![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 50% ლარის კურსის ვარდნას მიიჩნევს, 48% - მაღალ გადასახადებს, 38% - მაღალ კომუნალურ გადასახადებს, ხოლო ხელისუფლების არაკომპეტენტურობას - 16%.
საწვავის სიძვირეს ეკონომიკის პრობლემად 29% ასახელებს. ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას - 26%.
კვალიფიციური მოხელის ნაკლებობას საქართველოს ეკონომიკის პრობლემად 25% მიიჩნევს, გზების მშენებლობის პროექტების შეჩერებას კი - 13%. IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 3 992 სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1.5%-ს შეადგენს. ასახავს თუ არა კვლევა რეალობას და რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა? ამ საკითხებზე “პრემიერი” ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:
- მესმის ამ გამოკითხვის შინაარსი. ცხადია, ჩამოთვლილი პრობლემები მეტ-ნაკლები ხარისხით მოქმედებს ვითარებაზე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ის ფუნდამენტური პრობლემის, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა. კერძოდ: ტოტალური უმუშევრობა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა. ცენტრალური მაკროეკონომიკური პრობლემა - ფულის მასის პრობლემა და ლარის კურსის პრობლემა, რომელიც ქმნის ფულის დეფიციტს ქვეყანაში. ფულის დეფიციტია, რადგან ფულის მასა ექვსჯერ ჩამორჩება რეალურ შიდა პროდუქტს. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, რადგან ფულის მასა და ქვეყნის ეკონომიკა თითქმის ერთნაირ თანაფარდობაშია. არაკომპეტენტურობა-კომპეტენტურობაზე უფრო საშიშია ის, რომ დღემდე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა მთავრობის დაბალეფექტურ საქმიანობას ნიშნავს.
- თქვენი აზრით, მთავრობის საქმიანობა დაბალეფექტურია?
- დიახ. სისტემურ კრიზისში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა ჩვეულებრივი, დალაგებული ქვეყნისთვის მისაღები მეთოდებით, ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური პოლიტიკით შეუძლებელია, რადგან ინსტიტუციონალური პრობლემებია. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა და არც ერთი საბაზრო ინსტიტუტი ქვეყანაში არათუ გამართულად მუშაობს, უბრალოდ, ჩანასახოვან მდგომარეობაში კი არ არის. ეს არის კონკურენციის არარსებობა, კლანური ეკონომიკა, ხელისუფლების ზედმეტი სამეურნეო ფუნქციები. ფაქტობრივად, სამინისტროები მართავენ სიტუაციას. მაგალითად, ავიღოთ ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც უშუალოდ ცდილობს, განახორციელოს პროექტები, რაც მისი ფუნქცია არ არის და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის ინტერესთა კონფლიქტის სახით და ფაქტობრივად, საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი კერძო ინიციატივის სრული შემზღუდავია. ასე რომ, კვლევები მიუთითებს იმას, რომ ადამიანები გრძნობენ, რაც ზედაპირზეა, რაც მათ ხელს უშლის. თუმცა არის კიდევ ზოგიერთი ისეთი პრობლემა, რაზეც ვისაუბრეთ, რომლის გარეშეც დადებით ეფექტს ვერ მივიღებთ.
- მაშინ რა არის ის, რაზეც ეკონომიკა დგას?
- ეს არის იმპორტზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელმაც მოამძლავრა იმპორტის მწარმოებელი ფინანსური ჯგუფები. მათ, ასევე, სერიოზულ მხარდაჭერას უწევს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ სივრცე გახსნას და მცირე და საშუალო ბიზნესსაც დაუტოვოს ნიშა თავისუფალი საქმიანობისთვის. ეკონომიკაში კლანურობა კერძო სექტორის თავისუფალი ინიციატივის შეზღუდვას უდევს საფუძვლად. დააკვირდით ბრენდებს, როგორ მოქმედებენ. დააკვირდით კამპანიას ვირის ხორცის შესახებ, რომელიც მიმართულია წვრილი მეწარმეების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ორი ცნობილი დასავლური ბრენდი ცდილობს, მონოპოლია აიღოს. თუმცა არც ერთია ვარგისი და არც მეორე. აიღეთ ნავთობპროდუქტებზე სიტუაცია და ა.შ. ე.ი. ეს არის შედეგი მთავრობის არასაკმარისი, არაზუსტი, მაკროდონეზე რეგულირება და მართვა სიტუაციებისა. არა ჩარევა უშუალოდ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს არ არის მთავრობის საქმე, არამედ იმ სახელმწიფო პროექტების განხორციელება, რომელიც დღეს აქტუალურია ქვეყნისთვის და პლუს ამას, პარალელურად კერძო სექტორის ინიციატივის გაფართოება. ეს კი არ არის, ეს არის ცალმხრივი მოქმედებები და შედეგიც შესაბამისია. ჩვენ ადგილიდან ვერ ვიძვრით.
- ბ-ო დემურ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფართომასშტაბიანი განხილვა დაიწყო, რაზეც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაა დამყარებული. თქვენ როგორ შეაფასებთ?
- აქ პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თავისთავად, მოცულობით ბაზარზე შესვლა ზედმეტი ბარიერების გარეშე ცუდი არ შეიძლება იყოს. მით უმეტეს, ევროპის ბაზარზე. თუმცა ჩვენ გვქონდა პრეფერენციების სისტემა და 720 ათასი დასახელების ნაცვლად 4-5 ათეულს ძლივს მოვუყარეთ თავი. ჩვენ ვერაფრით ვერ ვისარგებლეთ. ეს ხელშეკრულებაც ისევ მკვდრადშობლია, როგორც წინა პრეფერენციების სისტემა, რადგან ეკონომიკა, რომელიც სულს ღაფავს; ეკონომიკა, რომელიც რეინდუსტრიალიზებულია; ეკონომიკა, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით არაფერს ქმნის; ეკონომიკა, სადაც მეცნიერება არ არის; ეკონომიკა, სადაც პრიმიტიული რამეებიც კი არ იწარმოება, მიილტვოდეს ყოვლისმომცველი ხელშეკრულებისკენ, გასაოცარია. არაფერია გასატანი და არავინ არასდროს ხარისხთან დაკავშირებით არანიარ შეღავათს არ გაგიკეთებს.
- ანუ ფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება კარგი არ არის?
- ევროკავშირთან ამ ხელშეკრულების გაფორმებაზე, რასაკვირველია, დადებითი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ყოველთვის კრიტიკულად ვამბობ, რომ, როცა საშინაო პოლიტიკას არ ახორციელებ, როცა ეკონომიკას არ ავითარებ, მეცნიერებას არ ავითარებ საინჟინრო სფეროს და ა.შ. ინოვაციებისკენ არ ხარ მიმართული, რა უნდა გაყიდო ევროკავშირში - ღვინო და წყალი? კი, ბატონო, რა არის ეს? ეს არის მიზერი და მეტი არაფერი. ამიტომ ეს უთავბოლო აჟიოტაჟი ევროკავშირთან დაკავშირებით კიდევ უფრო მძიმე საფრთხეებს აჩენს, რადგან ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის ახლა საინფორმაციო სივრცის დაკავება. დადგება ეს მომენტი, გაიხსნება ბაზარი როგორც ჩვენთვის, ასევე ევროკავშირისთვის და მაშინ ქართულ ბაზარზე ვნახავთ ყველაფერს, რაც ევროპაში იწარმოება. ასეთ ვითარებაში ძარცვაზე აგებულ ბიზნესში, სადაც მსხვილები ძარცვავენ წვრილებს და ამას ხელისუფლება ხელს უწყობს, გიხაროდეს, რომ რაღაცას აწერ ხელს, მთლად გონივრული ვერ არის.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |