|
“მერობის კანდიდატებს რუსთავში უკვე დაჰყვებიან ე.წ. პოლიციის “შკოდები” და, როგორც ჩანს, უთვალთვალებენ”
“სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს “ოცნებისტები” ეუბნებიან, ხომ იცით, ახლა ვისაც უნდა მისცეთ ხმა და ისევ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთო”
ნაციონალები და “ოცნება” საქართველოს ყველა რეგიონში, წინასაარჩევნოდ შეხმატკბილებულად მოქმედებენ, _ ასეთი განაცხადით დაიწყო ჩვენთან საუბარი ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლექსო კობაიძემ. ამჯერად მან ამ იდეალური კოჰაბიტაციის რუსთავული ფაქტებიც გაგვაცნო.
ლექსო კობაიძე:
_ “ოცნებამ”, ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში თავისი ხალხი მოიყვანა. “ოცნების” მსუყე წარმომადგენლებმა ნათესავებით, მეგობრებითა და ნაცნობით გაავსეს იქაურობა. საკრებულოებს კი ნაციონალები ებღაუჭებიან ბოლომდე და ყველაფერს ისევ ნაცები განკარგავენ. საკრებულოების დაქვემდებარებაშია მნიშვნელოვანი “სიპ”-ები, რომლითაც “ნაცმოძრაობა” ახერხებს ქალაქებსა და რაიონებს კვლავ საკუთარი გავლენა მოახვიოს. ამ მდგომარეობის გამო საზოგადოება დაბნეულია. მათ ეზიზღებათ “ნაცმოძრაობა”, მაგრამ არც “ოცნება” მოსწონთ, რადგანაც ქვეყანაში არსებული პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება, მათი დაპირებები კი _ დაპირებებად.
_ თქვენ შემპირდით, რომ რუსთავში არსებულ მდგომარეობაზე მომიყვებოდი. რა ხდება წინასაარჩევნოდ ყოფილი მეტალურგების ქალაქში?!
_ რუსთავში ამ პერიოდისთვის ყველაზე დიდი და მწვავე პრობლემა სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს და მათ ოჯახებს აქვთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართებოდა თბილისი-რუსთავის სამარშრუტო მიკროავტობუსებზე მომუშავე მძღოლებისა და მათი ოჯახის წევრების საპროტესტო აქციები. ითხოვდნენ ტენდერის გადავადებას, მაგრამ მათი თხოვნა არავინ ისმინა. 31 მარტს გამარჯვებულად მაინც ის კომპანია გამოცხადდა, რომელიც მათ კაბალურ პირობებს უწესებთ. ამჟამად კი რუსთავში უკვე მუშაობს ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსები. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ორჯერ სცადეს მძღოლებმა თვითლიკვიდაცია ამის გამო და სხეულზე ცეცხლი წაიკიდეს. საპატრულო პოლიციის დახმარებით მოხერხდა ცეცხლის ლოკალიზება, მაგრამ ხელისუფლებას მათ მოთხოვნაზე რეაგირება მაინც არ მოუხდენია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი ასეთი რამ განაცხადა, ყველა დამარცხებულს აქვს პრეტენზია გამარჯვებულთან და მძღოლები ბედს უნდა შეეგუონო. ცინიზმით იყო ხოლმე განმსჭვალული წინა ხელისუფლება საზოგადოების ყველა პროტესტზე, ისიც ამ ფორმებით უგულებელყოფდა ხალხის აზრს და დღევანდელი ხელისუფლებაც მსგავსი ქმედებებით არის დაკავებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რატომ მოიქცა ასე “ოცნების” ხელისუფლება. რატომ არ გაითვალისწინა მძღოლების, საზოგადოების აზრი და რატომ დანიშნა ამ მარშრუტზე ყვითელი ავტობუსები.
_ რატომ მოიქცა ასე, ჩვენც გვითხარით?!
_ მძღოლები ამ საქმეში ადანაშაულებენ ვიცე-მერს, კახი კალაძეს. ჩვენი ინფორმაციით კი, ამჟამად ამ ბიზნესში კალაძის გუნდში მყოფი ადამიანები არიან ჩართული და კალაძეც მათ მფარველობთ. მძღოლები ამ საქმეში ხელს ზვიად ძიძიგურსაც ადებენ, რომელიც, სამწუხაროდ, ერთხელაც არ შეხვედრია მათ. ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აქციები რუსთავში და ამ ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა საერთოდ არ ისურვა საკუთარ ამომრჩეველთან საუბარი. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი. სიმართლე ის არის, რომ რუსთავის საზოგადოება ძიძიგურის, როგორც მათი რჩეული დეპუტატის საქმიანობით უკმაყოფილოა. მათი თქმით, ძიძიგურს არ ადარდებს რუსთაველების წუხილი და ის მხოლოდ საკუთარი ინტერესების მოგვარებითაა დაკავებული.
ყვითელი “მარშრუტკების” ბიზნესს წინათ რომ ნაციონალები მფარველობდნენ, ყველამ იცის. ეს საქმიანობა უკავშირდება ძმებ შარანგიებს, რომლებიც მაშინ ნაციონალებთან იყვნენ გადაჯაჭვულნი და ისინიც, გარკვეული წილებისა და თანხის საფასურად მათ “კრიშავდნენ”. ახლა, როგორც ჩანს, შარანგიებმა “კრიშა” გამოცვალეს და უკვე “ოცნების” ფრთებს შეეფარნენ. ამ ბიზნესის წილში თუ ადრე ნაციონალები ჰყავდათ ჩასმული, ახლა ისინი “ოცნების” ხალხმა შეცვალა და უკვე გითხარით, ვისი ინტერესებიც დევს კონკრეტულად რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ყვითელი ავტობუსების მუშაობაში. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ სამარშრუტო მიკროავტობუსებში მძღოლებს მხოლოდ ერთადერთი რადიოს, “უცნობის” ჩართვის უფლება აქვთ და სხვა არხების დაჭერა ეკრძალებათ. ეს კი გოგი ხაინდრავას ინიციატივით მომხდარა. წინათაც იყო ასეთი პრობლემა, როცა ნაციონალების ინიციატივით ყვითელ “მარშრუტკებში” “მაესტროს” ჩართვა და მოსმენა აიკრძალა და ამის გამო მთელი საზოგადოება ფეხზე დადგა. ახლაც მხოლოდ ერთი რადიოს ჩართვის უფლება მისცეს მძღოლებს და გეკითხებით, ვის აქვს უფლება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სასურველი ინფორმაციის მიღება აუკრძალონ ან მძღოლს და ანდაც ხალხს?! ეს ხომ მედიაზე ზეწოლაა და სხვა არაფერი?! “ოცნება” ყველაფერში, პირდაპირი გაგებით, ნაციონალების სამართალმემკვიდრე გახდა. ის ადამიანები, ვინც სამართლიანობის მანტიით მოვიდნენ, ახლა ნაციონალებივით ვეშაპებად იქცნენ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გოგა ხაინდრავას. ბატონ გოგას კარგად ვიცნობ და აქამდე მეგონა, რომ ეს ადამიანი აპოლოგეტი იყო თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის, მაგრამ თურმე მხოლოდ შეფარვით არის ასე და სინამდვილეში ისიც საკუთარ ინტერესებს იცავს. ასეთი ფორმით ცდილობს ეს ხალხი, ჩაყლაპოს ის მედიასაშუალებები, რომლებიც საზოგადოებაში კი პოპულარულია, მაგრამ ახალი ხელისუფლება მაინცდამაინც არ წყალობთ. თუ გნებავთ დავაკონკრეტებ, ესენია რადიო “მაესტრო”, “ობიექტივი” და სხვა გასართობი რადიოარხები.
_ ხაინდრავა ხომ ხელისუფლებაში არ არის და მის სიტყვას რა ძალა აქვს?! რაღაც არასწორი ინფორმაცია იქნება ეს, ასე მგონია...
_ მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მემორანდუმი გააფორმა შარანგიების გუნდთან და ოფიციალურად ყველა ამ სამარშრუტო ტაქსიში რადიო მხოლოდ ერთ სიხშირეზე უმუშავებს. ამით საზოგადოებასაც და მძღოლებსაც არჩევანის საშუალება მოუსპეს. წინათაც ყველაფერი ერთი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” სურვილისამებრ კეთდებოდა და ახლაც ასეა, რაც “ოცნებასა” და მის მხარდამჭერებს თავში მოუვათ, ის ხორციელდება. ამიტომაც გითხარით, რომ ხალხი დაბნეულია და მათ შორის განსხვავებას ვეღარ ხედავს. ჩემი ინფორმაციით, ორ მძღოლს ჰქონდა ამ საკითხზე პროტესტი. მათ ხელმძღვანელობას უთხრეს, სხვა არხებზე რატომ არ უნდა ჩავრთოთ რადიოო და ისინი მკაცრად გააფრთხილეს, თუ კიდევ გამოხატავთ მსგავს პროტესტს, სამსახურიდან წახვალთო.
_ რუსთავში ავტომანქანების ბაზრობა ნაციონალების დროს აშენდა და ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის სახელებს უკავშირდებოდა. ვანო დაიჭირეს, კეზერაშვილს საფრანგეთის პოლიცია ზედამხედველობს. ეს ბიზნესი “ოცნებამ” ჩაიგდო ხელში?
_ ჩემი მეგობრები მუშაობენ იქ და მათგან ვიცი კულუარულად, რომ ახლახან, ერთი კვირის განმავლობაში, ამ ბაზრობის გენერალურ დირექტორთან, რომელიც უკრაინელია, დადიოდა ლადო ვარძელაშვილი. არა მგონია, რომ ვარძელაშვილს მანქანის ყიდვა მონდომებოდა და ამიტომ ევლო ყოველდღე იქ. ჩემი ინფორმაციით, ამ ბაზრობას ისევ ნაციონალები აკონტროლებენ _ კონკრეტულად კი დავით კირკიტაძე და მისი ბიჭები. ეს იქიდანაც ჩანს, რომ რუსთავის მერობის ამჟამინდელი კანდიდატი “ნაცმოძრაობიდან” და ყოფილი მერი მამუკა ჩიქოვანი რუსთაველებს ჰპირდება, თუ ამირჩევთ, მაქვს ბერკეტი, რუსთაველები ამ ბაზრობაზე დაგასაქმოთო. რუსთავში ბევრი საწარმო ახლაც ნაციონალებს ეკუთვნით და ეს იქ ყველამ იცის. საჯაროდ არის გამოცხადებული, რომ ესა და ეს საწარმოები არის ნაციონალების ბიზნესი და ეს ხალხი იქ დღემდე კარგად გრძნობს თავს. ამ ბიზნესების დიდი ნაწილი, თავის დროზე ნაციონალებმა უწინდელ პატრონებს ძალით წაართვეს და თვითონ გადაიფორმეს. “ოცნება” კი არ ცდილობს, ჩაეძიოს და დაინტერესდეს, საიდან აღმოჩნდა ეს ბიზნესმენი რუსთავში ნაციონალი პოლიტიკოსების ოჯახის წევრების ხელში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაციონალები და “ოცნება” მართლაც გარიგებულები არიან და ერთმანეთთან შეთანხმებით მართავენ ქალაქს. სხვადასხვა სამსახურებშიც კვლავ ის ხალხია თავმოყრილი, ვინც ნაციონალების დროს ყველამ იცოდა, რომ მათი გუნდის წევრი იყო, დღეს ზოგი რესპუბლიკურ პარტიაშია თავშეფარებული და ზოგიც კონსერვატორებთან. ისევ ხელშეუხებლად და კარგად გრძნობენ თავს.
_ მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით რა ხდება, იქაც ყველაფერი ძველებურად არის?
_ წინა მთავრობამ ეს ქარხანა პატარკაციშვილის ოჯახს წაართვა, მერე ჟოზეფ ქეის ჰქონდა ხელში ჩაგდებული. როგორც ჩანს, მან “ოცნების” ხელისუფლებასთანაც მოაგვარა ურთიერთობა, რადგან კვლავ ბედნიერად და ხელშეუხებლად მართავს წართმეულ ბიზნესს. ამ ყველაფერს ხალხი კარგად ხედავს, როგორც შეუძლიათ, ეწინააღმდეგებიან კიდეც ამ უსამართლობას.
_ ყველას გვახსოვს, როგორ აყალბებდა ნაცხელისუფლება არჩევნებს, როგორ ახდენდა ხალხის გადაბირებასა და მოსყიდვას. ადგილობრივი არჩევნები კარზეა მომდგარი. “ოცნება” ამაშიც მათ კვალს ხომ არ გაჰყვა?!
_ ნაციონალებისდროინდელი წინასაარჩევნო პერიოდისგან ეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება, თუმცა “ოცნება” ცდილობს, ნაცების მსგავსი ქმედებები შეპარვით განახორციელოს. მერობის კანდიდატებს რუსთავში უკვე დაჰყვებიან ე.წ. პოლიციის “შკოდები” და, როგორც ჩანს, უთვალთვალებენ. ალბათ, მათზე ყველა სახის ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ და მას მერე როდის და რაში გამოიყენებენ, არავინ იცის. რუსთავში, სახელმწიფო სამსახურში ვინც არის დასაქმებული, “ოცნებისტები” ეუბნებიან, ხომ იცით, ახლა ვისაც უნდა მისცეთ ხმა და ისევ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლებისგან აგიტაციის მიზნით კვლავ ხორციელდება. წინა მთავრობამ საზოგადოებაში შიში დატოვა და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დღესაც არ სურთ, გამოკვეთილად დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები. ისინი ცდილობენ, შეფარვით ილაპარაკონ ამაზე და სასურველი კანდიდატებისადმი თანადგომაც შეფარვით გამოხატონ. ან ქვეცნობიერად მოჰყვებათ მათ ეს შიში, ანდაც კიდევ არსებობს ასეთი საფრთხეები და ეს “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა. არავინ იცის, რას გააკეთებს “ოცნება”, როცა არჩევნების დრო მოვა. არ გამოვრიცხავ, რომ სადმე თუ გაუჭირდათ, იმ მეთოდებზეც გადავიდნენ, რომელსაც არჩევნების დროს ნაციონალები იყენებდნენ და გააყალბონ.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |