|
რატომ არ აგზავნიან უკრაინაში ჰაიდი ტალიავინის
თბილისის მერი გარკვეულია; ყვითელი მარშრუტკები და ამბოხი ტატულიას სკოლაში; ბურჯანაძის “პასუხი ჩემბერლენს”; ნაციონალ-მეოცნებეთა შეხმატკბილება სტრასბურგში; ანდრეი ბაბიცკის დამხობა; ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტანი და გივი თარგამაძის მონსტრუალიზაცია; მიგრანიანი-ლავროვი-ჰიტლერ ალოიზოვიჩი; რატომ არ აგზავნიან უკრაინაში ჰაიდი ტალიავინის; გაქრება თუ არა საქართველო მსოფლიო რუკიდან?
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტელიტა მომავალ მუნიციპალურ არჩევნებს ლამის ეპოქალურ მნიშვნელობას ანიჭებს (ან კი რომელი არ ყოფილა მისთვის “ეპოქალური” 1990 წლის 28 ოქტომბრიდან?), ამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გარკვეულია: რა თქმა უნდა, გამოცხადება იქნება მცირე, ხოლო პოლიტელიტა ამას ასე ახსნის: “მუნიციპალურ არჩევნებში ყველგან და ყოველთვის ნაკლები აქტიურობააო”. რასაკვირველია გაიმარჯვებს “ოცნება”, ხოლო თბილისის მერი დავით ნარმანია გახდება. უფრო მეტად სავარაუდოა, პირველივე ტურში, თუმცა “ოცნებას” მეორე ტური უნდა აწყობდეს კიდეც _ ამით ხომ ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესის დემოკრატიულობა დადასტურდება.
ქართველი ამომრჩევლის მენტალობაა: დავით ნარმანიას პროცენტები იმაზეა დამოკიდებული, ვის და რამდენჯერ “დაიბარებენ” პროკურატურაში: თუ ვინმეს კიდევ ციხეში ჩასვამენ, პროცენტი მოიმატებს, თუ მხოლოდ დაკითხავენ, შეიძლება 50%-ს ძლივს გადასცდეს და ასე შემდეგ.
რას ვიზამთ: ქართველები პოლიტიკას უყურებენ, როგორც გლადიატორთა ბრძოლას და ხმას აძლევენ გამარჯვებულს, ანუ იმას, ვინც მათ თვალში “მაგარია”. თუ “ოცნება” ჩანს მაგარი, მაშინ ოცნების კანდიდატი იღებს ხმებს, თუ ნაციონალური მოძრაობა _ მაშინ “ნაციონალები”. ერთი სიტყვით, “ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!”.
საინტერესოა, რატომ აღარავის ახსოვს ბიძინა ივანიშვილის ადრინდელი განცხადება: “ადგილობრივ არჩევნებში კოალიციის სუბიექტებმა ცალ-ცალკე უნდა მიიღონ მონაწილეობაო”. გადათქვეს, რაკი “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ ისე ვერ დააჩმორეს, სისუსტის დემონსტრირება არ აშინებდეთ. კოალიციის დაშლას კი (თუნდაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ), ხსენებული “მაყურებელი” (“გლადიატორთა ბრძოლით” რომ იქცევს თავს) სწორედ სისუსტის გამოვლინებად მიიჩნევს. შესაბამისად, “ნაციონალთა” პროცენტებიც იმატებს.
გარდა ამისა, 15 ივნისი “მკვდარი სეზონის” დასაწყისია საქართველოში; და თუ ისედაც ზანტი ამომრჩევლის კიდევ უფრო შემცირება უნდოდათ, ამაზე უკეთეს თარიღს ვერც მიაგნებდნენ. თუმცა, გაურკვეველია, მაინც რაში უნდა აწყობდეს ეს “ოცნებას?” ამომრჩეველთა დაბალი პროცენტი მის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს და “ნაციონალებს” სალაპარაკოს გაუჩენს, რომ “ხალხი იმედგაცრუებულია”, რაც მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა და დემაგოგია როდი იქნება _ ხალხი მართლა იმედგაცრუებულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თანდათან მატულობს სოციალურ ექსცესთა რიცხვიც: რუსთაველ მძღოლთა გაფიცვა იმითაა ნიშანდობლივი, რომ კახი კალაძის სახით ყალიბდება ყველგან და ყველაფრის მომცველი მონსტრის სტერეოტიპი, რომელიც თითქოს მთლიანად აკონტროლებს ეკონომიკას და არსად არაფერი გაფაჩუნდება მის გარეშე: თუკი სადმე საპარიკმახერო გაიყიდა, ამიერიდან ესეც მისი ბრალი იქნება.
ერთ დროს ქუთაისში ასეთი იმიჯი ვინმე შალიკიანს ჰქონდა.
ნიშანდობლივია, რომ ამგვარი სულელური სტერეოტიპები სწორედ კალაძის თაობაზე ყალიბდება. არადა მილიარდერი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, ესეც ჩვენი საზოგადოებრივი მენტალობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია: თუ ის, სხვადასხვა მიმართულებით, ამგვარ სტერეოტიპთა ჩამოყალიბებას დაუშვებს, სწორედ ისინი მოუღებენ ბოლოს, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ.
კახი კალაძის “სტილურობა”, რაც მილანში ბუნებრივი და სოციალურ ქსოვილში იოლად ინტეგრირებულია, ქართულ სოციუმს ქვეცნობიერად აღიზიანებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელისუფლება, ზოგიერთი მიმართულებით, საშიშ არაკომპეტენტურობასაც ამჟღავნებს, რისი მაგალითიცაა 53-ე სკოლაში ატეხილი გნიასი. განათლების მინისტრმა გოგონამ, როგორც ჩანს, არ იცის, რა არის “პიდისიატტრეტი”, ანუ ლეგენდარული “ტატულიას სკოლა”. ეს იყო ვერის “ნორჩი გული”, ისევე, როგორც 55-ე (“პიდისიატპიატი”, ესე იგი “ლომიძის სკოლა”) _ ვაკისა.
რეალურად ძალიან სერიოზული სოციალური ინსტიტუტია, მყარი ტრადიციებითა და მიმართებებით. ამ ელიტარულ ინსტიტუტს მიშამ (მიშამაც კი!) ვერ ახლო ხელი და ვნახოთ, ეყოფა თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ძალა, ის დაანგრიოს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული დანაკარგების გარეშე.
ძალზე საეჭვოა.
ის ტრადიციები, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ (ვიმეორებ: მიშამაც კი!) ვერ გაუბედა ხელის ხლება, დღემდე მოქმედებს და მომაკვდინებელ პოლიტიკურ რისკებს შეიცავს. თანაც, მიშასგან განსხვავებით, აქ უფრო არაკომპეტენტურობა მჟღავნდება, ვიდრე რეფორმატორული რადიკალიზმი, თორემ რადიკალიზმი მიშას რომ ჰქონდა, იმდენი ვის აქვს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დაგლას ფრანცის განცხადებას, რომ “2003 წლის შემდეგ საქართველომ “დიდებული ათწლეული” განვლო”. ამ განცხადებას ქალბატონმა ნინომ “უპასუხისმგებლო და ცინიკური” უწოდა. ნიშანდობლივი არგუმენტიც მოიყვანა: “რომელ დიდებულ ათწლეულზე ლაპარაკობს ბატონი ფრანცი, როცა საქართველოში ომი იყოო”. იგულისხმება: სამარცხვინოდ წაგებული ომი უდიდესი მსხვერპლითა და სხვა დანაკარგით.
მივაქციოთ ყურადღება: უკვე ესაა მისი მთავარი არგუმენტი და არა ყბადაღებული “ცოცხები”.
ოღონდ, აქ ერთი “მაგრამ” აუცილებელი იქნება: 2008 წლის ომი ე.წ. “ვარდების რევოლუციიდან” გატარებული საგარეო პოლიტიკის პროდუქტი იყო და არა მხოლოდ (არა იმდენად) 2008 წლის 7 აგვისტოს მიშას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა. ქალბატონი ბურჯანაძე იმ საგარეო პოლიტიკის არათუ თანაავტორი ბრძანდებოდა, არამედ ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო რადიკალური და შეურიგებელი (გავიხსენოთ “დიდი გაზსადენის” ეპოპეა და მისი მუქარა მთავრობას იმპიჩმენტის თაობაზე), ვიდრე სააკაშვილი. მთლიანობაში, ის იყო არა სააკაშვილის, არამედ, სწორედაც, სააკაშვილ-ბურჯანაძის საგარეო პოლიტიკა! ყოველ შემთხვევაში 2008 წლის აპრილამდე, სანამ მიშამ “ნაციონალთა” საარჩევნო სიაში “ნინოს კვოტის” გაფართოებაზე არ თქვა უარი.
რაც შეეხება დაგლას ფრანკის განცხადებას, იმავე “ვარდების რევოლუციამ” იმდენად იმოქმედა ვაშინგტონის ტაქტიკაზე განვითარებადი ქვეყნების მიმართ (მაგალითად, “არაბული გაზაფხულის” პროექტი, დიახაც, მისი ანალოგიით შეიქმნა), რომ ვაშინგტონი მიშას არც ერთ შემთხვევაში არ გაწირავს.
თუ ქალბატონს ეს არ მოსწონს, იმ “რევოლუციაში” საკუთარი წვლილიც გაიხსენოს, ანუ არ უნდა უკვირდეს მაინც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს ქვეყანას კოალიცია “ქართული ოცნება” მართავს. მაგრამ თვით “ოცნება” იმ პოლიტიკური პროგრამითა და დომინანტებით იმართება, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა. ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო სტრასბურგის დებატები, სადაც კოალიციის წევრებმა ლამის “მხარი და ყბა ამოიგდეს”, ოღონდ კი “ნაციონალებზე” მეტად რადიკალურნი ყოფილიყვნენ რუსეთის მიმართ.
არადა ევროსაბჭოს ხიბლი და მთავარი თვისება პლურალიზმია. იქ სავსებით შეიძლება მოიძებნოს დეპუტატი, რომელიც ყირიმში რუსეთის მოქმედებას დემაგოგიურად გაამართლებს (მაგალითად, ერთი აზერბაიჯანელი დეპუტატი ასეც მოიქცა), და მეორე, იმავე დელეგაციიდან, რომელიც კიდევ უფრო მკაცრად დაგმობს.
ასე ტოტალურად ერთი და იგივე “უორდინგით” ლაპარაკი, “ყბისა და მხარის ამოგდება” ერთმანეთის ჯიბრით და ლამის “უკრაინელებზე მეტი უკრაინელობა” ელემენტარული სიბრიყვის გამოვლინებაა. თანაც სწორედ “ოცნების” მხრიდან, თორემ “ნაციონალებს” რა ენაღვლებათ? ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგებზე ხომ სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა და არა მათ?!
სწორედ “ნაციონალთა” ძალისა და გავლენის მაჩვენებელია, რომ “ოცნებას” უბრალოდ ეშინია, რაიმე დიპლომატიურობა მაინც გამოამჟღავნოს და, ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, ისევ ძველების მიერ დაკრულზე ცეკვავს ცეცხლოვანად. მიშა და მისი გუნდი რომ პოლიტიკურად ვერ დაამარცხეს, სწორედ სტრასბურგის სესიაზე გამოჩნდა და იმ “ცეცხლოვანი გამოსვლების” ფონზე ცოტა უცნაურიცაა, რა პრეტენზია აქვთ, საერთოდ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალებთან” ან მათ ლიდერთან?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა (ტრადიციისამებრ, საქართველოში საერთოდ ვერშემჩნეული) გახდა ანდრეი ბაბიცკის გაძევება რადიო “ეხო კავკაზას” მთავარი რედაქტორობიდან. “ეხო კავკაზა” ამერიკული “რადიო თავისუფლების” შვილობილია, რომელიც სამხრეთ კავკასიაზე სპეციალიზდება. უფრო ზუსტად, საქართველოზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. მას ასი პროცენტით ამერიკის კონგრესი (მაშასადამე, ამერიკის სახელმწიფო) აფინანსებს. ამდენად, “ცოტა უცნაურია”, რომ ამერიკული რუსულენოვანი რადიოსადგური სეპარატისტული და ანტიქართული პროპაგანდის ისეთივე რუპორად იქცა ბაბიცკის ხელში, როგორც, მაგალითად, “რადიო როსსი”. ვერც კი გაარჩევდი.
ოსი და აფხაზი კორესპონდენტები იქ დღენიადაგ ავითარებენ საკუთარ სეპარატისტულ თეორიებს. მათ შორის რადიოს საიტზე, რომელსაც ასიათასობით მკითხველი ჰყავს. საქართველოს კი წარმოადგენდა... ვინმე ოლესია ვართანიანი. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ უკლავს გულს ამ ქალბატონს ჩვენი ქვეყნის უბედურება, მათ შორის ქართველ ლტოლვილთა და მორიგი ეთნოწმენდის მომლოდინე გალელთა მწარე ხვედრი?
ალბათ, სწორედ ამ გულმოკლულობისა და გულდათუთქულობის გამო შეარჩია ის ბაბიცკიმ, რომელიც, ამავდროულად, სიამოვნებით უთმობს ადგილს ქართველ “სასარგებლო იდიოტთა” სრულიად პათოლოგიურ ანტიქართულ პოსტებს.
და ეს ყოველივე, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ქართული დოყლოპატიის (ვითომ “დიპლომატიის”) მოყრუებით, ერთ-ერთ ინტერვიუში თვით ბაბიცკის რომ არ დაებრეხვებინა: “პუტინს აბსოლუტური უფლება ჰქონდა, ყირიმი შემოეერთებინაო”. მაშინ კი შეფუცხუნდნენ ვაშინგტონში და ჰკრეს პანღური, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაბიცკი უკრაინას შეეხო, სადაც ამერიკის ინტერესი და “ჩართულობის დონე” ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში.
ჩვენს შესახებ არანაკლები უთქვამს ან დაუწერია, მაგრამ ამაზე ამერიკელი მეგობრები ყურსაც არ იბერტყავდნენ. მით უმეტეს, რომ “ქართული დოყლოპატია” არასდროს ეკითხებოდათ: რატომ ხდება, რომ ამერიკის სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული რადიოსადგური (და მისი საიტი) საქართველოს გახლეჩა-დანაწევრების პუტინისეული პოლიტიკის რუპორად იქცა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის წინააღმდეგ მძვინვარე საინფორმაციო ომი (რომელშიც, რუსეთი ისევე იმარჯვებს, როგორც 2008 წელს), საქართველოს გარეშე, ბუნებრივია, ვერ ჩაივლიდა. საკუთარი წვლილი ამ ოპერაციაში “გენერალმა” ტრისტან წითელაშვილმაც შეიტანა. “გენერალთა კლუბი” კი ამბობს, წითელაშვილი გენერალი არ არისო, მაგრამ 1992-1993 წლების აფხაზური ომიდან დაწყებული ის თავს გენერალს უწოდებს. რაც მთავარია, რუსებისთვის მართლა გენერალია, თუმცა “მომიჯნავე” რუსულ უწყებაში შესაძლოა, სხვა წოდებაც აქვს.
სწორედ მან განაცხადა, რომ თურმე, მაიდანზე ადამიანთა დახვრეტა საქართველომ მოაწყო _ გივი თარგამაძემ გაგზავნა სნაიპერები კიევში და სწორედ ისინი ხოცავდნენ ხალხს სააკაშვილის მითითებით.
“მაიდანზე” მოქმედი სნაიპერები რუსეთისთვის ყველაზე სუსტი წერტილია, რადგან, რასაკვირველია, მოსკოვის მითითებით მოქმედებდნენ და ამ თემაზე საერთაშორისო გამოძიებაც იწყება, რაც პუტინს ძალიან არ აწყობს. ამიტომ ნებისმიერი ცრუ ბრალდება მისთვის ნამდვილი მისწრებაა.
უცნაურია, რომ “პოლიტპატიმართა” სიის შემდგენები, რომელთა დიდი ძალისხმევითაც, “პოლიტპატიმარი” ტრისტან წითელაშვილი ციხიდან გამოვიდა, დღეს მის განცხადებათა გამოძიებას არ მოითხოვენ.
მეორე მხრივ, გივი თარგამაძემაც შეუწყო ხელი საკუთარ “მონსტრუიალიზებას” 2010 წელს დონეცკში დესანტირებით და რუსეთში რევოლუციის ფანტასმაგორიული პროექტებით, იმდენად, რომ წითელაშვილს აქვს საბაბი, კრემლის “საინფორმაციო ჯარებს” შესაბამისი მასალა მიაწოდოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის საქმე რომ “მთლად” კარგად მართლა არ არის (მაშასადამე, არც ჩვენი) სხვა მაგალითებითაც ჩანს: ვაშინგტონის პრესტიჟულ Think tank-ში ჩაბუდებულმა პოლიტოლოგმა ანდრანიკ მიგრანიანმა ამას წინათ საოცრება დაწერა: “ადოლფ ჰიტლერი ავსტრიის, სუდეტის ოლქისა და აღმოსავლეთ პრუსიის ანშლუსით რომ შემოფარგლულიყო, ისტორიულად მართალი იქნებოდაო”. იგულისხმება: პუტინის მიერ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანშლუსი ასევე სამართლიანია.
არადა ეშმაკუნა ანდრანიკმა მშვენივრად იცის: ადოლფ ალოიზის ძე ჰიტლერი იმ “ხაზზე” ვერაფრით გაჩერდებოდა, სადაც ეთნიკური გერმანელები ცხოვრობენ, რაკი, მაგალითად, აღმოსავლეთ პრუსიასთან დამაკავშირებელი “კორიდორი” სჭირდებოდა პოლონეთის გავლით. პოლონელები ამას ნებით არ დასთანხმდებოდნენ. ამდენად, პოლონეთის დაპყრობაც აუცილებელი გახდა.
ასევე, პუტინი ვერ გაჩერდება ამ ზღვარზე, რაკი ყირიმთან და დნესტრისპირეთთან დამაკავშირებელი “კორიდორი” ესაჭიროება. ამიტომ უკრაინის მთლიანად დაპყრობა ყირიმისა და დონეცკის “ანშლუსიდან” ისევე ლოგიკურად გამომდინარეობს, როგორც პოლონეთისა და ჩეხეთის დაპყრობა გამომდინარეობდა სუდეტის თუ დანციგის შემოერთებიდან.
მაგრამ ანდრანიკ მოვსესის ძე მიგრანიანი სხვა “ნესტრითაა ნაჩხვლეტი”: ის ჯერ კიდევ 1997 წელს წერდა ჩვენი “დაუძინებელი მეგობრის”, კონსტანტინე ზატულინის თანაავტორობით გამომცხვარ ოპუსში, რომ რუსეთს კიდევ ერთი “კორიდორი” სჭირდება: საქართველოს გავლით _ სომხეთში! ხოლო სერგეი ოვანესის ძე ლავროვი, რომელიც დღეს პირველი რუსი დიპლომატია, ვინც არა მხოლოდ “ერთა თვითგამორკვევის” პრეცედენტთა შექმნაზე ზრუნავს დიდი პატრიოტული რუდუნებით (ეს პრეცედენტი ყარაბახში გამოადგებათ), არამედ დნესტრისპირეთთან დამაკავშირებელი “კორიდორის” შექმნაზეც. ესეც ხომ პრეცედენტი იქნება: ბევრი კი არაფერი დარჩა “სამხრეთ ოსეთიდან” “თრიალეთის ოსეთამდე” და შემდეგ “ჯავახეთის მთიანეთამდე”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისე, ძალიან უცნაურია: ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელი ჩიჟოვი რატომ არ ითხოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ჰაიდი ტალიავინის მივლინებას? ალბათ, მას შემდეგ მოითხოვს, რაც უკრაინელთა მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაწყდება და სისხლიც დაიღვრება. ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთიდან შემოგზავნილი “სპეცდანის” თავხედობით, მათ მიერ უკრაინელთა დახოცვით აღშფოთებული უკრაინა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს ძალის გამოყენებას და, ფაქტობრივად, ანექსირებულ ქალაქებსა თუ დაბებში ჯარს შეიყვანს.
მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე ეს ოპერაცია, უბრალოდ, ვერ განხორციელდება. შემდეგ კი რეგიონს ეწვევა ქალბატონი ჰაიდი ტალიავინი და მორიგი პროსტიტუირებული დასკვნით უპასუხებს კითხვას: “ვინ ისროლა პირველმა?”
ეგება “ქოფი-ფეისტითაც” გადაიტანოს თავისი იმდროინდელი მთავარი პოსტულატი ხსენებული პროსტიტუირებული დოკუმენტიდან: “მართალია, 2008 წლის აგვისტოში იყო პროვოკაციები, მართალია, ქართველი მშვიდობისმყოფელები დაიხოცნენ 7 აგვისტოს, მართალია, ქართული სოფლები იბომბებოდა, მაგრამ მოვლენათა კულმინაცია(!) გახდა ქართული არმიის დარტყმა ცხინვალზე”.
ან იქნებ ვინმეს ჰგონია, ლუგანსკსა და სლოვიანსკს უკრაინული არმია ამგვარი დარტყმების (მათ შორის არტილერიისა და ტანკების გამოყენების) გარეშე გაათავისუფლებს კარგად გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული რუსული სპეცდანისგან? სცადეს გასულ პარასკევს და უდიდესი დანაკარგით დაიხიეს უკან.
ომსა და საბრძოლო ოპერაციას თავისი ლოგიკა აქვს: ამერიკელი გენერალი (მართლა გენერალი და ღირსეული მეომარი) შვარცკჰოფი ამბობდა 1991 წელს, სპარსეთის ყურეში პირველი ომის შემდეგ: პოლიტიკოსებმა ომამდე არ მიიყვანონ საქმე, თორემ მერე უკვე სამხედროები მოქმედებენ საკუთარი ლოგიკით, სამხედრო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, და ყველანაირი იარაღიც უნდა გამოიყენონო.
თუმცა, ქალბატონი ტალიავინის პროსტიტუირებული ლოგიკით, დღეს თუ უკრაინა (ყველაფრის მერე, რაც უკვე მოხდა), ძალას გამოიყენებს, დამნაშავე და აგრესორი მაინც უკრაინა იქნება! აბა, უკრაინამ მოაწყო კულმინაცია, მან გამოიყენა ტანკები, არტილერია, ავიაცია და...
ამდენად, რუსებს ჯერ ქალბატონი ტალიავინი არ მოუწვევიათ, მაგრამ ეუთოს დელეგაციის იქ ჩასვლაზე პუტინმა უკვე თანხმობა განაცხადა, რაკი მშვენივრად იცის: ევროპელი “სასარგებლო იდიოტები” ზუსტად იმავე უგვანი “ლოგიკით” გააკეთებენ დასკვნებს, როგორც ტალიავინიმ 2009 წელს: “უკრაინამ შეუტია პირველმა? მაშასადამე, უკრაინაა დამნაშავე და უკრაინაა აგრესორი. მანამდე პროვოკაციები იყო? კი, იყო, მაგრამ კულმინაცია(!) მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინულმა არმიამ შეუტია, რუსეთის მოქალაქეები დახოცა და რუსეთი გამოიწვია”.
ასეთია ჩვენი მეგობრების ლოგიკა და ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ დღემდე ვერ მოულაპარაკიათ, ოცი ჩინოსანი დასაჯონ ვიზების “დაბანვით” თუ 25. არადა, მაგალითად, ბატონი სლუცკი (რუსეთის ფედერაციის საბჭოს ერთ-ერთი მესვეური), რომელიც პირველ სიაში მოხვდა, კვლავაც თავისუფლად დასეირნობს ევროპაში, სტრასბურგის სესიასაც დაესწრო და ევრო-ამერიკული სანქციები სულ კიდია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყოველივე ამის გათვალისწინებით, დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ საქართველო შეიძლება გაქრეს მსოფლიო რუკიდან, თუ დასავლეთი მარაზმატული საღათას ძილიდან არ გამოვა, ნამდვილად არ ჟღერს უადგილოდ. ასეთი მოკავშირეები და მხარდამჭერები რომ ქვეყანას ეყოლება, გასაკვირიც აღარაფერია.
ინგლისელებს აქვთ ბრძნული გამოთქმა: It is dangerous to underestimate an enemy, but it is iven more dangerous to overestimante an ally: “საშიშია, სათანადოდ არ შეაფასო მტერი, მაგრამ კიდევ უფრო საშიშია, გადაჭარბებით შეაფასო მოკავშირე!”
ინგლისელებს დიადი და მრავლისმნახველი ისტორია აქვთ.
ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამ სიბრძნის არსს მხოლოდ 25 წლის შემდეგ ვწვდებით.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |