|
“ბიზნესმენები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდნენ, დღეს დიდი სიამოვნებით აფინანსებენ “ქართულ ოცნებას”
კოალიცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საარჩევნო პროპორციულ სიებთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. კოალიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიის ფორმირების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში გასაჯაროვდება. მოახლოებულ თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “პრემიერი” პოლიტიკური საკითხების ექსპერტს, კახა კახიშვილს ესაუბრა.
- მედიაში გავრცელებული სხვადასხვა მოსაზრებების მიუხედავად, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახი კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელისუფლებო კოალიციის საარჩევნო სიებში ყოფილი “ნაციონალები” არ იქნებიან. რამდენად დამაჯერებელია ეს, როცა რაიონებში ყველაზე დიდი პროტესტი სწორედ ამ მიმართულებით გამოითქმის?
- “ქართული ოცნების” სია არ მინახავს, აქედან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” დროს, ყველა ერთად იდგა. მთავარია, ვინ რას აკეთებდა, ან დღეს ვინ რას აკეთებს.
- ამ განცხადებაში იგულისხმებიან პირები, ვის მიმართაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვები არსებობს, თუმცა, ამ კონტექსტში, ირაკლი შიხიაშვილის გარდა, ჯერჯერობით არავის ვინაობა არ გაჟღერებულა.
- სწორედ ამიტომ არის გაუგებარი ეს განცხადება. თუ ეს ეხებათ პირებს, რომლებსაც არაფერი ჩაუდენიათ, მაშინ რა შუაშია “ნაციონალი”, ან “არანაციონალი”? ვის მიმართაც კითხვები არსებობს, მაშინ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, წინა ხელისუფლების წარმომადგენელია ის, თუ “ქართული ოცნების” დღევანდელი წარმომადგენელი. ასეთი ადამიანები ნაკლებად უნდა იყვნენ წარმოდგენილი არჩევით თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, თუ ეს ეჭვი საფუძვლიანია. ეს უნდა შეფასდეს კონკრეტული ადამიანის საქმიანობებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით და არა იმით, კონკრეტულად ვინ რა დროს, რომელ პოლიტიკურ პარტიაში იყო. ასე შორს ვერ წავალთ. მეტიც, დღევანდელ კოალიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო და ადამიანების დაყოფა ამ ნიშნით არასწორია. ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ის ჰყოფდა საქართველოს მოსახლეობას თავისიანებად და არათავისიანებად.
- წინასაარჩევნო გარემოს ხელისუფლება დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებაა. რეალურად რამდენად აქვთ სიმშვიდის საფუძველი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მუდმივად საუბრობს “ქართული ოცნების” მხრიდან უკანონო ქმედებებზე?
- სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ “ქართული ოცნება” ორი წელია, ხელისუფლებაშია, სხვა დარგებთან ერთად, ძირეული საარჩევნო რეფორმის ჩატარება ვერ მოახერხა. კარგად მახსოვს, კოალიციის ძირითადი შემადგენლობა, როდესაც ოპოზიციაში იყო, საკმაოდ დასაბუთებულად წარუდგენდა საზოგადოებას საკუთარ ხედვას, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო საარჩევნო გარემო. მათ ჰქონდათ მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის, ბიომეტრიული საარჩევნო სია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმირება, საარჩევნო დავების ცალკე ინსტიტუტის შემოღება და კიდევ ძალიან ბევრი სხვა საჭირო რეგულაცია. ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოს ნამდვილად გააუმჯობესებდა. სამწუხაროდ, როდესაც კოალიცია ხელისუფლებაში აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე თავად იყო ავტორი ამ ძალიან პროგრესული წინადადებებისა, დაავიწყდა ეს და საარჩევნო კოდექსში მხოლოდ ფასადური ცვლილებებით შემოიფარგლა, რომელიც ნამდვილად ვერ ჩააყენებდა პარტიებს მეტ-ნაკლებად ერთიან სასტარტო პირობებში.
- რაში მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან ამ დაპირების შეუსრულებლობის მოტივაცია?
- ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უჩნდებათ განცდა, რაც შეიძლება მეტად და რაც შეიძლება ხელოვნურად გაიხანგრძლივონ საკუთარი ყოფნა ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” შემადგენლობამაც ვერ გაუძლო ცდუნებას, იმის მიუხედავად, რომ ისინი არჩეულნი იყვნენ კონტრასტული არჩევნების შედეგად.
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობა გავიდა არჩევნებზე, არა კონკრეტულად “ქართული ოცნების” შემადგენლობის მოწონების საფუძველზე, არამედ ეს იყო პროტესტული არჩევნები წინა ხელისუფლების მიმართ. ყველას, ვისაც არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილი, ხმა მისცა “ქართულ ოცნებას” იმის გამო, რომ ამ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” მართვის სტილი მაინცდამაინც დიდად არ აწუხებს და რამდენიმე ფასადური რეფორმის გარდა, არც ერთ დარგში ძირეული რეფორმები არ ჩაატარა. ეს ეხება, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, ეკონომიკას, საგადასახადო კანონმდებლობას და ა.შ. მუდმივად საუბარი, ჩვენ ხომ ისე არ გცემთ და არ გაშინებთ, როგორც “ნაციონალური მოძრაობაო”, - დიდხანს ვერ გაგრძელდება. დღეს არც ამის დროა და არც ის მდგომარეობაა საქართველოში, რომ ვიღაცამ თავი აცემინოს ხელისუფლებას. ცუდი არ იქნება, თუ ამ არჩევნების შემდეგ მაინც, “ქართული ოცნება” გაატარებს იმ რეფორმებს, რომელსაც უხვად არიგებდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
- მას შემდეგ, რაც არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა ორ ბლოკად გაერთიანება შეძლეს, რამდენად გაჩნდა შანსი, რომ 15 ივნისის არჩევნების შედეგად, თვითმმართველობის სტრუქტურებში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალოს?
- მოქმედი საარჩევნო კოდექსი აწყობილია სახელისუფლებო პარტიასა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე. როცა ვსაუბრობთ არასაპარლამენტო ძალების შანსებზე, უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ამ საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, არასაპარლამენტო პარტიებს გამარჯვების შანი ძალიან დაბალი აქვთ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოსახლეობაში მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ ხმების გახლეჩის ტექნოლოგია, ის, რომ მხოლოდ სუფთა ხმა ითვლება ჩამონათვალში და იქიდან ხდება პროცენტების გაანგარიშება, დაფინანსების ბერკეტების არქონა, ხელს არ უწყობს არასაპარლამენტო ოპოზიციას, რაც მათი გამარჯვების შანსებს ამცირებს. ხედავთ, დღეს რა ვითარებაა? სხვადასხვა მიზეზების გამო, ბიზნესს მაინცდამაინც დიდი სურვილი არ აქვს, არასაპარლამენტო ოპოზიცია ისეთ დონეზე დააფინანსოს, რომ ამ ოპოზიციამ კონკურენცია და ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას.
- არასაპარლამენტო ძალების მიმართ ინტერესის არქონა რისი ბრალია?
- ჩემი აზრით, იმის ბრალია, რომ კანონმდებლობაში სათანადო რეფორმები არ განხორციელდა. ის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია დაყოფილია, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს “ქართულ ოცნებას” გამარჯვებაში, რადგან არასაპარლამენტო ოპოზიცია ხმებს ერთმანეთს წაართმევს და მათი მაჟორიტარების გადაფარვა თუ მოხდება, დაახლოებით მივიღებთ ისეთ სურათს, როგორიც გვქონდა ნაძალადევში, შუალედურ არჩევნებში. მაშინ, ფაქტობრივად, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ჯამში, დააგროვეს უფრო მეტი ხმა, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა, მაგრამ იმის გამო, რომ ხმები ერთმანეთს გაუყვეს და თან არადემოკრატიული ბარიერი იყო განსაზღვრული, მოიგო სახელისუფლებო კანდიდატმა. დღეს ბარიერი კი არის ნამდვილად 50%, მაგრამ, ასე ვთქვათ, რომ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას, იმის გარდა, რომ არ ჰყავს წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში, სხვადასხვა რეგულაციები არ აძლევს თანაბარ საშუალებასა და პირობებს, რომ ოპონირება გაუწიოს სახელისუფლებო კანდიდატს, არც იმის რესურსი აქვს, რომ აქტიურად ატაროს შეხვედრები რეგიონებში, რათა მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები გახდეს მათი პოზიცია და ამოცანები. ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისევ მოიგებს “ქართული ოცნება”. რეგიონების დახმარებით, ალბათ, მეორე ადგილზე ისევ გავა “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა აქტიურად არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება მისული ამომრჩევლის რაოდენობით. იმაზეც კი არ იზრუნა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომ საარჩევნო კოდექსში გაჩენილიყო რეგულაცია და ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმა მაინც ჩათვლილიყო მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაში. ეს იძლევა იმ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას, რომ, ვისაც უფრო მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, შედგეს ისეთს დადებს, რომელიც შეიძლება სრულად განსხვავდებოდეს მთლიანი მოსახლეობის ხედვისგან. მაგალითად, თუ ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 3 მლნ 800 ათასი ამომრჩეველი, ხოლო არჩევნებზე პირობითად, ვთქვათ, მივიდა 100 ამომრჩეველი და აქედან ყველამ მხარი დაუჭირა ერთ პარტიას, არჩევნების შედეგებით ამ პარტიას დაუდასტურდება 100%.
- მაშინ რაში მდგომარეობს არასაპარლამენტო ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი?
- მთავარია, როგორ შეძლებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, მოტივაცია გაუჩინოს იმ ამომრჩეველს, რომელიც არ იქნება არც “ქართული ოცნების” და არც “ნაციონალების” მხარდამჭერი, რათა მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
- არის თუ არა შესაძლებელი, რომ თბილისის, ან სხვა ქალაქის მერი არ აღმოჩნდეს “ქართული ოცნების” კანდიდატი?
- გახსოვთ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა მათ კანდიდატებს მეტ-ნაკლებად ძლიერი კონკურენტები არ ჰყოლოდათ? იმაზეც კი წავიდნენ, საინიციატივო ჯგუფებს უფლება წაართვეს, საკუთარი სასურველი კანდიდატი დაერეგისტრირებინათ მერის არჩევნებზე. ერთსა და იმავე პირს აუკრძალეს, იყოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და ამავდროულად იყოს მერობის კანდიდატი. ამ გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ფაქტობრივად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოტივაცია მოუკლეს. გახედეთ ქალაქებს, რაიონებს, შეადარეთ სახელისუფლებო კანდიდატების ოფისები და შტაბები, დანარჩენ მონაწილეთა შტაბებსა და პარტიულ ოფისებს. ნახავთ, რა ფული იხარჯება ამ არჩევნებში. მთელი პრობლემა ისაა, რომ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, არამედ “ნაციონალური მოძრაობისა” და შევარდნაძის ხელისუფლებებსაც კარგად ესმოდათ, - მათი გამარჯვების შანსი მდგომარეობს არა იმაში, რამდენი ადამიანი მისცემთ ხმას, არამედ სახელისუფლებო ბერკეტების ხელოვნურად მორგებაში. სანამ საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელს არ ეცოდინება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება საარჩევნო ყუთთან და რიგითი ამომრჩევლის ნებისმიერ ხმას შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში, მანამდე არ იქნება მთავრობა ხალხთან ანგარიშვალდებული. დღეს ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორი მხარდაჭერით სარგებლობს მოსახლეობაში. მისთვის მთავარია, აკონტროლოს საარჩევნო ადმინისტრაცია, დააწესოს მისთვის ხელსაყრელი ბარიერი, გამოართვას ბიზნესს იმ რაოდენობის ფული, რამდენიც მას უკონკურენტოს გახდის. ეს არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, ეს უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია საქართველოში.
- ბიზნესიდან მიღებული ფულის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?
- გადახედეთ შემომწირველებს და ნახავთ, რომ ბიზნესს გემოვნება არ ეცვლება და წლიდან წლამდე ცდილობს, მხოლოდ სახელისუფლებო პარტია დააფინანსოს.
- ეს მათი სურვილით ხდება, თუ სხვა მეთოდით მიდის თანხების “ამოღება”?
- საკუთარი სურვილით ხდება ეს, თუ ვინმე ჰკარნახობს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, თუ თქვენ გააანალიზებთ შემომწირველთა კლასიფიკაციას, ნახავთ, რომ უკვე რამდენი წელია, ბიზნესი, იშვიათი გამონაკლის გარდა, აფინანსებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას. ბიზნესმენები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდნენ, დღეს დიდი სიამოვნებით აფინანსებენ “ქართულ ოცნებას”. სამწუხაროდ, საქართველოში, არც ერთ ბიზნესმენს არ გაუჩნდა სურვილი, რომ დააფინანსოს, რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია იმის გამო, რომ თუნდაც ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას.
- სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი “ნაციონალური მოძრაობის” უკანონო ფინანსურ წყაროებზე საუბრობს, თუმცა ამ პროცესს ხელს არავინ უშლის. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ფინანსური მდგომარეობის შესახებ?
- ასეთი არაფორმალური დამფინანსებლები “ქართულ ოცნებასაც” ჰყავს. “ნაციონალურ მოძრაობას”, ჯერ ერთი, სერიოზული დაფინანსება აქვს ბიუჯეტიდან, ამასთანავე, “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი “კარის ბიზნესმენები”, თუ ხედავთ, რომ თავს ცუდად გრძნობენ, მე ასე არ ვხედავ. “ნაციონალურ მოძრაობას” ფული არც დღეს აკლია. შესაძლებელია, იმ რაოდენობით აღარ აქვთ, რა რაოდენობითაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს იმდენი მაინც ექნებათ, რომ სტრუქტურიზებულმა პარტიამ ამ კანონის პირობებში კონკურენცია გაუწიოს “ქართულ ოცნებას” და მეორე ადგილი მაინც დაიფიქსიროს ქვეყნის მასშტაბით.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |