|
ქართულ პოლიტიკაში სრული აჯაფსანდალია - ვინ ვის ინტერესებს და რატომ, ასე ვთქვათ, ამაგრებს, ვერ გაიგებ. ერთი სიტყვით, სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის თქმისა არ იყოს, ეშმაკმა უწყის, ვისი ვიოლინო ვის როიალშია. ისე, რაკი სიტყვამ მუსიკალური ინსტრუმენტები მოიტანა, ქართული პოლიტიკა არც სალამურზე დამკვრელთა ნაკლებობას განიცდის, თუმცა “მესალამურე” პოლიტიკოსები ცალკე საუბრის თემაა... და მაინც, რა ხდება? - ეს ისევ რიტორიკული შეკითხვაა.
სხვათა შორის, “რა ხდებაზე” გამახსენდა. მართალია, რამდენიმე თვის წინ სამთავრობო კულუარებიდან ხმა გამოვიდა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოკა და ნონა ყანდიაშვილებს დასანახად ვერ იტანს და ამ სუბიექტებმა მაღალი სახელმწიფო თანამდებობებიც დატოვეს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ყანდიაშვილები არსადაც არ წასულან და უწინდებურად “ოცნების” “რუხი კარდინალები” არიან. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი ყანდიაშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის მთავარი “პიარია”.
“პრემიერის” სამთავრობო მსტოვრების მონაცემებით, ნონა ყანდიაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის ერთგული მსახურია. კულუარული ხმებითვე, თურმე ბიძინა ნანობს, ხუხაშვილს რომ ემეგობრებოდა. ამასთანავე, სხვადასხვა წყარო პირად საუბარში მიანიშნებს, რომ მთავარი პროკურატურა ფარულად ხუხაშვილზე “კომპრებს” აგროვებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ არის ხუხაშვილის ერთგული მსახური ყანდიაშვილი “ოცნების” მთავარი საარჩევნო პიარი?
თუმცა “ოცნება” ფართო ცნებაა და, როგორც “პრემიერმა” გაარკვია, გუნდი “მარტივ მამრავლებადაა” დაშლილი, ანუ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, რომელიც საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, და “ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია “გადაბმული ძმები” ყოფილან.
“ნარმანია დიდი ინიციატივებითა და კრეატიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახის წყალობით, ბიძინას კარზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ საარჩევნო სიაში ნარმანიას რამდენიმე კანდიდატურა მოხვდება. როგორც ვიცი, კალაძე და ნარმანია ცდილობენ, თბილისის საკრებულოში საკუთარი გუნდი შექმნან. ის ინფორმაციაც მაქვს, თუ ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. სამწუხაროდ, გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ე.წ. ნარმანიას კვოტით “ოცნების” სიაში შეიძლება რამდენიმე პროფესიონალი მოხვდეს, რაც თავისთავად, ურიგო არ იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა “ოცნების” რეაქციული ფრთა სიაში პოეტ დავით მაღრაძის, მხატვარ ნიკუშა შენგელაიასა და სხვა ტიპების ჩასმას ლობირებენ”, - ამბობს “პრემიერის” წყარო, რომლის ინფორმაციითვე, მაღრაძეს კულტურის მინისტრობის ამბიციაც ჰქონია, თუმცა ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, ამაზე არც იოცნებოსო.
“პრემიერმა” კიდევ ერთი დეტალი გაარკვია: “ქართული ოცნების” საარჩევნო სია შუაზე იქნება გაყოფილი, ანუ სიის 50 პროცენტს მთლიანად პარტია “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს, დარჩენილი 50 პროცენტი კი კოალიციაში შემავალ პარტიებზე გადანაწილდება, სადაც, თავის მხრივ, უპირატესობით თურმე “რესპუბლიკელები” და ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” სარგებლობენ.
საერთოდ, “პრემიერს” უხსნიან, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები, მაგალითად, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ატეხილი ისტერიკა, პირდაპირ თუ ირიბად, ირაკლი ალასანიას, უფრო სწორად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას უკავშირდება.
“თუ დააკვირდებით, ამ კანონპროექტს ყველაზე აგრესიულად ისინი აპროტესტებენ, ვისაც ღია თუ ფარული რუსული ბეგრაუნდი აქვთ. ეს ადამიანები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება თითქოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. დააკვირდით, ეს თემა როდის გააქტიურდა - 17 მაისის წინ. არ მინდა, ხალხს გული გავუხეთქო, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისისთვის დიდი პროვოკაცია იგეგმება და ამ კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც სწორედ ამ პროვოკაციის მოსამზადებელი სამუშაოებია. ამასთანავე, მაქვს ინფორმაცია, რომ “საზოგადოებრივ ასპარეზზე” ისეთი ფიგურებიც გამოვლენ, როგორიც, მაგალითად, რუსეთში მყოფი ვინმე მინდია გულუაა. გულუა საარჩევნო პროცესში ღიად არ ჩაერთვება, მაგრამ, როგორც გავარკვიე, რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფსა და პარტიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მოლაპარაკების მთავარი საგანი ფინანსებია, ანუ გულუა ამ ხალხს ფულით უზრუნველყოფს, რის სანაცვლოდაც მათგან თავისი, ანუ რუსული ინტერესების გატარებას მოითხოვს. რაღაცების თქმისგან ჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ მაინცდამაინც არც ის მომწონს, ყოფილმა ვეტერანებმა პარტია რომ შექმნეს და, პარალელურად, პრეზიდენტ მარგველაშვილის, ასე ვთქვათ, სამხედრო მრჩევლად აკია ბარბაქაძე დაინიშნა”, - აღნიშნავს “პრემიერთან” პრივატული საუბრისას კარგად ინფორმირებული წყარო, თუმცა აკია ბარბაქაძისა და ვეტერანების თემის განვრცობისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
არსებობდა მოლოდინი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების წინ, ხელისუფლება ყოფილი სახელისუფლებო გუნდის, ანუ “ნაცმოძრაობის” წევრების მიმართ წნეხს გააძლიერებდა, რაც დაკითხვებზე დაბარებასა და დაჭერებში გამოიხატებოდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ, პრემიერმა ღარიბაშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართული სუბიექტებით სამართალდამცავები ჯერჯერობით არ დაინტერესდებიან. “პრემიერის” წყაროს მოსაზრებით, ამით ღარიბაშვილი ე.წ. რუსულ სცენარს გაემიჯნა, რომლის თანახმადაც, დაკითხვა-დაჭერები პოლიტიკური მღელვარების საბაბი უნდა გამხდარიყო, ანუ ოცნებაგაცრუებული მოსახლეობა, გარკვეული ძალების წაქეზებით, ქუჩაში გამოვიდოდა და დიდ საპროტესტო ტალღას ააგორებდა. ამ აქციების მთავარი მესიჯი ასეთი იქნებოდა: დავიღალეთ ამდენი დაჭერებით, გვშია, ხელისუფლება კი შერჩევითი სამართლითაა დაკავებულიო.
მოკლედ, როგორც წყარო ამბობს, ეს სცენარი ჩავარდა და შესაბამისად, გეგმა “ბ” ამუშავდა, რომელიც საქართველოში ყველა დროსა და ეპოქაში ემოციურია, ანუ ხალხის “დაბოლება” ლოზუნგით, ევროპა და აშშ ქართველობას გვართმევს!
პარალელურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ოცნებაში” განხეთქილების კერები ჩნდება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ყვარლის ინციდენტია, როცა ყვარლის გამგებელი, ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი რამდენიმე ხნით დააკავეს. ქევხიშვილი, როგორც “პრემიერის” წყარო ამბობს, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშაა და მისი “გაფუჭებით” გარკვეულმა ძალებმა ივანიშვილს თურმე მიანიშნეს, ყველაფერი ისე კი არ იქნება, როგორც შენ გინდა, არამედ ისე იქება, როგორც ჩვენ გადავწყვეტთო, თუმცა “პრემიერის” წყარო აცხადებს, რომ ქევხიშვილის ინციდენტი უკვალოდ არ ჩაივლის და მას დიდი ამბები მოჰყვება, პირველ რიგში კი, ფართომასშტაბიანი საკადრო წმენდა შესაძლოა, შსს-ში დაიწყოს.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |