![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
რა მესიჯები მიაქვს ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ამ დღეებში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს ხვდება. ზაზა ხატიაშვილი ევროპელ კოლეგას იმ მტკიცებულებებზე ესაუბრება, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სააკაშვილის გზას “ღირსეულად” აგრძელებს და თავისუფალ პროფესიებს ებრძვის.
ზაზა ხატიაშვილი:
_ ქართველ ადვოკატებთან ერთად, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებშიც განიცდიან ხელისუფლების დევნას, იტალიაში, ვერონაში მივდივარ. ევროპის ადვოკატთა ასოციაციას უკვე გავუგზავნე ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლება უსმენს ჩემს პირად ტელეფონსაც და მერე საუბრებს საჯაროს ხდის. ჩანაწერიც მივაწოდე და ვთხოვე, რეაგირება მოეხდინათ. 16-17 ივლისს ჩატარდება ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პლენარული სესია. მათ მთხოვეს, მანამდე ჩავსულიყავი ვერონაში და დავსწრებოდი ჩვენგან გაგზავნილი მტკიცებულებისა და ქართველი ადვოკატების მიმართ გახშირებული დევნის ფაქტების განხილვას. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ერთხელ უკვე მიმართა საქართველოს ახალ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოთხი ადვოკატის დევნის ფაქტები რომ გამოეძიებინათ, მაგრამ არც მე და არც მას პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს ფაქტებიც არ არის გამოძიებული. ამიტომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას კი არა, უკვე ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავენ.
_ რომელი ადვოკატების დევნის საქმეების შესწავლა ითხოვეს, იქნებ ესეც გვითხრათ?
_ ადვოკატ ნონა კირთაძეს თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა გოგა ბერძენიშვილმა. ამის გამო ადვოკატი გახდა ცუდად, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მან ვერ შეძლო უფლებამოსილების განხორციელება, მაგრამ ბერძენიშვილი დღესაც იგივე თანამდებობაზეა და სისხლის სამართლებრივი დევნა მასზე არ ხდება. ადვოკატი რომეო საჯაია პროკურატურაში მიიტყუეს, პროკურორი ბაჩიაშვილი მიეპარა და გაარტყა. ასეთი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა, რომ ადვოკატი პროკურატურაში შეეტყუებინათ და ეცემათ. მოვითხოვე მტკიცებულებების ამოღება და მისი გასაჯაროება ქალაქ თბილისის პროკურატურიდან, მაგრამ პასუხიც არ მიმიღია. როცა თათუხაშვილის საქმეზე დასჭირდათ მტკიცებულებების მოპოვება, მაშინ აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში ვიდეოკამერები დამონტაჟებული იყო. მთავარმა პროკურატურამ მერე გაასაჯაროვა კიდეც ქალაქის პროკურატურაში თათუხაშვილის გადაადგილების ფაქტი, მაგრამ, როცა მე ვაცხადებ, რომეო საჯაიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პროკურორმა-მეთქი, ამ კადრებს რატომ არ იღებენ და არ ასაჯაროებენ, ვერ გეტყვით. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების შერჩევითი მართლმსაჯულება _ მოუნდებათ, დასჯიან და მოუნდებათ, დააჯილდოებენ. ასევე, ზეწოლა მოხდა ადვოკატ გოგა ონიანზე. ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მივაწოდე ფაქტები, რომ მისი სახლისა და პირადი ჩხრეკა სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, ასევე გავგზავნე ახალი ფაქტი: გოგა ონიანმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჟურნალის დათვალიერება. სასამართლომ დაუკმაყოფილა, მოსამართლის განჩინებით მივიდა მისი ადვოკატი, რომ დაეთვალიერებინა წინასწარი დაკავების იზოლატორის ჟურნალი და მას ამის უფლება არ მისცეს.
ადვოკატის დევნის მეოთხე უპრეცედენტო ფაქტი არის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საქმე. მაშინდელი პრემირ-მინისტრის ივანიშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა ხუხაშვილმა, რომელიც არჩევდა ორ ფინანსურ სუბიექტს შორის დავას, იქ მან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საუბარი ჩაწერა, მერე კი ის მისცა მესამე მხარეს. ამის მერე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მილიონი ევროპელი ადვოკატის სახელით მოსწერა ჩვენი მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს წერილები, მაგრამ მათ უპასუხოდ დატოვეს. უკვე ყველა კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი საქართველოდან არ წასულა და ის ივანიშვილ-ღარიბაშვილმა ჩაანაცვლეს. ადვოკატებთან მიმართებაშიც იგივე ამიტომ ხდება. ბოლო ფაქტი, რომლის შესახებაც 10 დღის წინ მივწერე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას, არის ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საქმე. ის გამოვიდა სასამართლოს დარბაზიდან, მაგრამ მიეჭრა ირაკლი კაკაბაძე და მიაფურთხა. ალბათ, უარეს შეურაცხყოფას მიაყენებდა, კაკაბაძე რომ არ დაეჭირათ. იმის ნაცვლად, რომ შემდეგ ეს საქმე მოენანიებინა, გამოვიდა და თქვა, ფურთხის ღირსი იყო ზაქარეიშვილი, მას არ მივცემ საშუალებას, თავისი საადვოკატო საქმიანობა განახორციელოსო. ეს საქმეები იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მოვითხოვე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მისი განხილვა, რაც დამიკმაყოფილდა. ამ სხდომას ჩემთან ერთად დაესწრება ინგა კუპრავა, ქუთაისელი ადვოკატი, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოიძახეს და მოწმედ იმ საქმეზე დაკითხეს, რომელსაც თავად აწარმოებდა, როგორც ადვოკატი. ჩავედი ქუთაისში და ჩავატარე აქცია, რის შემდეგაც ის ვეღარ დაკითხეს, მაგრამ დაუსვეს კითხვა, როცა კლიენტმა ფული მოგცა, პროკურორს რამდენი მიეციო. როცა ვიკითხე, ამის შესახებ ვინმემ დაწერა თუ არა განცხადება, გამომძიებელმა მიპასუხა, ოპერატიული ინფორმაცია გვაქვსო. ასეთი ფაქტი სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ მომხდარა. კუპრავა იქ თავად ისაუბრებს, როგორ ხდებოდა მის კლიენტებზე ზეწოლა, რომ ეთქვათ, თითქოსდა მან ფული იმიტომ გამოართვათ, რომ პროკურორისთვის უნდა მიეცა. ადვოკატს ოფიციალური ხელშეკრულება ჰქონდა დადებული კლიენტთან და ამის საფუძველზე ჰქონდა გასამრჯელო მიღებული. ეს ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ ხელისუფლება იწყებს ადვოკატთა კორპუსის დევნის ახალ ტალღას და მე, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვერ დაველოდები, როდის დაიწყებენ ადვოკატების ფიზიკურ შეურაცხყოფებს, გაუპატიურებებს ან მკვლელობებს. გახსოვთ, ალბათ, ადვოკატ საღინაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ინფორმაცია რომ გამოჰქონდა, მას სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს საქმეები იმიტომ არავის გამოუძიებია, რომ იგივე გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა და სამართლიან სახელმწიფოს შექმნიდა, ამიტომ 6 თვის განმავლობაში მათ მიმართ ვიყავი ლოიალური. ვფიქრობდი, რომ ადვოკატებთან მიმართებაში სიტუაცია შეიცვლებოდა, მაგრამ ახლა იმ 6 თვესაც ვნანობ _ რატომ დავუჯერე ბიძინა ივანიშვილს და თავი რატომ მოვიტყუე, საზოგადოების მსგავსად. ახლა, ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებ იმ ბრძოლას, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვაკეთებდი.
_ მაინც რა მტკიცებულებები მიგაქვთ ვერონაში?
_ ნონა კირთაძეს რომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბერძენიშვილმა, ეს კადრები, ასევე ირაკლი კაკაბაძის პრესკონფერენციის ჩანაწერი, სადაც მან ღიად თქვა, დიახ, მივაფურთხე ადვოკატს და ეს ძალიან კარგია, კიდევ მივაფურთხებო. მიმაქვს ის საჩივრები, რომელიც გავუგზავნე პროკურატურას საჯაიას ცემის ფაქტზე, რომ ეს მტკიცებულებაც გაესაჯაროებინა და პასუხი რომ არ მიმიღია. ასევე, მიმაქვს გოგა ონიანის საჩივარი, რომლითაც მომმართა და ითხოვა იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც ხელი შეუშალეს მის ადვოკატს, სასამართლოს განჩინებით მათთვის მიკუთვნებული უფლება განეხორციელებინა. ყველა შემთხვევა არის განსხვავებული, მაგრამ ყველა ერთად მიუთითებს იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა, ადვოკატთა კორპუსი როგორც გაუხარდება, ისე მართოს, დაიმორჩილოს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე შერჩევით მართლმსაჯულებაში ხელი არავინ შეუშალოს.
_ რას მოელით ევროპის ადვოკატთა ასოციაციიდან, ისინი როგორ დაგეხმარებიან?
_ სააკაშვილის პერიოდში, როცა იგივეს ვაკეთებდი, ამ კითხვას მაშინაც მისვამდით. მე გეუბნებოდით, რომ დამთავრდებოდა დრო, როცა ადვოკატებს დაიბარებდნენ და დაჰკითხავდნენ იმ საქმეებზე, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ, როგორც ადვოკატები. სააკაშვილი-ადეიშვილის დროს ამას მივაღწიე კიდეც. მეგონა, ახალი ხელისუფლება ასე არ მოიქცეოდა, მაგრამ შევცდი. ევროპული სტრუქტურებიდან აუცილებლად უნდა გაძლიერდეს კონტროლი საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მათ შეწყვიტონ ადვოკატების ისეთივე დევნა, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. ბრძოლის ახალ წრეზე მივდივარ.
_ რატომ ებრძვის ყველა ხელისუფლება მაინცდამაინც ადვოკატებს, რა ხდება, გამაგებინეთ?
_ ყველას ებრძვიან, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, ან მათი ქცევები არ მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსად, გადავიდა თავისი მდგომარეობისა და ძალაუფლების შენარჩუნებაზე და უნდა, რომ ტოტალური რეჟიმი დაამყაროს. პროკურატურას სააკაშვილის ხელისუფლების დროს რა დატვირთვაც ჰქონდა, იგივე დატვირთვა შეიძინა, როცა იქიდან კბილაშვილი წავიდა. ეს არის პოლიტიკური პროკურატურა, სადაც ძალიან ცუდად იქცევიან და ვფიქრობ, ორმაგი სტანდარტებით მუშაობა უნდა დასრულდეს. აბა, გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციები ტელეკომპანია “იმედთან” მიმართებაში. თავდაპირველად მან დაიწყო საუბარი, რომ იმედი იყო მხარე, ვიღაცას ემსახურებოდა და ა.შ. ეს ყველაფერი კი დასრულდა “იმედის” დარბევით. ახლა ნახეთ, “რუსთავი 2”-თან მიმართებაში არის თუ არა იგივე რიტორიკა?! აქ ლაპარაკი არ არის, მოგვწონს თუ არა “იმედი” ან “რუსთავი 2”. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანები გამოხატავენ აზრს, რომ დაიწყო მედიის დევნა. სააკაშვილის ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რომ ჟურნალისტისთვის ეთქვა, გამოძიება რატომ ჩაატარე, შენზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღვძრათო. ეს არის ევროპის კონვენციის უხეში დარღვევა. როგორ შეიძლება, ჟურნალისტს მტკიცებულებების მოპოვება და გამოქვეყნება აუკრძალო? რასაც სააკაშვილი არ აკეთებდა, ესენი იმასაც აკეთებენ.
_ როცა ახალი ხელისუფლების პირობებში ადვოკატების დაცვა დაიწყეთ, მათ ნაციონალებთან ალიანსი დაგაბრალეს. აქციებს გიწყობდნენ. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი?
_ ვინ დაიჯერებს ნაცებთან ჩემს თანადგომას?! მე, ბიძინა ივანიშვილივით, ნაციონალები არასდროს დამიფინანსებია. ამას თავადაც არ და ვერ მალავს. ცხადია, გახსოვთ, ტოტო კუტუნიო რომ ჩამოიყვანეს ნაციონალებმა ბათუმში. კონცერტზე სააკაშვილი და კახი კალაძე ერთად მივიდნენ, ერთი მანქანით. იმ პერიოდში ბათუმში ვიყავი და მეც ვესწრებოდი ამ კონცერტს. კალაძე სათადარიგო საბურავივით ეჯდა სააკაშვილს, მერე კი ხოფერიას გადაცემაში აჩვენეს, ერთად რომ მიდიოდნენ და სააკაშვილი ამბობდა, მე ფეხბურთელობა მინდოდა, მაგრამ პრეზიდენტი გავხდი და ამ კაცს პრეზიდენტობა უნდოდა და ფეხბურთელი გახდაო. განუყრელი მეგობრები იყვნენ და ამას არც მალავდნენ, მაგრამ, როგორც კი მათი ფინანსური ინტერესები გადაიკვეთა და კალაძის ბიზნესპარტნიორი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეავიწროეს, მან სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება დაიწყო. ჩემი და “საიას” წინააღმდეგაც გააკეთა განცხადებები. ეს ხალხი ახლა აწარმოებს პროცესს, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი პროფესიების წინააღმდეგ და, ალბათ, მოგვიწევს ერთად დგომა, ეს რომ არ დავუშვათ.
_ რამდენ ხანს აპირებთ ვერონაში გაჩერებას და როდის ბრუნდებით საქართველოში?
_ უნდა შევხვდე ჩემს იქაურ კოლეგებს და ვუთხრა: 6 თვე რომ მეგონა, ივანიშვილი სამართლიანობას აღადგენდა და არ მოგვატყუებდა, ამიტომ არ შეგაწუხეთ, ახლა უფრო ცუდ დღეში ვარ, ვიდრე ვიყავით ადვოკატები და მოგვხედეთ-მეთქი. ზეწოლაა ჩემზე, რაც აქციებითა და განცხადებებით გამოიხატა, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ვინც დგას, კარგად ვიცი. მინდა მათ ვთხოვო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს შემახვედრონ. ადვოკატთა კორპუსი დღითი დღე ძლიერდება. ბათუმში ადვოკატებს სახლი ვუყიდეთ, სამ თვეში გარემონტდება და იქ 25 ადვოკატი ყოველდღიურ რეჟიმში იმეცადინებს. დიდ საქმეებს ყოველგვარი დახმარების გარეშე ვაკეთებთ და ჩემი აზრით, ხელისუფლებას ესეც აღიზიანებს. თავად ფული თავზესაყრელი აქვთ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ადვოკატთა ასოციაციას ერთი ლარითაც არავინ დახმარებია და ყველა რეგიონში ადვოკატის სასწავლო ცენტრებს ვხსნით. ეს პროფესია სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში უნდა იყოს. ჯანსაღი პროცესი მიდის. რამდენიმე წელში ადვოკატურა ყველაზე წესიერი ინსტიტუტი უნდა იყოს ქვეყანაში და არ უნდათ ამ დონეზე მისი გაძლიერება. საკანონმდებლო ცვლილებებითაც გვებრძვიან და ყველანაირად. მე ვსვამ კითხვას: როცა ორივე ხელისუფლება აკეთებს ერთსა და იმავეს, ვიქნები თუ არა უნამუსო კაცი, რომ ერთს ტაში დავუკრა და მეორეზე ისევე გავჩუმდე, როგორც ეს ზოგიერთმა უფლებადამცველმა გააკეთა?! კალაძე ან ივანიშვილი დემოკრატიის შუქურებად ზოგიერთებივით ტყუილად როგორ ვაღიარო, გამაგებინეთ რაა?! ამას ვერ ვიკადრებ და ამიტომ ვარ ნაციონალი?! ივანიშვილი ძალიან ცუდი გზით წავიდა და ამას ვერ დავმალავ. მე ამ ადამიანის პირადი ჯავრი, ცხადია, არ გამაჩნია. ერთ რამეს ვითხოვდი ნაციონალებისგანაც, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ადვოკატის ინსტიტუტი ყოფილიყო დაცული და იგივეს ვუცხადებ ივანიშვილის მთავრობას. სხვა სადავო მათთან არაფერი მაქვს. რეჟიმი ნიშნავს თავისუფალი პროფესიების დევნას. ამას აკეთებდა მიშა და აგრძელებს ბიძინა და ამაზე ვერასდროს გავჩუმდები, გინდა ნაციონალი დამიძახონ და გინდა “მეოცნებე”. რაც გაუხარდებათ ის თქვან, ამით უკან მაინც ვერ დამახევინებენ.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |