|
“ბორდერიზაციის პროცესი კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეჩერდა”
”5-6 წლის განმავლობაში, დასავლეთი რუსეთის ეკონომიკისგან ქვას ქვაზე არ დატოვებს”
ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით უარს ამბობს, ციხიდან გაათავისუფლოს ეთნიკური ოსი პატიმრები: გია ვალიევი, გია ზასეევი და იოსებ კოჩიევი, რომლებსაც გორის სასამართლომ 2006 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანი, 2005 წლის 1-ელ თებერვალს გორში ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის გასამართლდა. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ეზოში მომხდარ აფეთქებას მაშინ სამი პოლიციელის: თამაზ იაკობიძის, იოსებ მინდიაშვილისა და გიორგი მთვარელიძის სიცოცხლე შეეწირა. 70-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ვალიევმა, ზასეევმა და კოჩიევმა თავის დროზე აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) პოლკოვნიკ ანატოლი სისოევის დავალებით მოქმედებდნენ და ტერორისტულ ჯგუფში, მათ გარდა, კიდევ შვიდი ადამიანი იყო ჩართული.
გორში, პოლიციის შენობის ეზოში დანაღმული ავტომობილის აფეთქების გარდა, ტერორისტთა ჯგუფმა თავის თავზე აიღო 2004 წლის შემოდგომაზე მომხდარი სხვა ტერორისტული აქტებიც. მათ შორის: გორის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის “ქართლი 2”-ის აფეთქება; კასპის რაიონში სარკინიგზო მონაკვეთის აფეთქება და ხაშურის რაიონში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რადიოგადამცემი სადგურის აფეთქება.
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლების ფონზე, მოსკოვმა და ცხინვალმა კიდევ ერთხელ გაააქტიურეს ამ სამი პატიმრის გადაცემის საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის განცხადებით, ქართული მხარე 10 ადამიანის გადაცემას აპირებდა, უფრო მეტ დათმობაზეც იყო საუბარი: “ჩვენ შეგნებულად არ ვეხებოდით ე.წ. წითელ ხაზებს. ასეთი სახის გაცვლა თავისთავად არაადეკვატურ შედეგებს მოიტანდა, როგორც ზოგადად მოლაპარაკების, ის მომავალში გაცვლის პროცესისთვის. ამას ვერ გაიგებდა და უარყოფითად შეხვდებოდა საზოგადოებაც”.
თებერვლიდან მოყოლებული, მოსკოვმა სამი ქართველი მზვერავი გაათავისუფლა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე, ჯაშუშობისთვის ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. პარალელურად, სეპარატისტულმა ცხინვალმა განაცხადა, რომ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დატყვევებულები, მხოლოდ ვალიევში, ზასეევსა და კოჩიევში გაცვლის.
ცხინვალის იზოლატორში, ყველაზე დიდი ხნის მანძილზე, 2009 წლის ნოემბრიდან არის დატყვევებული, ახალგორის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ამჟამად პენსიონერი, 65 წლის ჯემალ მიდელაშვილი. იგი რუსებმა მაშინ დააკავეს, როცა ახალგორში საკუთარი სახლის მოსანახულებლად შევიდა.
ბოლოს, რუსებსა და ოსებს ხელში ჩაუვარდათ საქართველოს მოქალაქე რომან შიტიკოვი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მედლით “მხედრული მამაცობისთვის” არის დაჯილდოებული. როგორ აღმოჩნდა შიტიკოვი ოკუპაციის ზონაში, ეს დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცხინვალსა და თბილისს შორის, დაკავებული ადამიანების გაცვლის პროცესი მეტ-ნაკლები სტაბილურობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, თბილისის მიერ ცნობილი პატიმრის მარეკ დუდაევის განთავისუფლება, რომელსაც 23 წელი წელი ჰქონდა მისჯილი. ასევე, ცხინვალის მხრიდან, სამხრეთ ოსეთის პროქართული ადმინისტრაციის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის გამოშვება. ის 13-წლიან სასჯელს იხდიდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “პრემიერი” სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრის ხელმძღვანელს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
_ გორის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილ გია ვალიევს, გია ზასეევსა და იოსებ კოჩიევს, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტია არ შეხებიათ. ამის გამო, ზუსტად ერთი წლის წინათ, ამ სამმა პატიმარმა, კიდევ 72 თანამესაკნესთან ერთად, პროტესტი შიმშილობით გამოხატა. 2014 წლის იანვარში ეთნიკურად ოსმა პატიმრებმა, შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. პარალელურად, გიორგი მარგველაშვილს შვილის შეწყალების თხოვნით, ასევე, მიმართა პატიმარ ზასეევის დედამ ლუდმილა უსოვიჩმა.
_ რა ინფორმაცია გაქვთ და როგორ აფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ცხინვალისა და საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით?
_ სტატუსის თვალსაზრისით, ორივე მხარეს პატიმარია, მტრებს ვერ დავარქმევთ, რადგან საკითხი საომარი მოქმედებების დროს დაკავებულებს არ ეხებათ. საომარი მოქმედებებისას ვინც იყო დაკავებული, რა ხანია, გარდაიცვალა. ცხინვალის ციხეში მყოფი 10-12 პატიმრიდან, ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ფსევდოსაზღვრის ვითომ დარღვევისთვის არის დაკავებული. უნდა ითქვას, რომ იქ დიფერენცირებული მიდგომა აქვთ, ზოგ შემთხვევაში ჯარიმას ახდევინებენ 1500-2000 რუბლს და უშვებენ, ზოგ შემთხვევაში პატიმრობას უსჯიან. დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამხედრო პირია, მაგრამ დაკავებულია არა საომარი მოქმედებების დროს, არამედ ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო. ის ეროვნებით რუსია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომელი. როგორც გაირკვა, საზღვარი ნასვამ მდგომარეობაში დაურღვევია, მაგრამ სამხედრო პირი რომ არის, ამიტომ ბრალად ედება 2008 წლის ომში მონაწილეობა. მონაწილეობდა თუ არა ომში, სხვა საკითხია. რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ ციხეებში პატიმრებს, მათი ერთი ნაწილი გორის ტერაქტის შემდეგ დაპატიმრებულებია და სასჯელი მასში მონაწილეობის გამო ადევს. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც, მიმაჩნია, რომ დაახლოებით იმ პრინციპით არიან დაპატიმრებული, როგორც ცნობილი “ენვერის” ოპერაციის მონაწილეები და სინამდვილეში ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. მაგალითად, ასეთია, ალექსანდრე თედეევი, რომელიც ზის საქართველოს ციხეში. სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, თავის დროზე თედეევი საკუთარი ფეხით გადმოვიდა და ჩაბარდა, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, შემდეგ კი ბრალად დასდეს გორის ტერაქტშიც მონაწილეობა.
_ როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ოსური მხარე თანახმაა, 5 პატიმარი გადმოსცეს ქართულ მხარეს და სანაცვლოდ, პატიმრების იგივე რაოდენობა მიიღოს. მაგრამ იმის გამო, რომ საქმე გორის ტერაქტში მონაწილეობას ეხება, ხელისუფლებამ ამგვარი შეთავაზების შესრულებისგან თავი შეიკავა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ოფიციალური ხელისუფლების ამგვარი პოზიცია?
_ მე მაგალითად, ამ მიდგომის წინააღმდეგი ვარ, და მიმაჩნია, რომ თუ ამ აქციას გაცვლის ფორმა ექნება, მაშინ ყველა ყველაში უნდა გაიცვალოს. თუკი გაცვლის ფორმა არ იქნება, მაშინ კეთილი ნების დემონსტრირების შემთხვევაში, ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს ეს ამბავი. მაინც მიმაჩნია, რომ ყველა ყველაში უნდა გაიცვალოს.
_ კეთილი ნების დემონსტრირებაში რას გულისხმობთ?
_ კეთილი ნების დემონსტრირებაში ვგულისხმობ, რომ საუბარი იყოს არა რაოდენობაზე, არამედ იყოს შერჩევითი და ვისაც ვინ უნდა, ის გაათავისუფლოს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომ ეს შეიძლება გამოვიდეს არაპოპულარული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი სამართლიდან და პოზიციიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი უნდა გაიცვალოს დამნაშავეებში. ასეთ შემთხვევაში რატიანის პოზიცია აბსოლუტურად სწორია, მაგრამ სეპარატისტების მხრიდან ეს იდენტური დანაშაულია. მათთვის _ გორის ტერაქტში მონაწილეც და საზღვრის დამრღვევიც, ორივე ტერორისტია. რასაც ვამბობ, ეს აბსოლუტურად სწორი არ არის, მაგრამ მე სეპარატისტების პოზიციიდან ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ გორის ტერაქტში ბრალდებულებიდან, მასში ყველა არ მონაწილეობდა, მათ შორის, თედეევიც. ამის გარდა, ალექსანდრე თედეევის გამოყენება ციხეში იმ პრინციპით ხდებოდა, რომ მისი რაიმე ტიპის დანაშაული საერთოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასე რომ, საქართველოს მხრიდან გამოვა არაპოპულარული ნაბიჯი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ის შეიძლება ხელისუფლებამ იმისთვის გადადგას, რომ საკუთარ მოქალაქეებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
_ რა შედეგს მოიტანს ასეთი არაპოპულარული ნაბიჯი იმის გარდა, რომ ადამიანები განთავისუფლდებიან ცხინვალის ციხიდან?
_ სხვა რა შედეგი უნდა მოიტანოს, როცა მთავარი ამ ადამიანების განთავისუფლებაა. ცხინვალის იზოლატორში ჯდომა მარტივი საქმე არ არის, მე ნამყოფი ვარ, 1990 წელში, როგორც პატიმარი, და უკვე მოგვიანებით 2003 წელში, როგორც კომისიის წევრი. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ცხინვალის ციხეში ვინმე დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს.
_ საოკუპაციო ხაზის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, რუსეთის მხარემ გადაკეტოს თბილისი-გორის ცენტრალური მაგისტრალი. რამდენად რეალურია ამგვარი საფრთხე?
_ რუსული პოლიტიკის დემონსტრირება სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში, ორი მიმართულებით ხდება. ერთია _ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის დათბობა, ქართველ ხალხთან ურთიერთობის ფორმატის შეცვლა, საჰაერო მიმოსვლის, ეკონომიკური კავშირების აღდგენის, კულტურული და ჰუმანიტარული ფორმატების შექმნის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, კი ე.წ. ბორდერიზაცია, რომელიც ხდება ამ პირობითი საზღვრის გასწვრივ, ანუ მუდმივი შევიწროება და სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე. ეს მაგალითი “მათრახისა და თაფლაკვერას” კლასიკური მაგალითია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეორე შემთხვევაში, ეს დარტყმა ძირითადად საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება, რომლის პრესტიჟიც საზღვრის გადმოწევის გამო ილახება და ასევე, უშუალოდ იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დანარჩენი საქართველოსთვის პროცესი გამაღიზიანებელია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან ურთიერთობის “თაფლაკვერა” ფორმატში. მე ადამიანებს ვერ გავამტყუნებ, ამავე კონტექსტში განვიხილავ რიგებს რუსეთის საელჩოსთან, რუსეთის ვიზების მიღებისა და პასპორტების აღების მიზნით. ქვეყანაში სახელმწიფო იდეოლოგიის უმწვავესი დეფიციტია და აქედან გამომდინარე, ადამიანების სხვადასხვა ჯგუფები, განსხვავებულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბორდერიზაციის პროცესი კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრის შემდეგ შეჩერდა. ვიცი, რომ კარასინმა პირდაპირ თქვა, ეს აღარ გაგრძელდებაო. მან ეს დახურულ შეხვედრაზე თქვა. მერე ჟურნალისტებს უნდა დაესვათ ეს შეკითხვა, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ დაუსვეს, კარასინმაც თავი დაიძვრინა და ოფიციალური განცხადება არ გააკეთა. ახლა არავითარი პროცესი ოკუპაციის პერიმეტრზე არ მიდის, მაგრამ რაც აქამდე გაკეთდა, რუსებს რომ ჰკითხო, რატომ აკეთებთო, ოფიციალურ მოსკოვს პასუხი არა აქვს.
_ თქვენი აზრით, რატომ აკეთებს?
_ პარადოქსული სიტუაციაა, თუ რუსეთს ეს საზღვრის დაცვისთვის სჭირდება და ამისთვის აკეთებს, მაშინ თავიდან ბოლომდე უნდა გააკეთოს. თუ სანახევროდ აკეთებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი და არა სხვა საჭიროება, სამხედრო თუ რეგიონალური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა.
_ რა სახის შეიძლება აღმოჩნდეს რუსული პოლიტიკის დემონსტრირება საქართველოში, თუკი საგარეო პრიორიტეტების დათმობაზე ქვეყნის ხელისუფლება ისევ უარს იტყვის?
_ ჯერ კიდევ 2010 წელს, როცა ძალიან გამწვავდა მდგომარეობა ირანის გარშემო, აშშ სამხედრო ოპერაციას გეგმავდა ირანის წინააღმდეგ და მაშინ ამოტივტივდა ეს პროექტი, რომელიც 15 წლის წინათ არის მომზადებული. ის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე კორიდორის გაკეთებას ცხინვალიდან ახალქალაქის მიმართულებით. ეს პროექტი დეტალებშია დამუშავებული და 2008 წელს ამ მიმართულებით რუსებმა ძალების მოთელვა-დემონსტრირება ჩაატარეს. მიხეილ სააკაშვილის გაუთავებელი ლაპარაკი, რომ რაღაც პოლიციელთა გუნდმა გააჩერა რუსული ტანკები ბორჯომთან, არის ტყუილი. მეორე მხრივ, დასავლეთიდან ის ადამიანები ჩაერივნენ აქტიურად, ვინც აკონტროლებენ ენერგომატარებლების კორიდორს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს გზა რუსეთს ოფიციალურად სჭირდება იმისთვის, რომ სომხეთში განლაგებული რუსული ბაზა სახმელეთო მომარაგების გარეშე არ დარჩეს. ეს არის ოფიციალური ვერსია, არაოფიციალური ვერსია კი, პრინციპში, ისაა, რომ ამ გზის გაჭრით, რუსეთი ძალიან ბევრ კურდღელს კლავს.
_ კერძოდ?
_ ერთი მხრივ, ის საქართველოს შუაზე ჭრის და აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, საქართველოს სახელმწიფოებრივ აქტიურ ქმედებას შეწყვეტს, მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანს აჩერებს. აზერბაიჯანი დღეს არის მთავარი კონკურენტი რუსეთისა ევროპაში ენერგომატარებლების გატანის და თუ ეს კონტროლი რუსეთმა ხელში ჩაიგდო, მაშინ დამთავრდება აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკა. ამის გარდა, პრაქტიკულად დივერსიფიცირებული პროექტი ევროპის რუსეთის გარეშე გაზითა თუ ენერგომატარებლებით მომარაგებისა, უაღრესად შემცირდება. ამიტომაც ეს პროექტი აქტიურად იხილება რუსულ კულუარებში და ეძებენ შესაფერის მომენტს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი გადაუდებლად მოხდება. ფაქტია, რომ ყოველი შემთხვევისთვის, ეს გეგმა არსებობს.
_ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ხომ არ არის მოსალოდნელი, მოხდეს ისეთი რამ, სადაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას შეეცდება?
_ ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება არასდროს არ მოხდეს. საქმე ის არის, რომ ვითარება დღეს მიბმულია უკრაინის მოვლენებზე. ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, დასავლეთის აქტიურობაზე, რამდენად ფორსირებულად მოხდება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთი ობიექტურად წინააღმდეგი არ არის, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწეროს ხელი. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთი მხრივ, ეს არის უფრო ეკონომიკური დოკუმენტი და მეორე მხრივ, რუსეთი ემზადება, გააფორმოს ისრაელთან ხელშეკრულება ისრაელის საბაჟო კავშირში მიღებასთან დაკავშირებით. ამიტომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთი თვალს დახუჭავს. თუმცა რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ მაპ-ი არ მიიღოს და ნატოსკენ ნაბიჯი არ გადადგას.
_ ყველაფრის გაკეთებაში რას გულისხმობთ?
_ სამხედრო ზეწოლას ვგულისხმობ. უკრაინის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთი მზად არაფრისთვის არ არის. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ამერიკის ელჩი იქადნება, მყისიერ პასუხს გავცემთ რუსეთს იმ შემთხვევაში, თუ ის სამხედრო ძალით უკრაინის საზღვარს გადმოლახავსო, მე მისი არ მჯერა. ხანმოკლე პერსპექტივაში, ჩვენი პატრონი არავინ არის და ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 5-6 წლის განმავლობაში, დასავლეთი რუსეთის ეკონომიკისგან ქვას ქვაზე არ დატოვებს.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |