![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
რატომ გაყიდა ივანიშვილის ძმამ კომპანია “გლობალ ტვ” და რით დასრულდება “რუსთავი 2”-ის ფარული მოსმენის სკანდალი
“ოცნება” “ნაცმოძრაობის” კვალს ადგას, რასაც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტების ფარული აუდიო-ვიდეოთვალთვალიც ადასტურებს. მართალია, ადამიანების გარკვეული კატეგორია არ გამორიცხავს, რომ ეს პროვოკაციაა და ყველაფერი სამაუწყებლო კომპანიამ “ნაციონალების” მითითებით დაგეგმა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნიკა გვარამია იურისტია და, რასაკვირველია, ეცოდინება, რომ, თუ ყველაფერი, მართლაც, პროვოკაციაა, ტყუილისთვის საკადრისად დაისჯება. ამასთანავე, იყო დრო, როცა ფარულ მიყურადებას თავად გვარამია ახორციელებდა (რის გამოც ბოდიშს ახლა იხდის) და, შესაბამისად, მოსმენების ანატომია კარგად ეცოდინება, ანუ ისეთ იაღლიშს არ დაუშვებს, რომ გამოძიებამ რამეში გამოიჭიროს.
ჩვენში დარჩეს და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გვარამიას იმ ინფორმატორის დასახელებაც მოუწევს, ვინც შსს-დან ცნობა მიაწოდა, შენ, შუბლაძესა და, საერთოდ, მთელ “რუსთავი 2”-ს გისმენენო. თუ გვარამია ინფორმატორს არ გაამხელს, მაშინ გამოვა, რომ საქმე, მართლაც, პროვოკაციასთან გვაქვს. ინფორმატორის გამხელის შემთხვევაში კი თავად ინფორმატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან ფარული მოსმენა დანაშაულია და ამის შესახებ წყაროს გვარამიასთვის კი არ უნდა ეცნობებინა, არამედ საგამოძიებო უწყებებისთვის.
მართალია, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კამპანიას “ეს შენ გეხება _ ისევ გვისმენენ” აწარმოებენ, სახელმწიფოს ძირს უთხრიან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ “რუსთავი 2”-ის თანამშრომელთა ფარული თვალთვალი, გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის ზაფხულს უკავშირდება. მაშინ კი შს მინისტრი დღევანდელი პრემიერი გახლდათ.
ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროსვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალოვანმა უწყებამ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” თავისი კაცი, ანუ ე.წ. “ოდეერი” ჩასვა.
“მართალია, არსებობდა მოლოდინი, რომ “ნაციონალების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვლებოდა და “ოცნების” ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაც სწორედ ის იყო, რომ პოლიციის დეპოლიტიზაცია მოხდებოდა, მაგრამ ამ კუთხით თითი-თითზე არავის დაუკარებია. შეიძლება, ვინმე შემეკამათოს და მითხრას, რომ “ოცნებამ” სიტყვა შეასრულა და სოდ-ი და კუდ-ი გააუქმა, მაგრამ ეს გაუქმება მხოლოდ ფორმალობაა, რადგან თითქმის ყველა, ვინც “ნაცების” დროს, 9 წლის განმავლობაში, სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებდა, დღემდე უწყებაშია. ეს კი არადა, ზოგიერთი დააწინაურეს კიდეც. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ შსს-დან ინფორმაციები ჟონავს. თქვენ, რა, გგონიათ, რომ “ნაცმოძრაობას” სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნებზე არ აქვთ კომპრომატები? _ რა თქმა უნდა, აქვთ და შსს-საც დღემდე სწორედ ამ კომპრომატებით მართავს”, _ ამბობს “პრემიერთან” საუბრისას ინფორმატორი, რომელიც იმასაც არ გამორიცხავს, რომ მამხილებელი მასალების ნაწილი შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების ხელშია. მართალია, წყარო გადაჭრით ვერ ამბობს, მაგრამ ეჭვობს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი შესაძლოა, ახალაიების “მარჯვენა ხელმა” მეგის ქარდავამ დაამყარა, რომელიც მოარული ხმით, აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
რაც შეეხება “ოდეერებს”, “პრემიერს” სხვადასხვა წყარომ, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ძალოვანი უწყების წარმომადგენელი მხოლოდ სახელმწიფო უწყებებში კი არა, არასამთავრობო და კერძო სექტორშიც არის “ჩასმული”.
“კერძო სექტორიდან განსაკუთრებული აქცენტი მსხვილ ბიზნესზე გაკეთდა. რა თქმა უნდა, კომპანიებს ვერ დავასახელებ, რადგან მათ მფლობელებს შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, მაგრამ დანამდვილებით გეუბნებით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მსხვილ კომპანიებში გაურკვეველი სტატუსის ადამიანები გამოჩნდნენ. ეს ადამიანები, უმეტესად, შუახნის მამაკაცები არიან. მათი ფუნქციები არავინ იცის, მაგრამ თანამშრომლები ამბობენ, რომ უცნობი მამაკაცები მათ თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. მეტიც, უცნობები კომპანიის თანამშრომლებს ცალ-ცალკე იბარებენ და “მეგობრულად ესაუბრებიან”, თუმცა ეს “მეგობრული საუბარი”, პრინციპში, დაკითხვაა, რადგან ისეთი წვრილმანებით ინტერესდებიან, როგორიცაა, მაგალითად, ვისთან მეგობრობენ, სამსახურის მერე რით ერთობიან და ასე შემდეგ”, _ აღნიშნავს “პრემიერთან” პრივატული საუბრისას ინკოგნიტო ინფორმატორი, რომლის თქმითვე, “ოდეერებს” ვერც ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანია “გლობალ ტვ” გადაურჩა”.
სხვათა შორის, საზოგადოებამ იმის შესახებ, რომ ადიკო ივანიშვილმა “გლობალ ტვ” გაყიდა, არაფერი იცის. ინფორმატორი ვერ აკონკრეტებს, რა გახდა კომპანიის გაყიდვის მიზეზი და ვერც მის ახალ მფლობელზე საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი მფლობელი გამოჩნდა, “გლობალ ტვ”-დან თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაითხოვეს, თუმცა მათ კომპენსაციის სახით, ორი თვის ხელფასი გადაუხადეს.
ამასთანავე, წყარო ამბობს, რომ “გლობალ ტვ”-ში, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, “ოცნებამ” ლამის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად გამოაცხადა, არაჯანსაღი სიტუაციაა და თანამშრომლები სამსახურის დატოვებას ჯერ კიდევ მაშინ აპირებდნენ, სანამ კომპანია ადიკო ივანიშვილის საკუთრება იყო.
რაში სჭირდება ხელისუფლებას ქვეყნის “ოდეერიზაცია”? _ ამ შეკითხვაზე “პრემიერის” ინკოგნიტო რესპონდენტს თავისი ვერსია აქვს, რომლის თანახმადაც, “ოდეერების ინსტიტუტი” შევარდნაძის მმართველობის დროს მძლავრი სტრუქტურა იყო.
“ნაციონალებმა” ამ ინსტიტუტის ერთგვარი რეორგანიზაცია მოახდინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიშას მმართველობისას, “უშიშროების კაცი” ამა თუ იმ უწყებასა და კომპანიაში ღიად არ მუშაობდა და მას რაღაც სტატუსი ჰქონდა, ვთქვათ, დირექტორის მოადგილე იყო, ან კადრების ინსპექტორი. დღეს კი, “ოდეერები” ღიად მოქმედებენ. ერთ-ერთი უცხოური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიის თანამშრომელმა მითხრა, რომ საღამოობით, როცა სამუშაო საათები მთავრდება, “ოდეერი” კართან დგება და თანამშრომლებს ცინიკურად ემშვიდობება... ერთი სიტყვით, ჩემი ინფორმაციით, ვიღაც ყველასა და ყველაფერს აკონტროლებს. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ამ კონტროლის შესახებ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, მაგალითად, პრემიერი საქმის კურსშია და მისგანაა ვიზირებული, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევების შემდეგ, ხელისუფლებაში, განსაკუთრებით, ძალოვან უწყებებში ბევრი ისეთი ადამიანი დაბრუნდა, ვინც 9 წელი “შევარდნაძის დროზე” ოცნებობდა”, _ ამბობს წყარო. მაგრამ ნამდვილად უტიფრობა იქნება იმაზე საუბარი, რომ პრემიერ-მინისტრმა _ ყოფილმა მთავარმა პოლიციელმა, არაფერი იცის “ოდეერების” არსებობის შესახებ. პირიქით, სწორედ “ოდეერების” მეშვეობით ჩაატარა საკადრო წმენდა, პირადად მან მთელ რიგ უწყებებში. როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში იმედია, გაჩუმებას ამჯობინებს, რადგანაც ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ მისთვის კარგადაა ცნობილი, რომ “ჩვენთვის ცნობილია”.
ამასთანავე, “პრემიერს” ინფორმატორები პრივატულ საუბრებში ეუბნებიან, რომ “რუსთავი 2”-ის ტოპმენეჯმენტის ფარული აუდიო-ვიდეოთვალთვალი შესაძლოა, ვიღაცისთვის გარკვეული მესიჯი იყოს და არც ისაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ეს დიდი პოლიტიკური მღელვარების დაწყების საბაბი გახდეს.
“გაიხსენეთ: 2000 წლიდან მოყოლებული, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, პირდაპირ თუ ირიბად, “რუსთავი 2”-ს უკავშირდება. თავის დროზე “რკინის კაცის”, ანუ კახა თარგამაძის ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზეზი სწორედ ეს ტელეკომპანია გახდა _ “რუსთავი 2”-ში უშიშროება შევიდა, რის შემდეგაც თავისუფალი მედიის დაცვის მოთხოვნით, საპროტესტო ტალღა აგორდა. მაშინ ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ კარგად გათვალა და კახა თარგამაძე კუთხეში მიაყენა, თუ შს მინისტრობიდან გადადგები, მზად ვარ, პარლამენტის თავმჯდომარეობა მეც დავტოვოო. ასეც მოხდა... “რუსთავი 2” “ვარდების რევოლუციის ავანგარდშიც იდგა _ მანქანების ჯაჭვი ხომ გახსოვთ? ჰოდა, ჩემი ინფორმაციით, უშიშროების ბიჭებმა მანქანები სპეციალურად გააჩერეს, რომ ტელეკომპანიას ჯაჭვის იმიტაცია შეექმნა... მგონია, რომ ისტორია მეორდება და არ გამიკვირდება, თუ “რუსთავი 2”-ის ოფისში აღმოჩენილი ფარული მასალები პოლიტიკური ცვლილებების საბაბი გახდება,” _ ამბობს “პრემიერის” წყარო.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |