტის, პარლამენტის თუ მთავრობის? სწორედ ამგვარ საკითხებს განიხილავს სახელმწიფო საბჭო თუ საკონსტიტუციო სასამართლო. იგივე შეიძლებოდა გაკეთებულიყო ჩვენთანაც და ყველაფერი გადაწყდებოდა ძალიან ცივილიზებული ფორმით.
დაახლოებით ისევე, როგორც პოლონეთში გადაწყდა. ალბათ, იცით ეს მაგალითი: პრეზიდენტ კაჩინსკის დროს პრემიერ-მინისტრს მოუვიდა მოწვევა სამიტზე მონაწილეობის შესახებ. პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა: “მე ვარ სახელმწიფოს მეთაური და მე უნდა წავიდეო”. შემდეგ მიმართა საკონსტიტუციო ტრიბუნალს. საკონსტიტუციო ტრიბუნალმაც თქვა: “რას დაობთ, ორივე წადითო”. სამიტის ორგანიზატორებმა ორი სკამი დადგეს. ანუ პრეზიდენტიც იყო და პრემიერიც.
ჩვენთანაც ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა, პრეზიდენტს მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. თუ ეს არ გაკეთდა და არც აპირებენ ამის გაკეთებას, არსებობს მეორე გამოსავალი: ორივე წავიდეს ხელმოსაწერად ბრიუსელში, პრეზიდენტი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრემიერ-მინისტრმა. პოლიტიკურად ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
- საკონსტიტუციო სასამართლომ რომ ვერ მოასწროს 27 ივნისამდე ვერდიქტის გამოტანა?
- როგორ ვერ მოასწრებს - რა პრობლემაა? ეს არის პლენუმის განსახილველი საკითხი. ყველაფერი ძალიან მარტივია. თანაც შეუძლია, რიგგარეშედ განიხილოს.
- მაშასადამე, პრეზიდენტს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება უნდა გაეგზავნა მთავრობისთვის და ეკითხა: ეთანხმებით თუ არა? მთავრობა, რა თქმა უნდა, ეტყოდა, ვეთანხმებითო და ამის შემდეგ პრეზიდენტს მოეწერა ხელი?
- დიახ, მაგრამ უნდა გაეგზავნა დადგენილი წესით. გარდა ამისა, პრეზიდენტი მომზადების პროცესშიც უნდა ყოფილიყო ჩაბმული, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ პროცესში რეალურად იყო ჩაბმული! თუ გახსოვთ, ვილნიუსში, სადაც ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ პრეზიდენტი იყო. მას არ მოუწერია ხელი - საგარეო საქმეთა მინისტრმა მოაწერა, მაგრამ მომზადებაში ხომ მონაწილეობდა და დელეგაციას ხომ ხელმძღვანელობდა?
ამიტომ, ბევრად უფრო ცივილიზებული გზა იქნებოდა, პრეზიდენტს მიემართა მთავრობისთვის ხელშეკრულების დადების თაობაზე. თუ მთავრობა თვით ხელშეკრულებას ეთანხმება, მაშინ წარმოუდგენელია, რა უფლებით უკრძალავს პრეზიდენტს მასზე ხელმოწერას?!
ეს არაა სწორი. უბრალოდ, არა აქვს მთავრობას ამის უფლება კონსტიტუციით. 65-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფოთაშორის კავშირებში შესვლა და ამგვარ კავშირებში მონაწილეობაც კი პრეზიდენტის პრეროგატივაა.
მთავრობას შეეძლო, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, მაგრამ პრეზიდენტისთვის ხელმოწერის აკრძალვა მისი კომპეტენციის გადაჭარბება და დარღვევაა.
გიორგი ლებანიძეб გაზეთი "პრემიერი"