|
ახალგაზრდა კომკავშირის აღდგომა
ანტირელიგიური მუშაობა კომუნისტური პარტიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აუცილებელი მიზანი გახდა. ამიტომ ბევრს საუბრობდნენ აღდგომის პოლიტიკური მავნებლობის შესახებ, რომ მოძღვრები მშრომელ მასებს “ჩასჩიჩინებენ მიტევებას, ძმურ სიყვარულს ყველას მიმართ, კლასობრივი მტრების სიყვარულსაც კი”; აღდგომა მიიჩნეოდა ეკონომიკურადაც მავნე დღესასწაულად. ავტორს მოჰყავს ასეთი სტატისტიკა: “მარტო ღორის ხორცის ლორი და ძეხვი 1928 წელს მოსკოვის მაღაზიებში გაყიდულა ათ მილიონზე მეტი მანეთისა; არაყი (აქ არ შედის ღვინო და ლუდი) დალეულა 11 მილიონი მანეთისა... საზოგადოდ, საეკლესიო დღესასწაულებზე გაწეული ხარჯები რამდენიმე ასეულ მილიონ მანეთს უდრის” (ნ. რუმიანცევი). ავტორი საუბრობს აღდგომის მავნებლობაზე კულტურული მხრივაც, რომ ის “მშრომელი ხალხის კულტურულ დონეს დიდათ აქვეითებს”. წიგნი მთავრდება მოწოდებებით: “ქრისტეანული აღდგომა და ებრაელების პასექი ექსპლოატატორების დღესასწაულია... სამლოცველოები, სინაგოგები და ეკლესიები კულტურულ კერათა საჭიროებისთვის გადაეცით”.
ჯერ კიდევ 1923 წლის 29 მარტს გაზეთ “კომუნისტში” (#70) იბეჭდება თეზისები “ახალგაზრდა კომკავშირის აღდგომა” და “რელიგია და მეცნიერება”: “არსებითად, ყველა რელიგიები ერთნაირად რეაქციონური და მავნე არიან, მაგრამ არცერთ რელიგიას ისე არ დაუმონავებია კაცობრიობა, როგორც ქრისტიანობას. ქრისტიანობა მონათა რელიგია არის... მხოლოდ და მხოლოდ კომუნიზმს შეუძლია მეცნიერების დახმარებით რეაქციის ამ ციხე-სიმაგრის დანგრევა, კაცობრიობის გათავისუფლება”. ამავე წლის 4 აპრილის ნომერში ა. მთიელი კორესპონდენციაში “აღდგომა ახლოვდება” გახარებული გვაუწყებს: “წელს დაიკეტა 450 ეკლესია და ადგილი აღარ ექნება გამათახსირებელ და დამაჩლუნგებელ ლოცვა-კურთხევას... არამედ აქ ადგილს დაიჭერს ნამდვილი სიტყვა კომუნიზმისა”. ამავე წლის 7 აპრილის ნომერშიც დაახლოებით იგივე აზრია გატარებული წერილში “აღდგომა”: ხალხი ერთმანეთს მიულოცავს არა ქრისტეს აღდგომას, არამედ თავის შემეცნების გათავისუფლებას... რელიგიური ბურუსის ტყვეობიდან”.
გავიდა საკმაოდ დიდი დრო საქართველოს გასაბჭოებიდან და 1973 წელს გამოცემულ წიგნში “რელიგიური გადმონაშთების დაძლევის პროცესი საქართველოში” რელიგიურ გადმონაშთადაა მიჩნეული აღდგომა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა კომუნისტურმა პარტიამ. ავტორი წერს: “ერთმანეთს ვაპატიოთ ყველაფერი, გადავეხვიოთ და გადავკოცნით _ აი, აღდგომის უმთავრესი რეაქციული აზრი... სააღდგომო წესები _ ზარების რეკვა, თოფის სროლა (ოდესღაც ზარბაზნებსაც ისროდნენ), სანთლებისა და ჩირაღდნების ანთება, ეკლესიებში ილუმინაციების მოწყობა, საკმევლის დაკმევა, ქუჩებში ანთებული სანთლებით სიარული _ დაკავშირებულია ხალხში შემორჩენილ ველურთა დროინდელ რწმენასთან, რომ დღესასწაულებზე ავი სულები განსაკუთრებით ემტერებიან ადამიანებს”.
ანტისააღდგომო პროპაგანდაში თავისი სიტყვა უნდა ეთქვა მწერლობასაც. 1924 წლის 25 აპრილის გაზეთი “კომუნისტი” ბეჭდავს მუშა სიო ხიდისთაველის ლექსს “ჩვენი აღდგომა”:
“ჩვენი აღდგომა სულ სხვაგვარია,
მას სულ სხვა სახის აზის ელფერი,
შრომის სამეფო მტკიცედ გვიპყრია,
ირგვლივ გვამშვენებს წითელი ფერი!
ძველი სამყარო გავატიალეთ,
ახალს ვაშენებთ მტკიცე შენებით;
ბრძოლის მახვილი დავატრიალეთ;
რწმენა გავსჭედეთ ურყევი ნებით”.
1928 წლის 15 აპრილის გაზეთი “კომუნისტი” აქვეყნებს პროლეტმწერლობის წარმომადგენლის, შაქრო ნავთლუღელის ლექსს “ბებია და აღდგომა”:
“ჩემი ბებიაც განდგომია
თავის ძველ რწმენას,
წინათ კი ისიც თაყვანს სცემდა
“ცაში მეუფეს”,
დღეს ახალ ჰანგზე ამუსიკებს
მოხუცი ენას,
ისიც ფიცულობს ოქტომბრისას
ქარ-ცეხლოვან მზეს.
ჩემ შვილთ პიონერთ თანაუგრძნობს,
შეჰყვარებია
და აბრამისა წიაღისა
სუფევა არ სწამს,
სძულს უმეცრება, სიმართლის გზას
შესთვისებია
და აღიარებს მაშვრალთ მხსნელად
ახალგაზრდათ გზას.
კვერცხებსაც წითლად აღარ ღებავს
სააღდგომოდა,
ნამცხვარს არ აცხობს, არ აპირებს
ზეიმს და ქეიფს,
გულმოდგინებით ემზადება
სამაისოდა,
აღფრთოვანებით უცხო ფერად
კაბას იკერავს”
ქართველ უღმერთოთა მეთაურის, სილია თოდრიას, “ძველი და ახალი აღთქმანი” სახელგამმა 1935 წელს გამოსცა. წიგნი თავებადაა დაყოფილი და მასში გაშარჟებულია მთელი ბიბლია. აი, ფრაგმენტი “ეს არის თავი _ ზედ წასათავისა”, რომელიც ქრისტეს აღდგომაზე მკრეხელური პასქვილია:
“ფეხის ხმას აჰყვნენ მამაკაცები:
_ გაიგე, კაცო, ქრისტე ამდგარა!
_ რას ლაპარაკობ, _ ნუ ხარ მასხარა!
_ შენ არ მომიკვდე, მე ვამბობ მართალს
დღესაც უნახავს ჩვენს დობილ მართას!
_ მოვძებნოთ სხვები, წავიდეთ ჩქარა,
გალილეაში მან დაგვიბარა!
_ ვის გაუგია საფლავიდან კაცის ადგომა!
გაჯიუტებით იძახოდა ურწმუნო თომა.
...ასე ამ რიგად,
ერთი-მეორეს გადასცემდნენ ამბავს რიგ-რიგად,
ნაცნობ-მეგობრებს, მოკეთეებს და მეზობელ ერს,
ერთი თაობა მეორეს და მეორე შემდეგს...
ხრამში იესო ისე დადნა, ვერ ჩასწვდა ძერა,
მაგრამ აღდგომა მისი დღესაც ბევრ სულელს სჯერა”.
ბიბლია, მთლიანად ძველი და ახალი აღთქმა, გამონაგონ და მოჭორილ სამასხარაო ამბად გამოაცხადეს. ერთი თეორეტიკოსი დაბეჯითებით აცხადებდა: ზღაპრების შეთხზვით ქრისტიანობამ დაუჯერებლობის რეკორდს მიაღწიაო.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გადასაფარად მასობრივად დაიწყეს “კომკავშირული აღდგომის” აღნიშვნაც. 1924 წლის 10 აპრილს საკკ ცკ-ის მოწოდებით აღდგომის წინა ღამეს ყველა საოლქო და სამაზრო კომიტეტმა მოაწყო სპეციალური საკლუბო საღამო _ რელიგიის გასამართლება ძველი პარტიული მუშაკების მონაწილეობით, რომლებიც მსაჯულთა როლს ასახიერებდნენ. კომკავშირის მოწოდების შესაბამისად, აღდგომას თბილისში მოეწყო ფართო ანტირელიგიური ყეენობა (კარნავალი). სამეგრელოდან იტყობინებოდნენ: “ქ. ახალსენაკში ეს დღე კარგათ ჩატარდა _ საგანგებოდ მოწყობილი “მამა ღმერთი” ქალაქის ბაღში იქნა აფეთქებული _ მოეწყო მიტინგი, წარმოდგენა-აპოთეოზი, რამაც დიდი შთაბეჭდილება დასტოვა” (მოგვყავს მ. გუგუტიშვილის წიგნიდან ახალი ტრადიციები საქართველოში, თბ., მეცნიერება, 1976, გვ.30-31). ამ ტიპის კამპანიებმა უკუშედეგი გამოიღო. ხალხის გაღიზიანება და უკმაყოფილება პიკს აღწევდა. მიხვდა ბოლშევიკური პარტია, რომ ასე ფონს ვერ გავიდოდა და შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა. გაზეთ “სპარტაკის” (1924 წ. 6 იანვარი) მოწინავე აღიარებდა, რომ “უარყოფითი შედეგები ახლდა უცილობლივ ჩვენს ანტირელიგიურ კამპანიას. ეს იყო ის, რომ კარნავალური მეთოდებითა და დემონსტრაციებით მორწმუნეთა შორის გამოწვეულ იქნა რეაქცია ანტირელიგიურ პროპაგანდის წინააღმდეგ. კამპანია უნდა შეიცვალოს პროპაგანდით!” ამ პროპაგანდის შედეგი იყო ისიც, რომ 1928 წლის ჟურნალი “მშრომელი ქალი” (#22-23) გვამცნობდა: “რელიგიურ დღესასწაულებს ბრძოლა გამოუცხადეს მამათელმა ქალებმაც. აღდგომა დღეს ისინი სამუშაოდ გავიდნენ სათემო ჩაის პლანტაციაში და დასვეს საკითხი რელიგიური დღესასწაულების “სასარგებლო მუშაობის დღეებით” შეცვლის შესახებ”.
საბა მეტრეველი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |