

|
ქართულ პოლიტიკაში ოდითგან ასეა: ყველა ერთის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდება. ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია და, უფრო მეტიც, ისინი, ვინც ადრე “ერთ მუშტად შეკრულები” “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძოდნენ, ახლა, თითქმის ანალოგიური პათოსით, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ილაშქრებენ. ყველაფერი ეს შეიძლება, ხელისგულზე არ დევს, მაგრამ “პრემიერის” მსტოვრები პრივატული საუბრის დროს ამტკიცებენ, რომ “ოცნებას” მხოლოდ გარე ძალები კი არ ებრძვიან, არამედ კოალიციის ცალკეულ წევრებს ძირს თავად “ოცნებელები” უთხრიან. ამ მხრივ კი, ყველზე, როგორც იტყვიან, შავ დღეში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა.
ის, რომ ალასანია შეტევის ობიექტია, ღიადაც ჩანს, მაგრამ ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ ანტიალასანიასეული ბრძოლის მთავარი ლოკომოტივი, როგორც “პრემიერს” კულუარებში უხსნიან, “ოცნების” ის ფრთაა, რომელიც პრემიერის გარემოცვად ითვლება, თუმცა “პრემიერს” იმასაც ეუბნებიან, რომ “ღარიბაშვილს ალასანია, შესაძლოა, გულზე არ ეხატება, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების ბრძანება არ გაუცია”.
აქედან გამომდინარე, ინფორმატორები მიიჩნევენ, რომ რაღაც ჯგუფი “თვითშემოქმედებითად” მოქმედებს.
მაინც, ვინ და რას ერჩის ირაკლი ალასანიას? _ ვიდრე ამ თემაზე საუბარს გავშლით, აღსანიშნავია ერთი, ასე ვთქვათ, მოვლენა, რომელიც ამ დღეებში მოხდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის თაობაზე ჯანყარაშვილის განცხადება გამოქვეყნდა:
“კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა, გვერდში დავდგომოდი კოალიციას და მონაწილეობა მიმეღო იმ ბრძოლაში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო სააკაშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ, ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში. ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე.
გარდამავალ პერიოდში ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
დღეს, როდესაც უკვე გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა, ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, _ ნათქვამია ჯანყარაშვილის განცხადებაში.
ზვიად ჯანყარაშვილი ის ადამიანია, რომელიც ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სკანდალის საბაბი გახდა, ანუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოებას აცნობა, რომ ჯანყარაშვილი შს იმჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის დისწულია, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, ცოლის ნათესავი ნათესავი არ არისო.
ცოლის ნათესავი ნათესავი არის თუ არა, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ, როგორც კულუარებში ამბობენ, ზვიად ჯანყარაშვილი მხოლოდ შსს-ში კი არა, პრაქტიკულად, მთელ “ოცნებაში” რუხი კარდინალი იყო. ამბობენ იმასაც, რომ ამა თუ იმ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა ჯანყარაშვილის “რენტგენის გავლის” შემდეგ ხდებოდა, ანუ ღარიბაშვილ-ივანიშვილის ტანდემი მას თვალდახუჭული ენდობოდა.
დღეს, როცა ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი და “ქართულ ოცნებას” მაინცდამაინც მყარი პოზიციები არ აქვს, ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წასვლა, მით უმეტეს, იმ მიზეზით, რაც მის გადადგომის განცხადებაშია ნახსენები, ცოტა არ იყოს, ნონსენსია.
“პრემიერის” ინფორმატორები ამბობენ, რომ ე.წ. ჯანყარაშვილის ინციდენტი პრემიერის მამასა და სიმამრს შორის დაწყებული ფარული ბრძოლის სააშკარაოზე გამოტანაა.
სხვადასხვა წყაროს ვერსიით, პრემიერის მამა და სიმამრი რეგიონებში, განსაკუთრებით, კახეთში, ერთმანეთს გავლენისთვის ექიშპებიან. მეტიც, “პრემიერს” უთხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ, მათ შორის, თითქოს სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა და თამაზაშვილმა მძახალს უთხრა, გეყოფა, ახლა მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებებიო.
“როგორც ჩანს, მძახალს გენერლის სითამამე ყელში ამოუვიდა და მისი დასუსტება გადაწყვიტა”, _ ეჭვობს “პრემიერის” მსტოვარი.
სხვათა შორის, “პრემიერს” იმასაც ეუბნებიან, რომ ბოლო დროს გენერალი თამაზაშვილი ე.წ. თხოვნებზე ძველ მეგობრებსაც კი უარს ეუბნება და ყველას მარტივად იცილებს, სახელმწიფო საქმეებში არ ვერევიო. ეს “თხოვნები” კი, როგორც წესი, თურმე, თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება.
და ვიდრე “ოცნების” მძახლები ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებულნი, “მტერი”, ამ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები დროს უქმად არ კარგავს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ კულუარებში ფართომასშტაბიან “ძირგამომთხრელ სამუშაოებს” აწარმოებს.
ასე, მაგალითად, “პრემიერს” ეუბნებიან, რომ ბოლო დროს, მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც ამჟამად ზურაბ ჟვანიას ფონდის თავკაცია, შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ. წყაროს თქმითვე, ეს შეხვედრები ფარული კი არა, საჯაროა, ანუ ზემოხსენებული სამეული ყავას “დინგი-დუნგიის” დასანახად, ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ფოიეში მიირთმევენ ხოლმე.
ყავის დალევა ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჯერჯერობით არ ისჯება, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რა კავშირი აქვთ მაჭავარიან-გოგორიშვილს ნოღაიდელთან, რომელიც ამჟამად ჟვანიას ფონდის ხელმძღვანელია?
თემა უფრო რომ გავშალოთ, განსვენებული პრემიერის ოჯახი მაჭავარიან-გოგორიშვილს არ ეკონტაქტება და მათთან გარკვეული შეკითხვებიც აქვს. ოჯახი, როგორც ჩანს, ნოღაიდელს ენდობა და ჟვანიას ფონდის ხელმძღვანელობა ამიტომაც ჩააბარა. თუ გარდაცვლილი პრემიერის ოჯახი მაჭავარიან-გოგორიშვილსა და, საერთოდ, ე.წ. ჟვანიას გუნდის სხვა წევრებს დასანახად ვერ იტანს, მაშინ ნოღაიდელი მათ რატომ “ეკურკურება”?
პოლიტიკური ფანტაზია შესაძლოა, უფრო შორსაც წავიდეს _ ზურაბ ნოღაიდელი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მეგობარია. ყოველ შემთხვევაში, თავის დროზე კალაძესა და ნოღაიდელს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. “პრემიერის” წყაროები ამბობენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კალაძე ისეთი ტიპის რჩევებს, მაგალითად, როგორიცაა, საწვავის ღირებულებიდან ათი თეთრი მიშას ჯიბეში მიდის, ან ელექტროენერგიის გაიაფება შეიძლება _ სწორედ ნოღაიდელისგან იღებდა.
“პრემიერის” წყარო, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კარგად ერკვევა, იმასაც ამბობს, რომ, თუ ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ინვესტორთან ბოლო 10-12 წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების გადახედვის პოლიტიკური ნება იქნება, გამორიცხული არ არის, რომ ზურაბ ნოღაიდელის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რადგან მას ზემოხსენებულ 10-12 წელიწადში ორი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა _ “ვარდების რევოლუციამდე” ფინანსთა მინისტრი იყო, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ კი პრემიერი გახდა.
“ნოღაიდელი “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობის” იმ ფრთას შორის, რომელსაც მაჭავარიან-გოგორიშვილი წარმოადგენენ, შეიძლება, შუამავალი იყოს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა არის ამ შუამავლობის მიზანი, მაგრამ ყურმოკვრით ვიცი, რომ ბოლო დროს ღარიბაშვილსა და კალაძეს შორის სიტუაცია დაიძაბა. ბიძინა ღარიბაშვილს ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კალაძესთან ნათელმირონობა აკავშირებს _ ბერა კახის შვილის ნათლიაა. აი, გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ბერაა _ როგორც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურორად სწორედ ბერას დაჟინებული მოთხოვნით დანიშნეს, რადგან ფარცხალაძის შვილი ბერას ტელევიზიაში მუშაობს. ისე, არ გამოვრიცხავ, რომ ფარცხალაძის ნასამართლობაზე ინფორმაცია “ნაციონალებამდე” სწორედ “ოცნების” არხებიდან მივიდა”, _ ამბობს წყარო, რომელიც თავისი მონათხრობით მინიშნებას მმართველ კოალიციაში არსებულ ფარულ განხეთქილებაზე აკეთებს.
ახლა, რაც შეეხება ირაკლია ალასანიას. თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ბრძოლა დღეს კი არა, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ალბათ, გახსოვთ: ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ივანიშვილი ალასანიას დუბაიში ვიზიტს შეეხო და განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, პატივს არ სცემს.
“პრემიერის” წყაროების თქმით, ივანიშვილის ამ განცხადების წინა დღეს, ქართულ მედიაში ალასანიაზე რამდენიმე “მამხილებელი” სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრი დუბაიში, თითქოს, მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა და ეს მეგობარი ქალი, თავის მხრივ, გიგი უგულავას ცოლის დაქალია.
“მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ჭორი “ოცნებაში” “მოიხარშა” და ისიც ვიცი, რომ მის გასატირაჟებლად გარკვეული თანხაც იქნა დახარჯული”, _ აცხადებს “პრემიერის” წყარო.
“პრემიერი” ადრეც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი “ენის აყოლაშია” შემჩნეული. შესაბამისად, როგორც ინფორმატორი განმარტავს, ივანიშვილს მედიაში გამოქვეყნებული ზემოხსენებული სტატიები დაუდეს და ურჩიეს, პრევენციის მიზნით, ალასანიასთვის საჯაროდ “დაერტყა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანიას, რომლის რეიტინგიც დაბალი ნამდვილად არაა, შეიძლება, სხვა ამბიციები გაუჩნდეს და პრეზიდენტობა მოინდომოსო.
ერთი სიტყვით, “პრემიერის” ინკოგნიტო რესპონდენტების ანალიზით, მთელი სახელმწიფო მანქანა, თავისი ოპოზიციური ფლანგით, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მუშაობს. ინფორმატორები სწორედ ამით ხსნიან იმ გარემოებასაც, რომ ჯარში პერიოდულად ხდება ინციდენტები _ ჯარისკაცები საკვებით მასობრივად იწამლებიან. გარდა ამისა, ამა თუ იმ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მინისტრს, თურმე, საეჭვო ადამიანების კანდიდატურებს აჩეჩებენ და ყველაფერი ეს მაშინ ხდება, როცა ალასანია, თავიდან ბოლომდე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზეა გადართული.
“ზაფხულამდე ძალიან მძიმე პერიოდი იქნება და ალასანიამ უნდა იფრთხილოს. თუ მას არჩევნებამდე მოხსნიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. საერთოდ, ღარიბაშვილისა და ალასანიას დაპირისპირების ინსპირირება რატომღაც რუსული სცენარი მგონია, რადგან პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის ხელოვნური უთანხმოების გაჩენა რომელიმე მათგანს კი არა, ქვეყანას დააზარალებს. ამიტომ, ორივე ირაკლიმ ცოტა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მოენეებს არ აჰყვეს”, _ ამბობს “პრემიერის” ინფორმატორი.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |