რატომ ასეთი ძლიერი აგრესია მაინცდამაინც მამათმავლების მიმართ? ცხადია, რომ მრავალი უარესი “ცოდვა” თუ “დანაშაული” არსებობს, რომელიც პირადად ჩვენს უსაფრთხოებას უფრო ეხება, გაცილებით სახიფათოა და მეტადაცაა ერში გავრცელებული. მაგალითად, ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა, ქალის გაუპატიურება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და მრავალი სხვა.… და მაინც, ასეთი არაადეკვატური აგრესია, აუხსნელი სისასტიკე მამათმავალთა მიმართ, რატომ?
გავიხსენოთ, რომ საქართველო მუდმივად დაპყრობილი ჰყავდა ისეთ ქვეყნებსა და იმპერიებს – არაბეთს, სპარსეთსა და ოსმალეთს, სადაც სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცებს შორის სავსებით მისაღები და მეტად გავრცელებული იყო. ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ მით უფრო ხშირი იქნებოდა ამგვარი სექსუალური აქტები დაპყრობილი კოლონიების მოსახლეობასთან. ისიც ცხადია, რომ ასეთ კავშირებს ხშირად არანებაყოფლობითი ხასიათი უნდა ჰქონოდა. მაშასადამე, ქართველებს საუკუნეების მანძილზე უწევდათ “ურჯულო” დამპყრობელთაგან სექსუალური ძალადობის ატანა. ეს ძალადობა მეტად სამარცხვინო და აუტანელი უნდა ყოფილიყო, რადგან, სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილებთან ერთად, საკუთარ სოციუმში ის არ უნდა გაცხადებულიყო.…
ასეა თუ ისე, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მტერს ქართველები ხშირად “წაკუზული” ჰყავდა. ასე ჩამოყალიბდა ჩვენში განსაკუთრებული შიში და დარჩა გენეტიკური ზიზღი ამ ტიპის ძალადობრივი სექსუალური აქტის მიმართ – ის უკვე ქვეშეცნეულად მოქმედებს და ამის გამო ჩვენი აგრესია რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.
ალბათ, აქედანვე, კომპენსატორული მექანიზმის სახით გამომდინარეობს ქართველი მამაკაცების გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ კაცობაზე და მითი სამამულო მამრების არნახულ სიძლიერეზე. ერთი სიტყვით, ეს დაჩაგრული მამრის ჩვეულებრივი კომპლექსია.…
ან პირიქით, გაუტკბათ და მოეწონათ, მაგრამ სირცხვილის შიშით ამას ხომ ვერ აღიარებენ?! დათრგუნული შიშები კი, როგორც წესი, შემდეგ აჩენს ძლიერ აგრესიას ამ შიშის გამომწვევი ობიექტების (ფაქტორების) მიმართ. ეს აგრესია შეიძლება ან თავიდანვე გამოვლინდეს აგრესიული გამოხტომების სახით, ან დიდი დროის განმავლობაში იყოს აკუმულირებული და რაღაც მომენტში იფეთქოს საშინელი ძალით. ალბათ, ამან განაპირობა ასეთი უპირობო ზიზღი და აგრესია მამათმავლებთან მიმართებაში – ლატენტური ჰომოსექსუალები თუ ფარული ბისექსუალები ჰომოფობებად ჩამოყალიბდნენ…არა?
ეს, გადაჭარბების გარეშე, გენიალური ჰიპოთეზა, ზეგარდმო ეუწყა ნეტარ გენადის, როდესაც ის 2013 წლის 17 მაისს ტელევიზიით, გაშმაგებული მოძღვრებისა და ღირსებააღდგენილი ბრბოს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე ნადირობას თვალს ადევნებდა.
P.S.
ეს წერილი ერთი წლის წინათ დაიწერა… ჩემთან გაცხარებული დებატების შემდეგ, სიურრეალისტმა გენომ მაინც აღიარა, რომ აღწერილი აგრესიის გაცილებით თანამედროვე და აქტუალური მიზეზებიც არსებობს. შეუმდგარი ქართველი მამაკაცების უმრავლესობას, არც თავი აქვს და არც ნიჭი სრულყოფილად დაიხარჯოს ქალთან. ამ მამაკაცებს, რაღა თქმა უნდა, საკუთარი უფერული არსებობა მეტად აღიზიანებთ. ეს პირობითად მამრები იძულებულნი არიან საკუთარი ქმედითუუნარობა სარწმუნოებრივი დოგმების დაცვით შენიღბონ, ხოლო დამრღვევებისა თუ განსხვავებულების მიმართ მკაცრ ზომებს მიმართონ. გულდაწყვეტა მატულობს, არსებული რეალობა კი, დახვეწის, სწავლისა და განათლების გარეშე, მხოლოდ ლოცვითა და მარხვით, არ იცვლება. შესაბამისად, მატულობს აგრესიაც.
მამათმავლების თემა ამჟამადაც მეტად აქტუალურია – ჩვენ კვლავ 17 მაისი გვიახლოვდება! მზადება ადრიანად დაიწყო – დღეს სასულიერო პირებმა მუქარით დატოვეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა მიმდინარეობდა. ამხანაგებო, ეროვნული ფასეულობები და მამული საფრთხეშია! წინ მამათმავლებისა და მათი არჩატარებული “აღლუმების” დასარბევად, წინ!
ზურა ოდილავაძე, გაზეთი „პრემიერი“