|
“ამ კანონით საქართველოს დიდი ნაწილი მასობრივი წამების მსხვერპლია”
პირველ რიგში, რა უნდა შეეცვალა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მეოცნებე მთავრობასა და პარლამენტს, ხალხისთვის სიკეთე რომ ნდომებოდათ, ან რატომ არ უნდა ლანძღავდნენ და აკრიტიკებდნენ ისინი სააკაშვილს?! იურისტი დავით კოპლატაძე ამ თემებზე საკმაოდ საინტერესოდ გვესაუბრა.
დავით კოპლატაძე:
_ ახალმა მთავრობამ კანონმდებლობაში მხოლოდ თავისი სასარგებლო ცვლილებები მოახდინა. საქართველოს ხელისუფლებამ მყარად დაყო მთავრობა ნაწილებად და ყველა ხელისუფალს უკვე საშინელი ამბიცია, დიდი პრეტენზიებიც ამიტომ აქვს. პრემიერს, პრეზიდენტს და შინაგან საქმეთა და მინისტრს ცალ-ცალკე უნდათ, საკუთარი სპეცსამსახური რომ ჰყავდეთ. ჯერჯერობით ეს გააკეთა პარლამენტმა _ კანონმდებლობა შეცვალა მთავრობის სასარგებლოდ და ქვეყანაც სამთავროებად დაყო. მათი დამსახურებით კი, საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება ივნისში მერის არჩევნები. საქართველოს ისედაც აქვს მიდრეკილება კუთხეებად, სამთავროებად, სოფლებად და პატარა დაჯგუფებებად დაყოფისა და ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო. ამათ საქართველოს დაქუცმაცება დააკანონეს, რაც პარლამენტისგან დიდი დანაშაული იყო და უარყოფითი შედეგიც, სამწუხაროდ, აუცილებლად გამოჩნდება. საქართველოში ნაციონალებმა უამრავი ცუდი საქმე ჩაიდინეს, მაგრამ ახალი ხელისუფლება და პარლამენტი ამ საქმეების უბადლო გამგრძელებელი აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ სახალხო კანონები მიეღოთ და საკუთარ მოქალაქეებზე ეზრუნათ, მხოლოდ თავიანთ მთავრობასა და საკუთარ თავებზე იზრუნეს.
ახალი კანონმდებლობით პრეზიდენტის უფლებამოსილება რომ შეიკვეცა, ესეც არ არის კარგი. ახლა ის უფლებამოსილებით არის უმაღლესი მთავარსარდალი და საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი. ის მთავრობის ხელმძღვანელი არ არის, რაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორ შეიძლება, უმაღლესი მთავარსარდალი არ იყოს იმ მთავრობის ხელმძღვანელიც, რომელშიც თუნდაც თავდაცვის სამინისტრო და ის ჯარია გაერთიანებული, რომლის მთავარსარდალიც გახლავთ?!
_ ჰო, ეს მართლა საინტერესოა..
_ შარლ ლუი დე მონტესკიეს სახელმწიფო მოწყობის მიხედვით ცხოვრობს თითქმის მთელი სამყარო. ამ გენიალურმა პიროვნებამ მთავრობები სტრუქტურებად დაყო. ევროპაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა გამორჩეული, სადაც პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია და დიდი უფლებები აქვს პრემიერს. ამათ სწორედ ეს გადაიღეს მათგან, არადა მონტესკიეს კონცეფციით ხელმძღვანელობს მე-18 საუკუნიდან ყველა ქვეყანა და საქმეც უკეთესად მიჰყავთ. ქვეყნის მოწყობის ასეთმა ფორმამ უფრო გაამართლა, ამათ კი შეცვალეს და ცუდი შედეგიც უკვე მივიღეთ _ ხელისუფლებაში ყველას თავისი პრეტენზია და ამბიცია აქვს, რასაც ეწირება ხალხის ინტერესები. ხალხის გასაჭირზე არავინ ზრუნავს. სხვა სალაპარაკოა ის, რომ ვინც ახლა თანამდებობებზე დანიშნეს, ან პარლამენტში იკავებენ ადგილებს, არ არიან სამთავრობო ხალხი. საქართველოს ხელისუფლება სულ მედროშეებითა და მოულოდნელად გამოჩეკილი პოლიტიკოსებით არის კარგა ხანია გავსებული და ეჭვგარეშეა, რომ ვიღაცების კერძო ინტერესებსაც ემსახურებიან. არადა მომავალი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მაღალჩინოსნების აღზრდა მათი 20-21 წლის ასაკში ყოფნიდან უნდა იწყებოდეს და მერეც, მათგან, საუკეთესოებს არჩევდნენ. ბიძინა ივანიშვილს რომ არ წარედგინა ხალხისთვის, არც მარგველაშვილს და არც კიდევ ღარიბაშვილს არავინ იცნობდა. სხვებზე უკვე აღარც ვისაუბრებ. თუ ნორმალური სახელმწიფოს აშენება გვინდა, ასეთი ფორმით, ხელისუფლებაში, თანამდებობებზე ხალხის მოყვანა უნდა დასრულდეს. სხვანაირად ჩვენი ქვეყანა სულ არეული იქნება, ხალხი კი _ ყოველი არჩევნების შემდეგ იმედგაცრუებული.
_ იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა უნდა გაეკეთებინა ახალ ხელისუფლებას, პარლამენტს და არ გააკეთეს, კანონმდებლობაში რა უნდა შეეცვალათ და არ შეცვალეს?!
_ გეტყვით, რა უნდა გაეკეთებინა პარლამენტს და დღემდე არ აკეთებს. სისხლისა და სამოქალაქო სამართალწარმოებები დროში ძალიან არის გაწელილი, რაც ხალხზე უარყოფითად აისახება. სისხლის სამართალში არსებობს ასეთი ცნება: `სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები~. წინათ იყო დადგენილი ორთვიანი პერიოდი. საგამოძიებო უფლებას პროკურორის სანქციით იღებდნენ. თუ პატიმრობა ეკუთვნოდა პირს, ბრალდების მუხლის მიხედვით, და პატიმრობაშიც იმყოფებოდა ორი თვის განმავლობაშიც და ეს ორი თვე არ ჰყოფნიდა საგამოძიებო მოქმედებებს, დროს ზრდიდნენ კიდევ ორი თვით. შეიძლებოდა 9 თვეც გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ არა უსასრულოდ. ადამიანმა დროულად იცოდა, რაში სდებდნენ ბრალს, რამდენს მიუსჯიდნენ სანქციით, რა დროში გაგრძელდებოდა მისი და ოჯახის წვალება-წამება და ა.შ. როგორი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, მისი ოჯახის წევრები ყოველთვის ძალიან განიცდიან. განიცდის დაზარალებულის ოჯახი, რადგან მან არ იცის, ბრალდებულს რა ბედი ელის და როდის მოხდება სამართლიანობის აღდგენა. ეს წესი კანონმდებლობაში სააკაშვილის დროს შეიცვალა. მას მერე პროკურორებმა და გამომძიებლებმაც ერთი ტერმინი მიიკერეს პირზე _ გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებშიო. ეს გონივრული ვადები რა დროა, ორი თვეა თუ 112, არავინ უწყის. ის შეიძლება გაგრძელდეს წაყენებული ბრალდების, ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღმოჩენილი ნიშნების მუხლის სანქციის მიხედვით მისი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდეც. დავუშვათ, რომელიღაც მუხლი შეიცავს სანქციას _ 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ მუხლის ხანდაზმულობის ვადა, საქმეთა წარმოების მიხედვით, არის, ვთქვათ, 5 წელი. ხუთი წლის მერე შეიძლება ეს საქმე ჩამოწერონ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისე, რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. ეს შეგნებულად გაკეთდა. გამომძიებლებსა და პროკურორებს მოარგეს კანონი. ვისზედაც `ზემოდან~ გაუგზავნიან დასჯის ბრძანებას, ჩქარა დასჯიან, ვისზედაც ასეთი ბრძანება არ მივა, ხანდაზმულობის ვადამდე მიიყვანენ და მერე საქმეს შეწყვეტენ. კორექტივების მიხედვით რომ დამდგარიყო სამართალი, ეს ამიტომ გაკეთდა.
ამას წინათ შემხვდა ადამიანი, რომელსაც 2 ძროხა მოჰპარეს. 5 წელი გავიდა დანაშაულის ფაქტიდან. დამნაშავეც იციან, ვინც არის, საქმეც აღძრულია და ეჭვმიტანილიც დაკითხულია, მაგრამ დამნაშავისთვის ბრალდება ჯერაც არ წაუყენებიათ. დაზარალებულს ტელეფონზეც აღარ პასუხობენ პროკურატურაში. გავა 6 წელი და საქმე უკვე ხანდაზმული გახდება. მერე დაზარალებულმა რომც იჩივლოს, ეტყვიან, ხანდაზმულია, ძმაო, რა ვქნათო. აი, ეს ხდება და პარლამენტსაც, პირველ რიგში, ეს უნდა შეეცვალა. უამრავი ადამიანია დაზარალებული ხანდაზმულობის ვადის არარსებობის გამო. პირველ რიგში, 271-ე მუხლი უნდა შეცვლილიყო, სადაც ამის შესახებ წერია. კანონი 2005 წლის 25 მარტს არის მიღებული და დღემდე მოქმედია, რაც აზარალებს ბრალდებულებსაც და დაზარალებულებსაც.
_ გამოდის, რომ ახალი ხელისუფლება ძველის სამართალმემკვიდრედ იქცა ყველა ასპექტში არა?!
_ დიახ. თან იციან, რომ უამრავი ხალხია დაზარალებული ნაციონალების დროს. დროს გადის და ამ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. უამრავი დამნაშავე არ დაისაჯა ამ კანონის გამო, თუმცა რა დროს წაუყენებენ მათ ბრალდებას, ესეც უცნობია. კანონის ამ ლაფსუსით სახელმწიფოს ისტერიკაში ჰყავს დაზარალებული და ბრალდებული მხარეები, რაც ყოველდღიური წამების ტოლფასია. ეს არის საშინელი კანონი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ამ კანონით საქართველოს დიდი ნაწილი მასობრივი წამების მსხვერპლია. საქმეებს არც წყვეტენ და არც გადაწყვეტილებებს იღებენ ამ მუხლის საშუალებით და ეს ხომ უნდა დასრულდეს. პროკურატურა და საგამოძიებო სამსახურები წინათაც ზემდგომების დირექტივებზე მუშაობდნენ მხოლოდ, ხალხი ფეხებზე ეკიდათ და დღესაც ასე გრძელდება. მთავრობა რომელ საქმეებზეც ავალებთ, მხოლოდ მასზე იღებენ გადაწყვეტილებებს, ის კი, რომელზეც არ ავალებთ, გვერდზე აქვთ გადადებული და ამ საშინელი მუხლით ხელმძღვანელობენ. როცა დაზარალებული ან ბრალდებული მიდის და გადაწყვეტილების მიღებას სთხოვთ, ესენი პასუხობენ, _ მიმდინარეობს გამოძიებაო და ეს გრძელდება წლობით.
_ სამოქალაქო სამართალწამოებაშიც ასეთი საშინელი მდგომარეობაა?
_ დიახ, იქაც ასეა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა და მისმა წინამორბედებმა ნელ-ნელა შეაჩვიეს ხალხი, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვადები შეიძლებოდა 7-10 წლის განმავლობაში გაგრძელებულიყო. სარჩელს რომ შეიტანს ადამიანი, მისი განხილვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2 თვისა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი ამ დროში არ იწყება. როცა იმ მოსამართლეს სთხოვ პასუხს, ვისაც სარჩელი აქვს წარმოებაში, ის გადაგიშლის განრიგს და გეტყვის, 2 თვის ვადა მაქვს, საქმის წარმოება რომ დავიწყო, მაგრამ ვერ ვიწყებ და კანონსაც არ ვარღვევ. შემიძლია, 4-5 თვის მერე დავიწყო საქმე, რადგან უამრავი `საქმე~ დგას რიგში და რიგითობის მიხედვით განვიხილავ, თუ გინდა, ამაცილეო. ააცილებ, სხვას გადაეწერება და თვეების ათვლა ხელახლა იწყება, რადგან იმ მოსამართლესაც წარმოებაში უამრავი საქმე აქვს. ეს კი, პირველ რიგში, მოსამართლეთა სიმცირის გამო ხდება, თუმცა შეგნებულად არის ასეც გაკეთებული.
_ ამით რის მიღწევა უნდათ?
_ იმის, რომ ხალხს არ მოუნდეს სამოქალაქო საქმეზე საჩივრის შეტანა. ერთიმეორისგან ყველა იგებს, რომ სამოქალაქო საქმეების განხილვა დაუმთავრებლად გრძელდება, რის გამოც მართლა ეკარგება ხალხს სასამართლოში სარჩელის შეტანისა და რაიმეს მოთხოვნის სურვილი. უკვე იციან, რომ შეიძლება სასამართლო 10 წელი არ დამთავრდეს და ვის სჭირდება ამდენი ხანი ნერვიულობა, სასამართლოებში სირბილი და ადვოკატებზე ფულის ხარჯვა?! პარლამენტს უნდა მოეთხოვა სამოქალაქო სარჩელებზე მომუშავე მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა თუ ხალხისთვის სიკეთე უნდა. მერე აღარ იარსებებდა ის მოტივი, რომ უამრავი საქმე აქვთ მოსამართლეებს წარმოებაში და საქმეს ამიტომ ვერ იხილავენ. გამოდის, არც ამ ხელისუფლებას არ აწყობს სამოქალაქო საქმეებზე დროულად დადგეს სამართლიანი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, უამრავი ქონებრივი დავაა, სადაც ყოფილი ან ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესებიც დევს და არ არის გამორიცხული, საქმეების გაჭიანურება ამიტომ აწყობდეთ. მთავარი მაინც ის არის, რომ ამჯერადაც ხელისუფლებისა და მთავრობის ინტერესების დაკმაყოფილებაზე მუშაობს პარლამენტი და ხალხის ინტერესებს მისი საქმიანობა არ ემსახურება. საბჭოთა დროსაც კი არ იყო ასეთი საშინელი კანონები, როგორც ახლაა. სამოქალაქო და სისხლის სამართალშიც მაშინ მკაცრად დადგენილი ვადები იყო. თუ მოსამართლე, ან გამომძიებელი დღევანდელი მიზეზებით ამ ვადებს გადააცილებდნენ, ისინი დისციპლინარულ დევნას დაექვემდებარებოდნენ და მათ სამსახურს დაატოვებინებდნენ. ის კი, რაც ახლა ხდება, არის ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც მხოლოდ მოქალაქეებს აზარალებს. ერთადერთი, არ ზარალდება მთავრობა თავისი პროკურორ-გამომძიებლებით.
ამ ხელისუფლებას თუ ხალხისთვის რაიმე სიკეთის გაკეთება უნდოდა, ეს ორი რამ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა შეეცვალა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა თემებითაც არის პარლამენტიც და მთავრობაც დაკავებული?! ხალხი ამათ `გონივრულ დროს~ ფიზიკურადაც ეწირება. გონიერი გამომძიებელი, ან პროკურორი ყველა მტკიცებულებას ბოლომდე კარგად რომ გამოიკვლევს და დაამაგრებს სისხლის სამართლის საქმეზე, ეს არის, წესით და რიგით, გონივრული ვადაც, მაგრამ ასე საქმე შეიძლება კეთილსინდისიერ ადამიანებს ანდო. დღევანდელ პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ერთი ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანიც კი არ მეგულება, რომელსაც ასეთი ფორმით ეს საქმე შეიძლება ჩააბარო. ამიტომაც ვამბობ, ეს აქვთ თავის თავზე მორგებული, რომ ვერავინ უსაყვედუროთ. გადაგიშლიან კანონს და გაჩვენებენ, _ არ ვარღვევო. `ოცნების~ ხალხს თუ სამართლებრივი ქვეყნის შექმნა უნდოდა, პირველ რიგში, ეს კანონი უნდა მოესპო და შეეცვალა, რაც არ გააკეთა. აქედან გამომდინარე, არც ამათ უნდათ სამართლიანობა ქვეყანაში და ესენიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ეს არის და ეს.
პარლამენტში ბევრი იურისტია, უმრავლესობა ადვოკატად არის ნამუშევარი და იციან, რა ხდება ამ კანონების გამო. მათ ხალხისთვის სიკეთე რომ უნდოდეთ, ამას აუცილებლად მოაწესრიგებდნენ. ისინი აგრძელებენ იმ კანონებით ხელმძღვანელობას, რომლითაც საზოგადოებაზე მავნედ ზემოქმედებდა სააკაშვილის მთავრობა და საინტერესოა, მას რატომღა ლანძღავენ?!
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |