

|
"ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველომ, რომელიც სულაც არ არის აფრიკული ქვეყანა, გადაწყვიტა,"ცენტრალური აფრიკის" რესპუბლიკაში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს", – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა უკვე თბილისის აეროპორტში, მაია ფანჯიკიძესთან საუბრისას და მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა დაამატა:"ეს მონაწილეობა ადასტურებს, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველო ევროპისთვის (ესე იგი საფრანგეთისთვის. – ავტ.) მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგება ევროკავშირში მისი სრულუფლებიანი წევრობის საკითხი".
რა თქმა უნდა, ტკბილი დაპირებაა: დღემდე არც ერთ ევროპელ ლიდერს არ უთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა აქვს და ვერც იტყოდა, რაკი ცხადია: არც ერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა, მათ შორის, რასაკვირველია, ვერც საქართველო, ვერ შეძლებს ევროკავშირში შესვლას- ნატო-ს გვერდის ავლით! ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაერთიანდა. იმავე ფრანსუა ოლანდის თქმით კი, უელსის სამიტზე საგზაო რუკას (ე.წ.MMAP-ს) ვერ მივიღებთ, რაკი"ეს აბსტრაქციაა, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია".
"კიდევ უფრო გაართულოს", მოსკოვის რეაქციის თვალსაზრისით და უკრაინის ისედაც რთული მოვლენების ფონზე, როდესაც ევროპამ აშკარად არ იცის, რა უყოს ამ კრიზისს და რა მოიმოქმედოს საკუთარ საზღვრებთან საზარელი ომის თავიდან ასაცილებლად. ახლა კიდევ საქართველოს ნატო-ში მიღების თავის ტკივილი უნდათ? რასაკვირველია, არა.
მაშ, რატომ ამბობს ოლანდი, რომ ოდესმე (თუნდაც ოდესმე) შეიძლება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ? როგორც ჩანს, ეს ტკბილი დაპირება ერთგვარი პრიზია იმავე აფრიკაში აქტიურობისთვის, რაკი ხსენებული სამშვიდობო პროექტი პარიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველო არ არის აფრიკული ტრადიციის ქვეყანა, თორემ საფრანგეთი – იცოცხლე: ფრანგებს რომ ჰკითხო, აფრიკელთა მორჯულებისა და კაციჭამიებისგან ადამიანებად ქცევის საკაცობრიო ტვირთი სწორედ მათ იკისრეს ჯერ კიდევ 200 წლის წინათ. ამდენად, აფრიკა დღემდე სტკივათ და რაკი გლობალური ზესახელმწიფო აღარ არიან, ხოლო რეგიონული ზესახელმწიფოს როლს გერმანია ეცილებათ, აფრიკაში აქტიურობით ცდილობენ ისტორიული ამბიციის დაკმაყოფილებას.
ამდენად, ნებისმიერი ხილული დახმარება ამ პროცესში, ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენმა ხელისუფლებამ ნამდვილად მიაგნო იმ"სუსტ წერტილს", რომელსაც უნდა მოეფეროს, თუ სურს პარიზის კეთილგანწყობის მოპოვება.
საქმე 150 სამხედრო მოსამსახურეში კი არ არის, რომელიც უახლოეს მომავალში გაემგზავრება ჩვენგან შორეულ და სრულიად უცხო ქვეყანაში, არამედ საფრანგეთის უნარში, შექმნას საერთაშორისო კოალიცია: ზესახელმწიფო, თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყანაა, რომელსაც ამგვარი უნარი აქვს!
ოლანდის ვიზიტი სხვა მხრივაც საინტერესო ღონისძიება იყო: თბილისში ისე წვიმდა, წითელი ხალიჩა აიღეს, რაკი გამოლპა და ჭაობად იქცა. სამაგიეროდ, პრეზიდენტის სასახლეში დაუგეს კვლავ.
რა ამის პასუხია და, ძალიან მაინტერესებს, გიორგი მარგველაშვილი რომ ავლაბრის სასახლეში არ გადასულიყო, სად უნდა მიეღო საფრანგეთის პრეზიდენტი- სახელმწიფო კანცელარიის ეზოში და ყოფილი ცკ-ს შენობის მეათე სართულზე მდებარე გაქუცულ, სამარცხვინო კაბინეტში, სადაც დაახლოებით ისეთი მდგომარეობა დახვდებოდა"ელისეის სასახლის" პატრონს, როგორც მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრისას აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, ქსეროქსისა და საქაღალდეების ფონზე, მაგიდაზე გაშლილი უბადრუკი ტკბილეულით?
"სამარცხვინო იყოო", ბევრმა თქვა. ჰოდა, სამარცხვინო თუ იყო, ქვეყანას საპრეზიდენტო სასახლე მართლა სჭირდება.
მეორე მხრივ, ძალიან უცნაურია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. არც გიორგი მარგველაშვილი და არც ირაკლი ღარიბაშვილი ამისთვის არ შეწუხდნენ. თითქოს ზესახელმწიფო ვიყოთ: არადა, ასეთ პატარა ქვეყანას, მით უმეტეს ჩვენს მდგომარეობაში მყოფს, პროტოკოლის საკითხებშიც მეტი თავმდაბლობა მართებს. ამ რანგის უცხოელი სტუმარი შეიძლება ათწლეულში ერთხელ ჩამოვიდეს საქართველოში და აეროპორტში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი დაახვედრო, უბრალოდ, კომიკური ამბიციურობაა და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, ეს შეეტყო კიდეც ოლანდს: აეროპორტში მისი სახის გამომეტყველება ოდენ კოკისპირული წვიმით არ უნდა ყოფილიყო განპირობებული. დააკვირდით, როგორ გაუსწრო მაია ფანჯიკიძეს, რომელიც მას ძლივს მისდევდა. ფრანგებს"პროტოკოლი" სისხლში აქვთ და ასეთი რამ არასდროს ეშლებათ.
არანაირი ეკონომიკური შემადგენელი ამ ვიზიტს არ ჰქონია, თუ ერთობლივი სააგენტოს წმინდად ფორმალურ დაფუძნებასა და საბაგირო გზების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას არ მივიღებთ მხედველობაში. საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჯერ კიდევ ჟაკ შირაკის დროს (ესე იგი 1997 წელს) დაიგეგმა და ასეთი რეალური შედეგი კიდევ ერთი კომიკური ასპექტია. ოლანდმაც მხოლოდ ის თქვა, რომ ევროასოცირება ბაზრებს გაგვიხსნის. მოლდოვასგან განსხვავებით, მას"უვიზიო რეჟიმიც" არ უხსენებია.
ყველაზე მნიშვნელოვანმა განცხადებებმა მაინც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კომენტირებისას გაიჟღერა: ოლანდის თქმით,"თქვენ ენერგომატარებლები არა გაქვთ, სამაგიეროდ შეგიძლიათ ისინი გაატაროთ". იგულისხმება, რომ, თუ საქართველო არ (ვერ) გაატარებს, მაშინ ირანის ან რუსეთის გავლით მოუწევთ მისი ექსპორტი, რაც ევროპას ძალზე არ ეპიტნავება, რაკი დღენიადაგ ცდილობს ალტერნატივების შექმნას, ოღონდ ამ ალტერნატივათა უსაფრთხოება როგორ უზრუნველყოს, არ იცის.
მაგალითად, ჟურნალისტის აბსოლუტურად ლოგიკურ და ჭკვიანურად ფორმულირებულ კითხვაზე: თუ ასე მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც"სატრანზიტო ჰაბი", მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორ აპირებთო, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: საქართველოს უსაფრთხოება თვით საქართველოს საქმეა, თუმცა ნატო და ევროკავშირი ამ საკითხზე მიმდინარე დიალოგში მონაწილეობაზე უარს არასდროს იტყვიან.
ვისთან დიალოგზე? აი, სწორედ აქ იხსნება ყველა კვანძი, რომელიც ტკბილი დაპირებებითა და მადლიერების ფრაზებით ინიღბება: რასაკვირველია დიალოგში რუსეთთან, რომელსაც სამხრეთ კავკასიის გასაღები კვლავ მტკიცედ უპყრია და ევროპას მხოლოდ იქამდე მიუშვებს, სადაც მისი რეალური ინტერესები წყდება ან იწყება. ჯერჯერობით არც ყარაბახის, არც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ევროპის პრიორიტეტი არ არის, ხოლო ამ შეყოვნებული მოქმედების ბომბთა გათვალისწინებით, როდესაც რეგიონში არც ერთი დასავლელი მშვიდობისმყოფელი არ იმყოფება და ეუთოს მისიაც კი გააძევა მოსკოვმა, რაიმე გარანტიაზე ლაპარაკი ზედმეტია:
"თქვენი უსაფრთხოება თქვენი პრობლემაა" იმას ნიშნავს, რომ უნდა მოელაპარაკოთ იმას, ვისაც უჭირავს ხელში"ჯოკერები"- ჩვენ კი ამ პროცესში დაგეხმარებით, შუამავლობას ვიკისრებთ და ასე შემდეგ.
მაგრამ თუ მოსკოვმა უკრაინის მოვლენებისგან დრო იხელთა,"სამხრეთ ოსეთის" საზღვარი თბილისი-გორის ავტობანთან გადმოსწია და მოძრაობა გადაკეტა,"შეშფოთების" გარდა, სხვა რეაქციას ევროპისგან ნუ ველით ყველა ასოცირებისა და თვით"უვიზო რეჟიმის" მიუხედავადაც კი.
უსაფრთხოების სისტემა ან არსებობს, ან- არა. სანამ დასავლეთი სრულიად უუნაროა, ის შექმნას და პოსტსაბჭოური სივრცე, მათ შორის სამხრეთ კავკასია მოიცვას, მანამ ყველა გეოპოლიტიკური პროექტი, ევროასოცირების ჩათვლით, არ ღირს იმაზე მეტი, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ის დაიბეჭდება, რა საზეიმო ვითარებაშიც არ უნდა მოეწეროს ხელი რომელიმე ევროპულ სასახლეში ივნისის ბოლოს.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |