![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
(ამონარიდი ჩემი ახალი რომანიდან “რეისი ორპირი - თბილისი-სტოკჰოლმი. 2000-2020 წლები”, რომელიც შეიქმნა მწერალ დ. (ჯორდანო) ვაშაკიძის “ორპირული ქრონიკების” საფუძველზე)
შესავალი
როდესაც პირველად დ. (ჯორდანო) ვაშაკიძის “ორპირული ქრონიკები” გადავათვალიერე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი და მწერალს მივმართე: “დათო, რა დროს სექსუალური რევოლუციაა, მეზობლად აგრესიული რუსეთია, შინ პოლიტიკური ვნებათაღელვაა... ინფლაცია, უმუშევრობა?”.
დათო-ჯორდანომ მომიგო: “ზურა, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია - პოსტსაბჭოურ ქართველ საზოგადოებაში, ჩვენს შაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებასა და მონურ მენტალიტეტში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფი წინსვლის საშუალებას. გაინტერესებს, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულო ურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთ მოსაზრებას - თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდა საზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად “სასირცხვო”, მოძველებული მორალური ნორმები წარსულს ჩაჰბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებს ჩქარი ტემპებით განვითარებას”.
...ასე დავინტერესდი “ორპირული ქრონიკებით” და ნაწარმოებს ჩავუღრმავდი.
I. სექსი პატარა ორპირში
რომანის მეორე ნაწილს შემდეგი ეპიგრაფია ჰქონდა წამძღვარებული:
“ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად, ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად, ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალისა და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინებისა და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთის დადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზღაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ”. - დათო-ჯორდანო ვაშაკიძე
“...ერთ-ორ წელიწადში, ბერობაზე ოცნებაც დასრულდა. დათომ წვერი დაიმოკლა, ლოცვას უკლო და სიგარეტს უმატა. ის საკუთარი მიწიერი ცხოვრების მოწესრიგებას შეუდგა და ჩვეულებრივი ადამიანების ყოფა-ცხოვრებით დაინტერესდა. გამგეობაში მივიდა, სამსახური მოიძია...
2008 წელი. ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა. დერეფნების კატაკომბები. ყველა კაბინეტში, სადაც კი დათომ შეიხედა, სამარისებური სიჩუმე იდგა, კომპიუტერის მონიტორს მიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანი თვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებდნენ კლავიშებზე დაახლოებით ერთი და იგივე ვნებიან ტექსტს:
მამაკაცი: “საყვარელო M, გილოცავ თავისკვეთას პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენ გენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და ყველგან... გეფერები მუხლებზე, მუცელზე... :) მიყ-ვარ-ხაარ, პატარაავ!”;
ქალი: “შენც აგრეთვე, N, უფალი გფარავდეს! მადლობა ამდენი ქათინაურისთვის, თბილო და ცელქო :) მეც ძალიან მიყ...”.
სამსახური დამთავრდა. ოთახებიდან გამოდიოდნენ დეიდები, დაღლილი და გაოფლილი, ოდნავ აწითლებული და ნეტარი სახეებით, მათი გული ჯერ კიდევ ვირტუალურ ოცნებათა სამყაროში ნანაობდა. დავითი იდგა და ქალებს სიბრალულით აცილებდა: სხვა რა აკეთოს რაიონის მოწყენილობაში ამომწყვდეულმა დედაკაცმა? საუკეთესო შემთხვევაში ის მუშაობს, შესვენებაზე გარბის ბაზარში, 6-ზე მიდის სახლში. მძიმე ჩანთები, პარკები. შესვლისთანავე უნდა შეუდგეს სადილს, დააპუროს შვილები, შემდეგ გვიან მობრძანებული გამომთვრალი ქმარი, რომელიც გასკდომისთანავე დაიძინებს, გაზეთსაც არ გადახედავს (თბილ, ოჯახურ საუბარზე ოცნებაც კი ზედმეტია) და ამოუშვებს ხვრინვას. ამ ქალბატონების უმრავლესობა მოკლებულია პირად კომპიუტერს. გამოსავალი? სერიალები, რომლებმაც ბოლო დროს მეტად ეროტიკული ხასიათი შეიძინეს. ტკბობა გრძელდება, ამჯერად სხვისი სასიყვარულო განცდებით, რაც რეალურ ცხოვრებაში მათ ასე აკლიათ. საზოგადოების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში ეს ქალები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ სიყვარულის სუროგატით, უსიტყვოდ გააგრძელონ “ტრადიციებით” გაჟღენთილი ფარისევლური ცხოვრება და გარეგნულად მაინც შეინარჩუნონ უმანკოება. აბა, ღმერთმა ნუ ქნას, ქართველი ქალია, ხომ არ “იბოზებს”, ვაა-ა!
მხოლოდ დიდხნიანი დაკვირვებებით ამ ტიპის ქალებზე, მათთან ვირტუალური თუ რეალური ურთიერთობის შედეგად, დავით ვაშაკიძე ნაწილობრივ მაინც ჩასწვდა ამ მოვლენის არსს. ეს “კდემამოსილი”, 35-50 წლის, ხშირად ლამაზი ქალები, რომლებიც დათო-ჯორდანომ, ყველაზე მრავალრიცხოვან, “ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფს” მიაკუთვნა, აწარმოებენ ხანგრძლივ, დაუსრულებელ და ვრცელ მიმოწერას ინტერნეტით, გამუდმებით ახსენებენ “უფალს”, თავიანთ გვერდზე განათავსებენ ბანალურ ტექსტებსა თუ ციტატებს სასიყვარულო ურთიერთობაზე, ყოველდღიურად და საქვეყნოდ აღწერენ “პირად”, “იდუმალ” განცდებს, დებენ სექსუალური ფანტაზიების ამსახველ სურათებსა თუ ეროტიკული შეფერილობის აუდიო-ვიდეომასალებს, არცთუ იშვიათად გულის ან წითელი ვარდის გამოსახულებით, რომლის ფონზე აუცილებლად ფიგურირებს სიტყვა “LOVE...”. “უბიწოდ” მეოცნებე ქალბატონები მამაკაცისგან ითხოვენ რომანტიკულობას, “სიგიჟემდე” უყვართ პოეზია და თვით წერენ “ლექსებს”; კეკლუცი, მრავალრიცხოვანი, პირადი ფოტოებით, ისინი, როგორც თაფლი ფუტკარს ისე, იზიდავენ უამრავ თაყვანისმცემელს, აბამენ სასიყვარულო მიმოწერას ერთდროულად მრავალ მამრთან, ხშირად თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდებთან. პოლიგამიური ფლირტი მიმდინარეობს ყოველდღიურად, პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში, ის ამ ქალების მთელი ცხოვრების აზრს შეადგენს! ფაქტია - ამგვარ ურთიერთობებს ახლავს ნარკოტიკულის მსგავსი დამოკიდებულება სიყვარულით ტკბობისადმი და მას არ შეიძლება არ ახლდეს სექსუალური დაკმაყოფილების ფსიქიკური ფორმა - “ფსიქიკური ორგაზმი”. როგორც დავით ვაშაკიძემ დაადგინა, ამასვე ადასტურებს მეცნიერული კვლევებიც - ქალებმა შეიძლება წარმოსახვითაც კი, ყოველგვარი შეხების გარეშე, განიცადონ ორგაზმი.
მივუბრუნდეთ ორპირელ დეიდებს, ჩვენ ისინი სერიალებზე მიჯაჭვულები დავტოვეთ. ღამისკენ, ღონემიხდილი, სასოწარკვეთილი დიასახლისი ან დაიძინებს, ან, გააჩნია ფანტაზიის გაქანებას, ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და აღგზნების კულმინაციას მექანიკური სტიმულაციით მიაღწევს, ანუ მაგრად “გაათავებს”. ორპირულ ფარისევლურ ენაზე ამას “ტანის დაბანა” ჰქვია. როგორც დათომ შეამჩნია, ამგვარ მრავალსაათიან “აბაზანებს”, მამრებთან საუბრის შემდეგ, ნაირ-ნაირი “ბადიუზანების” სურნელოვან ქაფში ლივლივით, მრავალი გაცილებით თანამედროვე, ქალაქელი და ნატიფი ქართველი ქალიც ხშირად მიმართავს.
ზემომოყვანილიდან ცხადად ჩანს, რომ დავით ვაშაკიძეში წლების განმავლობაში მიძინებულმა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა გაიღვიძა. მეცნიერის მაძიებელმა ტვინმა, ორპირის საზოგადოების შესწავლის შედეგად, დაასკვნა: “ადამიანები უხმოდ შეთანხმდნენ ტყუილზე, ფსიქიკური ორგაზმით დაკმაყოფილება გრძელდება! ის ხომ ფარულია, ამიტომ მის დაშვებაზე საზოგადოება თვალს ხუჭავს, მითოლოგიური უბიწოება გრძელდება - დიდება შენ ფარისევლობავ, ჩვენო, დიდება შენდა!”.
დათო ვაშაკიძის, ჯერ კიდევ ორპირში შესრულებული სექსუალური კვლევები, მეტად საინტერესო შინაარსის დასკვნით სრულდებოდა, რამაც შემდგომში განაპირობა მისი ცხოვრებისა და კვლევა-ძიების მიმართულება:
“აღსანიშნავია და დიდად სასიხარულოც ის ფაქტი, რომ “უბიწო სექსის” მოყვარულთა არმიაში დღეს უკვე გაჩნდა მოწინავე, წინმდგომი ქალების ცალკეული ბატალიონები! სექსუალური ფრონტის ეს მებრძოლები მოქმედებენ გაბედულად, ახერხებენ საზოგადოების მიერ დაწესებული ჩარჩოების გადალახვას და ვირტუალური გაცნობის შემდეგ თამამად გადადიან რეალურ სასიყვარულო ურთიერთობებზე”. “ორპირულ ქრონიკებში” დავით ვაშაკიძე წერდა: “დამახინჯებული, სუროგატული, მაგრამ მაინც სექსუალური რევოლუცია მიდის ჩვენს თვალ წინ! ჩვენ უბრალოდ არ ვიმჩნევთ ამას”.
II. ნეტარების სამი წყარო - Одноклассники.რუ, Знакомства@Mail.ru, Skypeე!
ქართველების, განსაკუთრებით ქალების დიდი უმრავლესობა, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ყველა, დარეგისტრირებულია და აქტიურად მოიხმარს გარკვეულ სოციალურ-საკომუნიკაციო ინტერნეტ-ქსელებს: 1. “დსთ”-ს ტერიტორიაზე უდავო ლიდერი, ეკლექტიკური მომხმარებლითა და ზომიერი ეროტიკული შინაარსით - Одноклассники.რუ; 2. შედარებით ინტელექტუალური, მაინც დიდწილად ფლირტზე ორიენტირებული - Facebook; 3. მხოლოდ სასიყვარულო, სექსუალური ურთიერთობები, ჭრელი შემადგენლობა, პუტანების დიდი არჩევანი - Знакомства@Mail.ru; 4. შედარებით ნაკლებად პოპულარული და სწრაფად მზარდი - თეგგედ და Bადოო; 5. იდუმალი Skype! - აქ ხდება სხვა საკომუნიკაციო საიტებზე შეხვედრილ ადამიანთა მჭიდრო დაახლოება, ერთი მხრივ - სურათების, აუდიო-ვიდეომასალის სწრაფი გადაგზავნით, მეორე მხრივ - საუბარი და ვიზუალური გაცნობა-ტკბობა ვიდეოკამერის - “თვალის” გამოყენებით.
ჩამოთვლილ ქსელებს, მოსახლეობის უმრავლესობა, გარდა კომუნიკაციისა, მოიხმარს, როგორც გაცნობისა და შემდგომ რეალური სასიყვარულო ურთიერთობების დამყარების საშუალებას. თუმცა ქალების უმრავლესობა ამ ფაქტს უარყოფს, ხოლო საზოგადოდ ყვება ზღაპარს, რომლის თანახმად, ამ “საიტზე” საკუთარი ნების გარეშე, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და ის ვიღაც ნათესავმა ბავშვმა დაარეგისტრირა. ყოველივე ამაში თავისთავად არც არაფერია ცუდი, რომ არა ერთი ნაციონალური თავისებურება - როგორც ყველაფერში, ქართველები აქაც, მთელი თავისი უზომო ტემპერამენტით, დიდი ვნებითა და ემოციათა ოკეანით, მიეძალნენ ამ გასაცნობ პორტალებს და შედეგად, ქართველი ქალების დიდი უმრავლესობა უბრალოდ “ზის” ამ სოციალურ ქსელებზე, როგორც ნარკომანი ნემსზე. არც კაცები აკლებენ ხელს, თუმცა მათ მეტი უფლებები და შესაბამისად, მრავალფეროვანი გართობის საშუალება აქვთ.
III. სექსუალური რევოლუცია “აქ” და “იქ”
საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც არ მომხდარა სექსუალური რევოლუცია. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ XX საუკუნის 60-ან წლებში, ჯინსების, როკ-ენ-როლისა და ჰიპების ეპოქის დადგომასთან ერთად, გადახედა საზოგადოების სექსუალურ ცხოვრებას, რასაც მოჰყვა სექსუალური ურთიერთობების ძირეული შეცვლა. შედეგად, პიროვნება და საზოგადოება განთავისუფლდა მკაცრი მორალური ნორმებისგან, გადაიხედა შეხედულება უმანკოების თაობაზე, ქორწინების გარეშე სექსის აკრძალვა დავიწყებას მიეცა, ორალური სექსი, არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღარაა ტაბუ.
XX საუკუნის 90-იან წლებამდე (საბჭოთა კავშირის დაშლამდე) ქართველების შეხედულებები სექსზე ძირითადად ეფუძნებოდა ქრისტიანულ და კომუნისტურ, ანუ ორთოდოქსულ და ტოტალიტარულ იდეოლოგიებს და მათგან გამომდინარე შემდეგ მორალურ ნორმებს: 1. სქესთა უთანასწორობა მამაკაცთა სასარგებლოდ და შესაბამისი ორმაგი სტანდარტების მორალი. კაცი მიჩნეული იყო ოჯახის უფროსად, ნორმალურად ითვლებოდა ძალადობა ოჯახში. ქალი თითქმის არ ეკუთვნოდა საკუთარ თავს: ის ჯერ მამის საკუთრებას წარმოადგენდა, შემდეგ - ქმრისას; 2. ზოგადად სექსი წარმოადგენდა საზოგადოებაში ტაბუირებულ თემას, ხოლო მეცნიერება მასზე ითრგუნებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ. სექსის როლი გაიგივებული იყო მხოლოდ გამრავლებასთან; 3. კონტრაცეპციასთან და აბორტებთან მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება, დროდადრო მათი აკრძალვაც კი; 4. ჰომოსექსუალიზმის, ქორწინების გარეშე სექსის (განსაკუთრებით - ქალებისთვის) მიუღებლობა და კანონით დევნა.
დღეისთვის ვითარება მკვეთრად შეიცვალა - საქართველოში მომწიფდა ყველა პირობა სექსუალური გარდაქმნებისთვის. როგორც ცივილიზებული სამყაროს შემთხვევაში, აქაც თავისი გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ამაღლებამ. “რკინის ფარდის” დამსხვრევამ და დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებამ, მასიურმა განათლებამ და მეცნიერების როლის გაზრდამ, იდეოლოგიური წნეხის შემცირებამ, გადასვლამ აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიალურზე, გამოიწვია ცვლილებები ადამიანთა ცნობიერებაში. ბიბლიური ჭეშმარიტებები ეჭვქვეშ დადგა, ქალებმა იგრძნეს თავი კაცებთან თანასწორად.
90-იანი წლებიდან ქართველმა ქალმა აიღო თავის ხელში ყოფა-ცხოვრების მართვის სადავეები, ყოველდღიური ყოფის მთელი სიმძიმე სწორედ მას დააწვა მხრებზე. ქალის როლი საქართველოში არნახულად გაიზარდა - ის შრომობდა ფიზიკურად, ვაჭრობდა ბაზრობებზე, მუშაობდა საზღვარგარეთ, კაცები კი ან საფლავებში იწვნენ, ან გაბრუებულები განისვენებდნენ და ცრემლით თვალზე, ინფანტილური სასოწარკვეთით აღიქვამდნენ რეალობას. ქალი არა თუ გაუტოლდა მამაკაცს, არამედ ზოგ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე მასზე წინ დადგა და სათანადოდ, თავისი კუთვნილი უფლებებიც მოითხოვა. ქალს ბავშვების გაჩენა-აღზრდის გარდა, შეეძლო დაკავებულიყო მისთვის სასურველი საქმიანობით. სექსი გახდა არა მხოლოდ ბავშვების გაჩენის რაღაც მკვდარი, მექანიკური აქტი, არამედ უსაფრთხო, სიამოვნებისა და სიხარულის მომგვრელი წყარო.
ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის მასობრივმა შემოჭრამ საქართველოში გააადვილა სქესთა შორის ყოველდღიური, მჭიდრო ურთიერთობა. სექსუალური რევოლუციის წინსვლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ვირტუალურ სამყაროში ქალი და მამაკაცი გაცილებით ადვილად, ღიად ბედავენ პირადი სექსუალური პრობლემების განხილვას, აგრეთვე მიმდინარეობს ცხოველი ბჭობა ზოგადად სქესთა შორის ურთიერთობაზე, აქ აკრძალული თემები აღარ არსებობს! ინტერნეტის წყალობით უამრავმა ადამიანმა დაამყარა სასიყვარულო ურთიერთობები და შედეგად, მანკიერი წრე გაირღვა - რევოლუციამ მასიური ხასიათი შეიძინა! თავის “ორპირულ ქრონიკებში” დავით ვაშაკიძე სიხარულით აღნიშნავდა: “მოძველებულმა რელიგიურმა და იდეოლოგიურმა, მასებში ტაბუირებულმა სექსუალურმა ნორმებმა ვერ გაუძლეს დროის მოთხოვნებს და ისინი არქაულ, სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. ტაბუ დაიმსხვრა, ის მოკლე ხანში საბოლოოდ შემოიდება არქივის მტვრიან თაროზე!”.
მაგრამ თვით ჩვენი საზოგადოება ძლიერ განსხვავდება პოსტინდუსტრიალურისგან, რაც ჩანს თუნდაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი მოპყრობაში. მთავარი კი ის გახლავთ, რომ მართალია, ქალმა მოითხოვა გაზრდილი მნიშვნელოვნების შესაბამისი უფლებები, მაგრამ საზოგადოება ძნელად თმობს მოძველებულ მორალურ ნორმებს, ქალი ჯერ კიდევ რჩება საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში და ის დიდწილად მაინც კაცისგანაა დამოკიდებული.
IV. სექსუალური რევოლუციის ქართული თავისებურებები
ქართველი მამაკაცის ქცევითი სტერეოტიპი, რაღა თქმა უნდა, სოციალისტური ბავშვობიდან მოდის. მთელი ცხოვრება კაცი დედაში ჭვრეტდა დიასახლისს, რომელიც სახლში მაგარ ხაჭაპურს უცხობდა და უგემრიელეს ღომ-საცივს უმზადებდა, ურეცხავდა, უკერავდა, ულაგებდა. მამა ამ დროს “საყვარელთან” ერთობოდა ან “ბოზებში” ნავარდობდა, დედას კი ქალად არავინ აღიქვამდა - არც მამა, არც გარეშე კაცები და არც მოზარდი შვილი. შედეგად, სოციალისტური მენტალიტეტის ქართველი კაცი მოკლებულია განცდას, რომ ქალის სახით მას თანასწორ, სრულუფლებიან ადამიანთან აქვს საქმე, ის ქალს პატივს მხოლოდ სიტყვებით მიაგებს, სუფრაზე და სადღეგრძელოებში ეთაყვანება. მამაკაცში ჩამოყალიბებული ორმაგი სტანდარტების მორალის გამო, ქალთან ტყუილიც დასაშვებია, მისი “გადაგდებაც მოსულა” და მიტოვებაც და ეს არ აღიქმება დიდ უსინდისობად, არც პირადად, საკუთარ თავთან და, არც საზოგადოება გაკიცხავს კაცს ამგვარი საქციელისთვის. პირიქით, “მსაჯულთა” აზრით, კაცის ღალატი, პოლიგამიურობა, მის “მაგარ კაცობას” წარმატებულობის ელფერს შესძენს. ამრიგად დღეისთვის, ქართველ საზოგადოებაში ქალის როლის საგრძნობლად ამაღლების მიუხედავად, ქალის უთანასწორობა კაცთან ჯერ კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.
ცნობილია, ბუნებით კაცი მონადირეა და ის მუდამ ახალი ნადავლის დაპყრობისკენ არის მიდრეკილი. განცდას, რაც შეიძლება მალე, ნებისმიერი ხერხით დაამარცხო “მტერი”, გნებავთ “შეაცდინო” ის, ქართველ კაცში ამძაფრებს შემდეგი გარემოებაც. სოციალისტურ ბანაკში “სექსი საერთოდ არ არსებობდა”, სასირცხვო იყო და კაცს მუდმივად უწევდა ქალთან ხვეწნა-მუდარა, რათა ის სექსზე დაეყოლიებინა, ათასგვარი ხრიკის გამოგონება სჭირდებოდა, რათა ქალთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. გავიხსენოთ თუნდაც, ქალების დასაპყრობად რუსეთში, ათასობით კილომეტრზე, 37 მანეთად ქართველი კაცების ჯოგებად ფრენა. აღნიშნულ მიზეზთა გამო, მამრის ისედაც ბუნებრივი მოწოდება მონადირეობისადმი, ახალი ნადავლის დაპყრობისადმი მეტად გაზრდილია ქართველ მამაკაცში.
მაშასადამე, ჩვენში მამაკაცები ქალს აღიქვამენ, როგორც დასაპყრობ, მეორეხარისხოვან, “გასაჟიმ” ობიექტს და შედეგად, ქართველი კაცი პრაქტიკულად სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე იწყებს ფიქრს ახალ “ხორცზე”.
ქართველი ქალი. სიყვარულში, სექსში ორი მხარეა და ყოველივე უარყოფითი არ შეიძლება იყოს, როგორც ამას ქართველი კაცები თვლიან, ერთის - ქალის ბრალი. სწორედ მამრის მანკიერი მოპყრობის გამო, ქალის “ავადმყოფობის” ტიპური ისტორია, მისი სექსუალური შიშების ანამნეზი ასე გამოიყურება: ...დიდი სიყვარული, სექსი! ...ის კვლავ და კვლავ, მერამდენედ დარჩა მიტოვებული, გულგატეხილი. ქალი ხვდება, რომ სექსს მალევე ღალატი მოჰყვება, სწორედ აქტზე თანხმობის გამო, მადლიერების მაგიერ, ის სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს - მისადმი სიყვარული, აღფრთოვანება წარსულს ჰბარდება.
უარყოფითი გამოცდილება იწვევს გულის აცრუებას, რადგან ქალმა რეალურ ცხოვრებაში ვერ მონახა მუდმივი პარტნიორი, ვერ დაამყარა მდგრადი სასიყვარულო კავშირი. ის იძულებული ხდება, ფრთხილად იყოს მამრთან და შეიკავოს თავი სექსისგან, ხოლო საბოლოო თანხმობის შემთხვევაშიც კი, დიდ ხანს აწვალოს კაცი, რათა მაქსიმალურად ბევრი დათმობა გამოსტყუოს მას და ხანგრძლივად შეინარჩუნოს მეტად სასურველი სექსუალური ობიექტის სტატუსი. მაგალითად, ერთმა, თითქოს ნორმალურმა, წარმატებულმა, მეცნიერმა ქალმა, აუზზე გარუჯვისას, ნაპირზე გამოჩენილი ათლეტების დანახვაზე გამიმხილა: “აი, სწორედ ასეთი პიჟონების მაგრად ახურუშება და შემდეგ სირ-ამოღებული დატოვება მევასებაო!”. ასე გრძნობდა ის ქალი საკუთარ თავს სექსუალური ლტოლვის სანატრელ ობიექტად, ასე იკმაყოფილებდა ის საკუთარ ნარცისიზმს. ქალმა ხომ წარსულის გამოცდილებიდან იცოდა - როგორც კი ის სექსზე დასთანხმდებოდა, მომენტალურად დაკარგავდა სექსუალურ მომხიბვლელობას და მას მიაგდებდნენ სანაგვეზე. სწორედ ნეგატიური გამოცდილების გამო ქართველი ქალი ძნელად იძლევა თანხმობას სქესობრივ აქტზე!
დასკვნა. არქაული ქართველი საზოგადოება, დღესაც, კაცისა და ქალის სასიყვარულო ურთიერთობას აღიქვამს როგორც ომს, რომელშიც არის გამარჯვებული აგრესორი, მონადირე - მამაკაცი და დამარცხებული, დამცირებული მსხვერპლი - ქალი. ურთიერთობის ამგვარი აღქმის შედეგად, წინასწარ ბრძოლის წაგებაზე ორიენტირებული ქალი ცდილობს, რაც შეიძლება გვიან აღმოჩნდეს მტრის ხელში და შეძლოს მომავალ კაპიტულაციამდე მეტი დათმობები გამოსტყუოს გამარჯვებულს. მამაკაცი, თავის მხრივ, ალყას ურტყამს მიუდგომელ ციხესიმაგრეს და უტევს, რათა საბოლოოდ მიიღოს კონტრიბუცია და შემდეგ ხარკის სახით დაუნიშნოს დამარცხებულს გადასახადი. გარდა წმინდა საომარი მოქმედებებისა, თავგამოდებულ ბრძოლა-ვაჭრობაში, ორივე მხრიდან, როგორც ეს ნამდვილ სამხედრო კონფლიქტს ახასიათებს, ჩართულია ნათესავ “დესპანთა” კორპუსი და სამეგობრო წრის “სახალხო” დიპლომატია.
სექსის ომისმიერ აღქმაზე, ამ უთანასწორო ბრძოლაში მხოლოდ ერთი გამარჯვებულის არსებობაზე მოწმობს თუნდაც აქტის აღმწერელი ქართული სიტყვები: მი-თხოვება, გა-თხოვება, ხმარება, მი-ცემა, შე-ცემა, შეც-დენა, გაჟიმვა, მო-ტ.... და სხვა. ყველა ჩამოთვლილი სიტყვა გამოხატავს მხოლოდ ერთ, ტოტალიტარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ აზრს და მიმართულებას: ერთი მხარე - მამაკაცი, რჩება მოგებული, ხოლო მეორე - დედაკაცი, დაზარალებული. ამ “მონათმფლობელურ” აქტს კაცი სჩადის და მხოლოდ ის იღებს სიამოვნებას, სარგებელს, ქალი კი მორჩილად ნებდება ბედის განაჩენს.
მაგრამ სექსი არ გახლავთ გარყვნილი ფანტაზიის ნაყოფი, ის მუდმივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა - “ძირითადი ინსტინქტი”. ყოველივე ზემომოყვანილიდან ლოგიკურად გამომდინარეობს დავით (ჯორდანო) ვაშაკიძის მიერ, “ორპირულ ქრონიკებში” დასმული კითხვათა კითხვა: “რა გამოსავალი მოძებნოს ქართველმა ქალმა, რათა დააღწიოს თავი მოჯადოებულ წრეს, ერთი მხრივ - მუდმივად გრძნობდეს თავს სექსუალური ლტოლვის ობიექტად, იკმაყოფილებდეს ნარცისიზმის სურვილს, ჰქონდეს მამაკაცთან მყარი, ხანგრძლივი ინტიმური და ემოციური კავშირი და მეორე მხრივ - ის კვლავ და კვლავ არ დარჩეს მიტოვებული, გულგატეხილი? ქალის ყველა, ამ შეუთავსებელი მოთხოვნის ერთდროულად თავის მოყრა საქართველოს პირობებში მხოლოდ ვირტუალურ სამყაროს ძალუძს, ქართველმა ქალებმაც შესაბამისი პასუხი გასცეს დასმულ კითხვას - ინტერნეტიი-ი-ი!”.
V. ინტერნეტი და ქართული სექსუალური რევოლუცია
“ქართველი საზოგადოების ჩამორჩენილობის და რელიგიური ფარისევლობის გამო, მართალია ნახევარი საუკუნის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, სექსუალური რევოლუცია შემოიჭრა საქართველოში, რასაც დიდწილად ინტერნეტმა შეუწყო ხელიო”, - ამტკიცებს თავის ნაშრომში ცნობილი მწერალი და ღვაწლმოსილი მეცნიერი დავით ვაშაკიძე. “ორპირულ ქრონიკებში” ის აღნიშნავს:
“საქართველოში სექსუალურ ყოფაქცევასა თუ ნორმებზე მკაცრი საზოგადოებრივი და სარწმუნოებრივი კონტროლის პირობებში, სწორედ ვირტუალური სამყარო შეიქმნა ის სივრცე, რომლის დახმარებითაც გახდა შესაძლებელი თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების დამყარება. კომპიუტერის მეშვეობით ქართველმა ქალებმა მოახერხეს საკუთარი საცხოვრებელი სოციუმიდან გაქცევა, თავი დააღწიეს იმ წრეს, სადაც მათ ყველა იცნობს და შესაბამისად, ადვილია მათი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება, შემდგომი საზოგადოებრივი გაკიცხვით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში, გათხოვების პერსპექტივის დიდად შემცირებით. მხოლოდ ინტერნეტით თუ იქნებოდა ყველასგან დაფარული ამა თუ იმ ქალისა და კაცის გაცნობა, რითიც ქართველი მდედრები თავს აარიდებდნენ საზოგადოებრივ მსჯავრს, “ბოზის”, “გარყვნილისა” თუ “მრუშის” სახელს. ინტერნეტმა გაარღვია ჩაკეტილი საზოგადოება, ასე დაიწყო საქართველოში სექსუალური რევოლუციის გამარჯვებითი სვლა!
ივერიის ძირძველ მიწაზე სექსრევოლუციის აჩრდილი დაეხეტება! ჯადოსნურმა ვირტუალურმა სამყარომ თავისი უხილავი, ღვთაებრივი ხელით დაკრიფა ეს დაჭკნობისთვის განწირული ყვავილები საკუთარი წრის გამოფიტული ნიადაგიდან და გადარგო ახალი სოციუმის ნოყიერ მიწაზე, რათა ისინი კვლავ გაფურჩქნილიყვნენ, ტკბილი ნაყოფი გამოესხათ და მამრობითი სქესის ინდივიდებს შეეგრძნოთ ახლად დაბადებული ქალის მივიწყებული, გამაბრუებელი სურნელი!”.
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ინტერნეტმა საბოლოოდ გაჭრა გორდიას კვანძი. სქესთა შორის ომი შერბილდა, მკაცრი მსაჯულები ვერ იგებენ მიმდინარე “ბრძოლის” შესახებ და ამიტომ ქალი ადვილად უწვება მამაკაცს. ქართველმა ქალმა, თავისთვის წამგებიან პირობებში, ინტერნეტის მეშვეობით გაარღვია წინააღმდეგობათა მოჯადოებული წრე და ვირტუალურ სამყაროში შეიძინა ის გარანტიები, რაც რეალურ ცხოვრებაში ვერ გამონახა - ქალი სასურველია, მამაკაცთან კავშირი ხანგრძლივია, ემოციური და ყოველდღიური, ხოლო მიტოვება, გულგატეხილობა, ან საერთოდ არაა, ან ნაკლებად მტკივნეულია, რადგან დაკარგულ, გაქცეულ მამრს მალევე და ადვილად, “მაუსზე” თითის რამდენიმე დაჭერით მოეძებნება შემცვლელი.
მიუხედავად ყველაფრისა, ქართველ ქალებს მაინც უჭირთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და სექსუალურ აქტამდე მისვლა, რასაც შემდეგი ორი მიზეზი განაპირობებს: ა) ფიზიოლოგიური - ფსიქიკასა და სხეულს შორის შეუთავსებლობა და ბ) ნაციონალური - ქართველ ქალებს ისე ძლიერ აქვთ თავში “გაჭედილი” საკუთარი წარმოსახვითი უმანკოება, რომ მაინც აგრძელებენ საკითხისადმი მითოლოგიურ მიდგომას და “ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფის” შევსებას. ქართველი საზოგადოება კვლავ გააფთრებით იცავს საკუთარ წარმოსახვით წესიერებას.
ასეა თუ ისე, მითით გადაილახა დაუძლეველი წინააღმდეგობა, ქართულმა ცნობიერებამ აქაც შეძლო შეუთავსებლის შეთავსება, უმანკოებისა და სექსის! დათო-ჯორდანოს ნაშრომში, “ქართული უბიწო სექსის მოყვარულთა ჯგუფის” გვერდზე, კუთხეში ვკითხულობთ მინაწერს: “ფარისევლობავ - ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!”. იქვე, ოდნავ ქვემოთ მიჯღაბნილია: “ფარისევლობა - ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება! ნეტარი, მრუში, “ცელკა” მაგარიაა-ა-ა!”.
P.S. საქართველოში ქალისა და კაცის ურთიერთობამ საკმაოდ მახინჯი ფორმები შეიძინა, რადგან აქ გაბატონებული ფარისევლური მორალით ადამიანები ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, ქალებს საქართველოში, როგორც ყველგან მსოფლიოში, ფიქრით - მაგრად უნდათ! იძულებულნი არიან, თქვან, რომ სრულიად არ უნდათ და საერთოდაც ეს თემა არ არსებობს, ბასტა! რა ხერხს მიმართავს ქართველი საზოგადოება, რათა გადაწყვიტოს დილემა? აღნიშნული წინააღმდეგობის დაძლევა წარმოებს ისევ ნაცნობი მითოლოგიზაციის მეთოდით: იბადება მითი ქართველი ქალების მსოფლიოში უპრეცედენტო წესიერების, სინაზის, უმანკოებისა და კდემამოსილების შესახებ. საქმეში ერთვება ორმაგი სტანდარტების მორალი: ქალები ღიად აკეთებენ და იქცევიან ისე, როგორც სხვას, ანუ საზოგადოებას სურს და მკაცრადაც მოითხოვს; ფარულად - ეწევიან ან ხელოვნურ თვითდაკმაყოფილებას, ან მალულ ინტერნეტ-გაცნობას და სექსს უცხო სოციუმის მამაკაცებთან. ფარისევლური მითის საშუალებით წინააღმდეგობა კვლავ უმტკივნეულოდ დაიძლია, უბიწოება და სექსი, მრუშობა და უმანკოება ერთდროულად, შერწყმით! მაგალითად, როგორც ცივი, სველი ცეცხლი, წყლიანი ზეთი, ცოცხალი მკვდარი. შედეგად, წარმოიქმნება სუროგატი, ის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ასეთივეა სიყვარულისა და სექსის სუროგატი, ცრუ და უფერული, უსიცოცხლო.
მწერალ დავით (ჯორდანო) ვაშაკიძის “ორპირული ქრონიკების” სექსუალური კვლევების ნაწილი, ასეთი დამაიმედებელი დასკვნით სრულდება: “მიუხედავად სასტიკი წანააღმდეგობებისა ტოტალიტარული საზოგადოების მხრიდან, თავისი მოძველებული მორალით, ხელოვნური დოგმებით და მრავალი ტაბუთი, ქართველმა ქალმა გაბედა და ინტერნეტის მეშვეობით გაიჭრა გაუკონტროლებელი, თავისუფალი სქესობრივი კავშირების ასპარეზზე! ახლო მომავალში ნაფტალინით დაფარული სიტყვა - “საყვარელი” გაქრება და Bოყფრიენდ-Gირლფრიენდ-ის ცნება საქართველოს რეალობად იქცევა, საზოგადოება ნორმალურად აღიქვამს სექსს, ის გაიხსნება და განვითარდება! წარსულს ჩაჰბარდება დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული აგრესია, ხალხი დამშვიდდება, დავიწყებას მიეცემა ფარისევლობა და მითოლოგიური აზროვნება! სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს საქართველოს!”.
ზურა ოდილავაძე. 2014 წელი, მაისი.
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |