

|
“საქართველოს დღევანდელი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების ბრალია. ობიექტური - მძიმე წარსული, რასაც სსრკ ჰქვია. სუბიექტური - “საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს” შეგრძნების, აღქმის დეფიციტი”
“პრემიერის” კითხვებს შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა გიორგი კავკასიძემ უპასუხა:
- მოგესალმებით, საზოგადოება “ივერიამ” საკმაოდ ამბიციური პროექტი დაიწყო - “ივერია გლობალი”, რომლის ხელმძღვანელობა თქვენ იკისრეთ. მოდით, ჩვენს მკითხველს ავუხსნათ - რა არის ამ პროექტის მიზანი?
- დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა. ჩემი აზრით, ასეთი სამსახურის შექმნის აუცილებლობა განპირობებული იყო ქართული დიასპორების აქტივობით ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში. საქართველოდან საზღვარგარეთ გასულმა ქართველებმა - მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს არ ვგულისხმობ - მხარი დაუჭირეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოს და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო უამრავი აქცია-ღონისძიება ჩაატარეს საზღვარგარეთ. ნათელი გახდა, რომ ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ინტერესების “ლობირება” საზღვარგარეთ.
მას შემდეგ რამდენიმე დიდი ღონისძიებაც ჩატარდა - თბილისში მოიწვიეს დიასპორების წარმომადგენლები, შედგა ე.წ. “ბიზნეს ფორუმები”, დიასპორების სამინისტრომ შექმნა სპეციალური ვებ-პორტალი და ა.შ.
მაგრამ მთავარი რაც არ მომხდარა - ეს არის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებში. პირველ რიგში, ვგულისხმობ ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განვითარებას, მათთვის დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების გაცნობას. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იცნობს “წარმატებულ ქართველებს” (გამონაკლისების გარდა), მათ, ვინც პროფესიულ წარმატებას მიაღწია დასავლურ, კონკურენტულ გარემოში. არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც დასავლეთში მოღვაწე მეცნიერები, პედაგოგები, ბიზნესის, ხელოვნებისა თუ სხვა რამე დარგის სპეციალისტები თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, მუსიკოსებს, მხატვრებსა და, ზოგადად, ყველას, ვისაც ეს აინტერესებს. სწორედ ეს მისია ითავა საზოგადოება “ივერიამ” - საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორებს შორის ურთიერთობებში შეავსოს ის “ნიშა”, რომელიც დღეს “თავისუფალია”.
- იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას დიასპორასთან საურთიერთოდ ჰყავს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ცალკეული მიზეზების გამო, მაინც ვერ ახერხებს ეფექტურ საქმიანობას, თქვენ როგორ უნდა შეძლოთ ამ ადამიანებთან ეფექტური და წარმატებული ურთიერთობა და რა მექანიზმებით უნდა მოხერხდეს ეს?
- ჩვენი მიზანი არ არის სახელმწიფო სტრუქტურის ჩანაცვლება. მას თავისი საქმე და სპეციფიკა აქვს. რამდენად ეფექტურად აკეთებს ის თავის საქმეს, ეს უკვე სხვა თემაა. ჩვენი პროექტი - საზოგადოებრივი ინიციატივაა და მუშაობის ამ ფორმას თავისი სპეციფიკა და, თუ გნებავთ, უპირატესობები გააჩნია. პირველ რიგში, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ურთიერთობის ისეთი თანამედროვე და უნივერსალური საშუალება როგორიც ინტერნეტია, რომელმაც განაპირობა სხვადასხვა სოციალური ქსელების, ფორუმების, საკომუნიკაციო აპლიკაციების არსებობა. ინტერნეტმა გეოგრაფიული საზღვრები წაშალა და სამყარო ძალიან “დააპატარავა”. ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობის დამყარება ყველასთან შესაძლებელია, ვინც ინტერნეტს იყენებს.
ცხადია, მომავალში ეს პროექტი სხვა განზომილებებსაც შეიძენს და განვითარდება. განვითარებაზე მსჯელობაში გვინდა ჩავრთოთ ფართო საზოგადოება და ამისთვის ჩვენ მას შევთავაზეთ დისკუსია ინტერნეტ-გაზეთ “ივერია.ბიზ”-ის გვერდზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და წინადადებებს პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მუდმივი დისკუსიის შედეგებს ჩვენ პერიოდულად შევაჯამებთ და ცოცხალი სამოქმედო გეგმის ფორმას მივცემთ.
- უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები ცალკეულ სფეროებში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. ჩვენ არაერთხელ გავხდით იმის მოწმეები, როგორ იყენებენ ხელისუფალნი ამ ადამიანებს კონკრეტული პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის და მერე ივიწყებენ მათ. რამდენად სისტემური იქნება ჩვენს სახელოვან თანამემამულეებთან ურთიერთობა და არის გააზრებული კონცეფცია, როგორ შეიძლება მათი ფაქტორის ეფექტური გამოყენება საქართველოს საკეთილდღეოდ?
- ამ პროექტის წარმატება/წარუმატებლობა დამოკიდებულია სამ ძირითად კომპონენტზე: ინტერესზე, ან გნებავთ, მოტივაციაზე; ქართველი საზოგადოების “გახსნილობაზე”; ფინანსებზე. ავხსნი, რას ვგულისხმობ:
1. რამდენად მოტივირებულები არიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალები, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება “საქართველოს” გაუზიარონ. 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ჯერ არ შემხვედრია დასავლეთში მოღვაწე პროფესიონალი ქართველი, ვისაც ეს სურვილი არ ჰქონდეს. მეტიც, ბევრი მათგანი საკუთარი ინიციატივით მართავს ლექცია-შეხვედრებს, საჩვენებელ თუ სასწავლო ქირურგიულ ოპერაციებს, კონცერტებს, გამოფენებს და ა.შ. აშშ-ში შექმნილია ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაცია, რომელიც ბოლო წლებია, საკუთარი სახსრებით მართავს კონფერენცია-სემინარებს ქართველი ექიმებისთვის. ანუ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები საკმაოდ მოტივირებულები არიან, რომ ითანამშრომლონ.
2. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მეორე საკითხთან - საქართველოს “გახსნილობასთან”. რამდენად “გახსნილია” ქართული მხარე, რომ მიიღოს დასავლეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების “შემოთავაზება”? მე მგონი, აქ დიდი პრობლემაა. დასავლეთში მცხოვრები თითქმის ყველა პროფესიონალი დაგიდასტურებთ, რომ მათ რჩევებსა თუ მოსაზრებას ხშირად მოჰყვება სტანდარტული, აბსოლუტურად ინფანტილური კომენტარი/პასუხი: “მანდედან ნუ გვმოძღვრავთ, თავი დაგვანებეთ”, რაც ოროსნების მიერ ხუთოსნების შეთავაზებული დახმარების აგრესიულ იგნორირებას მაგონებს. ეს “თავი დაგვანებეთ” ხშირად ისმის როგორც საუბრებში, ასევე მოქმედებებშიც. ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებს რატომღაც არ აინტერესებთ დასავლეთის წარმატებული გამოცდილება. ყველაფერში “თავის გზას” ეძებენ და ხშირად ახალი ველოსიპედის გამოგონებას ცდილობენ. ავიღოთ განათლების სისტემა - რამდენადაც ვიცი, საქართველოში მხოლოდ სამი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომლებიც ცდილობენ რეგულარულად მიიწვიონ დასავლეთში მოღვაწე ქართველი პროფესორ-მეცნიერები ლექციების წასაკითხად. ესენია აგრარული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი - თუ ვცდები და მეტია, მხოლოდ გამიხარდება.
არადა წარმოიდგინეთ, რამდენად იოლია და ადვილად გასაგებია ქართველი სტუდენტისთვის, რომ ქართულ ენაზე მოუსმინოს ბონის, ან ლუიზიანის, ან სორბონის უნივერსიტეტის ლექტორს.
ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რომ დღეს სათანადოდ არ არის გამოყენებული საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინტელექტუალური რესურსი, სწორედ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის “ჩაკეტილობაა”. რასაკვირველია, არის გამონაკლისებიც - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ქართველმა “ყველაფერი იცის” და მაინცდამაინც არ აინტერესებს, რა ხდება ცივილიზებულ სამყაროში, საბედნიეროდ, არსებობს ცოდნასა და ინფორმაციას მოწყურებული ხალხის ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, გაიგონ და აითვისონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება.
3. იმისთვის, რომ მოხდეს ამ ჯგუფების კონსოლიდაცია და შემდგომი ზრდა, საჭიროა ფინანსები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინტერნეტმა ქვეყნები დააახლოვა, მაგრამ პირადი ურთიერთობები ჯერ ვერ შეცვალა. ერთია კომპიუტერის მონიტორიდან ურთიერთობა და სულ სხვაა პირისპირ საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტის ხმარება, ვებგვერდის შექმნა და ა.შ. ფული ღირს. არაფერს ვამბობ მოწვევა-მოგზაურობასთან ან გნებავთ კონფერენციის ჩასატარებელი დარბაზის ქირაობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. ასევე, ფინანსებთან არის დაკავშირებული იმ ლექცია-სემინარების ჩაწერა და გავრცელება, რომლებსაც დასავლეთში მოღვაწე ქართველი პროფესიონალები ატარებენ საქართველოში...
- წინა კითხვაში წარმატებულ ქართველებზე გკითხეთ, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ათასობით ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად არის გადახვეწილი სხვა ქვეყანაში. თავი დავანებოთ იმას, რა პირობებში უხდებათ მათ იქ საქმიანობა. მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობაც. კონკრეტულად მათთან ურთიერთობის რა სტრატეგია გაქვთ შერჩეული?
- როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ დიასპორების სამინისტროს სამუშაოს არც გამეორებას და არც “გადაფარვას”. ამ ეტაპზე საზოგადოება “ივერიას” არ გააჩნია იმის არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს “გასწვდეს”. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოსაზრებებს ან რჩევებს არ გავითვალისწინებთ. მეტიც, მომავლისთვის ჩაფიქრებული გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომლებიც მათთან ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება. თუმცა ამ პროექტებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
- მნიშვნელოვანი საკითხია დიასპორის პოლიტიკური მოტივაცია. გასაგებია, რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრებამ აიძულა. საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად წასულიყვნენ, ვერ იქნებიან ხელისუფლების მაქებარნი. თუმცა უმეტესი მათგანი სამშობლოს პატრიოტია. როგორ ფიქრობთ, “ივერია გლობალი” პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზეც იმოქმედებს?
- ობიექტურობა მოითხოვს, აღვნიშნოთ - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ნაწილი მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად კი არა, უკეთეს გარემოში სამუშაოდაა გასული საზღვარგარეთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში უკეთესად მოახდენენ საკუთარი ცოდნის, ნიჭის, გამოცდილებისა და ა.შ. რეალიზაციას. როგორც წესი, ასეთი ხალხი ხელისუფლების მიმართ გაცილებით ობიექტურია, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დატოვა საქართველო და მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ თავისი თავი და ხშირად რამდენიმე ოჯახი გამოკვებოს.
ჩემი აზრით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს დღევანდელი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების ბრალია. ობიექტური მიზეზებიდან აღვნიშნავდი იმ მძიმე წარსულს, რასაც სსრკ ჰქვია. საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებსა და ცხოვრების წესს. სუბიექტურიდან კი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია “საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს” შეგრძნების, აღქმის დეფიციტი. იმის გათავისება, რომ საქართველო ეკუთვნის მის ცალკეულ მოქალაქეს და არა რომელიმე პარტიას ან პრეზიდენტს. მოსახლეობამ ხელისუფლება იმისთვის უნდა აირჩიოს, რომ ამ ხელისუფლებამ შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული, იურიდიულად გამართული, კონკურენტული გარემო და არა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ “მოსახლეობა არჩინოს”. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ხელისუფლება პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და არა ამბიციური დილეტანტებით. ასეთია დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოების მოწყობის მოდელი. სწორედ ამ შეხედულების ჩამოყალიბებას შეეცდება “ივერია გლობალი” - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისა და დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.
- ინფორმაციაში, რომელიც პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ “უმუშევრობის კატასტროფული დონე კვლავ აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს, უკეთესი ბედის საძებნელად საზღვარგარეთს მიაშურონ”, ასეთ პირობებში ხომ არ აპირებთ, რაიმე ისეთი პროგრამის ამუშავებას, რომელიც უცხო ქვეყანაში აღმოჩენილ ჩვენს თანამემამულეს თუნდაც პირველ ეტაპზე რაიმე სახის მორალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, “ივერია გლობალი” არის ვირტუალური, ინტერნეტპროექტი. ის კი, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან “მატერიალურია”. მოითხოვს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს ადგილზე. ასეთი პროგრამების შექმნა და ამუშავება, ალბათ, უფრო საელჩოებისა და ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების პრეროგატივაა, ვიდრე ინტერნეტპროექტისა.
რაც შეეხება “ივერია გლობალს” - თუ ჩვენ შევძელით და საქართველოში “გადმოვიტანეთ” წარმატებული ქართველების ცოდნა და გამოცდილება, ეს, პირველ რიგში, საქართველოს, მის მომავალ თაობასა და ეკონომიკას დაეხმარება.
უბრალო მაგალითს მოვიყვან - დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი პრობლემაა საბანკო კრედიტების დაბრუნება. თითქმის ყველა ისტორია ასეთია - ადამიანმა მოინდომა “ბიზნესის კეთება”, აიღო ბანკში კრედიტი და ბანკს გარანტიის სახით საკუთარი უძრავი ქონება დაუტოვა. ბიზნესი “არ გამოუვიდა”, ვალი ვერ დაფარა და ახლა უძრავი ქონების დაკარგვის რეალური საშიშროება აქვს.
იცით, რატომ “არ გამოუვიდა ბიზნესი”? - იმიტომ რომ ბიზნესის ელემენტარული წესები და კანონები არ იცის. არ იცის, როგორ განახორციელოს ელემენტარული მარკეტინგული კვლევა, როგორ შეადგინოს უბრალო ბიზნესგეგმა, როგორ გათვალოს რისკები, როგორ დაგეგმოს ბიუჯეტი და ა.შ.
ჩვენ ვგეგმავთ, “ივერია გლობალის” ფარგლებში დავიწყოთ “ბიზნესის ანბანის შემსწავლელი კურსი” ინდივიდუალური მეწარმეების (ე.წ. ინტერპრენიორების) და მცირე საწარმოების მფლობელ-ხელმძღვანელებისთვის. ვფიქრობ, ეს მათ ძალიან დაეხმარებათ ბიზნესის წარმოებაში.
- დაბოლოს, ალბათ, განსაკუთრებულია ახალგაზრდების თემა. ადამიანების, რომლებიც ცდილობენ და შეეცდებიან, განათლება უცხოეთში მიიღონ. როგორ დაეხმარებით წარმატებული ქართველები მოტივირებულ ახალგაზრდებს?
- ეს კითხვა “ივერია გლობალის” ერთ-ერთ მთავარ მიზანს ეხმაურება - ახალგაზრდებმა გაიგონ და გაისიგრძეგანონ, რომ სწავლისა და დაუღალავი შრომის გარეშე, კონკურენტულ გარემოში წარმატებას ვერ მიაღწევენ. რომ სწავლა უწყვეტი პროცესია და სწავლის რიტმიდან ამოვარდნა კონკურენტუნარიანობის დაკარგვას ნიშნავს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - ეს, ალბათ, პირველ რიგში, საზღვარგარეთ მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს უნდა ვკითხოთ - მოახერხებენ თუ არა სწავლამოწყურებული ქართველი ახალგაზრდების დახმარებას? თუ კი - რა ფორმით? რა პირობები იქნება საჭირო და ა.შ.
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ასეთი “საპილოტე” პროექტები უკვე არსებობს, რომელთა ავტორებიცა და განმახორციელებლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ასე მაგალითად, ჩვენთან საუბარში, ბატონმა რეზო ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეხმარება ახალგაზრდა ქართველ ექიმებს, რომ გამოცდილება მიიღონ ევროპის ლაპარასკოპიულ ტრენინგცენტრში, რომლის დირექტორიც თვითონ გახლავთ. ასევე, ლუნდის უნივერსიტეტში პროფესორ ზაზა კოკაიას მიწვეული ჰყოლია რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც კვლევებში მონაწილეობენ და ა.შ. რაც მეტ წარმატებულ ქართველს დავუკავშირდებით და მეტ ინფორმაციას მოვაგროვებთ მათი მოღვაწეობის შესახებ, მით უფრო მეტი გვეცოდინება იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დღეს გამოუყენებელია.
ამიტომ “ივერია გლობალის” ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ ასეთ სუბპროექტს, რაც ნიშნავს საინფორმაციო ბაზის შექმნას - სად, რომელ ქვეყანაში, რომელ დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი ქართველი ახალგაზრდების მიწვევა, იქ მოღვაწე ქართველი პროფესიონალების დახმარებითა და ხელშეწყობით.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |