![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
აღდგომა მშრომელთა მტერია
აღდგომის დღესასწაული სიფილისის მთავარი გამავრცელებელია
აღდგომის დღესასწაული ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში დღესასწაულია
აღდგომა უკულტურობის გამომხატველი დღესასწაულია
ანტირელიგიური აღზრდა კომუნისტური აღზრდის შემადგენელი ელემენტია _ ასე ესმოდათ საბჭოეთში (ანტირელიგიური აღზრდისათვის საშუალო სკოლაში (მასწავლებლის დასახმარებლად), თბ., ინსტიტუტის გამომცემლობა, 1940, გვ.7), ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბოლომდე ამოეძირკვათ რელიგია. ამ მიზნის მისაღწევად ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საეკლესიო დღესასწაულები იყო, ტრადიციაში გადასული, ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი. დაიწყო მიზანმიმართული პროპაგანდა იმისა, რომ მშრომელ გლეხობას აღარ უნდა სიბნელეში ყოფნა და თავისი ნებით გაემიჯნა ეკლესიას. 1928 წლის 15 აპრილის გაზეთი “კომუნისტი” გვაუწყებდა:
მშრომელი გლეხობა უარყოფს საეკლესიო დღესასწაულებს
კიცხის თემი, შორაპნის მაზრა: (ჩამოთვლილია სოფლები) თანახმად მათი დადგენილებისა, ამით აცხადებენ, რომ ძველი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიც არის: დედახვთისობა, გიორგობა, ღვთისმშობლობა, აღდგომის ორშაბათი და სხვ. გაუქმებულია ჩვენს მიერ და დღეიდან აღარ ვდღესასწაულობთ. ვსთხოვთ ყველა ნათესავებს, ამ დღესასწაულებზე მოსვლით ნუღარ შეგვაწუხებენ.
სოფელი ახაშენი, სიღნაღის მაზრა: ამ სოფელში დღემდის დღესასწაულობენ “სამებობას”. გლეხობამ ერთხმად გამოიტანა დადგენილება “სამებობის” უარყოფის შესახებ, ხოლო აქედან გადარჩენილი თანხებით მათ სურთ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო იარაღები.
ქვიტირის თემი, ქუთაისის მაზრა: “ახალკვირა” და “ამაღლება” უარყოფილია და ნურავინ ნუ შეიწუხებს თავს აღნიშნულ დღესასწაულებზე მოსვლით.
წითელხევის თემი, ქუთაისის მაზრა: აღდგომის ორშაბათი, გიორგობა და ღვთისმშობლობა უარყოფილია და ნუ შეიწუხებთ თავს სტუმრობით.
მსგავსი შინაარსის წერილებია რაჭის, გორის, მაზრებიდანაც, მაგალითად, ტყვიავის თემიდან (გორის მაზრა) იტყობინებიან, რომ “სამებობის” ნაცვლად იდღესასწაულებენ 7 ნოემბერს, ხოლო კვირაცხოვლობის ნაცვლად _ 1 მაისს...
1928 წლის 26 დეკემბრის გაზეთ “კომუნისტში” დ. ორაგველიძე გვთავაზობს თეზისებს, როგორ ვებრძოლოთ საეკლესიო უქმეებს: “ძირს შობა, გაუმარჯოს ტრადიციულ ახალ წელს; ალკოგოლი და რელიგია ორივე უსაშინლესი მტერია მუშათა კლასისა; აიკრძალოს ავანსების გაცემა დაწესებულებებში უქმეების წინ; ბრძოლა “შობის ხის” წინააღმდეგ; სასკოლო არდადეგები გადავიტანოთ 20 იანვრისთვის, რათა დღესასწაულის დროს არ გაიშვას მოსწავლეები; გააქტიურდეს უღმერთოთა უჯრედების დაარსება და მუშაობა”.
ვისი დღესასწაულია “აღდგომა”
აღდგომა ნამდვილი სიმახინჯეა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. სარწმუნოებრივ დღესასწაულებს, მეტადრე აღდგომას, მუდამ თან სდევს ლოთობა, გარყვნილება, სიბინძურე. სააღდგომო დღესასწაულებზე ქეიფი და ლოთობა აუცილებლად იწვევს შემდეგ დღეებში სამუშაოს გაცდენას და შრომის დისციპლინის დაცემას წარმოება-დაწესებულებებში. აღდგომა არის მუშათა კლასისა და მშრომელი გლეხობის მტრების დღესასწაული _ ვკითხულობთ “კომუნისტში” (#91, 23 აპრილი, 1929).
გაზეთი “საბჭოთა აფხაზეთი” (#94, 24 აპრილი, 1938) აქვეყნებს სტატიას: “აღდგომა მშრომელთა მტერია”: “რელიგია მშრომელთა უბოროტესი მტერია. იგი მასებში ნერგავს მორჩილებისა და მოთმინების გრძნობას... რელიგიის მსახურები ასეული წლების განმავლობაში აჩლუნგებდნენ და ხრწნიდნენ მშრომელი მასების ცნობიერებას, ქადაგებდნენ შეთხზულ ლეგენდას ქრისტეზე და მის სასწაულებზე”. ეს ისტერია თავის პიკს აღწევდა, ანტისააღდგომო კამპანია პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურულ სახეს იღებდა. 1928 წლის 12 აპრილის “კომუნისტი” აქვეყნებს ანტირელიგიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის _ დ. ორაგველიძის წერილს “რისთვის გაისმის “ქრისტე აღსდგა”?! რომელშიც აღდგომა ძველი ქვეყნის დღესასწაულად და საბჭოთა სისტემის მტრადაა გამოცხადებული: “სააღდგომოდ სამღვდელოება ანვითარებს თავის სარწმუნოებრივ აგიტაცია-პროპაგანდას. მას მისდევენ ყველა ბნელი ძალები... სააღდგომო დღესასწაული ანგრევს გლეხისა და მუშის ოჯახს, უფრო აღარიბებს მათ და აგდებს ვალებში. აღდგომა ძვირად უჯდება ხალხს სხვა მხრივაც _ იწყება განუწყვეტელი ლოთობა, ღორმუცელობა, რასაც შედეგად მოსდევს მრავალი უბედური შემთხვევები, დანაშაულები და სხვა. აღდგომა ძველი ქვეყნის მომაკვდავი დღესასწაულია. ის ძირეულად ეწინააღმდეგება საბჭოთა წყობილებას, სოციალისტურ მშენებლობას, ეწინააღმდეგება კაცობრიობის გათავისუფლებას კაპიტალის ბრჭყალებისაგან, ეწინააღმდეგება შრომის ქვეყანას... ის გახშირებული ზარების რეკა, რომელიც ამ დღეებში გაისმის, ჩვენს ქვეყანას მოუხმობს ძველი ქვეყნისკენ, სიბნელისა და მონობისაკენ”.
1929 წლის 4 მაისს გაზეთმა “კომუნისტმა” (#99) დაბეჭდა ნ. სემაშკოს უბინძურესი წერილი, სრული აბსურდი. მასში ქრისტიანული აღდგომა ვენერიული დაავადებებისა და შესაძლო ეპიდემიების გამავრცელებლადაა მიჩნეული: “აღდგომის დღესასწაული _ ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში დღესასწაულია, მას თან სდევს ღორმუცელობა და ლოთობა... ამ დღეს მიღებულია ურთიერთის კოცნა, მოლოცვა: ყველას აქვს უფლება ტუჩებში აკოცოს დიდსა და პატარას. რამდენი სენი ვრცელდება ამ გზით? საკმარისია მოვიგონოთ, რომ კაცობრიობის დაუძინებელი მტრები _ სიფილისი, ჭლექი, დიფტერიტი და სხვ. ვრცელდებიან სწორედ ტუჩებისა და ნერწყვის საშუალებით... აღდგომის დღესასწაული სიფილისის მთავარი გამავრცელებელია განსაკუთრებით სოფლად, სადაც ასე მაგრად აქვს ფეხი მოკიდებული... ასე რომ, აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული კი არა, სენთა გამავრცელებელია (ამავე ნომერშია დაბეჭდილი წერილი “აღდგომა და პირველი მაისი”). აღდგომას უწოდებენ უკულტურობის გამომხატველ დღესასწაულსაც: “წლის განმავლობაში არასოდეს ლოთობის სურვილი ისე არ არის გაძლიერებული, როგორც აღდგომის “ბრწყინვალე” დღესასწაულის დროს” (იქვე).
1929 წელს გამოიცა ბროშურა “სააღდგომო ანტირელიგიური კამპანია და სკოლა”. რელიგიურ ცრუმორწმუნეობათა გასაბათილებლად, სხვა საგნებთან ერთად, თურმე საუკეთესო ნიმუშებია ქართული ლიტერატურის პროგრამებით გათვალისწინებულ მასალაში, “რომელიც შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ერთი რიგი ნაწარმოებთა ანტირელიგიური აღზრდისთვის თვალსაჩინო მასალებს იძლევა. ამგვარ ნაწარმოებში ცხადად ჩანს რელიგიის მესვეურთა და თვით რელიგიის “საქმენი საგმირონი” ხალხის გონების დახშვაში, ჩაგრულთა დაბეჩავებაში” (გვ. 11). აქ სანიმუშოდ დასახელებულია დანიელ ჭონქაძის “სურამის ციხე”, ჭოლა ლომთათიძის “პირველი მაისი”, გრიგოლ ორბელიანის “მუშა ბოქულაძე”, რაფიელ ერისთავის “ღმერთი დიდია, ღარიბო”. ვერანაირ იუმორს ვერ უძლებს ეს ჩამონათვალი. გრიგოლ ორბელიანისა და რაფიელ ერისთავის რელიგიური ლირიკის გამოცხადება ანტირელიგიურად სრული სიბნელეა და სხვა არაფერი. ავტორი ამაზე შორსაც მიდის და გვიმტკიცებს, რომ: “ანტირელიგიური აღზრდისათვის გამოსადეგია “განდეგილი” _ ილია ჭავჭავაძისა, “შერისხვა” _ დავით კლდიაშვილისა, “ეკლესიის გარშემო” _ ან. ერისთავ-ხოშტარიასი და სხვ” (გვ. 11).
სკოლა მთელი ძალ-ღონით უნდა შეეცადოს ამ (აღდგომის. _ ს.მ.) დღესასწაულთან დაკავშირებით გაატაროს ისეთი ღონისძიებანი, რომლებიც სააღდგომო დღესასწაულს ბავშვებისა და მოზარდი ახალგაზრდობისთვის ნაკლებად შესამჩნევს გახდის. მეორეც, სკოლას დაევალა “რელიგიურ ჩვეულებებს დაუპირდაპიროს ისეთი კულტურული და საზოგადოებრივი მუშაობა, რომელსაც შეუძლია ბავშვის მიზიდვა-დაინტერესება” (გვ.14). აღდგომას ყოველთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, რათა დღესასწაულს დაეკარგა თავისი დატვირთვა: საბავშვო ბაღები და სახლები, სკოლები, კლუბები, თეატრები... “გაცხოველებული ტემპით” მუშაობდა: აწყობდნენ საღამო-წარმოდგენებს, ექსკურსიებს, კარნავალებს, კონფერენციებს, რგავდნენ ხეებს, წმენდდნენ არხებს, ამუშავებდნენ ქვრივ-ობოლთა მამულებს, გაჰყავდათ გზები, მიმდინარეობდა ბოგირებისა და ღობეების შეკეთება... ერთი მიზნით, რომ ამ დღის საზეიმო განწყობა და სულიერი სიხარული ჩაეკლათ!
საბა მეტრეველი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |