|
დავით კოდუა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობრისა და ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ნოშრევან ნამორაძის ინიციატივით ლამის მიასიკვდილეს (სწორედ ასეთი ქართული გამოთქმა შეესაბამება იმას, რაც მოხდა), “კოდუათა კლანის” ყველაზე ნაკლებ ანგაჟირებული წარმომადგენელი იყო. ჯერჯერობით, “კენედის კლანისგან” განსხვავებით (ამ ტერმინში თავისთავად ნეგატიური კონოტაცია არ დევს), ის “დინასტიად” არ ქცეულა, თუმცა “ნაციონალური ხელისუფლება” რომ გაგრძელებულიყო, ესეც შესაძლებელი იქნებოდა, ალბათ.
კლანის სხვა წარმომადგენლები შედარებით ხშირად ჩანდნენ ეკრანზეც და პრესაშიც. ერთ-ერთ შემთხვევაში, მეორე ძმა ჟურნალისტებთან ჩიოდა, რომ სოდ-ის უფროსი, ერეკლე კოდუა მას არ დაეხმარა ავიაკომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში.
ეს ისე, “ფაქტისთვის”, რომელიც მომხდარის კონტექსტში სავსებით ჯდება. ფაქტი კი ჯიუტია და ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას მას ვერსად გაექცევი. ყოველ შემთხვევაში “უჭირო” არასდროს არ არის. ხოლო “ფაქტის სიჯიუტე” ამ შემთხვევაში სავსებით ლოგიკური კითხვიდან გამომდინარეობს: როგორ მოხდა (თუ მოხდა), რომ ერეკლე კოდუა, რომელიც ავიაკომპანიის მფლობელ გიორგი კოდუას რაღაც სულელურ წვრილმანში (ავიაკომპანიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით) არ დაეხმარა, როდესაც საქმე სერიოზულ ინტერესთა კონფლიქტს სულაც არ ეხებოდა, მეორე ძმას, დავით კოდუას ისე დაეხმარა, რომ მთელი ბიზნესი აახია ნოშრევან ნამორაძეს?
ბრალდებულის მხარისთვის გამაღიზიანებელი კითხვაა, თუმცა, როცა ფაქტი ჯიუტია, კითხვაც ასევე ჯიუტად წარმოიშობა. გიორგი კოდუას ხსენებული ინტერვიუ არსებობს და გათამაშებულს (მაშინ - სააკაშვილის დროს!) არ ჰგავს.
თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით: როგორი “რაგბისტიც” არ უნდა ყოფილიყო “ნოშიკო” ნამორაძე, დავით კოდუას იგი, რასაკვირველია, მარტო ვერ სცემდა ასე, ანუ მისიკვდილებამდე. ბუნებრივია, მას ეხმარებოდნენ, თუმცა, როგორც ადვოკატმა თქვა, “თუ კიდევ ვინმე მონაწილეობდა კოდუას ცემაში, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია”.
ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, დავით კოდუამ, რომელიც რეანიმაციაში მოათავსეს, “ნაკლებად მძიმე დაზიანება” მიიღო. ეს თუ ნაკლებად მძიმე დაზიანებაა, მაშინ “მძიმე” რაღაა? ადამიანს ცხვირ-პირი აღარ უჩანდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო მიერთებული. ჯვარი სწერია და რეანიმაციაში რამე რომ დამართოდა, “ნაკლებად მძიმე დაზიანების” შედეგი იქნებოდა?
ახლა შინაარსობრივად: თავად ნოშრევან ნამორაძე აცხადებს, რომ კოდუას ბიზნესპარტნიორი იყო. მაგრამ “პარტნიორმა” მისი წილის დაპატრონება განიზრახა და ამაში ძმა დაიხმარა: ერეკლე კოდუას დავალებით, სახლში ნარკოტიკი ჩაუდეს, მერე შეუვარდნენ, ოჯახი აუწიოკეს, დააპატიმრეს და 500 000 ლარის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.
ნახევარი მილიონი ლარი დაახლოებით 300 ათასი დოლარია. ქართული ბიზნესის მასშტაბთა გათვალისწინებით პატარა ფული არ არის. მიშას დროს სწორედ ამგვარი ბიზნესების გამო ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ელიტურ ბიზნესს “კრიშავდა”. ნოშრევან ნამორაძე და დავით კოდუა თუ მართლა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერეკლე კოდუას სოდ-ის უფროსობა ნამორაძისთვის მიუღებელი სულაც არ იქნებოდა. უფრო პირიქით.
რა მოხდა შემდეგ? ესეც ფაქტია: ნოშრევან ნამორაძე დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის დააპატიმრეს. საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურამ მას გვარიანი თანხა მოსთხოვა. ამ თანხის შოვნა მხოლოდ წილის გაყიდვით შეეძლო. ვინ იყიდდა? რა თქმა უნდა, ბიზნესპარტნიორი, ან მასთან დაახლოებული პირი. ესე იგი, დავით კოდუას წილის ახევის სურვილი რომც არ ჰქონოდა და მთელი ეს ოპერაცია მას რომც არ დაეგეგმა, წილის ყიდვა მაინც მოუწევდა, რადგან, ჯერ ერთი, საქმე საერთო ბიზნესს ეხებოდა და თუ უარს განაცხადებდა, მაშინ უკვე იმაში დაადანაშაულებდნენ, რომ წილი არ იყიდა და ბავშვობის მეგობარი ციხიდან არ დაიხსნა. და იმაშიც, რომ “ბავშვობის მეგობრის” ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოვლისშემძლე მაღალჩინოსანი იყო, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ დაარღვია. თუმცა კი შეეძლო. აბა, საქართველოში ვინ დაიჯერებს, რომ არ შეეძლო? არავინ!
მაშასადამე, კოდუათა კლანი ამ შემთხვევაშიც იმ უბედურების შედეგს იმკიდა, რომ მათი წარმომადგენელი სახელმწიფო სამსახურში იდგა, თუმცა რა გამოსავალი არსებობს ამგვარი კოლიზიიდან? სახელმწიფო მოსამსახურის მშობლებს, ცოლებს, ქმრებს, ძმებს, დებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს ბიზნესი აეკრძალოთ? თუ არ აეკრძალებათ, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად წარმოიშობა ისეთი კოლიზიები, როგორიც მოხდა და აბაშიძის ქუჩაზე გვემით დასრულდა. თანაც ორივე შემთხვევაში. ანუ მაშინაც, თუ ნამორაძე მართალს ამბობს, ესე იგი ნარკომანი სულაც არ იყო, ანუ კოდუებმა გველურად გადაწყვიტეს მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება და იმ შემთხვევაშიც, თუ ნარკოტიკზე დაპატიმრება არაფერ კავშირში არ იყო დავით კოდუას ვითომდაც სურვილთან, პარტნიორისთვის წილი აეხია.
ამ ისტორიიდან ორი ურთიერდაკავშირებული დასკვნა გამომდინარეობს, რომელიც, ერთი მხრივ, ამჟამინდელი ხელისუფლების, მეორე მხრივ კი, “მიშას რეფორმაციისთვისაა” უარყოფითი: დავით კოდუას გვემული სახე არის ზუსტი ილუსტრაცია იმ ფენომენისა, რაც მიშამ დაამკვიდრა ე.წ. “საპროცესო შეთანხმების” სახით, როცა უმძიმესი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულები ფულის გადახდით თავისუფლდებოდნენ.
ეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სოციალური უსამართლობაა, რაკი ამდენი ფული ბევრს არ აქვს. გამოდის, ფული ინდულგენციაა. ამერიკელებს, სადაც ეს ინსტიტუტი მოიგონეს და დაამკვიდრეს, ვერც კი წარმოედგინათ, თუ მათი ნოვაცია ასეთ მახინჯ ფორმებს მიიღებდა: იქ საპროცესო გარიგება მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებაა თანამშრომლობის სანაცვლოდ და არა ბიუჯეტის შევსების საშუალება.
საზოგადოებაში, სადაც ბიზნესურთიერთობები არსებობს, ამგვარი ინსტიტუტის ასეთი ფორმით(!) დამკვიდრება აუცილებლად გამოიღებდა ისეთ შედეგებს, რაც გამოიღო კიდეც და დავით კოდუას სიფათზე აისახა.
მეორე მხრივ, დღევანდელმა ხელისუფლებამაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც უმთავრეს წინასაარჩევნო დაპირება-სლოგანად სამართლიანობის აღდგენა აქცია. ისმის კითხვა: თუ ყველაფერი მართლა ასეა და თუ ნოშრევან ნამორაძე მართალს ამბობს, თუ კაცს ბიზნესი ისეთი ბინძური ხერხებით აახიეს, რომ კოდუას დაგეშილმა პოლიციელებმა სპეციალურად ჩაუდეს ნარკოტიკი, მაშინ ამ საქმის გახსნას რაღა უნდა? დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმე ხომ გაიხსნა, _ ამ საქმეს რატომ არ ხსნიან? განა ეს გელაშვილის ცემაზე ბევრად უარესი არ არის? აქ ხომ პირადი ანგარებაა, ხოლო გელაშვილის ეპიზოდში პირადი ანგარება მაინც არ იყო! განა დანაშაულებრივი შეკვეთის შემსრულებლები, ანუ ისინი, ვინც ნარკოტი ჩადო, უარს იტყოდნენ, მიეცათ ჩვენება კოდუას წინააღმდეგ, როგორც მისცეს მის წინააღმდეგ ჩვენება იმ “სპეცნაზელებმა”, ვინც უშუალოდ სცემა ვალერი გელაშვილი?
გარდა ამისა, თუ ყველაფერი ასე იყო, მაშინ ნოშრევან ნამორაძეს რატომ არ უბრუნებენ საპროცესო შეთანხმებით გადახდილ ნახევარ მილიონ ლარს? რატომ არ სცნობენ დაზარალებულად და სახელმწიფო ტერორის მსხვერპლად? რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე დავით კოდუას წინააღმდეგ, რომელმაც განიზრახა მთელი ეს საზიზღრობა და გამოიყენა ამ მიზნით ძმა _ პოლიციის მაღალჩინოსანი? რატომ არ არის აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იმავე ერეკლე კოდუას წინააღმდეგ, რომელმაც ასეთი ბინძური დანაშაული ჩაიდინა და უდანაშაულო ადამიანს, ვისაც ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია, სახლში ნარკოტიკი ჩაუდო, რათა ბიზნესი ძმის სასარგებლოდ “აეხია?”
ამ კითხვებს რატომღაც არ სვამენ, არადა განა რომელიმე მათგანი ალოგიკურია? თუმცა პასუხები იმდენად უხერხულია ორივე გუნდისთვის, რომ ეს საკითხები არა მხოლოდ თვითონ მიჩქმალეს, არამედ მათ მიერ კონტროლირებადი მედიაც უხერხულ დუმილს ამჯობინებს. არადა, თუ პასუხები არ გაიცა, ამ ქვეყანაში სულ მალე (ხელისუფლების შემდგომი დასუსტების კვალობაზე) ისეთი ამბავი დატრიალდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინაში საზარელი სისხლისღვრა გრძელდება. ათეულობით პრორუსი აქტივისტი ოდესის ხანძარში ჩაიწვა. მსოფლიო მოიარა ფოტოებმა, როგორ ესვრიან უცნობი ნიღბიანები უკრაინელ საფეხბურთო ფანატებს, რომლებიც უკრაინული დროშით გამოვიდნენ ოდესის ქუჩებში. ეს ნიღბიანები, რა თქმა უნდა, რუსი დივერსანტები იყვნენ: ჩვეულებრივი სამხედრო მოსამსახურეები, სპეცდანიშნულების რაზმთა მებრძოლები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ ცივსისხლიანად, როგორც ასწავლეს ГРУ-ს საწვრთნელ ბაზებზე.
დასავლეთში უკვე წერენ, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. “ჰიბრიდულ ომს” აწარმოებს, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: სამხედრო ზეწოლა, ანუ რუსული არმიის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან; ეკონომიკური ბლოკადა; ენერგეტიკული შანტაჟი და, რაც ყველაზე მთავარია, დივერსიული მოქმედებები იმ რეგიონებში, სადაც არსებობს შესაბამისი გარემო.
ამ დროს მოსკოვი სარგებლობს იმით, რომ პოსტსაბჭოურ პერიოდში უკრაინამ ვერ შექმნა რეალური საზღვარი რუსეთთან, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები პრორუსულად უფრო არიან განწყობილნი, ანუ უკრაინული სახელმწიფო მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
ამით აიხსნება, რომ დასავლეთ უკრაინაში იგივე დივერსანტები ვერ მოქმედებენ, რაკი იქ მოსახლეობას სულ სხვა განწყობა აქვს და უკრაინული სახელმწიფოსადმი (მაშასადამე, უკრაინული ნაციონალიზმისადმი) ღირებულებით-ემოციური ბმა გააჩნიათ. ხოლო დონეცკში, ნაწილობრივ ხარკოვში, ლუგანსკში, პროფესიონალ რუს დივერსანტებს ხვდებათ ნოყიერი გარემო. იქ მათ შეუძლიათ, აიყვანონ მძევლები, დაიკავონ სახელმწიფო შენობები. პოლიცია, ანუ ფორმალურად(!) უკრაინული სახელმწიფო სტრუქტურები კი პარალიზებულია.
ამავდროულად, უკრაინული არმია ვერ ბედავს ამ ოდენობისა და ასე შეიარაღებულ დივერსანტთა გაუვნებლობის ერთადერთი ეფექტური საშუალების გამოყენებას, ესე იგი არტილერიისა და ზალპური ცეცხლის დანადგართა ამოქმედებას, რადგან ეს შეიძლება გახდეს საბაბი რუსული ინტერვენციისთვის უკრაინაში, როგორც 2008 წელს.
ამიტომაც გრძელდება ლოკალური ბრძოლები, რომელშიც უკრაინას გამარჯვების შანსი არ აქვს: დივერსანტები სულ ადვილად შეინიღბებიან, დაიმალებიან, გაითქვიფებიან ადგილობრივ მოსახლეობაში (მათ ამას სპეციალურად ასწავლიან 5-წლიანი კურსის დროს რუსულ სადაზვერვო აკადემიებში) და საჭირო მომენტში ისევ გამოჩნდებიან ასპარეზზე იმავე შეიარაღებითა და სხვა საშუალებებით.
“ჰიბრიდული ომის” დასავლელი ანალიტიკოსები უმთავრესად იმით არიან აღელვებულნი, შესაძლებელია თუ არა იგივე ტექნოლოგია რუსეთმა ბალტიის ქვეყნებშიც გამოიყენოს? მაგალითად, ესტონეთის ზოგიერთ რაიონში რუსები 99%-ს შეადგენენ და მათი გაწყობაც დონბასის ანალოგიურია.
საქართველოში? “არამც და არამც” ყველაზე იოლი სათქმელია, თუმცა მეღვინე-მევენახე კახეთში ხომ უკვე იყო სახლზე რუსული დროშის აღმართვის საინტერესო ფაქტი, რომელიც ბევრმა წვრილმან სისულელედ მიიჩნია.
თუ ქვეყანაში დომხალი გაძლიერდა და “ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნო”, გამორიცხული არაფერია.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |