|
ის, რაც თბილისში ჭორად დადიოდა, თურმე მართალი ყოფილა და სულ მალე რეალობად იქცევა: “ქართუს” ხელმძღვანელი, ნოდარ ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ ბანკი უახლოეს მომავალში შეიძლება გაიყიდოს. ამის თაობაზე “აქციონერებმა პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიიღეს”, ხოლო პოტენციური მყიდველები ებრაული ან არაბული ფინანსური ჯგუფები არიან.
კაცმა რომ თქვას, “აქციონერები” ვერანაირ გადაწყვეტილებას, სინამდვილეში, ვერ მიიღებდნენ, რაკი “ქართუს” ერთადერთი აქციონერი ჰყავს: უტა ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი. ბიძინა ივანიშვილი ჭეშმარიტი ქართველია და მისთვის, რა თქმა უნდა, სულ ერთია, მყიდველი ებრაელი იქნება თუ არაბი. ასევე, უტა ივანიშვილისთვის, როგორც ნამდვილი ქართველისთვის, ოჯახია უმთავრესი და მამის გარეშე ბანკთან დაკავშირებით არც ერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ანუ, “ქართუს” გასხვისება (უფრო ზუსტად, თავიდან მოშორება) სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა. მთავარი კითხვაც ესაა: რატომ?
სანამ ამ იდუმალებით მოსილ საკითხს შევეხებოდეთ, სხვა, ქვემდებარე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რას ყიდის ბიძინა ივანიშვილი? ბანკის გაყიდვა რეალურად ნიშნავს მხოლოდ შენობა-ნაგებობების, სხვა ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის, ესე იგი თანამშრომელთა აპარატის გასხვისებას, თორემ ფინანსებს რაც შეეხება, ისინი სულ სხვა, დასავლურ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებშია აკუმულირებული. აგრეთვე, რასაკვირველია, სხვისდება ბანკის აქტივები და პასივები. თანაც, არ არსებობს არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ მეანაბრეებს რაიმე ემუქრებათ და ბანკის გაყიდვა ფინანსური პრობლემებითაა განპირობებული: მაშინაც კი, როცა “ნაციონალებმა”, ფაქტობრივად, ამ ბანკის ნაციონალიზება (ჰმ, ტავტოლოგიაა) გადაწყვიტეს, ბიძინა ივანიშვილმა მიტინგზე თქვა: “ეს ანცობები ჩემს კაპიტალს ვერაფერს დააკლებსო”. მართლაც ვერაფერს დააკლებდა იმავე მიზეზით: კაპიტალი (ანუ, უშუალოდ, “ფული” რასაც ჰქვია) ივანიშვილს, ისევე როგორც ყველა ჭკუათმყოფელ მილიარდერს, შვეიცარიისა და ამერიკის ბანკებსა თუ ჰეჯ-ფონდებში აქვს დაცული. ხოლო ბანკი “ქართუ” მხოლოდ ინსტრუმენტი იყო.
განსაკუთრებული ინვესტიციები ან სხვა რაიმე ეკონომიკური პროექტები, მისი მეშვეობით, მილიარდერს არ განუხორციელებია. იმაზეც სასაცილოა ლაპარაკი, თითქოს 7-მილიარდიანი კაპიტალის პატრონი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე რაიმე მოგებას ეძებდა. ეს ბანკი მას, როგორც ჩანს, ისევე სჭირდებოდა, როგორც მონადირეს სჭირდება მამაპაპეული თოფი, რომელიც კედელზე უკიდია და ზოგჯერ ზეთავს ხოლმე - ისე, ყოველი შემთხვევისთვის და გულის მოსაოხად.
ამას გარდა, რაკი ინტელიგენციას ფულს ურიგებდა, ამ თანხების გამტარიც ხომ სჭირდებოდა? სხვა ბანკებს რატომ უნდა დაყრდნობოდა, ვისაც არ იცნობდა და არც ენდობოდა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოღონდ ეს იყო გუშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობდა თავისი “აპოლიტიკურობის” დემონსტრირებას. დღეს რატომღა ყიდის? დღეს, როდესაც მისი ინიციატივით შეიქმნა ე.წ. “თანაინვესტირების ფონდი” და მასში (როგორც გვიმტკიცებენ) 6 მილიარდი დოლარია აკუმულირებული?! როცა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თითქოს რაღაც მსხვილი პროექტების განხორციელებას აპირებს და “ამისთვის მილიარდებს არ დაიშურებს?!” ყოველ შემთხვევაში ასე ჰგონია ბევრს: პრემიერმინისტრობიდან იმიტომ გადადგა, ნაციონალებს არ წამოეძახებინათ: “ერთდროულად უმაღლესი პოსტიც უკავია და ბიზნესსაც მისდევსო”.
ესეც ილუზია აღმოჩნდა, თორემ როგორ შეიძლება ბიზნესმენმა, თუკი ქვეყანაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, საკუთარი, საათივით აწყობილი და სანდო ბანკი გაყიდოს? გამორიცხულია! ისევე, როგორც გამორიცხულია საზოგადო მოღვაწემ, თუკი მიზნად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს, ტელევიზია დახუროს.
მაშ, რატომ ყიდის? ერთადერთი ლოგიკური პასუხია: იმიტომ, რომ საქართველოდან წასვლას აპირებს!!! სხვა ლოგიკური და გონივრული ახსნა ამ უცნაურობას არა აქვს.
“ნაციონალები” ამკვიდრებენ სტერეოტიპს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი “რუსული პროექტია” და პუტინის მითითებით მოქმედებს, ანუ შეცვალა ხელისუფლება და ახლა ქვეყანა იმავე “მშვიდი ყურისკენ” უნდა წაიყვანოს, სადაც ყირიმი შევიდა.
მაგრამ, ჯერ ერთი, იმ ყურის “სიმშვიდისა” ვინ რა თქვა - იქ ძალიან დიდი ამბები იწყება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, რუსი მილიარდერები თვითონ იწყევლიან თავ-ბედს, პუტინმა ჩვენი კაპიტალი (მთლიანად დასავლურ ბანკებში შენახული) დარტყმის ქვეშ დააყენაო და ქართველი მილიარდერი, ვისაც კაპიტალი 100%-ით დასავლურ ბანკებში აქვს, ამერიკასა და ევროპას გააღიზიანებს?
ანუ, ივანიშვილის “აგენტობა” მტკნარი სისულელეა: არავითარი ემოციური თუ სხვა კავშირი ან ვალდებულება მას რუსეთთან არა აქვს. სხვა საქმეა, რომ ძალიან ოსტატურად მოახერხა რუსეთიდან კაპიტალის დასავლეთში გატანა, როდესაც ორმილიარდიანი ქონება საკმაოდ სარფიანად და განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე გაყიდა, ხოლო პუტინმა, როგორც მინიმუმ, ამაში ხელი არ შეუშალა.
მას შემდეგ ივანიშვილს რუსეთთან აბსოლუტურად არაფერი აკავშირებს, არანაირი ვალდებულებები არა აქვს და ნამდვილად არ აპირებს, აუტკივარი თავი აიტკივოს იმით, რომ ახლა საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია შეცვალოს და ჩრდილოეთისკენ გაუტიოს. ეს ყოველივე მას არ ანაღვლებს და ზუსტად ისევე შეუძლია თქვას, “ნეტამც სულ ყინულოვანი ოკეანე გაჩნდეს რუსეთის ადგილასო”, როგორც კახა ბენდუქიძემ თქვა მას შემდეგ, რაც ასევე წარმატებით “გაახერხა” თავისი კაპიტალის დასავლეთში გატანა რუსეთიდან.
არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა თავიდან ბოლომდე კაპიტალის რუსეთიდან დასავლეთში გატანის ოპერაცია იყო, რათა “დაიმედებულ პუტინს” მისთვის ხელი არ შეეშალა კაპიტალის ევაკუაციაში, მაგრამ ვინც ამას ამტკიცებს, სამართლიანობა მოითხოვს ესეც თქვას: ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკურად აქტიური სოციუმის, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილის შეკვეთაც შეასრულა და “მიშა მოაშორა”. ამ შეკვეთის შესრულების შემდეგ კი მან საკუთარი მისია ამოწურულად ჩათვალა.
ანუ დღეს მიიჩნევს, რომ არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოხდა ინტერესთა თანხვედრა და თავისი კონტრაქტის (საზოგადოების “ანტიმიშისტურ ნაწილთან”) პირნათლად შესრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი თავს უკვე უფლებამოსილად თვლის, ქვეყანა დატოვოს და მშვიდად, ბედნიერად იცხოვროს, ოჯახთან ერთად, იქ, სადაც სურს. ანუ საოცნებო საფრანგეთში.
ამის სიმპტომები ადრეც იყო: როდესაც ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა არაფრისდიდებით არ დათმო, თუმცა ამის ხარჯზე თვით მიშას დროსაც კი შეეძლო საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ მიდის? აი, ეს ყველაზე საინტერესო, თუმცა მაინც ყველაზე იოლი კითხვაა. მიდის იმიტომ, რომ არ აინტერესებს, უფრო მეტიც, სძულს და ეზიზღება პოლიტიკა! არა თვით პოლიტიკა, როგორც ასეთი, არამედ საჯაროობა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს მაინც სხვა თემაა. საქართველოში კი პოლიტიკა საჯაროობის გარეშე არ გამოვა, რაკი, საბედნიეროდ, არც ჩრდილოეთ კორეა ვართ და არც ომანის ხალიფატი.
რაც არ უყვარს ადამიანს, რაც ეზიზღება და ჭირის დღესავით სძაგს, ის რატომ უნდა აკეთოს? ან როგორ გინდა აიძულო?
ცალკე საკითხია, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანას რა ელის მას შემდეგ, რაც ამ პარლამენტის, ამ მინისტრთა კაბინეტის, ამ პოლიტიკური კლასის, ამ პოზიცია-ოპოზიციის, ამ მიშასა და ბურჯანაძის ამარა დარჩება.
პირველ რიგში, რასაკვირველია, ელის სრული დომხალი, “ერთმანეთის ჭმა”, ბერძენიშვილ-ჯაჭვლიანის გაუთავებელი “ღირებულებითი ძიძგილაობა”, კოალიციის “დაშლა-არმოშლა” და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მომდევნო ეტაპზე კი, უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას ან ქალბატონი ნინო მოევლინება “ძლიერი ხელის მქონე მფარველ ანგელოზად”, ან მიშა მოაწყობს მორიგ “მაიდან-მოედანს” და ნაციონალები დაბრუნდებიან, ხოლო საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა საბოლოოდ დაკარგავს ქართული სახელმწიფოებრიობისადმი რწმენის უკანასკნელ ნაშთს, რასაც, ადრე თუ გვიან, კახეთში ან აჭარაში, - ყირიმისა და დონეცკის მსგავსად, - უცნაური, კარგად ეკიპირებული და გაწვრთნილი “მწვანე კაცუნების” გამოჩენა მოჰყვება.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |