|
პრეზიდენტი პუტინი კვლავ "ემუსაიფა" რუს ერს მის მიერ გამოგონილ ფორმატში: ტელეკამერები იდგა მთელ უკიდეგანო ქვეყანაში კამჩატკიდან ყირიმამდე. საგანგებოდ შეკრებილი მოქალაქეები "მნიშვნელოვან" კითხვებს უსვამდნენ. სატელეფონო ზარებითაც შემოდიოდა მილიონობით საკითხი, ისევე როგორც თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით. Apple-მა კი წამოიკნავლა, "ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობას ნუ მიგვაღებინებთო", მაგრამ სულ მალე გატეხეს: Samsung-ი გყავთ ჩვენს ბაზარზე ჩასაფრებული და ჭკვიანად იყავითო.
მართლაც, არ არის გამორიცხული, დაუვიწყარი გენადი ონიშჩენკოს თანამშრომლებს სტივ ჯობსის ქმნილებაში რაიმე ტექნოლოგიური ნაკლი ეპოვათ, მაგალითად, ეთქვათ: მეტისმეტს ასხივებსო და მისი იმპორტი საერთოდ აეკრძალათ.
რა, ჭკუა დაუშლიდათ?
რამდენიმე წლის წინათ ხომ თქვეს (როცა ანგელა მერკელის რომელიღაც გადაწყვეტილება არ მოეწონათ): "მერსედესს" ამორტიზატორები არ უვარგაო" და 70 მილიონი ევროს საქონელი დააპატიმრეს დროებით, სანამ ქალბატონმა ანჟელამ ცრემლით დაფუფქული წერილი არ გაუგზავნა თავის ძველ დრეზდენელ ნაცნობ ვალოდიას და შეწყალება არ სთხოვა.
საოცრებაა, რომ ამგვარი ფორმატი ჩვენში მიშასაც უნდოდა დაემკვიდრებინა. ერთი-ორჯერ სცადა კიდეც "სწრაფი რეაგირების ჟურნალისტური კორპუსის", ანუ "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის" მეშვეობით. ეს იმ დროს იყო, როდესაც ჯერ კიდევ ეგონა, პუტინთან რაიმე კომპრომისს მიაღწევდა და ხშირად ეუბნებოდა: "შენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამიბრუნე და არანაირი ნატო-ევროკავშირი არ მინდაო". პუტინს მაშინ "ძლიერ ლიდერს" უწოდებდა, თუმცა რაკი ბურჯანაძე ჰყავდა ჩასაფრებული (ეს ქალბატონი მაშინ სულ სხვაგვარად ჭიკჭიკებდა რუსეთზე და სულაც არ ეპიტნავებოდა, მიშას თავისი ძალაუფლება რუსეთთან რაიმე კომპრომისით გაემყარებინა), ბოლომდე ვერ წავიდა. მით უმეტეს, რომ არც არაფერს ჰპირდებოდნენ სანაცვლოდ.
ანუ, საზოგადოებასთან ურთიერთობის ამგვარი ფორმა მისთვის მენტალურად მისაღები იყო, რაც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია. რამდენიც არ უნდა იძახოს "ვესტერნიზებული" ვარ, Beatles-ზე გავიზარდე და ჩემი იდეალი რონალდ რეიგანიაო", სწორედ იმ მარაზმატული ფორმატის გადმოღების მცდელობა ადასტურებდა სტილურ და მენტალურ ნათესაობას, თურმე იმავე ამერიკაში ან ევროპაში არაფერი მსგავსი არ ხდება. PR-ი რა არის, იმათ ძალიან კარგად იციან. უფრო ზუსტად, იმათ იციან, თუ იციან, მაგრამ ჩამოყალიბდა წესი: საზოგადოებასთან ურთიერთობა ხდება ჟურნალისტების მეშვეობით, ანუ პრესკონფერენციებზე. მორჩა და გათავდა!
თორემ რა, ამერიკაში ვერ მოხერხდება პირდაპირი ჩართვები კალიფორნიიდან _ ალასკამდე, რათა მოქალაქეებმა პენსიის სიმცირესა და კომუნალურ პრობლემებზე ილაპარაკონ?
ეს სტილი უფრო კორეის ან ჩინეთის მაგვარი რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი, რაკი მართლაც გარკვეულ მენტალობას მოითხოვს. და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ "ნაციონალური ხელისუფლება" გამუდმებით გვიკიჟინებდა სინგაპურის მარაზმატული რეჟიმის შესახებ: "ადრე ვირთხებს ჭამდნენ შიმშილით და ახლა ნახეთ, როგორ ცხოვრობენო".
ვირთხებს თუ ჭამდნენ, ეს გამოუსწორებადია _ როგორი ცათამბჯენებიც არ უნდა ააშენონ ახლა!
საქართველოში არ გამოვიდოდა და არც გამოვიდა. ამიტომ თქვა მიშამ უარი და არა იმიტომ, რომ სტილი ეხამუშა. სინამდვილეში სტილი არა მხოლოდ ადამიანია, არამედ რეჟიმიც. მიშას პრესკონფერენციები ძალიან არ უყვარდა. პუტინიც უფრო იმ სტილისკენ იხრება, როდესაც "შრომითი კოლექტივები" საჭირბოროტო კითხვებს უსვამენ პირდაპირ საწარმოო ცეხიდან, ქლესა ჟურნალისტები კი მისთვის სასურველ, წინასწარ მომზადებულ საკითხებს ეხებიან მხოლოდ.
თუმცა, ბოლო ამგვარი "საერთო ნაციონალური საუბრისას" ძალზე ნიშანდობლივი ინციდენტი მოხდა. პუტინს ზომიერებამ უღალატა და თავი გაამჟღავნა. როდესაც ჰკითხეს: ქვეყანას პირველი ლედი როდის ეყოლებაო, ასეთი უხამსი, სალდაფონური, ყაზარმული პასუხი გასცა: "ჯერ ეს ჩემი ნაცოლარი გამათხოვებინა და ჩემს თავზე მერე ვიფიქრებო".
ასეთ რამეს რომ კაცი თავისი შვილების დედაზე იტყვის, ის შეიძლება რაიმე ღირსების მატარებელი იყოს, საერთოდ? მას შეიძლება რაიმე ღირებულებები ამოძრავებდეს ან მათ დამკვიდრებას ცდილობდეს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზოგადად, საოცარი ფენომენია რუსეთი და ეს პუტინშიც მჟღავნდება: რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიოს, თუნდაც სულ აღადგინოს იმპერია, პიროვნულად მაინც უბადრუკობად დარჩება. ასეთი რამ სხვა ქვეყნებში, სხვა ცივილიზაციებში წარმოუდგენელია: დიდი ლიდერები ხომ ყოველთვის, მუდამ, ყველგან განსაკუთრებული პიროვნებები იყვნენ.
2000 წელს, როდესაც ლოთობაში ჩამხრჩვალმა ელცინმა КГБ-ს საშუალო რანგის ჩინოსანი რუსეთის პრეზიდენტად დანიშნა, დასავლეთში ხშირად სვამდნენ ამ კითხვას: Who is mr. Putin?
ანუ, იგულისხმებოდა, არა "ვინ არის", არამედ "რას წარმოადგენს".
ახლა ნათელია, თუნდაც ამ ყაზარმული ხუმრობის შემდეგ: პუტინი საშუალო ადამიანია. პატარა ჩინოვნიკია. აი, გოგოლმა რომ აღწერა "შინელში": პეტერბურგის გრანდიოზულობაში მიაბიჯებს და პირველ რიგში იმაზე ფიქრობს, სამსახურში არ დააგვიანდეს, ან თბილი შინელი სად შეიძინოს.
არსება _ წყალხმელეთა ცხოველის ცივი თვალებით, იაფად დაქირავებული მკვლელის მენტალობით, უგულისყურობითა და გულგრილობით. მეტიც _ ზიზღით ყველაფრის მიმართ. თუმცა. ამავდროულად, ქვეწარმავლის ეშმაკობითა და იქედნურობით.
კიდევ ერთი საოცრებაა. წმინდა წყლის რუსული: კრემლის წინა ბინადარნი _ მიხეილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი _ პიროვნებები იყვნენ! ადამიანები ყოველ შემთხვევაში: საკუთარი თავისთავადობით, მანკიერებებით, სისუსტეებით, ღირსებებით, შეცდომებით, მიღწევებით, დამარცხებებით, მაგრამ მაინც პიროვნებები!
პარადოქსი კი ისაა, რომ ამ პიროვნებათა ზეობისას, რუსული სახელმწიფო ინგრეოდა და კნინდებოდა, ხოლო წყალხმელეთა თვალებიანი არსების მეფობისას _ ძლიერდება, მიწებს იკრებს, იზრდება და აღორძინების გზაზე დგება.
შეიძლება ითქვას, პუტინში ამ სახელმწიფოს საუკუნოვანი არსი განსხეულდა, რასაც ვასილი გროსმანმა "ტრაგიკული უზარმაზარობა" უწოდა და ზუსტად შენიშნა, რომ რუსეთის ზრდისა და გრანდიოზულობის წყარო მონობის გაძლიერება იყო. "მონობისა, რომელიც სალდათთა თავგანწირვაშიც მჟღავნდებოდაო", _ წერს.
ეს თავგანწირვა ზურგს უკან ჩასაფრებული "ზაგრადოტრიადების" უმოწყალობით იყო განპირობებული: ტყვიამფრქვევის ცეცხლს რომ უშენდნენ ბრძოლის ველიდან უკანდახეულებს.
30 წლით ადრე რომ დაბადებულიყო, პუტინი იმ "ზაგრადატრიადში" იქნებოდა რიგით მეტყვიამფრქვევედ. 100 წლით ადრე კი _ იმ სალდათთა შორის, ახალციხის ცეცხლში რომ შეაგდეს ოსტაპი ხიშტებით, არსენა ოძელაშვილის თვალწინ.
ეს რუსეთის ბედისწერაა, ისევე, როგორც რუსეთია მსოფლიოს (მათ შორის ჩვენი) ბედისწერა: კიდევ ვინ იცის, რამდენ წელს უნდა უყუროს ამ ცივთვალებიან, ცივსისხლიან, უვნებო და უგულისყურო არსებას, რომელიც ნიანგის უმოწყალობითა და ჩლუნგი, თუმცა მიზანსწრაფული სიჯიუტით მიიწევს წინ, სანამ ბოლომდე არ შეჭამს დათრეულ მსხვერპლს. გამორიცხულია მასთან მოლაპარაკება, გამორიცხულია კომპრომისი, აქვს მხოლოდ ერთი _ ძღომის ინსტინქტი და სხვა არაფერი ამოძრავებს.
მამუკა მღებრიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |