

|
“პრემიერს” ესაუბრა ზუგდიდის რაიონში “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.
- ბ-ნო ედიშერ, “ნაციონალური მოძრაობა” არ მალავს განზრახვას ზუგდიდში თავისი წარმატების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თქვენი ოპონენტების ასეთ თავდაჯერებულ განცხადებას?
- “ნაციონალური მოძრაობის” ხმამაღალი განცხადებები არავის უკვირს. თუმცა, ჩემი ოპონენტების ადგილას მინიმუმ მორიდებული მაინც ვიქნებოდი და ზუგდიდში წარმატებაზე არ ვისაუბრებდი. “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ზუგდიდში აჩვენა პოლიტიკური ტოლერანტობის მაგალითი, რომლითაც, არ მომერიდება ამის თქმის, ბოროტად სარგებლობენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მათ სწორედ თავიანთი 9-წლიანი მოღვაწეობის შედეგის გამო უთხრა ხალხმა უარი.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ჩვენს ოპონენტს, თუმცა ვინ თესდა აქ ბოროტებას, ვინ გააუბედურა უამრავი ოჯახი, ეს მათ ჩემზე უკეთესად იციან.
- თქვენი განცხადებები საკმაოდ ბუნდოვანი და ზოგადია.
- რას არქმევთ ბუნდოვანს? ჩემს ოპონენტს “ნაციონალური მოძრაობიდან”, წლების განმავლობაში სამხარეო პოლიციის თანამდებობა ეკავა, დღეს მან, იმის ნაცვლად, რომ აიღოს პოლიტიკური, სისხლის სამართლებრივი და გნებავთ, მორალური პასუხისმგებლობა (ჩემი გადასაწყვეტი არ არის) იმ პერიოდში ჩვენს თანამოქალაქეებზე, და არამარტო მათზე, განხორციელებული ფიზიკური და მორალური ტერორის, უსამართლობების ნიაღვრის შესახებ, გვიმტკიცებს, რომ მან არაფერი იცოდა, რას სჩადიოდნენ მისი თანამშრომლები - ეს არის ბუნდოვანი? არ მინდა მტკივნეული აქცენტების გაკეთება, მაგრამ აქ, ჩვენს რაიონში დაბადებული, მცხოვრები ადამიანები სწორედ იმ დროს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი კანდიდატი იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, აუპატიურებდნენ საკუთარ თანამოქალაქეებს, აწამებდნენ და მათ ღირსებას ლახავდნენ. რომელმა ზუგდიდელმა არ იცის ამის შესახებ, ან გნებავთ სრულიად საქართველომ. მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს 20-ზე მეტი ადამიანია უკვალოდ გამქრალი და მან უნდა გვიპასუხოს, სად არიან ეს ადამიანები...
- მაშინ აქვე გკითხავთ, დღევანდელმა ხელისუფლებამ რატომ ვერ მოახერხა ამ საქმეების გამოძიება?
- გიპასუხებთ. კარგად ახსოვს ყველას, როდესაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაბარგების პროცესი, სწორედ მაშინ ისარგებლეს და ვნახეთ კიდეც ტელევიზიებით, როგორ წვავდნენ და ანადგურებდნენ დოკუმენტაციებს და ყველა დანაშაულებრივ კვალს შლიდნენ. ასე რომ, მათ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და ახლა ჩვენ არ გვაქვს უფლება, შეცდომები დავუშვათ. ძალიან ბევრი საქმის გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, ყველა საქმის გამოძიება მოხდება. მე მჯერა, ზუგდიდელები ხედავენ ხელისუფლების დამოკიდებულებას და მონდომებას, რომ ყველა საქმე იყოს გამოძიებული სამართლიანად. მესმის, რომ შეიძლება კონკრეტულ პირებს ან გნებავთ, საზოგადოების დიდ ნაწილს ეჩქარება, გამოვლინდნენ დამნაშავეები, მაგრამ ეს არის პროცესი, როცა ახალ ხელისუფლებას არ აქვს უფლება შეცდომები დაუშვას. ჩვენი სურვილია, პროფესიონალურ დონეზე, კვალიფიციური სპეციალისტებით მოხდეს საქმეების გამოძიება და დაისაჯოს დამნაშავე. უსამართლობის დამკვიდრებაა მარტივი, ხოლო სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, რომ ყველაფერი კანონისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდეს, რასაკვირველია, ამას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე უსამართლობის დამკვიდრებას. მე მჯერა, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის და კარგად აქვს გაცნობიერებული პროცესის მიმდინარეობა.
- პირდაპირ თუ ირიბად საკმაოდ დიდ ბრალდებას უყენებთ თქვენს ოპონენტს...
- დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გუნავას კანდიდატურა არც “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის მისაღები, მაგრამ ამჯერად ის მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურისა და გარკვეული ანგარიშვალდებულების გამო არის დასახელებული. “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარე პროცესები და ის დაპირისპირება, რაც უკვე ღიად და საჯაროდ გვესმის, ალბათ, მათი პრობლემაა და ამაზე საუბარი არც ღირს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ყოფილიყო პერსონა, რომელთანაც ოპონირება მექნებოდა ჩვენი რაიონის შემდგომ განვითარებაზე და მასთან ვიპაექრებდი ამ მიმართულებით. ამჟამად კი შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი თანამოქალაქეები არა თუ დაიცვა, არამედ მათი ღირსების გათელვის მეტი არაფერი აკეთა, არათუ საპაექრო, სასაუბროც არაფერი მაქვს. შესაბამისად, მე ვრჩები ჩემი ამომრჩევლების წინაშე იმ გეგმებით და იმ პროგრამით, რომელიც თითოეული ზუგდიდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ოპონენტზე საუბარს აქ დავასრულებ და გეტყვით ერთ რამეს, მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის და უმჯობესია, დებატები ხალხთან გამართოს და ეს დებატები იქნება საარჩევნო ყუთთან და იმ შედეგებით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდება.
- რა მოხდა ანაკლიაში? ანაკლიის ინციდენტში სწორედ თქვენ გადანაშაულებენ?
- მათ სინდისზე იყოს ის, რასაც ამბობენ. გადასარევად იციან, რომ არც მე და არც სხვა ადამიანებს, რომელთა სახელებს საჯაროდ გაჰკივიან, ამ საქმესთან არანაირი ხელი არ გვაქვს. ჩემი ინფორმაციით, ის, რაც მოხდა, ნამდვილად არ იყო მიმართული “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის წინააღმდეგ. ეს კარგად იციან ადგილობრივმა ნაციონალებმა და კარგი იქნება, თუ მათი თბილისის ოფისიც დაფიქრდება და სწორად გააანალიზებს ამას, ვიდრე უსაფუძვლო ბრალდებებს გააჟღერებს და ადამიანებს ცილს დასწამებს. შეხედეთ ამ ყველაფერს არა “სხვისი ჭირის” პრინციპით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გუნავას პერიოდში გაუბედურებული ასობით ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. თავად ხომ ყველაფერი კარგად იცის. და იმ ადამიანებს, მათ ახლობლებს თუ ასეთი მწვავე რეაქციები ექნებათ, განა ეს გასაკვირი უნდა იყოს? მერწმუნეთ, არანაირად არ ვამართლებ ძალადობას და მგონი, მადლობაც უნდა თქვან იმის გამო, რომ ჩვენ ეს ადამიანები, ვიმეორებ, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გადავარჩინეთ. ამ მიმართულებით ჩვენი მოქმედებები სამართლებრივადაც აბსოლუტურად სწორი იყო. უსამართლობას უსამართლობით ვერ ვუპასუხებდით. ისინი საკუთარი კანდიდატის პოლიტიკურ არენაზე დატოვებას ცდილობენ და ამით სურთ, სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოარიდონ. თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კანონი ყველაზე თანაბრად ვრცელდება... ეს მათ დროს ხდებოდა, ტელეფონის ქურდობისთვის 100 ათას ლარს რომ უფარებდნენ გირაოს, კაცისმკვლელებს კი 5-ათასლარიანი გირაოთო ათავისუფლებდნენ. შესაბამისად, ახლა გუნავასთვის ზუგდიდი მხოლოდ თვითგადარჩენის მიმართულებითაა საინტერესო. პარტიას კი მისგან წამებული რაინდის შექმნა უნდა. მგონი, იმაზე მეტი ვისაუბრეთ მათზე, ვიდრე რეალურად ფასობენ. ჩემი საქმე, ჩემი საკეთებელი ზუგდიდელების მსახურებაა და არა მათზე დროის ხარჯვა.
- თქვენს საკეთებელში რას გულისხმობთ?
- ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩემთვის არა მარტო საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია ჩემი რაიონისა და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობა. ხალხის დასაქმება და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც გეგმაში მაქვს. მათგან ნაწილი დაწყებულია, დანარჩენსაც, იმედი მაქვს, ამომრჩეველი მომცემს ამის საშუალებას, რომ დავიწყო და ბოლომდე მივიყვანო. დავიწყოთ იმით, რომ თვის ბოლოს გაიმართება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის უმსხვილესი კომპანიებისა და საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრი გააფორმებს კონკრეტულ ხელშეკრულებებს, რაც განმუხურსა და ანაკლიას სტრატეგიული მნიშვნელობის, არა მხოლოდ საკურორტო, არამედ საპორტო ადგილად აქცევს. დასაქმდება ასობით ადამიანი.
ამჟამად ტენდერები დასრულებულია და იწყება ყველა სოფლის გზების მოხრეშვა. ასევე, წყალმომარაგების მოწესრიგება, ახალი ჭაბურღილები და ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომლებიც სოფლის მიერ კრებებზეა მიღებული. უკვე იწყება ორი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი - 11-კილომეტრიანი ბეტონის ნარაზენიდან ჭაქვინჯამდე და 6-კილომეტრიანი გზა ორსანტიასა და ოტობაიაში. ეს გზები გაივლის ორ-სამ სოფელს. სოფელ რუხში იწყება 150-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა, რომელშიც დაიხარჯება 30 მლნ-მდე და დასაქმდება 650 ადამიანი. ამ საავადმყოფოში მკურნალობა უფასო იქნება დევნილებისთვის. ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით. ქალაქში იწყება 43 ქუჩის რეაბილიტაცია და ახალი ასფალტის საფარის დაგება. აი, ეს არის ის მიმართულებები, რომელიც ჩემთვის, ისევე როგორც ჩვენი რაიონის ნებისმიერი მოსახლისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
არ მინდა ციფრებით გადავღალო ვინმე და გეტყვით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ზუგდიდში განხორციელებული პროექტების რაოდენობა წელიწადში 130-ს არ აღემატებოდა. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შევძელი 400-მდე პროექტის განხორციელება. და აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ საკრებულოს თანადგომა რომ გვქონოდა, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდით.
- რაღა დაგიმალოთ, თქვენს მიერ დასახელებულ განხორციელებულ პროექტებზე ხალხში მინიმალური ინფორმაციაა.
- ამ ნაწილში დაგეთანხმებით. შესაძლოა, სოფელ ორსანტიაში მართლაც არ იცოდეს ვინმემ, რა გაკეთდა რუხში ან პირიქით, მაგრამ თითოეული სოფლის მკვიდრმა ხომ კარგად იცის, რა გაკეთდა მისი სოფლისთვის. შეიძლება ვიდავოთ იმაზე, უნდა ჰქონოდა თუ არა ამ საქმეებს პიარის კომპონენტი, მაგრამ ცხადია, რომ ეს საქმეები გაკეთებულია და ვისაც უნდა, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, ის საკუთარ არჩევანში არ შეცდება. და ჩვენ ზუგდიდზე ერთად ზრუნვით დიდ წარმატებებს მივაღწევთ. რასაკვირველია, არც ვფიქრობ, რომ სხვაგვარად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ და პირობასაც ვდებ, რომ მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის, თითოეული მოსახლის - პოლიტიკური შეხედულებისა და უკვე წარსულში გაკეთებული არჩევანის მიუხედავად - თანამდგომი და ყველს გამგებელი. და კიდევ ერთიც - ერთი კაცის წარმატება ვერ იქნება ზუგდიდის წარმატება. ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდით, რომ არა საკრებულოს გააფთრებული წინააღმდეგობა და შესაბამისად, გუნდი, რომელიც შეცვლის თვითმმართველ ხელისუფლებას, იქნება უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, მაღალი ანგარიშვალდებულების ხარისხითა და რა თქმა უნდა, თითოეული ზუგდიდელის წარმატებაზე ორიენტირებული.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |