|
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ოფიციალური მიზეზი უკრაინის მოვლენები გახდა. კარასინი ლავროვის უწყებაში პოსტსაბჭოურ სივრცეს კურირებს, თუმცა საეჭვოა, მაინცდამაინც უკრაინის გამო ისე ყოფილიყო დაკავებული, რამდენიმე საათი ვერ გამოეძებნა პრაღაში ჩაის ან ყავის დასალევად.
როგორც ჩანს, მოსკოვი ამით გვეუბნებოდა, რომ “ცოტა არ იყოს” უკმაყოფილოა ოფიციალური თბილისის პოზიციით კიევისა და ყირიმის გამო. თუმცა, მეორე მხრივ, რუსები იმასაც ხედავდნენ, რომ მართალია, პარლამენტმა მიიღო რამდენიმე რეზოლუცია უკრაინის შესახებ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი იმ დღეებში კიევში არ ყოფილა და მხარდაჭერა აქტიურად არ გამოუხატავს, როგორც ამას წინა ხელისუფლების მინისტრები აკეთებდნენ.
რაც შეეხება საპარლამენტო რეზოლუციებს, მოსკოვში არ გამოეპარებოდათ, როგორ გაქრა ტექსტიდან რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მოთხოვნა, რასაც ნაციონალთა ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. არადა, “ოცნებას” ამ შემთხვევაში, სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა: როგორ შეიძლება სანქციებს ითხოვდე რუსეთის წინააღმდეგ და, ამავდროულად ყველანაირად ცდილობდე თავად მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას? ანუ სხვამ შემოიღოს სავაჭრო-ეკონომიკური თუ სავიზო სანქციები, მიიღოს საპასუხო სანქციები და შენ ვაჭრობას აგრძელებდე და უვიზო რეჟიმს ითხოვდე რუსეთთან, ასე სადაა?
მეორე მხრივ, კარასინ-აბაშიძის შეხვედრას წინ უძღოდა რუსული სპეცსამსახურის მესვეურის, ბორტნიკოვის განცხადება, რომელმაც ოფიციალურ თბილისს, ფაქტობრივად, მადლობა გადაუხადა ოლიმპიადის დროს უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობისთვის, რის შედეგადაც, “მოხერხდა ტერორისტული აქტების თავიდან აცილება”.
ბორტნიკოვს არ დაუზუსტებია, კონკრეტულ ტერაქტს გულისხმობდა (აქა-იქ გაკრთა ინფორმაცია ვიღაც “შავი ქვრივების” შესახებ, რომლებიც ვითომდაც აფეთქების მოწყობას ცდილობდნენ) თუ ზოგადად, პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ალბათ, უფრო მეორეა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბორტნიკოვმა, რომელიც პუტინის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამს და კრინტს არ დაძრავს, საქართველო დასავლურ ქვეყნებთან ერთ კონტექსტში მოიხსენია, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სანდო პარტნიორი.
ამით ნათელი ხდება, რატომ არ აქცევს მოსკოვი ყურადღებას საპარლამენტო რეზოლუციებს და რატომ აგრძელებს კვლავ პრაღის შეხვედრებს: მისთვის სპეცსამსახურთა ხაზით თანამშრომლობა ბევრად მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე (როგორც იქ აღიქვამენ) “პარლამენტართა ტლიკინი”: რაც არ უნდა “იტლიკინონ” დეპუტატებმა (მათ შორის სტრასბურგში) და რა რეზოლუციებიც არ უნდა მიღონ თავად, ან დაუჭირონ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, პუტინი, პირველ რიგში, იმას აქცევს ყურადღებას, თანამშრომლობენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები რუსულთან და აწვდიან თუ არა ინფორმაციას. ან იღებენ თუ არა ისეთ ზომებს, რაც თითქოს სიმბოლურია, მაგრამ რეალურად უამრავ რეზოლუციაზე ბევრად მრავლისმთქმელი.
მაგალითად, სწორედ ოლიმპიადის დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა კონტროლი საზღვრებზე და რამდენიმე ეთნიკური ჩეჩენი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები(!), ქვეყნიდან არ გაუშვა ან არ შემოუშვა, რამაც ქვეყნის შიგნით დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამით მოსკოვს გაეგზავნა სიგნალი, რომ ქვეყნის ხელისუფლება ბევრ რამეზე წავა, რათა რუსეთთან არსებული ურთიერთობის ფორმატი შეინარჩუნოს.
არადა, პუტინი, მისი მენტალობით, აღზრდით, წარსული გამოცდილებით, ბეგრაუნდით და სტილით დღემდე “სპეცია” - მას სხვაგვარად აზროვნება, სამყაროს სხვაგვარად აღქმა, უბრალოდ, არ შეუძლია. ამიტომ სპეციალურ სამსახურთა ხაზით გამოჩენილი ლოიალობა მისთვის (ვიმეორებ) ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანია. ამით აიხსნება სწორედ ის უცნაურობა, რომ, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების განცხადებებისა ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, მიუხედავად ევროკავშირთან ასოცირების უკვე გადაწყვეტილი ხელმოწერისა, მიუხედავად პარლამენტის დადგენილებებისა უკრაინის თემაზე, მიუხედავად ქართული დელეგაციის კონსოლიდირებული პოზიციისა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რუსეთი ძალიან უცნაურად იკავებს თავს და არ წყვეტს ქართული პროდუქციის, ქართული ღვინისა და “ბორჯომის” იმპორტს, როგორც უკრაინის შემთხვევაში გააკეთა.
არადა, ხომ ლოგიკური იქნებოდა? ხელმოწერის შემდეგ შესაძლოა, მაინც განაახლოს ემბარგო, მაგრამ ჯერჯერობით ამის სიმპტომებიც კი არ ჩანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარასინი საერთოდ უარს იტყოდა აბაშიძესთან შეხვედრაზე. მეტიც: დავაკვირდეთ, რომ არც ერთი რუსი სპიკერი (სერგეი გლაზიევიდან რუს დეპუტატებამდე), რომლებიც შარშან შემოდგომით დღენიადაგ “ყეფდნენ” უკრაინის ევროასოცირებაზე და კიევს უმძიმესი შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ, ახლა რატომღაც სრულ დუმილს ინარჩუნებენ და საერთოდ არ აკეთებენ კომენტარს საქართველოს “ევროასოცირებაზე”.
თითქოს ხომ შეიძლებოდა, რომელიმე მესამეხარისხოვან ჩინოსანს, ან იმავე დეპუტატს, ვთქვათ, თუნდაც ჟირიკ-ჟირინოვსკის, ვითომ სასხვათაშორისოდ ეთქვა ინტერვიუში: “თუ ევროასოცირებას ხელს მოაწერთ, ღვინოც ევროპაში გაყიდეთო”. მაგრამ არა: სრული დუმილია. პირიქით - ახალ-ახალი პოზიციები შედის რუსულ ბაზარზე, ტურისტთა რაოდენობა იზრდება (არ დაიჯეროთ, ეს შესაძლებელი იქნებოდა მოსკოვის “მწვანე შუქის” გარეშე), ხოლო რუსეთი თითქოს არანაირ პირობებსაც არ აყენებს, ვთქვათ, რუსული კაპიტალის შემოსვლასთან დაკავშირებით.
მიზეზი იგივეა: სპეცპუტინს ლოიალობის მაჩვენებლად სწორედ სპეცსამსახურთა ლოიალობა მიაჩნია და ამაში არც ცდება. გარდა ამისა, ჩვენ ხომ კიდევ არ ვიცით, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ხაზით?! ამდენად, რუსეთმა საქართველოს მიმართ ძალიან ეშმაკური ტაქტიკა აირჩია: “ილაპარაკეთ, რაც გინდათ, ხელი მოაწერეთ, რასაც გინდათ, რეალურად ჩემი ჯარები დგანან თბილისიდან 35 კილომეტრში, ხოლო ობამასთან უკვე მივაღწიე სტრატეგიულ შეთანხმებას, რომ საქართველო არ დგას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, ამდენად ეს ჩემთვის უკვე უინტერესოა. მთავარია, მდგომარეობა ადგილზე (On the graund), ამას კი სპეციალური არხებით ვაკონტროლებ”. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისმა, ჯერ კიდევ შარშან მიიღო და აღიარა მოსკოვის უმთავრესი პოსტულატი: “ვავითარებთ საქართველოსთან ურთიერთობას ისე, თითქოს არ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, ხოლო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვთანამშრომლობთ ისე, ვითომდაც არ არსებობს საქართველო!”
კარასინ-აბაშიძის შეხვედრაც ერთგვარი სიმბოლური ჟესტია, ანტურაჟი და ფონია ამ პოლიტიკის გასაფორმებლად. აბა, სხვა რაღაზე უნდა მოილაპარაკონ პრაღაში? პროდუქციისთვის ბაზარი გაიხსნა, თვითმფრინავები დღეში რამდენჯერმე დაფრინავენ, საკონსულოები დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეც მოქმედებენ, ანუ მოსკოვმა და თბილისმა ამ ეტაპზე მოლაპარაკების თემატიკა ამოწურეს: შეხვედრა ტარდება შეხვედრისთვის, ესე იგი ურთიერთობათა ამჟამინდელი ფორმატის დასადასტურებლად.
ისე, ქართველ ჟურნალისტთა აშკარა არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რომ ისინი არასდროს ცდილობენ, გაარკვიონ ამ შეხვედრათა პროტოკოლი. მაგალითად, კონკრეტულად რა ვითარებაში ხვდებიან ერთმანეთს აბაშიძე და კარასინი? მხოლოდ საუბრობენ და “იშლებიან” თუ სუფრასთანაც ხვდებიან მერე ერთმანეთს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. თორემ “წყალი”, ანუ მუდმივი განცხადებები თანამშრომლობის შესახებ, უკვე აღარავის აინტერესებს.
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი, რომელიც ბევრს შეუნიშნავს ბოლო 25 წლის განმავლობაში: მოსკოვი ყოველთვის ერიდება კონფლიქტს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით და როდესაც ერთ რომელიმე პრობლემაზე ახდენს კონცენტრირებას, ყოველნაირად ცდილობს, სხვა მიმართულებებით დროებით დაზავებას მიაღწიოს.
ასეა აქაც: რაკი უკრაინაში საქმე ჯერ ბოლომდე არ მოუთავებია, მეორე რეგიონში გამწვავების დემონსტრირება არ აწყობს. მით უმეტეს, როცა ის “რეგიონი” თამაშის მის წესებს იღებს და თანხმდება.
დავით ავალიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |