![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“არ მინდა იმ მორევში ვიყო, რომელიც წლების განმავლობაში კლასიკური გაგებით პოლიტიკაში არსებობს”
“ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობისთვის” შეასრულა ისეთი როლი და ფუნქცია, როგორც მგელი ასრულებს ტყისთვის სანიტრის ფუნქციას”
წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების, მისი მიმდინარეობის, შეფასებისა და სამომავლო შანსების გარკვევის მიზნით გაზეთი “პრემიერი” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ესაუბრა.
- თბილისის მერობაზე კენჭს იმ პოლიტიკური ორგანიზაციიდან იყრით, რომელსაც თავისივე წარსულიდან გამომდინარე, დამარცხების შანსი მეტი აქვს, ვიდრე გამარჯვების. თავად როგორ აფასებთ საკუთარ პოზიციას მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო?
- ეს მოსაზრება თავშივე მცდარია, რადგან მოსალოდნელ შედეგს რეალურად თავად არჩევნები წყვეტს. ვფიქრობ, ეს არჩევნები არაორდინარული და ძალიან განსხვავებული იქნება ყველა იმ არჩევნებისგან, რომელიც ქვეყანაში აქამდე ჩატარებულა. სწორედ საარჩევნო კამპანიას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა და წინასწარ იმის თქმა, ვის აქვს მეტი შანსი და ვის ნაკლები, შეუძლებელია. მესმის “ქართული ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერების ნაწილის, ვისაც მიაჩნია, რომ, რადგან მე კენჭს ვიყრი იმ პოლიტიკური გაერთიანების რიგებიდან, რომელსაც ბოლო არჩევნებში მარცხის გამოცდილება აქვს, აუცილებლად მესამე არჩევნებშიც უნდა დამარცხდეს, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები, გამომდინარე მარტივი მიზეზიდან, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული არჩევნები.
- რა გაგებით არის განსხვავებული არჩევნები?
- თავისი სპეციფიკით არის განსხვავებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც სხვა ცოდნა-გამოცდილება ფასობს. უბრალოდ, ჩვენშია აღრეული იმის გაგება, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ ვირჩევთ. ზოგადად, ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე კანდიდატი დღეს უალტერნატივოა. ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება არჩევნები, სადაც მერობის ნამდვილი კანდიდატის გამოსავლენად თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, რომ შანსები 50/50-ზე გადანაწილდება და ამ განწყობებს ვხედავ თავად ამომრჩეველში.
- რატომ გადაწყვიტეთ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი გამხდარიყავით, რომლის წვერიც არც გამგებლად დანიშვნამდე ყოფილხართ და არც მანამდე?
- წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რეალურად რომ დამენახა, წინა წლებში რაც კარგი იყო, იმას გააგრძელებდა ახალი ხელისუფლება, უკეთ განვითარდებოდა და ცუდ მხარეს აღარ წაახალისებდა, არანაირი სურვილი არ გამიჩნდებოდა, კენჭი მეყარა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება დაკომპლექტებული იყოს იმ ხალხით, ვინც კეთილდღეობას შექმნის და ეს კეთილდღეობა მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე გავრცელდება. სამწუხაროდ, დავინახე, რომ რეალურად იმ მანკიერების წახალისებული გამოდგა ახალი ხელისუფლება, რითაც მისი წინამორბედი ხასიათდებოდა. შეცდომები და მანკიერებები, რომელიც წლების განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” დაუგროვდა... ახალმა ხელისუფლებამ ესტაფეტა “ღირსეულად” გააგრძელა და ყველაფერი კარგი შეაჩერა. რაც არ უნდა “ქართული ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს, არ მეგულება ვინმე, ვინც კმაყოფილია იმით, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხდება. საუბარი, რომ არასახელისუფლებო კანდიდატი არის უალტერნატივო, მინიმუმ არასწორი და არაკორექტულია თბილისელებთან მიმართებაში. თბილისელები ირჩევენ მერს და მათ უპირატესობებზე დღეს მხოლოდ განწყობებით თუ ვიმსჯელებთ.
- ჩვენში ამა თუ იმ კანდიდატის რეიტინგი იმის მიხედვით ითვლება, ვინ დგას მის უკან. ამგვარი წინასწარი კვლევით კი, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარდამჭერები იმაზე ნაკლები ჰყავს, ვიდრე თუნდაც, ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებში ჰყავდა. ფიქრობთ, რომ დედაქალაქში პოტენციური ამომრჩევლის დამოკიდებულება შეცვლილია?
- არასწორად მიმაჩნია ასეთი მიდგომა, თუკი მერის არჩევნებზე ვსაუბრობთ. მე მინდა ვიყო არჩეული მერი, რომელიც მხარდაჭერას მოიპოვებს არა მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერებში. ახლა მე რომ არ ვიყო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ნიკა მელია და ვიყო “ქართული ოცნების”, თუკი მოსახლეობა მხარს მიჭერს, ხმას არ მომცემენ? ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც უკვე ერთი თვეა, წარმოვადგენ, არანაირი ხიბლი და პრივილეგია არ ჰქონდა, როდესაც რეალურად გავრისკე და კენჭს ვიყრი. მიმაჩნია, რომ ცოდნა და გამოცდილება საკმარისად არის დაგროვილი და იმ შეცდომების მიუხედავად, რაც მათ დაუშვეს, მცდარი ნაბიჯი არ გადამიდგამს. მერი პოლიტიკური თანამდებობაა, რადგან ის არჩევითია, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ უყურებს პოლიტიკას. ჩემი სურვილია, პოლიტიკა დავინახოთ ისე, როგორც მე ვხედავ. პოლიტიკა არის არა გაუთავებელი ქიშპობა და დაპირისპირება პარტიებს შორის, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოციალური განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის გარანტიები და ა.შ. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც მე მაინტერესებს და თავს ისე ვგრძნობ, როგორ თევზი წყალში. კლასიკური გაგებით, პოლიტიკა ნამდვილად არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მთაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ვმუშაობ, ამაზე სასიამოვნო პოლიტიკა წარმოუდგენელია. მაქვს საშუალება, ახლოს ვიყო ხალხთან და თანამოქალაქეებს გადავუჭრა ის პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. არ მინდა იმ მორევში ჩავეფლო, რომელიც წლების განმავლობაში, კლასიკური გაგებით, პოლიტიკაში არსებობს. მოსახლეობასთან შეხვედრიდან შეხვედრამდე ვრწმუნდები, რომ ჩემი ლაიტმოტივი არის მხოლოდ ის პრობლემები, რაზეც მე ამომრჩევლებთან შეხვედრისას ვსაუბრობ.
- დედაქალაქის მერობაზე სახელისუფლებო გუნდის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას. დავით ნარმანიას თუ ვერ მოუგებთ არჩევნებს, გახვალთ თუ არა, მოპოვებული შედეგებით, თუნდაც მეორე ადგილზე?
- მე რეალურად ორი კონკურენტი მყავს: ერთი - მერობის სხვა კანდიდატები და მეორე, ქვეცნობიერ დონეზე - შეცდომებით დახუნძლული “ნაციონალური მოძრაობა”. ამის მიუხედავად, ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ წინა არჩევნებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მარცხი განიცადა, ეს პოლიტიკური ციკლია, ხარ ხელისუფლებაში და შემდეგ ოპოზიციაში გადადიხარ. ჩემთვის ტრაგედიაა, როდესაც ხელისუფლებაში მოხვალ და წინა ხელისუფლების შეცდომებს “წარმატებით” აგრძელებ. ეს ბევრად უარესი მდგომარეობაა, რადგან წინა ხელისუფლების შეცდომები იმისთვის არსებობს, რომ ისინი გაითვალისწინო და აღარ დაუშვა.
- წინა ხელისუფლების შეცდომებში რას გულისხმობთ?
- მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების ჩართულობას არჩევნებში, ოპონენტების დევნას. თუკი წინა ხელისუფლება ამას შესაბამისი სამსახურის მეშვეობით აკეთებდა, სადაც იყო გადაცდომები, დანაშაულიც და იქ ერეოდა კუდ-ი, დღეს ამას აკეთებს სუს-ი. თვალნათლივ ჩანს, რომ შსს-ს შესაბამისი სამსახური ჩართულია საარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც რიგითი შესაძლო პოლიტიკოსი “ქართული ოცნებიდან”.
- წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც მხოლოდ მძიმე ბრალეულობაზე არ ვრცელდება. სუს-ის მხრიდან რა სახის დანაშაულზე საუბრობთ?
- ამას საკუთარ ტყავზე ვგრძნობ. რაც მერობის კანდიდატად დავსახელდი, რეალურად მარტო ვერ გადავაადგილდები, მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელი შემეშალოს. მაგალითად, ერთ-ერთ საავადმყოფოში მქონდა შეხვედრა დაგეგმილი, როდესაც კლინიკის ხელმძღვანელს შევუთანხმდი შეხვედრაზე, ორ დღეში მასთან მივიდა ფინანსური პოლიციის ორი თანამშრომელი და კლინიკის დირექტორს სთხოვა, თავი შეეკავებინა ნიკა მელიასთან შეხვედრისგან. შიშობდნენ, რომ პოლიციის ხელმძღვანელობას მათთვის არ დაევალებინა იმ კლინიკაში შესამოწმებლად შესვლა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და არც ერთი საავადმყოფო არ მინდა დავტოვო, სადაც ჩემი პროგრამის წარსადგენად არ მივალ. კლინიკის ხელმძღვანელი, ვისთანაც მივიდნენ, დარწმუნებული ვარ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საკუთარი კალმისტრით არის მისული არჩევნებზე “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. ეს ადამიანი ვერ მალავდა გაოცებასა და აღშფოთებას, როცა დაინახა, რომ ამ მიმართულებით, რეალურად არაფერი შეცვლილა. როდესაც კარგად ორგანიზებულ შეხვედრას ვატარებ, იქ 40-მდე “შემთხვევით გამვლელი” მომივარდება და ცდილობს, შეხვედრის ჩაშლას, ამას რეალურად სუს-ის გარეშე ხომ ვერ გააკეთებენ?
- სხვა არასახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანებების კანდიდატებს მსგავსი რამ ჯერ არ უთქვამთ...
- რეგიონებთან ნაკლებად მაქვს შეხება და პარტიულ საქმიანობაში ნაკლებად ვარ ჩართული, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე პოტენციური კანდიდატი, ელემენტარულად დაპატიმრებულია, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” კენჭი უნდა ეყარათ.
- გამორიცხავთ, რომ საარჩევნო ფონის დამძიმების მიზნით სულ სხვა პროვოკაციული ძალა იყოს დაინტერესებული, რომელსაც არჩევნები და მისი რეალური შედეგები ნაკლებად აინტერესებს?
- ვინ აპატიმრებს ადამიანებს? ყველაფერზე პასუხისმგებელია ის ძალა, რომელიც არის ხელისუფლებაში. როგორც რიგით მოქალაქეს, ამაზე მტკივა გული, რომ ხელისუფლებამ წინამორბედის მხოლოდ ცუდი “გაფურჩქნა”. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ, როდესაც ვხედავ, რომ ქვეყანა განვითარების მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა უკანასკნელი არჩევნების შემდეგ და პრობლემები ღრმავდება, ეს ჩემთვის ბევრად უარესია. მეტსაც გეტყვით, “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობისთვის” შეასრულა ისეთი როლი და ფუნქცია, როგორც მგელი ასრულებს ტყისთვის სანიტრის ფუნქციას. სად არის დღეს ის ხალხი, რომელიც, სამწუხაროდ, იდეისა და ფასეულობების გარეშე იყო წინა სახელისუფლებო პარტიის გარშემო გაერთიანებული და ბევრი დანაშაულიც მიუძღვის, საშუალო რგოლს განსაკუთრებით? ისინი “ქართული ოცნების” რიგებში არიან, რომელთაგან ბევრი კვლავ იმ თანამდებობაზეა, ბევრი კი დაწინაურდა. ჩემთვის “ქართული ოცნება” არის შეცდომებით დახუნძლული “ნაციონალური მოძრაობის” დუბლშემადგენლობა. რაც არ უნდა კარგი მერი, მინისტრი და პრეზიდენტი იყოს ვინმე, მნიშვნელოვანია საშუალო რგოლი ნებისმიერ კომპანიასა და ადმინისტრაციულ ორგანოში. ეს რგოლი, სადაც უამრავი “რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოსძახებ” ხალხი იყო თურმე, დღეს არის “ქართული ოცნების” მაღალ თანამდებობებზე და რასაც შეჩვეული იყო, იგივეს აკეთებს.
- მაშინ თუ იყავით ასეთი კრიტიკული “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ?
- რაც არ მომწონდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, იგივეს ვამბობ ახლაც. ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში მოვხვდი, ერთი თვის წინ. რეალურად რა მოცემულობა გვაქვს ახლა - ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოირჩევა დევნით, წინა ხელისუფლება არის თავდაცვით მდგომარეობაში და ყველაზე მნიშვნელოვანზე - რა იქნება ხვალ, ნაკლებად ფიქრობს ცენტრალური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს ოპონენტს უნდა, რომ იმ მორევში გადამისროლოს, სადაც ეს ხდება, რადგან ჩემი სურვილი დედაქალაქის განვითარება, კონკრეტული ხედვა და ჩემი პრიორიტეტების რეალიზებისთვის ძალისხმევის ხარჯვაა. სადამდე შეიძლება, ხელისუფლებაში იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების შეცდომების ხარჯზე და გერქვას წარმატებული? მერიაში ვიმყოფებით ახლა და აქ იყო დღეები, როცა სამი დღის განმავლობაში 43 თანამშრომელი სრულიად აბსურდული ბრალდებით დაიკითხა. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი ხელისუფალი ახსოვს, მთავარია, ჩვენი წასვლის შემდეგ, რას დავტოვებთ.
- როგორ დაახასიათებთ თქვენს კონკურენტებს პიროვნულად?
- ყველა კონკურენტს პატივს ვცემ, მაგრამ მირჩევნია, ვისაუბრო, თავად რას გავაკეთებდი თბილისისთვის, ვიდრე დავახასიათო ნებისმიერი კონკურენტი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დავით ნარმანია არის კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ბოროტებას არ ჩაიდენს, მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკულად 0%-ის ტოლფასი ექნება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოღვაწეობისას ეს არაერთხელ დამტკიცდა. ნაცნობობა მაკავშირებს კახა კუკავასთან, ყველას პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ. ეს არის კამპანია და შანსი ყველას უნდა ჰქონდეს, არჩევანის გაკეთება კი თბილისელებს მივანდოთ.
- არაერთხელ გავმხდარვართ მომსწრე, როგორ ეძლევა დავიწყებას წინასაარჩევნო დაპირებები. რამდენად სანდოა ამომრჩევლისთვის ის პროგრამა, რაზეც შეხვედრებისას საუბრობთ?
- ჩემი დაპირებები არ არის პოპულისტური, ისინი რეალურად შესრულებულია, ან უკვე მზად არის ბევრი პროექტი, რომელსაც მხოლოდ რეალიზება სჭირდება. უნდა გაგრძელდეს შეჩერებული პროექტების დიდი ნაწილიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში, თბილისმა მოდერნიზება განიცადა, მაგრამ ნაკლები კომფორტი აქვთ ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს, ვგულისხმობ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სარეკრეაციო ზონებს. მოსაწესრიგებელია საფეხმავლო სივრცე, რომლითაც თბილისელების 75% სარგებლობს. ბანალურია, მაგრამ თანამედროვე ქალაქს ვერ ვუწოდებ ისეთ ქალაქს, სადაც არ იქნება არც ერთი საზოგადოებრივი სველი წერტილი, საპენსიო ასაკის მქონე ყველა პირებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო უნდა იყოს. ეს არ არის ულტრადაპირება, ეს არის მცირე შეღავათი, რომელსაც თბილისის მოსახლეობა იმსახურებს და მისი შესრულება ერთ წელიწადში შესაძლებელია. გვაქვს ასევე პილოტური პროექტი, სადაც არ იქნება საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც არ ისარგებლებს ამ სერვისით. ეს გახლავთ მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა. თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟებულია ჰელიოსისტემა, რომელიც იმუხტება მზის ენერგიით. ამ კორპუსში არც ერთ ოჯახს აღარ აქვს ინდივიდუალური წყლის გამაცხელებელი, კომუნალური ხარჯი მცირდება 30%-ით, ზაფხულში კი ეს ხარჯი ნულოვანია. დარწმუნებული ვარ, მომავალში თბილისის ყველა ოჯახი ისარგებლებს ამ სერვისით. აი, ეს არის ჩემი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება თბილისს, რომელიც გაცილებით მეტია ჩემთვის, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია.
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, როგორც არასდროს, დღეს “ქართულ ოცნებას” ისე სჭირდება მარცხი არჩევნებში.
- რატომ?
- 2016 წლამდე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში უნდა იყოს, არჩევნებიდან არჩევნებამდე მისი შედეგი მკვეთრად არ უარესდება, მაგრამ გულმხურვალე მხარდამჭერების გამო, ის მიიჩნევს, რომ, თუკი რამე კარგი გაუკეთებია, საკმარისი ყოფილა ხელახალი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. როდესაც 2 წელიწადი მას წინ აქვს და ხალხი უკვე უკმაყოფილოა, ნიშნავს იმას, რომ 8 საათის ნაცვლად 12 საათი უნდა იმუშაოს და ეს არის რეალური სიგნალი. როცა არჩევნების შედეგები გაუარესდება, მას მეტი მოტივაცია ექნება საიმისოდ, რომ აკეთოს ბევრად მეტი საქმე. ამით კი მოიგებს როგორც თავად “ქართული ოცნება”, ისე თითოეული ჩვენგანი, ქალაქი და სახელმწიფო. ამიტომაც ვამბობ, რომ “ქართულ ოცნებას” დღეს სჭირდება მარცხი!
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |