|
ეს თემა არ გვეშვება და ვერც მოგვეშვება, როგორი მოყირჭებულიც არ უნდა იყოს უკვე. გასაგებია, რომ ადამიანებს ყველაფერი ყირჭდებათ. მაგალითად, მალაიზიური ლაინერის იდუმალი გაუჩინარებაც კი ჩამოვიდა უკვე მეათე ადგილებზე მეინსტრიმულ ეთერებში. არადა, ამ ამბის მნიშვნელობას უმცირესობა მაინც უნდა ხვდებოდეს.
ასევე, ვისაც ჭკუა მოეკითხება, უნდა გრძნობდეს, რომ უკრაინაში წყდება არა მხოლოდ თვით უკრაინის, არამედ მთელი პოსტსაბჭოური სივრცის, მათ შორის საქართველოს ბედი.
სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ესტონეთის(!) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გაბედა და არ დააკმაყოფილა კოხტლა-იარვეს რეგიონში მცხოვრებ რუსთა სარჩელი სკოლაში სასწავლო ენის თაობაზე. რუსები მოითხოვდნენ, ყველა საგანი სწორედ რუსულ ენაზე ისწავლებოდეს, მაშინ, როდესაც თვით რუსეთში არ არსებობს არც ერთი სკოლა, სადაც საგნებს ესტონურ (უკრაინულ, ქართულ, სომხურ და ა.შ) ენაზე ასწავლიდნენ.
ლავროვის უწყებამ თავისი განცხადება დაუფარავი მუქარით დაასრულა: უკრაინის მოვლენებმა ესტონეთის ხელისუფლებას ჭკუა უნდა ასწავლოს, რით მთავრდება ხოლმე ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები (რუსული) უმცირესობის უფლებათა შელახვა.
წარმოგიდგენიათ? ჯერ უკრაინის საქმე არ მოუმთავრებია და უკვე ესტონეთს ემუქრება. ესტონეთს! _ ესე იგი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოს!!!
და სულ არ ანაღვლებს, როგორ აღიქვამენ და შეაფასებენ ამას იმავე ნატო-სა და ევროკავშირში. თითქოს ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვდა თუნდაც იმის დადასტურებას, რომ მოსკოვის პრეტენზიები ეხება პოსტსაბჭოური სივრცის იმ ნაწილს, რომელმაც, ბალტიისგან განსხვავებით, ნატო-ევროკავშირში “ვერ შეასწრო”, სანამ მოსკოვი მოღონიერდებოდა ნავთობდოლარების წყალობით. მაგრამ პუტინი უკვე იმდენადაა გათავხედებული, იმდენად სჯერა (სამწუხაროდ, არცთუ უსაფუძვლოდ), რომ “ფეხებსაც ვერ მოსჭამენ”, უკვე პირდაპირ ემუქრება ყველაზე სტაბილურ, ყველაზე დემოკრატიულ, ყველაზე წინწასულ სახელმწიფოს, რომელიც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოიშვა.
თუ ვინმეს ჰგონია, პუტინი იქ ვერ შეძლებს იმავე სქემის განხორციელებას, რასაც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში ამუშავებს, ძალიან ცდება. ტალინში, შესაძლოა, ვერა, მაგრამ კოხტლა-იარვეში, სადაც რუსების წილი 90%-ს აღწევს, სულ ადვილად.
უკვე მზადაა “მწვანე კაცუნების” ლეგიონი. ისევე, როგორც ადგილობრივი, კარგად დაგეშილი და დაფინანსებული პროვოკატორების მთელი არმია, რათა (ვიმეორებ) ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყანაში(!) დაიწყონ “მშვიდობიანი მიტინგები”, მოახერხონ ვითარების მაქსიმალური დესტაბილიზაცია და ნულზე დაიყვანონ ყველაფერი, რასაც ესტონეთმა მიაღწია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სცენარი იმავე სამშაბათს განმეორდა. ამჯერად უკრაინულ ლუგანსკში, სადაც პრორუსმა პროვოკატორებმა ადმინისტრაცია დაიკავეს: წინ უშვებენ ქალებსა და მოზარდებს, უკან მიჰყვებიან სანადირო თოფებითა და მილიციის შენობებიდან გატაცებული “კალაშნიკოვებით” შეიარაღებული ბოევიკები, ხოლო მათ ზურგს უმაგრებენ იგივე “მწვანე კაცუნები”, ე.წ. “თავაზიანი უცნობები” უახლეს სამხედრო ფორმაში, რეალურად რუსული სპეცდანის მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ლამის უკიდეგანო საზღვრის დარღვევით გადაისროლეს ამ რეგიონებში.
ცხადია, თუ ასე გაგრძელდა, დონეცკში, ლუგანსკსა და ხარკოვში არანაირი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს არ გაიმართება. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ უკრაინა იქცევა დიდ დნესტრისპირეთად. უკეთეს შემთხვევაში, რუსეთი მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და შეეცდება, 90-იანი წლების ყარაბახის, ან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სცენარი გაითამაშოს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს რეგიონიც ისევე მიიერთოს, როგორც ყირიმი. რა დაუშლის? არაფერი!
აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ რეგიონებში, _ რომელთათვისაც ახლა რუსული სპეცსამსახურები და არმია იბრძვიან პუტინის დავალებით, _ აღმოჩენილია “ფიქალის გაზის” უდიდესი, 2-ტრილიონიანი საბადო. რა თქმა უნდა, პუტინი აღარ დაუშვებს ამ საბადოს გახსნას, რათა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპაც ვერ დაუსხლტეს “გაზპრომს” კლანჭებიდან.
ადგილობრივი პოლიცია პარალიზებულია და წინააღმდეგობის გაწევის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ამიტომ, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ პროვოკატორს საშუალება მიეცა, ხელში ჩაიგდოს უდიდესი სამრეწველო რეგიონები, გააკონტროლოს ტელევიზია, გათიშოს უკრაინული არხები, ჩართოს რუსული არხები, მოხსნას და დანიშნოს გუბერნატორები, ხოლო ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, თუ საჭირო ლოიალობას არ გამოამჟღავნებენ, უბრალოდ “გააგოროს”, როგორც ხარკოვის გუბერნატორი კერნესი, რომელიც ახლა ისრაელში მკურნალობს მას შემდეგ, რაც “დრაგუნოვის” სნაიპერული შაშხანიდან დაჭრეს ლამის სასიკვდილოდ და ბეწვზე გადარჩა (თუ გადარჩა).
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაფერი კი რისი ბრალია და საიდან დაიწყო, ანუ რამ მისცა პუტინს საბაბი და საშუალება, ეს სცენარი გაეთამაშებინა უკრაინაში? მთავარი მიზეზი გახდა უკრაინული ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რასაც ე.წ. მაიდანმა და კიეველმა რევოლუციონერებმა მიაღწიეს ჩვეული ჩლუნგი რადიკალიზმითა და უკანმოუხედაობით.
გასაგებია, რომ იანუკოვიჩი დაჰყვა პუტინის შანტაჟს, როდესაც გადადო (კი არ გააუქმა, არამედ რამდენიმე თვით გადადო!) ევროასოცირების ხელმოწერა, რაკი ეკონომიკური ბლოკადის შეეშინდა, მაგრამ მაიდანის ლიდერებს ვერაფრით შეასმენდი, რომ იანუკოვიჩის დამხობას, მაშასადამე, ხელისუფლების დელეგიტიმაციას, კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა უკრაინული სახელმწიფოსთვის.
სწორედ მაიდანის სიჩლუნგით ისარგებლა პუტინმა და როგორც კი უკრაინას მისი მთავარი საყრდენი (ლეგიტიმური ხელისუფლება) გამოეცალა, უმალ წაჰგლიჯა ყირიმი. შემდეგ დაელოდა დასავლეთის რეაქციას და რაკი დარწმუნდა, არაფერი განსაკუთრებული პასუხი დასავლეთიდან არ იქნებოდა, ახლა უკვე აღმოსავლეთ უკრაინას მიჰყო ხელი.
უკრაინის სახელმწიფო კი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს, ვინაიდან ძალისმიერი სტრუქტურები პარალიზებული და დამბლადაცემულია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რევოლუციამ სახელმწიფოს ძალადობაზე მონოპოლია წაართვა.
კაცმა რომ თქვას, “თუ კიევში შეიძლებოდა სახელმწიფო დაწესებულებების დაკავება, მაშინ ხარკოვსა და ლუგანსკში რატომ არ შეიძლება?” ძალიან არ მოგვწონს ეს დემაგოგიური კითხვა, რასაც პუტინი სვამს და უამრავი, სავსებით გამართლებული და ლოგიკური პასუხიც არსებობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პუტინი მხოლოდ კითხვას კი არ სვამს, არამედ ამ კითხვას “ისკანდერის” რაკეტით ამაგრებს.
ამაზე პასუხის გამცემი კი უკვე არავინაა.
მივაქციოთ ყურადღება, აგრეთვე, დასავლეთის საოცრად ინფანტილურ (ეს უკეთეს შემთხვევაში) პოზიციას: კიევის მაიდანზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ორცხობილებს არიგებდა, ევროპულ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები მიტინგზე გამოდიოდნენ და ყოველნაირად უჭერდნენ მხარს უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს ევროპის სასარგებლოდ და პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ.
კეთილი და პატიოსანი: ამით დასავლეთი საკუთარ ღირებულებათა ერთგულებას გამოხატავდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მანამ, სანამ სიტუაცია დეკლარირების სტადიას არ გასცდა და კონკრეტულ ინტერესებს არ მიებჯინა: როცა პუტინმა საპასუხო სცენარი აამუშავა, ყირიმი დაიპყრო, აღმოსავლეთ უკრაინა დაატერორა, გაირკვა, რომ ის ევროპა და ის ამერიკა, რომელიც ყველანაირად ხელს უწყობდა და მხარს უჭერდა “მაიდანს”, სულაც არ არის მზად, რეალურ რისკზე წავიდეს და რეალური მსხვერპლი გაიღოს (თუნდაც მცირე ეკონომიკური დანაკარგით) უკრაინის სახელმწიფოს გადასარჩენად!
მაშ, რას ნიშნავდა მაიდანზე “ორცხობილების დარიგება” და რევოლუციონერთა შეგულიანება მგზნებარე გამოსვლებით _ “ებრძოლათ ღირებულებებისთვის”?
როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი “პიარი” და უპასუხისმგებლობა იყო, ანუ, დიახაც, სავსებით ლეგიტიმურად ჩნდება ბევრისთვის ასევე უსიამოვნო და “გამაღიზიანებელი” კითხვა: თბილისში რომ ჩამოდიან მათი პატივცემული საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა და ევროასოცირებაზე დაჩქარებულად ხელის მოწერას გვთავაზობენ (რათა საკუთარი, შელახული პრესტიჟი აღიდგინონ მსოფლიოს თვალში), არიან თუ არა მზად, რეალურად იმოქმედონ, თუკი მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს და ნებისმიერი საბაბით (მე შენ გეტყვი საბაბს ვერ შექმნის), თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზას გადაკეტავს, ან სულაც პირდაპირ თბილისისკენ წამოვა?
უკვე წარმოუდგენელია? მერედა, 6 თვის წინ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთი მეზობელი ქვეყნის რეგიონს დაიპყრობდა და პირდაპირ შემოიერთებდა?
ძალიან საინტერესოა, ქართველი დიპლომატები ევროპელ კოლეგებს თუ უსვამენ ამ “უსიამოვნოდ შემაწუხებელ” კითხვას და რა პასუხს იღებენ მათგან.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |