|
“სახელმწიფო სახელმწიფოში”, - დღემდე ასე მოიხსენიებენ სასჯელაღსრულების ადგილებს, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა ჩინოსნები ატარებდნენ რეფორმებს და ეს რეფორმები სხვადასხვა დროს ვითარების შესაბამისად წარმატებულად ცხადდებოდა. მაგალითად, შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს, წარმატებულ რეფორმად ციხე-კოლონიებში კონცერტების ჩატარება და ტაშ-ფანდური იყო აღიარებული, სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს სახელშეცვლილ დაწესებულებებში ბიბლიოთეკის გახსნა (რომელიც არასდროს ფუნქციონირებდა) ან დაწესებულებებიდან ჯართის სახით დანადგარების გატანა-გაყიდვა გამოცხადდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი სასჯელაღსრულების ადგილების რეფორმას ავტომატების კაკანსა და საპატიმროების “ყვარყვარეს ციხედ” გადაქცევას ეძახდნენ, სწორედ ამ “რეფორმამ” მოიტანა “ცოცხების რევოლუცია” და რაც არ უნდა ითქვას ე.წ. ციხის კადრების შესახებ, გინდ დადგმული სპექტაკლი იყოს და გინდ ჩაფიქრებულ-ჩასაფიქრებელ-განსახორციელებელ-განხორციელებული, ფაქტია - რომ არა ციხის კადრები, ევროპა და ამერიკა ქართულ საპატიმრო სივრცეს დოგმატურად (ან თუ გნებავთ უაპელაციოდ) “ყველაზე მაღალხარისხიანად” აღიარებდნენ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეფორმა სამართლიანობის სახელით შევიდა “დახურულ სივრცეში”, სამართლიანობის პირველი ნაბიჯის გამოხატულებად პოლიტპატიმრების სტატუსი და 200-მდე ადამიანის განთავისუფლება იქნა აღიარებული. მართალია, მეორე ეტაპი განთავისუფლებული პირებისთვის ნასამართლობის მოხსნა და მათი საქმეების გადასინჯვა აუხდენელ ოცნებად დარჩა, მაგრამ, როცა ხელისუფლება დღემდე სამართალზე საუბრობს, 200 კაცის განთავისუფლებაზე აპელირებს. აუხდენელ ოცნებად დარჩა სამართლიანობის შემდეგი საფეხური - ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, ამიტომ სასჯელაღსრულების სისტემაში ჩარჩენილი პატიმრების იმ დიდ რაოდენობას, რომლებიც უსამართლობას სააკაშვილის რეჟიმის დროს აპროტესტებდნენ, სამართლიანობის აღმსრულებლად მხოლოდ შეწყალების კომისია და ვადაზე ადრე განთავისუფლება დარჩათ. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ვადაზე ადრე განთავისუფლების მექანიზმი კარგად მუშაობს. მართალია, შედეგი რადიკალურად საპირისპიროა, მაგრამ “როცა ძალა აღმართს ხნავს”, ოთხ კედელში გამოკეტილებს, შეწყალების კომისიის გარდა, სხვა გზა არ დარჩენიათ! რა ხდება შეწყალების კომისიაში?
2014 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანება #120-ს “შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ”, რომელითაც შეცვალა მისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის #277 ბრძანება. მარგველაშვილის ბრძანებას წინ უსწრებდა, 2013 წლის 26 ნოემბერს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის დანიშვნა. ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი და როგორც “თბილისის ჰამქარის”, ანუ თბილისის ძველი უბნების დამცველი, იყო ცნობილი და კარგი ავტორიტეტი ჰქონდა, ამიტომ მის დანიშვნას ბევრი “შიგნით” და ასევე ბევრი “გარეთ” მომავლის იმედით შეხვდა. პირველი რაც ყოფილმა ჟურნალისტმა დანიშვნისთანავე გაასაჩივრა, იყო შეწყალების კომისიის დებულება. ამონარიდი ელისაშვილის ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან: “ობიექტური ვიქნები, მიუხედავად იმისა, ნაცნობები და მეგობრები ყველას ჰყავს საპატიმროებში და მათ შორის მეც. ობიექტურობას პირველ რიგში განაპირობებს კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს საქმეების გაფილტვრა. დებულებაში არის რამდენიმე ხვრელი და ისეთი მუხლი, რომელიც ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა, ეს უნდა გამოსწორდეს. მე არ მაქვს უფლება, ღიად გავახმოვანო, თუმცა დებულებაში არის მუხლი, რომელიც ყველა კრიტერიუმს გამორიცხავს და ხაზს უსვამს, წყალში ყრის ამ კრიტერიუმებს და საერთოდ აზრს უკარგავს ამ კრიტერიუმების არსებობას”. მიუხედავად ამისა, დებულებაში არაფერი შეცვლილა, ის დღეს იმ სახით მოქმედებს, რა სახითაც მარგველაშვილმა დაამტკიცა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუებსა და კომენტარებში ცალსახად იკვეთება პოზიცია. მისი განცხადებით, არის უამრავი პატიმარი, რომელთაც მისჯილი აქვთ 30 წელი და მათთვის დახმარება აუცილებელია. ელისაშვილმა განაცხადა, რომ კომისიამ შეცვალა კრიტერიუმები და ახლა აღარ არის საჭირო ნახევარი სასჯელის მოხდა, წაყენებული ბრალის კიდევ ერთხელ აღიარება (შეწყალების ტექსტში აუცილებელი იყო, პატიმარს მიეთითებინა, ვაღიარებ და ვინანიებ) და უვადო სასჯელმისჯილებს შეეძლებათ 15-წლიანი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ მიმართონ კომისიას. ამ კრიტერიუმების შემუშავებას კომისიამ თითქმის 6 თვე შეალია. თქმა იმისა, რომ რა მნიშვნელობა აქვს, უვადო პატიმარს 15 თუ 25 წლის შემდეგ შეეძლება მიმართოს კომისიას, ადვილია, მაგრამ უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი რომ არის ეს ინიციატივა, ალბათ, ბევრი დამეთანხმება. სხვა თემაა, სააკაშვილის რეჟიმის მთავარ იდეას - ყველანი ციხეში, ბევრი უსამართლო განაჩენი რომ “ერთვის თან მტკიცებულებად” და სხვა თემაა ისიც, რომ მათ უმრავლესობა სამუდამო ან მრავალწლიანი საპატიმრო ვადით იხდის სასჯელს. ასეთი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოსავალი იყო სწორედ ხარვეზების დამდგენი კომისია, რომლის შექმნას მდუღარე წყალი გადაასხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პირველი გაურკვევლობა: ხელისუფლება, რომელიც, გარდა იმისა, რომ ხალხს ნაციონალები ყელში ჰყავდა ამოსული, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მილიარდერი ჩაერთო და მისი ხათრით ხალხი “ბოსტანში ჩარჭობილ ჯოხსაც” დაუჭერდა მხარს, “ცოცხების ფრიალის” შედეგადაც მოვიდა ქვეყნის სათავეში და “ცოცხების მადლი” “მეოცნებეებისთვის” ფასდაუდებელიც და დაუვიწყარიც უნდა იყოს, წესით. ჯერ კიდევ ოპოზიციაში (ასე ეძახდნენ თავს, თუმცა პრაქტიკამ სხვა რამ დაადასტურა) მყოფი დღევანდელი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, საჭირო დროს, საჭირო მომენტში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე აპელირებდა და ხაზგასმით ამბობდა, რომ ციხეში ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლო სასჯელებით იყვნენ მოხვედრილი. სტატისტიკურად საქართველოში იმაზე მეტი დიდსასჯელიანი (უვადო, 30-40 წელი) პატიმარი ზის, ვიდრე სხვა ნებისმიერ მესამე (მეოთხე, მეხუთე და ა.შ. თუკი ასეთიც არსებობს) ტიპის ქვეყანაში. და როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებ, ადამიანებს უკანონოდ მიუსაჯეს დიდი სასჯელიო, ხელისუფლებაში მოსულმა ვადები არ უნდა დაუდგინო ამ ადამიანებს.
შემდეგი: მარგველაშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში მერვე მუხლი გვამცნობს: ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისგან განთავისუფლება; ბ) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისგან ნაწილობრივ განთავისუფლება - სასჯელის ვადის შემცირება”. ერთ პატიმარს ვერ მოძებნის დაინტერესებული პირი, რომელსაც ეს მუხლი შეეხო. ანუ, გამოდის, რომ მარგველაშვილმა ისეთივე უმოქმედო ბრძანება (ჩანასახშივე მკვდარი) მიიღო, როგორიც თავად პრეზიდენტია?!
კარგით, ჩვენ ამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რაც ახლა რეალობაა და თავი დავანებოთ ოცნებას, სამართლიანობის დადგენა-აღდგენის შესახებ! იურისპრუდენცია მათემატიკა არაა, ზუსტი მეცნიერება იყოს, მაგრამ იურისპრუდენცია ფაქტებზე, მოცემულობებსა და სიზუსტეზეა დამყარებული (წესიერ ქვეყანაში). ჩავთვალოთ, რომ ჩვენ სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩავთვალოთ, რომ 15 წლის შემდეგ ე.წ. უვადო პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმართონ შეწყალების კომისიას. საინტერესოა, ეს ვითარება ეხებათ თუ არა იმ უვადო პატიმრებს, რომელთაც 15 წელი მოხდილი აქვთ? შევარდნაძის პერიოდშიც ხომ იჭერდნენ ადამიანებს და უსჯიდნენ უვადო პატიმრობას? და ყველაზე მთავარი, საქმე ისაა, რომ მძიმე (განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულისთვის 5 წელზე მეტი შეფარდებისას მსჯავრდადებულმა ისევე უნდა მოიხადოს სასჯელის ნახევარი, როგორც ეს ადრე იყო დადგენილი. ასევე მსჯავრდადებულებმა, რომელთაც 5 წელზე ნაკლები აქვთ შეფარდებული, სასჯელის მესამედი უნდა მოიხადონ! ამ პუნქტში ამოიღეს სააკაშვილისეული ერთადერთი ფრაზა - პირველი ნასამართლობა! როგორია პრაქტიკა? თითქმის არ არსებობს პატიმარი, რომელიც არ არის ორი ან მეტი მუხლით გასამართლებული! რა გამოდის? ბრძანება ბრძანებისთვის დაიწერა? ისიც ხომ ფაქტია, რომ 5 წელზე ნაკლებს მოსამართლეები მხოლოდ იმ პატიმრებს უსჯიდნენ ვისთანაც პროკურატურა აღიარების სანაცვლოდ საპროცესოს აფორმებდა? ანუ მარგველაშვილის ბრძანება ადამიანს რომ შეეხოს, აღიარება სავალდებულოა და ეს სხვათა შორის, ბრძანებაშიც არის მითითებული, მეცხრე მუხლში ვკითხულობთ: “შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება: ა) აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდადებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდადებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდადებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”; ანუ აღიარება ყველა ვარიანტში საჭიროა!!! ისმის ბუნებრივი კითხვა - ვინ მოატყუა პატიმრები (და მათი ოჯახები)? მარგველაშვილმა თუ ელისაშვილმა, ან შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ ელისაშვილმა ამ მუხლის შესახებ არაფერი იცოდა? აქ ჩნდება შემდეგი კითხვა - თუ არ იცოდა, მაშ რა უნდოდა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე?
შემდეგი: მარგველაშვილის ახალი ბრძანებით, ინფორმაცია პატიმრისთვის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეგზავნება 5 სამუშაო დღეში, თუმცა ასობით პატიმარს არავინ უხსნის, რა მიზეზით ეუბნებიან მათ შეწყალებაზე უარს. სააკაშვილის დროს პატიმარს განმეორებით კომისიისთვის მიმართვა შეეძლო სამ თვეში, ახალი ბრძანებით 4, 5 თვეში და კომისია ამ განცხადებას 6 თვის შემდეგ განიხილავს. ახალი კრიტერიუმებით არასრულწლოვანი მსჯავრდადებულის შეწყალების დროს მხედველობაში მიიღება “ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები”, ანუ მშიერი, ტიტველი, უსახლკარო, უბედური ბავშვი ღირსი არაა, შეიწყალონ და ციხეში უნდა დალპეს?! მსგავსმა ბავშვმა, ისევე როგორც გონებასუსტმა დათო მწარიაშვილმა, რომელმაც მშიერმა მოიპარა 1 “პაჭკა” “პეჩენია” და სასამართლომ ამისთვის მიუსაჯა 2 წელი და 1 ჭიქა კომპოტისთვის ბიძა მოკლაო, რომ ამბობენ, “ატ ზვანკა დო ზვანკა” უნდა მოიხადოს 9 წელი? შეწყალების ღირსი არაა გიორგი “კრიალიკა”, რომელმაც მოიპარა ანტიბიოტიკი, მარტოხელა დედის პნევმონიისგან გადასარჩენად? ელისაშვილის კომისიამ 95 პატიმარი შეიწყალა, 400-ზე მეტ პატიმარს უარი ეთქვა შეწყალებაზე.
“თუ არსებული კრიტერიუმებით მუშაობენ, ელისაშვილმა რატომ არ გვაცნობა რის საფუძველზე არ შეგვიწყალა მე და ჩემი შვილი? მე გავეცანი ჩემი შეწყალების დახასიათებას, რომელსაც არც კი აქვს თარიღი, რადგან ის არსად არ გაუგზავნიათ, მე დამაწერინეს თხოვნის სამი ეგზემპლარი, რისთვის სჭირდებოდათ მათ სამი ეგზემპლარი? დახასიათების თანახმად, მე თურმე მყავს დედა და ძმა, არადა დედაჩემი გარდაიცვალა 2007 წელს, ხოლო ძმა არასდროს მყოლია! ყველა პატიმარს დახასიათებაში უწერენ შაბლონურ ტექსტებს. მე, ისევე, როგორც ჩემი შვილი, თურმე ვმეგობრობ დადებითად ორიენტირებულ პატიმრებთან და ვმონაწილეობთ ინდივიდუალურ ღონისძიებებში. საჯაროდ ვაცხადებ - მე ვარ დახურულ სისტემაში, საკანში, შვილთან ერთად, არსად გავდივარ, ან ვის უნდა ვემეგობრო და რა ღონისძიებაში უნდა მივიღო მონაწილეობა? - აცხადებს 30-წლიან პატიმრობამისჯილი ჯიმშერ ჩაჩიბაია, - თუ ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ მთავარი პროკურატურა ადებს ე.წ. დაუმორჩილებელი პატიმრების პირად საქმეებს (ვინც არავინ ჩაუშვა, იმათზეა საუბარი) სპეციალურ გრიფს. ასეთი გრიფი ნიშნავს, რომ მთავარი პროკურატურის ბრძანებით პატიმარზე არ ვრცელდება შეწყალება, ვადაზე ადრე განთავისუფლება და მათ გაატარებინებენ მთელ სასჯელს ე.წ. კრიტში, არაადამიანურ პირობებში. მე და ჩემს შვილს გვაჩვენეს გრიფი ჩვენს საქმეებზე და დირექტორის მოადგილემ გვითხრა: არ იდარდოთ ნახევარი ზონა ასეაო. ანუ “დამშვიდების” საფუძველი გვაქვს”.
შეწყალების გარდა, არის ვადაზე ადრე განთავისუფლების მექანიზმი, მუდმივმოქმედ კომისიას ახლა ხელმძღვანელობს გრიგოლ გიორგაძე, რომელიც ვერ ასცდა სუბარის მოადგილეობას, სახალხო დამცველის მოადგილე იყო, ახლა მინისტრის მოადგილეა, თუმცა “იმედში” იურიდიული სამსახურის უფროსად “იმედი” რომ დაარბიეს, მას შემდეგ გადავიდა, საინტერესო “პრიჟოკია”, არა? კომისიის წევრი არის ეკა ბესელია. აპრილში გიორგაძემ გამოაცხადა, რომ განთავისუფლდა 73 პატიმარი და განხილული იყო 900 საქმე, ანუ გაათავისუფლეს მხოლოდ 8,1% პატიმარი, რომელთაც სსკ-ს 72-ე მუხლის თანახმად, ეკუთვნოდათ განთავისუფლება. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ 91,9% პატიმარს ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე უარი ეთქვა, ეს სტატიის მკითხველებმა შეაფასონ.
სტატისტიკა:
დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (თავმჯდომარე ლაშა ბაკურაძე, ამავე დროს გენინსპექციის სარევიზიო სამმართველოს უფროსი) ცნობით, #2 დაწესებულებაში 86 პატიმარს უთხრეს უარი ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე.
აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული საბჭოს (თავმჯდომარე ალექსანდრე დარახველიძე) ცნობით, #16 დაწესებულებაში 109 პატიმარს ეთქვა უარი განთავისუფლებაზე, მათ შორის უკვე განთავისუფლებულ გოროზიას.
საბჭოს სხდომები ტარდებოდა ორ თვეში ერთხელ, გიორგაძის სიტყვას თუ ვენდობით (და რატომ არ უნდა ვენდოთ?), დაახლოებით 30 ათას პატიმარს ეთქვა უარი ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე 18 თვეში, ხოლო ამავე პერიოდში კომისიამ გაუშვა 3 000 პატიმარი, ანუ საშუალოდ თვეში 166 პატიმარი... ასეთ ვითარებაში, რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია და ამ ფონზე ვინმეს უკვირს, რატომ არის საპატიმროებში პროტესტი? პრინციპში, “ალალია” ის ხელფასიც და პრემიაც, რასაც სუბარის უწყება თავის თანამშრომლებს ურიგებს...
დაბოლოს, ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ...
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |