|
იმას, რაც ვერ ან არ გამოიძია საქართველოს პროკურატურამ, გამოიძიებს სკოტლანდ იარდი! სამართალი პურის საჭმელად საქართველოდან ინგლისში “უვიზო რეჟიმის” ფარგლებში მიდის! აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახი თავისი ქონებისა და “სახალხო ბანკის” დაბრუნების სხვა გზას ვერ ხედავს და სკოტლანდ იარდს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს!
რატომ სკოტლანდ იარდი? რატომ გადადის საქმე “მაშასადამე ევროპიდან” ევროპის ცენტრში? რა ვერ გაარკვიეს და რა ვერ დაადგინეს “სამართლიანობის აღდგენის” მოყვარულებმა? რა შუაშია “სახალხო ბანკი” (ამჟამად “ლიბერთი ბანკი”) და ევროპის გული? ეს არის კითხვები, რომლებსაც, წესით, ჟურნალისტები კი არა, სამართალდამცველები უნდა პასუხობდნენ, მაგრამ ახლა წინასაარჩევნო მარათონია და სამართლიანი პასუხებისთვის სამართალს არ სცალია, ცოტა უფრო ადრეც არჩევნები იყო და მაშინ სამართალი წინასაარჩევნოდ “ფართხალებდა” რაც არჩევნების შემდეგ “ძიგძიგში” გადაიზარდა და დროსა და ვითარების შესაბამისად გაშეშდა...
“პრემიერის” წინა ნომერში ჩვენ ვწერდით, როგორ წაართვეს ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ოჯახს და მის ბიზნესპარტნიორებს “საქართველოს სახალხო ბანკი”, როგორ და რა ხერხით გადაიფორმეს ბიზნესი ნაციონალური ფრთის მაღალსკამოსანმა ნაციონალურმა თვალის ჩინებმა, როგორ შევიდა “სახალხო ბანკში” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ-ლადო გურგენიძე და როგორ გადაიქცა “სახალხო ბანკი” “ლიბერთი ბანკად”. ინფორმაცია არქივიდან: “ირინა ჯინჭარაძეს “სახალხო ბანკი”-ს თავისი კუთვნილი წილი აგვისტოს ომის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ზეწოლისა და შანტაჟის გზით დაათმობინა. იმ ხანებში მას ინგლისიდან სტუმრად ჰყავდა ინვესტორი, ვინც 50 მილიონზე მეტ ინვესტიციას დებდა ბანკში და სწორედ მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და დოკუმენტაციის გაფორმება. ამის შესახებ იცოდა ვანო მერაბიშვილმა და ამიტომაც შემოუთვალა: თუკი არ დათმობ წილს და არ გადმოგვიფორმებ, შენს შვილს მივხედავთო. ირინას ორი შვილი ჰყავს: ერთი ქალიშვილი, რომელიც რუსია და ქართველ კაცზეა გათხოვილი და მეორე შვილი ბიჭი, რომელიც ახლა 14 წლისაა და მამუკა ჯინჭარაძისგან ჰყავს. მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი ირინას ემუქრებოდა ბანკის წილის სანაცვლოდ შვილის სიკვდილით, ეს პატარა ბიჭი 9 წლისაც არ იყო, ამიტომაც ქალბატონი იძულებული გახდა, ბანკის წილი კაპიკებში გაეყიდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ სიბინძურესა და შანტაჟში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც იყო გარეული. სწორედ ის არწმუნებდა ირინას, რომ წილი დაეთმო და ვისზეც ეტყოდნენ, გადაეფორმებინა. დაინტერესდეს გამოძიება, ვისზე გაფორმდა ბანკის წილები და რატომ მოიყვანეს ამ წილის გადასაფორმებლად ნოტარიუსი დილის 5 საათზე! ეს ხომ “ნაციონალები”-სთვის ჩვეული მეთოდი იყო... ამ ძალადობასა და შანტაჟში ბინძურად იყო ჩარეული ასევე გიორგი გოგუაძეც. მას ინფორმაციები ირინა ჯინჭარაძისგან ვანო მერაბიშვილისა და ლადო გურგენიძის მხარეს მიჰქონდა. მაშინ იყო, მიხეილ სააკაშვილმა ლადო გურგენიძეს “საქართველოს ბანკი”-ს წილები რომ წაართვა და “ლიბერთი ბანკი” ხურდაში ისე გადაუგდო, თითქოს თავისი მამის ქონება ყოფილიყოს. ასე უთქვამს: მიდი და წაართვი იმ რუსის ქალს ბანკი, ღირსია, რუსებმა ხომ ხედავ, ომი დაიწყეს და მაგ ქალს ახლა არავინ გამოესარჩლებაო. ასეც მოხდა. შს მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და ბანკის მოწილე და პარლამენტის წევრმა გიორგი გოგუაძემ “ლიბერთი ბანკის” კანონიერი მფლობელი ირინა ჯინჭარაძე დააყაჩაღეს და გაძარცვეს. ხელისუფლებამ წართმეული წილი თითქოს ვიღაც უცხოელზე გადააფორმა, შემდეგ კი “ვიღაც” ამ უცხოელისგან ლადო გურგენიძემ იყიდა. სინამდვილეში, ქაღალდების მანიპულაცია მოხდა, უბრალოდ, და სხვა არაფერი. ტყუილად ატრიალებდნენ დოკუმენტებს წაღმა-უკუღმა”.
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მამუკა ჯინჭარაძის მეუღლემ პროკურატურას მიმართა საქმის გამოძიებისა და იმ პირთა დასჯის მოთხოვნით, ვინც “სახალხო ბანკი” კანონიერ მფლობელს უკანონოდ წაართვა. გამოძიება პირველ ეტაპზე კარგად დაიწყო, დასაკითხი პირები დაკითხეს, ის კი არადა, ინგლისელი ინვესტორიც კი ჩამოიყვანეს და ჩვენება ჩამოართვეს, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირინა ჯინჭარაძის საჩივრის გამო დაწყებულ გამოძიებას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ამუხრუჭებდა, როგორც კი ნაცვლიშვილი პროკურატურიდან გაუშვეს, ერთი პერიოდი ისევ ამოძრავდნენ გამომძიებლები, თუმცა შემდეგ მოვლენები იმდენად დაიძაბა, უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ “სახალხო ბანკის” საქმე სულაც არ იყო პრიორიტეტული. ამ გაურკვევლობისას ჯინჭარაძის ოჯახმა გაარკვია, რომ “ლიბერთი ბანკის” მფლობელები ბანკის გაყიდვას აპირებდნენ და სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ეტაპობრივად დააყადაღა “ლიბერთი ბანკის” ჯერ 51%-იანი წილი, შემდეგ კი წილის ასევე პროცენტი. დღეის მდგომარეობით სასამართლო სხდომები ისევ მიმდინარეობს და ეს პროცესი ჯინჭარაძის მხარემ მას შემდეგ წამოიწყო, რაც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება რატომღაც შეჩერდა. ჯინჭარაძეს სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჰქონდა, გაჩერებული გამოძიება “ლიბერთი ბანკის” დღევანდელ მფლობელებს შანსს აძლევდათ, ბანკი გაეყიდათ, ანუ ყადაღის მოხსნა რეალური გახდა, მით უმეტეს, რომ ორი ეჭვმიტანილებიდან პროკურატურამ ერთს _ განრიდება, მეორეს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ეს კი ბანკის გაყიდვას ნიშნავს, ხოლო ბანკის გაყიდვა _ ქონების საბოლოოდ დაკარგვას.
თვეზე მეტია, სასამართლო ირინა ჯინჭარაძისა და მისი პარტნიორების სარჩელს განიხილავს. იმისთვის, რომ ყველაფერი ნათელი იყოს, “პრემიერი” წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან მხოლოდ ერთ ამონარიდს მოიყვანს თემის გასაშლელად: “ირინა ჯინჭარაძემ 2002 წელს ოჯახთან გამოისყიდა სს “აგრომრეწვბანკი” მისი იმჟამინდელი მფლობელისგან. 2003-04 წლებიდან ახალი გუნდის ინიციატივით დაიწყო შემდგომ სს “საქართველოს სახალხო ბანკად” გადარქმეული სისტემის აბსოლუტური რეორგანიზაცია, ბანკი ფაქტობრივად ხელახლა დაარსდა. 2005-06 წლებში ბანკი გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე... სს “საქართველოს სახალხო ბანკის” იმიჯის, საქმიანი რეპუტაციის ზრდას შედეგად მოჰყვა სახელისუფლებო წრეების თანამდებობის პირების დაინტერესება... მოვლენები ვითარდებოდა ასე: ეროვნული ბანკის, კერძოდ კი, მისი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული იგნორირებით, დაშვებულ იქნა უპრეცედენტო შემთხვევა, არნახული ზეწოლის შედეგად სახალხო ბანკის აქციონერები აიძულეს, მიეღოთ გადაწყვეტილება ბანკის მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რის შედეგადაც ბანკის მართვაში აღმოჩნდნენ ეროვნული ბანკის ნდობით აღჭურვილი პირები, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მიხეილ როინიშვილი. ამ მოვლენების პარალელურად გააქტიურდა სს “საქართველოს სახალხო ბანკის” აქციათა 10%-ის მფლობელი, ჯინჭარაძის ოჯახის ფსევდომეგობარი და კეთილმოსურნე, სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული (შემდგომში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”) გიორგი გოგუაძე. გიორგი გოგუაძე აქტიურად მონაწილეობდა აქციონერთა დაშინების, შანტაჟის, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებაში. კერძოდ, სწორედ მისი მეშვეობით გახდა ცნობილი “საქართველოს სახალხო ბანკით” იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის დაინტერესების შესახებ. გარდა ამისა, გიორგი გოგუაძე ხშირად ვანო მერაბიშვილის სახელსაც ახსენებდა და მოსარჩელეების ფიზიკური განადგურების მუქარას აჟღერებდა. როგორც მალევე გაირკვა, ყველა ამ მუქარის უკან ერთადერთი მიზანი იდგა, აეძულებინათ მოსარჩელეები, დაეთმოთ საკუთრების უფლება სს “საქართველოს სახალხო ბანკის” აქციებზე. საბოლოოდ 2008 წლის 29 დეკემბერს იძულების, შანტაჟისა და დაშინების ფონზე, საზოგადოებისთვის აწ უკვე კარგად ცნობილი მეთოდების გამოყენებით, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სს “საქართველოს სახალხო ბანკის” აქციებია 89%-იანი პაკეტი ღამის სამი საათიდან ხუთ საათამდე პერიოდში ვითომ მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნებით, აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ყოვლად უცნობ ოფშორულ კომპანიას შპს “ევრო ოილს”, რომელსაც საბანკო სექტორში არც ფინანსური სახსრები ჰქონდა და არც გამოცდილება”.
აქ “აქილევსის ქუსლი” არის “ევრო ოილი”, რომელიც დარეგისტრირებულია ინგლისში და რომელიც, როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, შეიქმნა მხოლოდ იმისთვის რომ ვლადიმერ გურგენიძეს სახალხო ბანკის “ყიდვა” გაიოლებოდა. ანუ “ევრო ოილი” იყო შუამავალი რგოლი. ჯინჭარაძის მხარე “ევრო ოილსა” და “ლიბერთი ბანკს” ერთდროულად უჩივის, “ლიბერთი ბანკი” ცდილობს, როგორმე საქმიდან გაიყვანოს “ევრო ოილი”. რას ნიშნავს “ევრო ოილის” საქმიდან გაყვანა? თუ დადასტურდება, რომ “ევრო ოილი” არის გაკოტრებული და ლიკვიდირებული ფირმა, მაშინ “ლიბერთი ბანკს” პასუხისმგებლობა ეხსნება, ანუ ის არასათანადო მოპასუხედ გამოცხადდება და საქმეც ამით დასრულდება. ამიტომაა, რომ ლადო გურგენიძის მხარე ყველა ღონეს ხმარობს, რათა “ევრო ოილი” მოპასუხეებიდან გამოირიცხოს და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ “ევრო ოილი” გაკოტრებული და ლიკვიდირებულია. “ლიბერთი ბანკი” თუ ამ მოსაზრებას გაიტანს, თავად ძალიან მარტივად კეთილსინდისიერი მყიდველის “მანტიას” მოისხამს და ამით დასრულდება ირინა ჯინჭარაძისა და მისი პარტნიორების ოცნება სამართლიანობის აღდგენაზე. მაგრამ აქ ერთი “მაგრამ” წარმოიშვა: საქმე ისაა, რომ თურმე სიტყვა “ლიკვიდაციას” ქართულ და ინგლისურ “გაგებაში” ერთნაირი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ქართულად ლიკვიდაცია ფირმის (წარმოების და ა.შ.) “რუკიდან” სრულ გაქრობას ნიშნავს, ინგლისურად კი ლიკვიდირებული ფირმა არ ქრება, მუშაობას აჩერებს დროებით ან სამუდამოდ. ჰოდა, რაკი სიტყვა “ლიკვიდაციას” ინგლისურ ვარიანტში “ორი სათაური” აქვს, ლადო გურგენიძე და მისი მხარე სასამართლოს უმტკიცებენ, რომ “ინგლისური გაგების ლიკვიდაცია” “ქართული გაგების ლიკვიდაციასთან” კოჰაბიტაციაშია და “ევრო ოილი”, როგორც ფირმა, აღარ არსებობს, ამიტომ ჯინჭარაძე ჩვენ რას გვედავება, არ ვიცით, ჩვენ ხომ “ევრო ოილისგან” “ვიყიდეთ” ბანკიო. არადა, სასამართლოს მიერ “ევრო ოილისთვის” (მითითებულ მისამართზე) გაგზავნილ “მოსაწვევებს” ფოსტა უკან არ აბრუნებს, იმიტომ რომ ის ადრესატს ჰბარდება, ოღონდ არა “ევრო ოილს” არამედ “სილვიას”. თქმა იმისა, რომ “ევრო ოილმა” სახელი გადაიკეთა და ახლა სხვა სახელით ფუნქციონირებს, ადვილია, მაგრამ ამ ყველაფერს დადასტურება სჭირდება, დადასტურება კი შესაბამის სამსახურებს ხელეწიფებათ, სასამართლო ვერ დაიწყებს იმის გარკვევას, “ევრო ოილს” ახლა რა ჰქვია, ან გამქრალია თუ არა “საქართველოს რუკიდან”. ფაქტი ერთია _ სასამართლოს შეტყობინებები მისამართზე ჰბარდება და არც არავინ აპროტესტებს, რომ ეს გზავნილები სხვისია და სხვასთან ხვდება, იბარებენ, უწყებას ხელს აწერენ, მაგრამ სასამართლო სხდომებზე არ ცხადდებიან. მოსამართლე პროკურორი არაა და არც “სილვიაა”, ვთქვათ, გიგი უგულავა, სახლში მიაკითხონ, ფეხებში ჩაუვარდნენ და ჩვენება თუ არა, “რაღაც” მაინც გამოსტყუონ, ამიტომ სასამართლო გზავნილს გზავნილზე აგზავნის, ამ გზავნილებს კი პროტესტის გარეშე იბარებენ და ხელებსაც იბანენ...
ვინ უნდა დაადასტუროს, რა ხდება რეალურად? საქართველოში არავინ, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი, ის სამსახურებიც კი, ვისაც “რაღაცების გარკვევა” ევალება, ქართულადაა “ლიკვიდირებული” და რაკი “ევრო ოილი” ინგლისშია რეგისტრირებული, ირინა ჯინჭარაძემ სკოტლანდ იარდს მიმართა. რას დაადგენს სკოტლანდ იარდი, ეს სხვა თემაა, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი აქილევსის ქუსლი: არაა გამორიცხული, სკოტლანდ იარდი ასევე დაინტერესდეს კიდევ ერთი ფირმით, რომელსაც საქართველოში “ორი სათაური” ჰქონდა: “ევრო ოილის” უკან სინამდვილეში იდგა კომპანია “ნიუ ენერჯი”, რომლის ერთ-ერთი მფლობელიც ცეზარ ჩოჩელი იყო. ამ კომპანიამ ბანკი მიზერულ თანხად _ 15 მილიონად იყიდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბანკის სათავო ოფისის ღირებულება 35 მილიონს აღწევდა”. სკოტლანდ იარდი ასევე შეიძლება დაინტერესდეს იმ მილიონებით, რომელიც თავის დროზე გაქრა და რომლის გაქრობას ლადო გურგენიძის სახელს უკავშირებდნენ. და მაშინ, საპარლამენტო არჩევნების წინ გამქრალი თანხა საკმაოდ სოლიდური, არც მეტი, არც ნაკლები, 500 მილიონი იყო! ეს იყო მსხვილი საფინანსო აფერა, რომელიც თავის დროზე გამოვლინდა კიდეც, მაგრამ არც გამოვლინდა. მოკლედ, “ევრო ოილის” მსგავსად, ამ აფერასაც ორი სათაური და ორი მისამართი ჰქონდა... არადა, ყველაფერი თითქოს ხელის გულზე იდო, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ იცოდა. რა ხელჩასაჭიდი აქვს ამ შემთხვევაში სკოტლანდ იარდს?
კომერციული ბანკის დირექტორმა ლადო გურგენიძემ მალულად (ნეტავ როგორ მოახერხა?) “საქართველოს სახალხო ბანკისთვის” გამოყოფილი ინვესტიცია, რომელიც ბანკის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, აფრიკული ქვეყნის ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, კერძოდ, რაუნდში მოქმედი ბანკ “Kigal”-ში გადაქაჩა. ამ “სპეცოპერაციიდან” ცოტა ხნით ადრე ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ის გეგმავდა დამატებითი კაპიტალის მოძიებას, რაც ხელს შეუწყობდა ბანკის განვითარებას. ყველაზე მთავარი: როცა საქართველოდან აფრიკაში 500 მილიონის გადაქაჩვაზე კულუარულად საუბრობდნენ (აბა, ხმამაღლა ვინ გაბედავდა?), გაირკვა, რომ ლადო გურგენიძეს “ფესვები” იმ აფრიკულ ბანკშიც ჰქონდა, სადაც ფული გადაქაჩა. ანუ, “სახალხო ბანკში” უკვე მომჯდარი იყო და ერთი “საკუთრებიდან” მეორე საკუთრებაში ფულის გადატანა რა აფერა უნდა ყოფილიყო ვითომ? შესანიშნავი შეფუთვაა, მაგრამ ერთი “პატარა ფანჯარა” აქაც დარჩა გურგენიძეს ღია. ანუ, გურგენიძე იმ პერიოდში იყო “სახალხო ბანკში”, აფრიკულ ბანკში და კიდევ იმ საინვესტიციო ფონდში გენერალურ დირექტორად, რომელი ფონდითაც “ნაყიდი ბანკის” განვითარებას აპირებდა.
ჰო და აქვე, ჩანართის სახით, ბანკის ოფიციალური განცხადება: “ბანკის სტაბილურ მუშაობას, მის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას ვერ შეაფერხებს ქ-ნ ირინა ჯინჭარაძისა და მასთან აფილირებული ავანტიურისტების გუნდის უპასუხისმგებლო, ცრუ განცხადებები. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც, შეიძინეს რა ბანკის საკონტროლო პაკეტი 2002 წელს გაურკვეველი წარმომავლობის თანხებით, თავისი არაკომპეტენტურობით, სიხარბით, უპასუხისმგებლო და, შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 2008 წლისთვის მაშინდელი სახალხო ბანკი ბანკროტობის პირას მიიყვანეს. მიუხედავად ბანკის მაშინდელი სავალალო მდგომარეობისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მაშინდელი პიკისა, ამ ადამიანებმა ბანკის მათი კუთვნილი საკონტროლო პაკეტი 2008 წლის ბოლოს გაასხვისეს კომპანია “ევრო ოილზე” (რომელთანაც არანაირი კავშირი ან შეხება ლიბერთის ჯგუფსა და მის მესვეურებს არ ჰქონიათ 2009 წლის აგვისტომდე, როდესაც შედგა მოლაპარაკება ლიბერთი ჯგუფის მიერ მათგან საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე) დაახლოებით 36 მილიონ ლარად. ეს საფასური მოიცავდა როგორც “ევრო ოილის” მიერ ნაღდ ფულად გადახდილ 10 მილიონ დოლარს, ისევე ამ ადამიანების მიერ (სავარაუდოდ, საბანკო რეგულაციების დარღვევით) 2006-2008 წლებში თავის თავზე და აფილირებულ პირებზე გაცემული ე.წ. ინსაიდერული სესხების (ჯამში, 19.9 მილიონი ლარი) პატიებას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ბანკის წლიურმა ზარალმა (2008 წელს) 45 მილიონი ლარი შეადგინა, რეალურად კი, მაშინდელი სასესხო პორტფელისა და აქტივების უპრეცედენტოდ ცუდი ხარისხის გათვალისწინებით (რომელზეც მომდევნო წლებში ბანკს 42 მილიონი ლარის დამატებითი რეზერვების შექმნა მოუწია) ზარალი ბევრად მეტი იყო და ბანკი პრაქტიკულად გაკოტრებული იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების ამ ჯგუფის მიერ ბანკიდან გასამრჯელოსა და დივიდენდების სახით 2004-2008 წლებში 10 მილიონ ლარამდე იქნა გატანილი (შედარებისთვის: ბანკის ჯამურმა ზარალმა ამავე პერიოდში 38 მილიონი ლარი შეადგინა). “ლიბერთი ბანკი” ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობასა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, თავისი კლიენტებისა და აქციონერების სასარგებლოდ. აქამდე ბანკი ამჯობინებდა მომავალში და არა წარსულში ყურებას, მაგრამ აღარ აპირებს ამ ბინძური ავანტიურის, მზარდი აგრესიისა და ცრუ და უპასუხისმგებლო განცხადებებისადმი წაყრუების პოლიტიკის გაგრძელებას. ბანკი და მისი მესვეურები დღეიდან ყველა იურიდიულ გზას მიმართავენ მათი საქმიანი რეპუტაციის შემბღალავთა წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დატოვებენ ამ ავანტიურისტთა მიერ ბანკისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას და მიმართავენ კომპეტენტურ ორგანოებსა და სასამართლოს 2004-2008 წლებში ბანკში ამ ადამიანთა მიერ საქმიანობისა და, ბანკის აზრით, ჩადენილი უხეში დარღვევებისა და ეკონომიკური დანაშაულისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ”. ამ პერიოდში, “ლიბერთი ბანკის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით დგინდება, რომ საერთო წილის 7,36 პროცენტს JSC Liberty Capital-ი (ლადო გურგენიძე) ფლობს, ხოლო 6,94%-ს _ ფიზიკური პირები.
ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ახლა რაც შეეხება ზემონახსენებ აფერას: ე.ი. ლადო გურგენიძე იყო ყველგან, უფრო სწორად “ტრიდე” განზომილებაში _ საქართველოში და აფრიკაში, როგორც ბანკირი და ბანკირიც და ინვესტორიც. ამას ყველა რომ ვერ მოახერხებდა და ყველა ასეთი ნიჭიერი რომ არ იქნებოდა, მგონი, სადავო არაა. ლადო გურგენიძე ყველა ასპექტში ნიჭიერია კაცია, თუ ვინმე ამ “ნიჭიერებისთვის” გურგენიძეს მშობლიურ საქართველოში პასუხს შემთხვევით მოსთხოვდა ან მოსთხოვს, ის თავს დიდ ბრიტანეთს შეაფარებს, ორი ქვეყნის მოქალაქეა და რომელიმე ქვეყანაში მაინც დაუფასებენ “ამაგს”.
დაბოლოს, ამონარიდი ერთი რუსული გამოცემიდან, ამ ამონარიდს თარგმანის გარეშე გთავაზობთ: “Следует отметить, что Ладо Гургенидзе уже неоднократно оказывался в эпицентре скандалов. Согласно имеющейся информации, именно с его именем связывают крупные убытки инвесторов и акционеров АО КБ “Банка Грузии”. По имеющимся данным, они были вызваны поглощением и субсидированием банком ряда убыточных и непрофильных активов. Став же премьер-министром страны Ладо Гургенидзе курировал вопросы размещения суверенных евробондов на сумму в UშD 500.000.000. При этом дальнейшая судьба средств, привлеченных правительством страны путем продажи государственных долговых облигаций весной 2008 года, до сих пор остается “тайной за семью печатями”.
აი, ის რითაც სკოტლანდ იარდი დაინტერესდება და აი, ის, რაც ვერ დაინახა სამართლიანობის ბუჩქებში მაძიებელმა დღევანდელმა პროკურატურამ!
თემურ კალანდაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |