|
“ადეკვატურობა დასავლეთს უფრო მოეთხოვება, რუსეთს სხვა გზა არ რჩება”
“პრემიერს” ესაუბრა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.
- ბატონო ვალერი, უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთი არ ჩერდება. ამის პარალელურად საქართველოს შს მინისტრმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია თითქოს საქართველოში “მაიდანი” მზადდება. თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში “მაიდანს”?
- თქვენი შეკითხვებიდან ჩანს, რომ უკრაინის პროცესების შეფასებაში მხარე ხართ და ამდენად, სუბიექტური. უკრაინის პროცესებში არ ერევა არავინ. დასავლეთი ხვდება, რომ ხელში შერჩა ნაციონალიზმში შემჩნეული არცთუ დემოკრატიული ძალების უკრაინა, დანგრეული ეკონომიკა, არასასურველი დახმარების ვალდებულება. რუსეთმა თითქოს თავისას მიაღწია, მაგრამ აღმოსავლეთის პრორუსული განწყობა უმოქმედობის ნებას არ აძლევს, ბრძოლა გრძელდება უკრაინული ძალებით და უკრაინის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება “მაიდანს” საქართველოში, თუ ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი მექანიზმის ჩართვას “მაიდანი” ჰქვია, ამის საშიშროება ნამდვილად არის. თუ “მაიდანი” დასავლური ორიენტაციისთვის და კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, ამის პირდაპირ საფუძველს მე ვერ ვხედავ. აი, პირველი მიზნით კი არეულობა ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ უნდა დაუშვას.
- ფიქრობთ, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საშიშროება არის?
- თუ ხელისუფლება უნიათობას გამოიჩენს, უკრაინული სცენარის რეპეტიცია ნაციონალებს 2003 წელში გავლილი აქვთ.
- ახლა გკითხავთ, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის იმ ნაბიჯების გამეორებას, რაც უკრაინაში გადადგა?
- აბსოლუტურად სხვადასხვა სიტუაციებია, რუსეთს საქართველოსთვის არ ცხელა და არც სჭირდება დამატებითი ჯუჯა სახელმწიფოები და ანკლავები.
- თუ რუსეთს ჯუჯა სახელმწიფოები არ სჭირდება, აფხაზეთსა და ოსეთზე რას იტყვით? მან ორივე სახელმწიფოდ აღიარა
- რაც შეეხება ჯუჯა სახელმწიფოებს, ახლები არ სჭირდება, არც ესენი აწყობდა, მაგრამ სააკაშვილის დანაშაულებრივმა უგუნურობამ აიძულა. ამას ის პრობლემებიც ადასტურებს, რაც ამ რეგიონებში რუსეთს აქვს და საერთოდ, პანდორას ეს ყუთი დასავლეთმა გახსნა კოსოვოს პრეცედენტით. საერთაშორისო სამართალი, სამწუხაროდ, მოკვდა.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი იზოლაციაშია, თუმცა გაჩერებას არ აპირებს. თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატურია დღეს რუსეთი?
- რასმუსენი ერთი გაბერილი და ფორმალიზმისკენ მიდრეკილი, მოუქნელი ორგანიზაციის ჩინოვნიკია. ჯერ ერთი, წამსვლელია, მეორეც, მისი საქმეა, თავისი ქმედითობა ლაპარაკითა და მუქარით მაინც ამტკიცოს. რუსეთი თავის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს, იმპერია მისი არსებობის ფორმაა. აი, დასავლეთი კი ღრმად შეიჭრა რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში, გაუთვლელად იმისა, რომ დაშლილი რუსეთი მსოფლიო ცივილიზაციის რეალური საფრთხეა. ნუ გვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში ატომური ბომბით აღჭურვილი ათიათასობით იარაღია. დასავლეთი ვეღარ ზომავს ზღვარს რუსეთის დასუსტებასა და დაშლას შორის, ამიტომაცაა სულ უფრო და უფრო ფრთხილი ხდება. სხვაგვარად ეს თვითმკვლელობაა, ამდენად ადეკვატურობა დასავლეთს უფრო მოეთხოვება, რუსეთს სხვა გზა არ რჩება.
- საქართველოს არჩევანზე, ვგულისხმობ ევროპულ არჩევანს, თქვენ თქვენი შეხედულება გაქვთ, თუმცა თქვენვე ამბობთ, დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახოო. საინტერესოა, თქვენი შეფასებით, რამდენად ნორმალურია თბილისის ცენტრში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი მიტინგი გამართო?
- ამ კითხვაზე, ფაქტობრივად, გიპასუხეთ - არა. ეს აქციები და ე.წ. მიტინგები ნაციონალების წისქვილს ამუშავებს და სრული უაზრობაა, თუ არა უფრო მეტი, ერთგვარი არასამართლებრივი დანაშაული მარგინალი ძალებისა.
- ამბობთ, რომ მიტინგები ნაციონალების წისქვილს ამუშავებს, იქნებ დააკონკრეტოთ?
- პოლიტიკურად დაბნეული ორი ადამიანი პუშკინის სკვერში გამოვა რუსეთის დროშით და მიუვარდება მთელი “თავისუფალი ზონა”, ან რაღაც მცირე მიტინგს მიაწყდება “ნაცმოძრაობის” ელიტა, მცირედი პროვოკაცია და ხელისუფლების სულ მცირე უმოქმედობაში და მაქსიმუმ პრორუსული ძალების მხარდაჭერაში დადანაშაულება “ნაციონალების” ოცნებაა.
- მაგრამ ფაქტია, რომ ისინი რუსეთის დროშებით იყვნენ და კონკრეტული ლოზუნგები ჰქონდათ. თქვენ წახვიდოდით ამ მიტინგზე და ის გამართლებულად მიგაჩნიათ?
- არა, არ წავიდოდი, გამართლებულად არ მიმაჩნია. რატომაც, უკვე მოგახსენეთ.
- საქართველოში რუსეთის კიდევ ერთ შემოჭრაზე საუბრობენ, ვგულისხმობ ომს. გამორიცხავთ ამას?
- ყოველგვარ შემოჭრას გამოვრიცხავ, მგელი მოდის ძახილი მაიდანისტების ინტერესებია.
- როგორია თქვენი პროგნოზი უახლოეს პერიოდში რუსეთ-საქართველოს “ფრონტზე”?
- არსებით ცვლილებებს არ ველი, თუ ნაციონალებმა რაღაც პროვოკაცია არ წამოიწყეს. ეს ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ნაციონალებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, რომელიც საჯაროდ უარყოფს რუსეთის მხრიდან გენოციდსა და ოკუპაციას. ამ პროექტის მიღება თვითონ ადვილად შეეძლოთ, მაგრამ ახლა სწორედ სამაიდანოდ გახდიან მის მიღება-არმიღებას, ასეთ პროვოკაციებზეა საუბარი.
- დავით უსუფაშვილმა, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა, გაქრეს და ევროპას, დასავლეთს კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?
- ეს მისი ფუნქციაა, მათ ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიჰყავთ და ერთგვარად აშანტაჟებენ დასავლეთს ამ პროცესების დასაჩქარებლად.
- ევროინტეგრაციის გზაზე დგომა და ამის ხმამაღლა გაცხადება შანტაჟია?
- ევროინტეგრაცია არჩევანია, მოწოდება - პროცესების დაჩქარების შანტაჟი.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |