|
“ქართული ოცნების” კარგად გაპიარებული ინიციატივის უპერსპექტივობა ერთ წელიწადში სრულფასოვნად გაიშიფრა: სკოლის მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ წიგნების დარიგება არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ისინი გვისახავდნენ, რადგან მომდევნო წელს წიგნების დიდი ოდენობა უკვე ფიზიკურად განადგურებული იყო. აი, რა მოსწერა “პრემიერს” ერთ-ერთმა მრავალშვილიანმა მშობელმა: “ერთი ახალი ამბავი უნდა გაცნობით და თუ საჭიროდ ჩათვლით, გაავრცელეთ. სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებს (მე ცხრა შვილი მყავს) არ დაურიგდებათ ახალი წიგნები, ძველი, ნახმარი წიგნები გადმოგვცეს, რომელთაც, ბუნებრივია, არ მოჰყვება თავისი რვეულები. ასე რომ, ახალი ინიციატივა ასე ჟღერს: ახალი წიგნები - მდიდრებს, ძველი და ნახმარი - ღარიბებს. თან ჩემს მე-10 კლასელ ბიჭს არც ერთი წიგნი არ მისცეს, რადგან სკოლაში ნახმარი წიგნები არ აღმოჩნდა”.
“პრემიერი” ამ საკითხზე განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირი - “ერთობის” წარმომადგენელს, დავით წიქარიშვილს ესაუბრა:
- განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანების 70 პროცენტი დღემდე ნაციონალია და ისინი “ოცნების” დავალებებს, გეგმებს, ცხადია, თავისებურად ასრულებენ, ანუ კვლავ ნაცები მართავენ ამ სფეროს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაციონალების პერიოდშიც და ახლაც, ქართული განათლება ისევ საბჭოური განათლების ორბიტაზე ტრიალებს. წიგნების ძირითადი ნაწილი, რომლითაც ამჟამად ბავშვები სკოლებში სწავლობენ, იმ წიგნების ნაირსახეობაა, რომელზეც საბჭოთა თაობა აღიზარდა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოთხოვნების არსებობა ვერც ნაციონალების განათლების მინისტრებმა გაიგეს და ვერც კიდევ “ოცნების” წარმომადგენლებმა. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში სკოლადამთავრებულ ბავშვს კონკურენტი თელავსა და გურჯაანში კი არ ჰყავს, არამედ ტოკიოში, მადრიდში, ბერლინში და ა.შ. ნაციონალების პერიოდში ახალი სასწავლო წიგნები კი იწერებოდა, მაგრამ ისინი იყო საბჭოური წიგნების ანალოგი, წიგნის ოდნავ გადახალისება კი არსებითად ვერაფერს ცვლის. ეს ტენდენცია არის ძალიან ცუდი, რადგან ამ წიგნებით შორს წასვლა ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში იყო შეუძლებელი და ახლა, მით უფრო, წარმოუდგენელია. სწორედ ამის გამო უწევდათ საბჭოური სკოლის მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და რეპეტიტორებთან სიარული. მაშინ რეპეტიტორის ინსტიტუტი საკმაოდ მძლავრად იყო ფესვგადგმული. ახლაც რეპეტიტორებთან მომზადება საკმაოდ აქტუალურია. სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში აპირებს სწავლის გაგრძელებას, რეპეტიტორთან დადის და მისი ოჯახი დამატებით ხარჯავს არცთუ ისე ცოტა ფულს. ამ ერთი დეტალიდანაც მტკიცდება, რომ ქართული განათლება კვლავ საბჭოურ ეპოქაში დარჩა, თუმცა ევროპული განათლების ელემენტებსაც მივდევთ. საბოლოოდ კი მივიღეთ ჰერმაფროდიტული სწავლება.
- მოდით, ისევ სასწავლო წიგნების პრობლემას დავუბრუნდეთ...
- როცა წიგნების კომპლექტი ღირს 100 ლარი და ბავშვი ამით სწავლობს 10 თვე, გამოდის, რომ თვეში მისი სწავლის გადასახადი 10 ლარია. ზოგ ოჯახს ჰყავს სამი ბავშვი და 300 ლარის წიგნებს ყიდულობს, ანუ თვეში მათ სწავლაზე 30 ლარი ეხარჯება. ეს კი გახლავთ იმ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რომლითაც განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორც ჩანს, “ოცნებას” ამის გაკეთების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ნახმარი წიგნების მოვლა რომ ადვილი არ იყო, ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ჩემი აზრით, ეს პროექტი განათლების ყოფილი მინისტრის, მარგველაშვილის პირადი სურვილი უფრო იყო, ვიდრე გათვლილი, დაგეგმილი და გააზრებული პროექტი. ბოლოს და ბოლოს, ვინმესთვის მაინც ხომ უნდა დაევალებინათ ამ წიგნებზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა?! ბავშვებისთვისაც კი არავის აუკრძალავს, არ ჩაეკეცათ წიგნის ფურცელი, შიგნით არაფერი დაეწერათ და ა.შ. ამ საქმიდან რომ დიდი არაფერი გამოვიდოდა, ეს თავიდანვე ეტყობოდა, მაგრამ ხომ გითხარით, მარგველაშვილის სურვილი იყო. ეს რომ გეგმაზომიერად მომხდარიყო, პირველად სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის ნორმალიზაცია უნდა დაეწყოთ. ყოველ წელს თუ არ შევიდოდა სკოლებში ახალი წიგნები, 6-7 წელში მაინც უნდა შესულიყო. სწავლება უნდა დაახლოებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ჰქონდა პოტენციალი, რეგიონალური საუნივერსიტეტო განათლების ცენტრად რომ ქცეულიყო. აქ ინდოეთიდან და პაკისტანიდან კი არა, სხვა ქვეყნებიდანაც უნდა ჩამოსულიყვნენ სასწავლებლად, მაგრამ ჩვენს სამეცნიერო პოტენციალს ჯერ ნაჯახით მიადგნენ, მერე კი ჩარეცხეს. საქმე ისაა, რომ ნაციონალებისგან ჩარეცხილი მეცნიერები არც “ოცნებას” წამოუწევია წინ და ისინი არც მათთვის გახდნენ საჭირო. უნივერსიტეტის ბევრი პროფესორი, სკოლის მასწავლებელი არის გაგდებული უსამართლოდ, მაგრამ უკან არ დაუბრუნებიათ. ამაზე არავის უზრუნია და რა გამოდის, არც ნაციონალებს ადარდებდათ განათლების სისტემაში მომხდარი ამბები და არც “ოცნებას” უკლავს გულს ეს არეულობა. კიდევ ვამბობ, თუ არ ამოვვარდით საბჭოთა ორბიტიდან და არ დავიწყეთ წამყვანი სახელმწიფოების განათლების სისტემისთვის მიბაძვა, არაფერი გვეშველება. რუსეთის განათლებამაც ისე გაგვისწრო, მათთან ქიშპობაც გაგვიჭირდება, განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროში. ქართული განათლების სისტემა იმდენად გააიაფეს, რომ უგანდას, ლაოსსა და სხვა ჩამორჩენილ ქვეყნებს გავუთანაბრდით. დაღმასვლის პროცესი გრძელდება და უკვე არ ვიცი, ასეთი დაბალი განათლების მქონე ქართველები რამდენად შეძლებენ ქვეყნის მართვას.
- არადა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი პრიორიტეტი არჩევნებამდე იყო განათლება. პროგრამებიც ჰქონდათ შედგენილი, სადაც ხალხს ეუბნებოდნენ, რას გააკეთებდნენ ამ სფეროში მომავალში. ერთ-ერთი ასეთი იყო უფასო წიგნების პროექტიც. თუმცა აგერ გვწერენ, რომ უფასო წიგნების დარიგების საკითხი მტკივნეულად წყდება. ძველ წიგნებს მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს აძლევენ, ახალს კი - მდიდარი ოჯახის ბავშვებს. შერჩევითობა იყო ნაციონალების დროს და “ოცნებაც” აგრძელებს ამ გზას. მეთანხმებით?
- უფასო წიგნების დარიგებასთან დაკავშირებით უთანხმოება რომ გარდაუვალი იყო, ეს წინდაწინვე ჩანდა. რეალობა არის ის, რომ ყველა ვერ შეინახავდა სახელმძღვანელოს ისე, რომ ის მომდევნო კლასელს გამოსდგომოდა. სახელმწიფოს 35 პროცენტამდე ახალი წიგნის ყიდვა დამატებით მაინც მოუხდებოდა. თანაც ყველა კლასში ერთი და იგივე რაოდენობით ხომ არ არიან ბავშვები. ეს მექანიზმები და მოსალოდნელი ხარვეზები არავის შეუსწავლია და დაუმუშავებია. თქვეს, გადავცეთ წიგნებიო და რა თქმა უნდა, როცა სისტემა არ მუშაობს, სკოლები თავისი შეხედულებებით დაიწყებენ განაწილებას. მრავალშვილიანებს არ აქვთ, ცხადია, მასწავლებლებისთვის პატივსაცემი საშუალება და ისინიც ამიტომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს - მათ შვილებს ნახმარ წიგნებსაც არ ახვედრებენ. იმის ნაცვლად, რომ კანონით დაერეგულირებინათ ეს საკითხი, მრავალშვილიანებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის კიდევ უფრო მეტი შეღავათი მიეცათ, ამათ სკოლებსა და მასწავლებლებს მიანდეს ყველაფერი და ამიტომაც გახდა ეს ყველაფერი კამათის, წყენისა და გულისტკენის საგანი.
- როგორც ამბობენ, წიგნის ფურცლების სისქე ისე იყო შემცირებული, მისი შენახვა, რაც უნდა გაფრთხილებოდი, შეუძლებელი აღმოჩნდა. ანუ ასეთი რამ გაკეთდა: მე გადმოგცემ წიგნს უფასოდ, გავუკეთებ ამ კამპანიას პიარს, დაგამადლი, თუმცა სინამდვილეში ეს წიგნი უფასოდ გადაცემული არ იქნება. მისი პირვანდელი ფორმით შენახვა შეუძლებელი აღმოჩნდება და მშობელი განადგურებულ წიგნში თანხას გადაიხდის. ეს ინტრიგა წინასწარ იყო ამ საქმეში ჩადებული?
- ამას ასე ვერ ვიტყვი. როცა გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრი გახდა, საშინელი საბოტაჟი დაიწყეს წიგნის გამომცემლებმა. პირი შეკრეს და საშინელი ფასები დაადეს სასწავლო წიგნებს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა მაშინ სამინისტრო და გამოსავალი ასე, წიგნების უფასოდ დარიგებაში გამონახა. თუმცა ამ წიგნებს ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაუვლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ წიგნს წყალი მოხვდა, მისი ფურცელი შეიძლება გაიხვრიტოს. ის ისეთი საღებავით არის დამზადებული, ხელებზე გადადის და შეიძლება წიგნი ადამიანებს ხელზეც კი მიეწებოს. შრიფტის კონფიგურაცია ისეთია, რომ ბავშვს კი არა, მეც თვალებს მტკენს. როგორც ირკვევა, თვალების ტკივილს უჩივის ბევრი ბავშვი. მასში ნახატები ისეა შესრულებული, რომ შეიძლება თვალის ფსკერი დააზიანოს. ეს წიგნები ექსპერტიზაზე რომ გაეტანათ, სათანადო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა და ქსელშიც ვერ გავიდოდა. ასევე, გააკეთეს რვეულები და ეს წიგნები ორად გაყვეს. სპონტანურად, სურვილის დონეზე შესრულდა ამ წიგნებით მოწაფეების შეიარაღება, რასაც გამართლება არ აქვს. ეს არ იყო სწორი მიდგომა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მიზანმიმართული ინტრიგა ჩაიდო წინასწარ ამაში. ფაქტი ის არის, რომ ნაციონალები ახლაც უშლიან ხელს განათლების სამინისტროს ძალიან ბევრ რამეში.
- მაინც რაში უშლიან ხელს?
- თუნდაც იმაში, რომ ახალ სახელმძღვანელოებზე საუბარიც კი არ არის. გამომცემლობები იყო ნაციონალების ხელში და როგორც ჩანს, ახლაც მათზე არიან დაქვემდებარებული. ძალიან დიდი ფული იშოვეს მაშინ გამომცემლობებმაც და განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებმაც სასკოლო წიგნების რეალიზაციაში და ამ ფულის ავან-ჩავანები იყვნენ ლომაია და შაშკინი. არ გამიგონია, ეს გამომცემლები “ოცნების” მხარეს გადმოსულიყვნენ, არადა საავტორო უფლება აქვს გამომცემლობას და არა ავტორს. თუ ისინი დაიწყებენ წიგნის დაბეჭდვას, მოითხოვენ თავიანთ ფასს, რომელიც იქნება საბაზრო ფასზე 20-25-ჯერ მეტი. რაც ახლა ხდება წიგნებთან დაკავშირებით, მარტო მარგველაშვილის ბრალი რომ იყოს, გამბედაობა მეყოფოდა და ამას გეტყოდით, მაგრამ ეს არის კომპლექსური დანაშაული. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც არ გაიაზრა მოდელი, ასე ცუდად შეასრულა საქმე, გამომცემლობები, ვინც დიდ ფასს ადებდა და უძვირესი წიგნების ყიდვას ისევ ძველი წიგნების აღება ურჩევნიათ და ა.შ.
- კი მაგრამ, 2 წელია, “ოცნება” ხელისუფლებაშია და განა გამომცემლობები ამისთანა რა “კერკეტი კაკლები” არიან, რომ მათთან ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებენ?! გამოდის, რომ განათლების მინისტრი სანიკიძე უუფლებოა სასკოლო წიგნების საკითხთან დაკავშირებით? რაღაც არ მჯერა ეს...
- ყველაფერი მდორედ მიედინება და ამათაც არ უნდათ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ახლახან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ვიკითხე, რაიმე ახალი დოკუმენტი ხომ არ არის შემუშავებული-მეთქი და ისევ შაშკინის გამოცემული დოკუმენტი დამიდეს წინ. შაშკინის მერე ახალი დოკუმენტიც კი არ გამოუციათ. რის გამოც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, ესეც ამიტომ ხდება. ყველამ იცის, რომ ამა და ამ კაცმა მოიპარა დიდი ფული, მაგრამ ხელს ვერავინ კიდებს. მოძალადე და ბანდიტი, მარტო იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიის სიაშია შეყვანილი, ციხეში არ ზის. იგივე ხდება განათლებაშიც. არ სჭირდებათ ენერგიული და საქმის გამკეთებელი განათლების მინისტრი. როგორც გითხარით, ნაციონალების 70 პროცენტი იგივე სამსახურებშია და ვინც დავალებული არიან ამ პარტიის მამამთავრებისგან საკუთარი სამსახურებით, ბუნებრივია, ვალის გადასახდელად ყველაფერს გააკეთებენ. ისინი აკეთებენ ამას და აი, შედეგიც. ნაციონალების დადგენილი წესების შეცვლა კი არავის უნდა.
- რა პასუხს გასცემს “ოცნება” იმ ხალხს, ვინც დაზიანებულ წიგნებში ფულს გადაიხდის, ან ვისაც ნახმარი წიგნიც არ შეხვდება?! მათ ამჯერად როგორ დაამშვიდებს?! ანდაც ეს ე.წ. უძრაობა სად მიიყვანს ქართულ განათლებას?
- ასეთ კითხვებზე “ოცნების” პასუხი ასეთია: ჩვენ უფრო ნაკლებს ვაშავებთ, ვიდნე ნაციონალები აშავებდნენო. განათლებაში ლომაიას შემდეგ ნადგურდება ყველაფერი და ამას დასასრული არ აქვს. ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ რეალური შემცვლელი არ ჩანს. სანამ ის არ გამოჩნდება, ჩვენს საშველზე ვერაფერს გეტყვით.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |