![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის” განხილვისას ქუთაისში საინტერესო რამ მოხდა: საპარლამენტო კომიტეტიდან გამოსულ ერთ-ერთ მამაოს ბალზაკისეული ქალბატონი გაესაუბრა და “სოდომური კანონის” საწინააღმდეგოდ ასეთი არგუმენტი შეაშველა: თუ ამ კანონს მიიღებენ, მოვა “ცისფერი” და გეტყვის: “მამაო, მამრი მიყვარს და ჯვარი დამწერეო. ხოლო უარი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონის დარღვევა იქნება”.
ხსენებული “ბალზაკის ასაკის ქალი” ამას ისეთი გულამოსკვნით ამბობდა, აი, სულმნათი გოგი დოლიძე რომ მღეროდა ხოლმე...
ეს სასაცილო არ არის _ უბედურებაა! ასეთი პათოლოგია იმ ზღვარს აღწევს, როცა უცბად ვერც კი მოიფიქრებ, რა უპასუხო: სად სჯულის კანონი, ქორწინების საიდუმლო და სად დისკრიმინაცია? მაგრამ ახსნას აზრი არ აქვს, რაკი ეს არა ინტელექტუალური, არამედ (ბევრად უარესი) მენტალური პრობლემაა!
მიუხედავად ამისა, დეპუტატებს (ოპოზიციიდან და უმრავლესობიდან) ცხრა პირი ტყავი გასძვრათ, რაკი, ერთი მხრივ, პატრიარქისა და ეკლესიის წყენინება არ უნდოდათ, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლება უკვე აღარც მალავს, რომ “კანონი დისკრიმინაციის შესახებ” ერთგვარი “ევროპული ტესტია”: შეძლებს თუ არა ხელისუფლება და აქვს თუ არა მას შესაბამისი, საკმარისი რესურსი, რათა გატეხოს(!) კონსერვატიული უმრავლესობა, ან, ყოველ შემთხვევაში, იმოქმედოს მისი ნების საწინააღმდეგოდ.
აქ ყველაზე საინტერესო ისაა, მაინც რატომ აქვთ ეკლესიის რიდი და რატომ უკანკალებდათ ხმა, როცა კანონის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ? საიდან და რატომ გაჩნდა ეს რიდი ქართულ პოლიტიკურ კლასში? ეკლესიას ხომ ჯარი არ ჰყავს, ძალადობისკენ არავისა და ვერავის მოუწოდებს, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ლოცვებში მოხსენიებაზე უარის თქმა შეუძლია და ნუთუ, ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი პარლამენტარების უმრავლესობა, რომელიც “მილიონერი უნდა გავხდე” სურვილით მოვიდა პოლიტიკაში, ასეთ ყურადღებას მიაქცევდა ანათემას ან პატრიარქის ხმადაბალ საუბარს საკვირაო წირვისას?
ეს წინააღმდეგობა, ერთი მხრივ, ქართული პოლიტიკური კლასის რაობასა და, მეორე მხრივ, ეკლესიისადმი მის რიდს შორის, როგორც ჩანს, იმით განიმარტება, რომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროა. თანაც არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური ნიშნით; პოლიტიკოსებს ეშინიათ, რომ თუ ეკლესიის აქტიურ მხარდაჭერას დაკარგავენ, ამით აუცილებლად ისარგებლებენ მოწინააღმდეგეები, ანუ მათი პოლიტიკური მტრები და ისევე მოექცევიან, როგორც ეკლესიისგან განკვეთილს ექცეოდნენ შუა საუკუნეებში.
საილუსტრაციოდ ცნობილი ამბავი კმარა, რომელიც შორეულ 1077 წელს მოხდა რომის წმინდა იმპერიაში (Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae) და ცნობილია, როგორც “კანოსას წასვლა” Gang NachCanossa an Canossagang: იმპერატორი ჰენრიხ მეოთხე პაპ გრიგოლ მეშვიდეს ეურჩებოდა, რაკი იმდროინდელი სამყაროს სულიერი მოძღვრისთვის პოლიტიკური ძალაუფლების დათმობა არ სურდა: თავად უნდოდა ეპისკოპოსები დაენიშნა _ წმინდა პეტრეს საყდართან შეთანხმების გარეშე.
ბოლოს და ბოლოს, პაპი იმპერატორს ეკლესიისგან განკვეთით დაემუქრა და შეასრულა კიდეც: აღარ ახსენებდა მას ლოცვებში. მერედა, თითქოს რა ამით? იმპერატორი ჰენრიხი განსაკუთრებული ღვთისმოსაობით არასდროს გამოირჩეოდა, ანუ, ჩვენებურად თუ ვიტყვით, სულ “ეკიდა” პაპიც და მისი ტახტიც. ასე რომ არ ყოფილიყო, პეტრე მოციქულის მემკვიდრეს თუნდაც პოლიტიკურ საკითხებში ურჩობას როგორ გაუბედავდა?
ამის მიუხედავად, როგორც კი იმპერატორი დარწმუნდა, რომ გრიგოლი მართლა განკვეთას უპირებდა, ყელზე საბელი მოიბა და ფეხშიშველმა გადაიარა ალპები, რათა მისი უწმინდესობისთვის შენდობა ეთხოვა: ეაჯა კიდეც ციხესიმაგრე კანოსაში, თუმცა პაპმა გვარიანად დაამცირა და რამდენიმე დღე გარეთ აყურყუტა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიუხედავად იმისა, რომ ის ეპოქა (და ის ქვეყანა), ყველა თვალსაზრისით, ჩვენგან ისევე შორსაა, როგორც ვარსკვლავი ალფა ცენტავრა, მაინც ლოგიკურად ისმის კითხვა: ამ ოჯახქორმა რა, არ იცოდა, რომ მისი ინიციატივა ლეგისტლატურის დამკვიდრებული წესის შეცვლის თაობაზე პაპს არ მოეწონებოდა და რისხვასაც არ დააკლებდა? იცოდა, მაგრამ “ეკიდა”. ოღონდ მხოლოდ მანამ, სანამ მის სახელმწიფოში შიდა ოპოზიცია არ წამოიშალა: განკერძოებასა და თავნებობას მოწყურებული ფეოდალები, რომლებსაც ჰენრიხის მორჩილება სულაც არ ეპიტნავებოდათ, მაგრამ პარტიკულარისტულ გამოხდომებს ვერ ბედავდნენ, მაშინვე გააქტიურდნენ, როგორც კი ყური მოჰკრეს, _ იმპერატორი ეკლესიისგან განიკვეთაო. ანუ, მიიღეს საბაბი, “სათქმელი”(!) დაუმორჩილებლობისთვის. იმ დროს ეკლესიისგან განკვეთა ნიშნავდა კანონგარეშე გამოცხადებას იმ აზრით, რომ ამგვარი ხელმწიფის წინააღმდეგ გამოსვლა, მისდამი დაუმორჩილებლობა და მისი დამხობაც კი, არათუ ღვთის გმობად აღარ ჩაითვლებოდა, არამედ პირიქით _ ღვთისნიერი საქმეც კი გამოდიოდა. ძალაუფლებას მოწყურებული ფეოდალები, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ამბიცია ჰქონდა და გაიმპერატორებაზეც ოცნებობდა, უმალვე ჩაეჭიდნენ ეკლესიის შეტყობინებას, ანუ გზავნილს (აი, ინგლისურად რომ message ეწოდება): ეს კაცი განკვეთილია ფუნდამენტურ ღირებულებათა სისტემიდან, რომელთაც სამყარო ეფუძნება და რის გარეშეც არ არსებობს წესრიგი.
მაშასადამე, მასთან დაპირისპირება, ამბოხი და მისი ჩაძაღლებაც კი არა უწესრიგობა, არამედ პირიქით _ წესრიგისთვის ბრძოლაა! ამავდროულად, ეკლესიისგან განკვეთით შეშინებულ მომხრეებსაც ილაჯი უწყდებათ. თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, შინაგან მოტივაციას კარგავენ, ასეთი ხელისუფალი დაიცვან, რომელიც პოლიტოლოგიური ტერმინოლოგიით “გარე სისტემური” გახდა, რაკი ქრისტიანობა იმ სისტემის საფუძველი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შინაარსობრივად იგივე მეორდება თანამედროვე საქართველოშიც: 1991 წელს, ილია მეორემ უარი განაცხადა, სიტყვა შეეშველებინა პრეზიდენტ გამსახურდიასთვის, რომელსაც 1977 წელს თავად სურდა პატრიარქობა და იმდროინდელ უმაღლეს საეკლესიო იერარქიას _ “სუკ-ის აგენტობაში”, ზოგიერთ ღვთისმსახურს კი სოდომურ ცოდვაში ადანაშაულებდა; ამდენად, გამსახურდიას დამხობა განსაკუთრებულ ზნეობრივ დანაშაულად აღარც ჩაითვალა _ გარკვეული აზრით ეკლესიისგან განკვეთილი იყო;
ხოლო 2003 წელს, პატრიარქი არ დაესწრო ედუარდ შევარდნაძის გამოსვლას 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის სხდომაზე. ეს იყო მკაფიო ნიშანი: მანამდე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაუპატიურებისთვის ბრალდებულთა ეპისკოპოსებად ხელდასხმაში დაადანაშაულა და მწვავედაც გააკრიტიკა. თუმცა ვისთვის გამოვიდა “მწვავე” _ ყველამ ვიხილეთ: ძნელი სათქმელია, “რევოლუციური სამეული” მაინც შევარდებოდა თუ არა იმ პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ იქ რომ პატრიარქი ყოფილიყო, “შევარდნის” შემთხვევაში ძალიან ბევრს დაკარგავდნენ
2011 და 2012 წლებში, სააღდგომო და საშობაო ეპისტოლეებში ხშირად გაისმოდა რეფრენად ხელისუფლების ცოდვილობა და ბევრი ნიშანიც არსებობდა იმისა, რომ მიუხედავად შავი ჯიპებისა თუ უპრეცედენტოდ უხვი ფინანსური დახმარებისა (ეკლესიას ჰენრიხ მეშვიდე რომ ეხმარებოდა, დახმარება ისეთი უნდოდა თავის დროზე), ხელისუფლება თანდათან კარგავდა “მთავარი მალეგიტიმიზებელი რესურსის”, ესე იგი ეკლესიის მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ციხის კადრებითა და მამების მიერ თბილისზე გამოსახული “ცოცხალი ჯვრით” დაგვირგვინდა.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ დღევანდელი ხელისუფლებაც მზადაა, დროულად “ილტვას კანოსას” და ანტიდისკრიმინაციულ კოდექსში ისეთი აბსურდული დებულება შეიტანოს, რომ “დისკრიმინაცია დაუშვებელია, მაგრამ დისკრიმინაცია დასაშვებია, თუკი საზოგადოებრივ მორალს ემსახურება”. წინააღმდეგ შემთხვევაში... უკვე აღიკაზმნენ მხედარნი და დაუვიწყარმა კიტოვანმაც სწორედ ახლა განაცხადა, რომ მზადაა, ეს ხელისუფლება გარეკოს კომბლით ან ავტომატით თუ ყირიმელი “მწვანე კაცუნების” მხარდაჭერით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რაკი საერო და სასულიერო ხელისუფლების “ერთობა-წინააღმდეგობაში” (“მიეც კეისარს კეისრისა...”) ბიბლიური ჭეშმარიტებაა, უპრიანი იქნებოდა, გადავარქვათ საქართველოს სახელი და,, გერმანელი ხალხის რომის წმიდა იმპერიის მსგავსად, დავარქვათ “ქართველი ხალხის მცხეთა-თბილისის წმიდა იმპერია” _ Sacrum Imperium Mtsxeta-Tbilisum Nationis Georgiane.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |