|
“დარწმუნებული ვიყავი, ხელისუფლება შეიცვლებოდა თუ არა, ამ საქმეებით მაშინვე დაინტერესდებოდნენ”
“ოცნებას”, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, აქციებზე წინ ჰქონდა წამოწეული სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, იური ვაზაგაშვილისა და ნაცხელისუფლების დროს ჩახოცილი ბიჭების ფოტოები. მათი მთავარი დაპირებაც ის იყო, რომ ყველა საქმეს გამოიძიებდნენ და დამნაშავეებს დასჯიდნენ. მას მერე ორი წელი გავიდა, გარდაცვლილი ბიჭების ოჯახები კი კვლავ ამაოდ ეძებენ სამართალს. “პრემიერი” ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს დაუკავშირდა და ამ საკითხებზე ესაუბრა.
ია მეტრეველი:
- დარწმუნებული ვიყავი, ხელისუფლება შეიცვლებოდა თუ არა, ამ საქმეებით მაშინვე დაინტერესდებოდნენ და სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდნენ. ფაქტობრივად, ჩემი შვილის, სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის საქმეების გახმაურებით დაინახა საზოგადოებამ თავდაპირველად ნაციონალების ნამდვილი სახე და ყველა მიხვდა, რა საშინელი მთავრობაც გვყავდა. ამის შემდეგ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და ყველამ გაითავისა, რომ შეიძლებოდა მათი შვილებიც იგივე დღეში აღმოჩენილიყვნენ. მხოლოდ ჩემი აზრი არ არის ის, რომ 300 ათასი კაცი ქუჩაში 9 თვე სწორედ ამ უბედურებებისა და მკვლელობების გამო იდგა და ამას აპროტესტებდა. მხოლოდ ეკონომიურ სიდუხჭირეს არ მიუყვანია ისინი იქ, ისინი უსამართლობამ გააერთიანა. ნაციონალებმა სამართალი საერთოდ დაასამარეს, ქვეყანა ჩალით დახურეს, ადვოკატის ინსტიტუტი გააუქმეს და ყველაფერი დააფუძნეს მხოლოდ შიშზე. ბოლოს კი მიაღწიეს იმას, რომ ვისგანაც ოდნავი საფრთხეც კი იგრძნეს მათი ხელისუფლების მიმართ, ვაჟკაცი ხალხი გაანეიტრალეს. ისინი ციხეში ჩაყარეს, ღირსება წაართვეს... მოკლედ, 9 კოშმარული წელი გვაჩვენეს ნაციონალებმა.
- გეთანხმებით, რომ ამ სიბნელეში ერთადერთ ნათელ წერტილად ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. თქვენ მისი აქტიური მხარდამჭერი იყავით. კმაყოფილი ხართ მიღწეულით, ანუ შედეგით?!
- დიახ, რეჟიმზე გამარჯვება იყო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რა თქმა უნდა, მთელი საქართველო დაუდგა მას გვერდით და ხალხთან ერთად დაამხო ნაციონალები. მართალია, დღეს ისინი ბოლომდე არ არიან მოცილებული, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ივანიშვილის რაც გააკეთა. მას მთელმა ერმა უნდა უთხრას მადლობა, რადგან მისი წყალობით არის, რომ დღეს აღარ არსებობს შიში და ქუჩაში თავისუფლად დავდივართ. თუმცა ბევრი რამ დღესაც არ მომწონს და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება. მაინც დავაკონკრეტებ, მეგონა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ, როგორც კი ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ჩვენი საქმეები გაიხსნებოდა, მით უფრო გამოსაძიებელი დიდი არაფერი იყო. ყველა ადამიანმა იცის, რაც მოხდა და ვინ არიან დამნაშავეები, მაგრამ ისინი დღესაც გარეთ დადიან. იმასაც ბედავენ და შეურაცხყოფას აქეთ გვაყენებენ. ფაქტობრივად, დაგვცინიან და ეს თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. თითქმის ორი წელი გადის, იგივე მდგომარეობაში ვართ. ხელისუფლება რომ შეიცვალა, დამნაშავეები ქვეყნიდან გაიქცნენ, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ საშიშროება არ ელოდათ, ჩამობრძანდნენ და თამამად, თავხედურად განაგრძნობენ საქართველოში ცხოვრებას. ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს დიდ პატივს ვცემდი და მისი მჯეროდა. ის იმედს მაძლევდა, რომ მალე მოხდებოდა ბუტას საქმის ბოლომდე მიყვანა. ხელისუფლებაში ოცნება ახალი მოსული იყო, კბილაშვილს კონფერენციაზე რომ შევხვდი. მაშინ ღარიბაშვილი ჯერ არ იყო პრემიერი. კბილაშვილმა მითხრა, ჩვენ რომ დღეს თანამდებობებზე ვართ, ეს არის თქვენი შვილების სისხლის შედეგი, ჩვენ თქვენს წინაშე ვალში ვართ და პირველი, რასაც გავაკეთებთ, ამ საქმეებს გამოვიძიებთო. ამ სიტყვებისთვის მას დიდი მადლობა გადავუხადე, რადგან ეტყობოდა, რომ ის გულწრფელი იყო. არ ვიცი, მერე რა მოხდა და რა ხელისშემშლელი ფაქტორები ჰქონდა მას ასეთი, ბუტას მკვლელობის საქმე ბოლომდე რომ ვერ მიიყვანა. ალბათ, გარედან, დასავლეთიდან ან ამერიკიდან მოხვეული ვალდებულება გახდა ამის მიზეზი და არ არსებობდა პოლიტიკური ნება, ეს საქმეები გამოძიებულიყო. როგორც ცნობილია, დასავლეთი, გარკვეულწილად, დღემდე ხელს აფარებს “ნაციონალურ მოძრაობას” და იცავს მას. ვერ დავიჯერებ, რომ ახალ ხელისუფლებას არ უნდოდა ამ საქმეების გამოძიება, ალბათ, იყო ზეწოლა და ამიტომ რაღაც ეტაპამდე ვერ ხერხდება ეს. ხალხი ელოდებოდა ამ საქმეების გახსნას და არაერთს უთქვამს, რომ ეს მკვლელობები იყო ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის. თუ ეს საქმეები არ იქნებ სრულფასოვნად გამოძიებული, მივხვდებით, რომ საქმე სხვა რამესთან გვაქვსო. ის, რომ 2 წელი ეს საქმეები არ გახსნილა, ამ ხელისუფლების რეიტინგზე ცუდად მოქმედებს და ეს აშკარაა.
- ახალი ხელისუფლება პერიოდულად, უკვე დიდი ხანია აპელირებს ხოლმე, რომ რობაქიძის სამე უკვე ბოლომდეა მიყვანილი. ასე ამბობენ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ჟვანიას საქმეებზეც, თუმცა არც ერთის სასამართლო განხილვა სინამდვილეში არ დაწყებულა. ესეც უცხოეთის ბრალი ხომ ვერ იქნება?
- სანდროს მკვლელობაზე საუბარში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თქვეს, მეგობარმა მოკლაო. მკვლელობა დააბრალეს ბიჭს, რომელიც არანაკლებ გააუბედურეს. მერე ისიც თქვეს, რომ თითქოს სანდრო გირგვლიანი თავისით გარდაიცვალა. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო სანდროსი, არამედ მთელი საზოგადოების. ეს ჩემთვის იყო შოკი. ახალი პროკურორის მოადგილეს, შოთაძეს ახლახან ვესაუბრე ყველა ამ დეტალზე. მასთან მისვლის მიზეზსაც გეტყვით, ფირცხალავას, დონაძისა და ამ დამნაშავე ადამიანების თავხედობამ ყველა ზღვარს გადააჭარბა. ფირცხალავა საზიზღრობებს წერს და მეც ვეღარ მოვითმინე. შოთაძემ მითხრა, რომ ჩემი შვილის საქმე დასრულებულია, სასამართლოშია გადაგზავნილი და მალე დაინიშნება სასამართლო პროცესი. ვკითხე, დარწმუნებულები ხართ, პროკურატურას ეს საქმეები ისე აქვს გამყარებული მტკიცებულებებით და ისეთი ფორმით აქვს გადაცემული სასამართლოსთვის, რომ იქიდან ამ დამნაშავე ადამიანების განთავისუფლება არ მოხდება-მეთქი?! კარგად ვხედავთ, რომ სწორედ სასამართლოდან ხდება ასეთი ადამიანების გამართლება და განთავისუფლება. მას ისიც ვუთხარი, თუ თვლით, რომ კბილაშვილის პროკურატურა ვერ ახერხებდა ამას, თქვენ ხომ ახალი ხალხი ხართ და სხვანაირად მუშაობთ. მინდა პირველ რიგში თავად იყოთ დარწმუნებული ყველაფერში, ამიტომ გადახედეთ ყველაფერს ახლიდან, ყველა მტკიცებულებას და მყარად მიდით სასამართლო პროცესზე-მეთქი. სასამართლოდანაც რომ გამოუშვან ეს ხალხი, არ ვიცი, რა იქნება. პირობა მომცეს, რომ დამნაშავეები აუცილებლად სათანადოდ დაისჯებიან და მყარი მტკიცებულებები აქვთ, ასევე, მითხრეს, რომ ჩემი შვილის საქმეზე სასამართლო ძალიან მალე დაიწყება, რასაც მოუთმენლად ველოდები, იქნებ ახლა მაინც დადგეს სამართალი?!
- იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა კვლავ უსუსური აღმოჩნდა ნაციონალების წინააღმდეგ და ბუტას მკვლელები კვლავ თავისუფლებაში დარჩნენ, მერე რის გაკეთებას აპირებთ?
- სასამართლო ჯერ კიდევ არის კუბლაშვილის ხელში, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. უკვე გითხარით, რომ ბევრ რამეზე ვერ ვიგებ, რატომ ხდება ასე და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. სულ არ მიკვირს, ბოლო პერიოდში, ხალხში აგრესიას რომ ვხედავ. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას ე.ი. ტოვებს შანსს, რომ ის ხალხმა აღადგინოს. პირდაპირ ვუთხარი პროკურორს, მაიძულებთ, რომ მე გავაჩინო სამართალი, იარაღი ავიღო და ბუტას მკვლელები თავად გავასამართლო? ეგ გინდათ-მეთქი? მორწმუნე ადამიანი ვარ. შურისძიება ჩემთვის მიუღებელია და ამისთვისაც არ მიბრძოლია. ხელისუფლებისგან ვითხოვდი სამართალს და დამნაშავეების დასჯას. სულაც არ მინდა, ეს ჩემით გავაკეთო. აქედან ბუტას სულს ნამდვილად ვერ დავამძიმებ ამით. იმედი კიდევ მაქვს და ვერ ვუშვებ იმას, რომ გაბედავენ და დამნაშავეებს ისევ გამოუშვებენ გარეთ. რაც ერთხელ უკვე გადავიტანე, ამის განმეორების წარმოდგენაც კი ჩემთვის ძალიან რთულია.
- ქალბატონო ია, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თქვენ ბიძინა ივანიშვილს ედექით გვერდით. ალბათ, გაქვთ მასთან გარკვეული ურთიერთობაც და მან ალბათ, იცის თქვენი წუხილის შესახებ. რას გეუბნებათ, ბუტას, ან სხვა ბიჭების მკვლელობის საქმეებზე რატომ არ დგება სამართალიო?
- ბატონი ბიძინასი ძალიან მჯეროდა და ახლაც მჯერა. ის მთელი ცხოვრება იყო ქველმოქმედი, ამდენი სიკეთეს უანგაროდ, ისე აკეთებდა, რომ საკუთარ გვარს არსად ახსენებდა. საკუთარი რეკლამით დაკავებული არ იყო. სიკეთეს თესდა ისე, როგორც ეს დაგვიწესა ქრისტემ - მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რაც აკეთებს მარცხენაო. ამ ადამიანში სწორედ ეს მომწონდა და ამიტომ მჯეროდა მისიც. სიმართლე გითხრათ, მას სწორედ ამიტომ შევხვდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ხელისუფლებაში აპირებდა მოსვლას და ის-ის იყო, გამოჩნდა პოლიტიკაში. ვფიქრობდი, რადგან ის ცოტა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, შეიძლება იმ ფორმით არ სცოდნოდა, როგორც რეალურად იყო. მასთან არა მარტო ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით მივედი, არამედ მთელი ახალგაზრდობის უბედურებაზე მოვუყევი და სინამდვილე დავანახე. გავაგებინე, რა როგორ იყო. როცა ხელისუფლებაში მოვიდოდა, დღეს რა დღეშიც ვართ, იგივე არ მომხდარიყო. ძალიან შეწუხდა მაშინ ბატონი ბიძინა და რა თქმა უნდა, შემპირდა სამართლიანობის აღსრულებას. მისგან იმედიანად წამოვედი, მაგრამ არჩევნების მერე ის აღარ მინახავს. დღეს კი მასთან შეხვედრა და დაკავშირება ცოტა ძნელია. ძალიან რომ მოვინდომო, ალბათ, მივაღწევ, მაგრამ.. დიდი ხნის წინათ თავად შემეხმიანა და მითხრა, რომ აუცილებლად შემხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენი შეხვედრა არ შედგა. დღემდე მაქვს დიდი სურვილი, რომ პირადად ვნახო და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ პირადად ვესაუბრო.
- მაინც რა უნდა უთხრათ?
- ბევრი გვაქვს სასაუბრო...
- წინასაარჩევნოდ ორგანიზაცია “ქომაგს” ხელმძღვანელობდით, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარებოდა, ვისაც ნაციონალები პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ. ეს “ოცნებისთვის” მაშინ დიდი პლუსი იყო. არჩევნების შემდეგ “ქომაგი”ც “მოგიკლეს”?!
- “ქომაგი” ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო ნაცხელისუფლების დამარცხებაში. მან მართლაც დიდი წვლილი შეიტანა “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლაში. მე ვიყავი მისი ხელმძღვანელი და დიდი რისკის ქვეშაც დამაყენეს. ორ-ორი მანქანით გვდარაჯობდნენ ნაციონალები შესასვლელში და რამდენჯერმე ოფისი გაგვიტეხეს კიდეც. დილით, სახლიდან რომ გამოვიდოდი, არ ვიცოდი დავბრუნდებოდი თუ არა. მთელი ოჯახი ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვცხოვრობდით. ჩემი დაც სულ ჩემს გვერდით იდგა. რიკის ქვეშ იდგა “ქომაგის” ყველა თანამშრომელი, რომლებმაც ყველანაირ შიშზე უარი თქვეს. ღამეებს ვათენებდით იქ და დიდი საქმეც გავაკეთეთ. ჩვენთან იყრიდა თავს მთელი საქართველოს ინფორმაციები, რომელსაც შემდგომ მსვლელობას ვაძლევდით. პირველად ჩვენ ვიგებდით, სად რა ხდებოდა და რას აპირებდნენ ნაციონალები. ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ვფლობდით ციხიდანაც. ქომაგის მისია იყო ის, რომ ადამიანებს დავხმარებოდით შიშის გადალახვაში. ვისაც სამსახურებიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის უშვებდნენ, მათ ხელფასს ვუხდიდით რომ არ შეშინებოდათ. ეს ნიშნავდა, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, ჩვენ ულუკმაპუროდ არ ვტოვებდით მათ, რათა უფრო ძლიერად გამოეხატათ თავისი პოზიცია. სხვებიც არ გაჩუმებულიყვნენ იმის შიშით, რომ სამსახურებს დაკარგავდნენ. ძალიან აქტიურად ვედექით გვერდით მასწავლებლებს, რომლებიც მასიურად იყვნენ გამოშვებული სკოლებიდან. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ისინი დღესაც მიკავშირდებიან და არ აღუდგენიათ სამსახურებში. ბევრ რამეზე ვარ გულდაწყვეტილი. არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა. ისე ნურავინ გამიგებს, რომ ვერ ვხედავდე, ქვეყანაში კარგი რაც ხდება. რაღაცები არის ისეთიც, რაშიც ხალხმა ამოისუნთქა. თუნდაც ჯანდაცვა, საყოველთაო პროგრამამ ბევრი გადაარჩინა.
- გამოდის, რომ “ქომაგი” მხოლოდ პიარისთვის გამოიყენა “ოცნებამ”, არა?!
- არა, ეს ჩემი იდეა იყო. ჯერ მინდოდა, ბუტას ფონდი შემექმნა. როცა სასამართლო პროცესს სტრასბურგში მოვიგებდი, ამ თანხით ავადმყოფ ბავშვებს დავეხმარებოდი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, არჩევნების წინ კი ეს მოვიფიქრეთ. საქმე ისაა, რომ მერე თანხები ვეღარ მოვიპოვეთ, ისევ რომ გაგვეგრძელებინა ეს დახმარებები. მაშინ აქტიურად გავუწიეთ დახმარება პოლიტპატიმრების ოჯახებსაც. ბევრი მათგანი უკიდურეს მდგომარეობაში იყო და ისინი გადავარჩინეთ, მაგრამ მეგონა, საზოგადოება და ბიზნესსექტორი რაღაც თანხებს კიდევ ჩარიცხავდნენ, ეს საქმე რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ ეს აღარ მოხდა. ფონდი არ არის გაუქმებული, მაგრამ თანხაც არ გვაქვს, რომ რაიმე გავაკეთოთ. დღესაც გვაქვს პროექტები, მაგრამ ეს იქნება უკვე სხვა სახით და ვფიქრობ, “ქომაგი” ისევ ამუშავდება. მინდა ხალხს “ქომაგის” რწმენა ისევ ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ ის არ გაქრება.
- ეს კარგია, მაგრამ, როგორც ნაციონალები ამბობდნენ, თანხები, რომლითაც დახმარებას ეწეოდით, ივანიშვილის იყო, თუმცა მაშინ თქვენ ამაზე უარს აცხადებდით. ამბობდით, უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს შემოაქვთ ეს ფოლიო. თუ ასეა, ახლა რატომ არ გზავნის ფულს ეს ხალხი, რა დაემართათ?!
- მაშინ ივანიშვილს არ ჰქონდა უფლება, დაგვხმარებოდა, თორემ აუცილებლად დაგვეხმარებოდა. მართლაც გაგვაიგივეს ივანიშვილის პარტიასთან და ანგარიშებიც დაგვიყადაღეს, მაგრამ ეს ბატონი ბიძინას ფული მართლა არ ყოფილა. ემიგრანტები გვირიცხავდნენ თანხებს, რადგან მათაც დიდი სურვილი ჰქონდათ, ეს რეჟიმი როგორმე დამთავრებულიყო და საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. სამწუხაროდ, დღესაც ამ ოცნებაში არიან და ქვეყანაში არ შეიქმნა ის პირობები, სხვა ქვეყანაში ვიღაცის მოსამსახურედ მუშაობა რომ აღარ დასჭირდეთ. სამწუხაროდ, უცხოეთშიც კვლავ ნაციონალური სიო ქრის და იქ მყოფი ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა, ისინი აქ დაბრუნებას კვლავ ვერ ახერხებენ. მაშინ კი სულ სხვა ენთუზიაზმით იყვნენ და მაგიტომაც მტკივა გული, რომ რაღაცები ისე არ მოხდა, როგორც ყველას გვეგონა და გვინდოდა.
- გამოვიდა, რომ ხელისუფლებაში “ოცნება” გაცისკროვნებული დაპირებებით იმიტომ მოვიდა, რომ წინასწარ არ გააცნობიერა, რა შანსები ჰქონდა. ეს, პირველ რიგში, მათთვის არის ცუდი, ალბათ...
- ხომ გითხარით, ბევრი რამ არის ჩემთვის გაუგებარი და მტკივნეული. მართლაც ხალხის მოლოდინები, ისევ მოლოდინად რჩება. გაუსაძლისია ნაციონალების დღევანდელი ქმედებები და 24 საათი ტელევიზიით მათი ყურება. არ შემიძლია, ტელევიზიებზე არ აღვნიშნო, რომ 19 დღეა, პოლიტპატიმრები რუსთაველზე შიმშილობენ, მათ პრობლემებს კი არც ერთი მედია არ აშუქებს. სამაგიეროდ, 24 საათი ბოკერიას, გაბაშვილსა და უგულავას სახეებს ვიყურებთ. ჩემთვის ესეც ძალიან გაუგებარი და აუტანელია. პირადად მეც მოუთმენლად ველოდები, როდის დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი, როდის მოხდება რეჟიმის აღიარება, გასამართლება და “ნაცმოძრაობის” აკრძალვა. ხალხი ჯერ კიდევ ითმენს, ელოდება ახალ ხელისუფლებას, რომ მოახერხებს ამ საშინელი ხალხის გასამართლებას, თუ არადა საზოგადოება უკვე თავად დაიწყებს მათ დასჯას. ისე გაამწარეს ნაცებმა ხალხი, ისეთ დღეში ჩაყარეს 9 წლის მანძილზე, კიდევაც მიკვირს, თავს როგორ იკავებენ და იმ ჯოჯოხეთს, რაც ამ ადამიანებს ციხეში გადაატანინეს, მათ ბუმერანგივით არ უბრუნებენ უკან. ეს პროცესი თუ დაიწყო, ყველასთვის ცუდი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, ლინჩის წესით გასამართლება რომ დაიწყოს, მაგრამ სანამ სიმართლე არ დადგინდება და დამნაშავეები ასე თავისუფლად ივლიან ქვეყანაში, ამის მოლოდინი უნდა არსებობდეს.
- ვამბობთ, ნაციონალებს უცხოეთი აფარებს ხელს და ამიტომ ახალ ხელისუფლებასაც მათი დასჯის ნება არ აქვსო. ვინმეს განგებ ხომ არ მიჰყავს მდგომარეობა იქამდე, ქვეყანაში ქაოსი რომ დაიწყოს?
- არ არის გამორიცხული, რომ ეს ვიღაცის გეგმაში შედიოდეს.
- ქალბატონო ია, ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა, თქვენი აზრით, არის თუ არა ეს საზოგადოების წინაშე დადებული ვალდებულებებისთვის თავის არიდება და გაქცევა? ან მისი “მოქალაქე” რას აკეთებს ასეთს, თქვენ თუ იცით, რის გაკეთებას უნდა ველოდოთ მისგან?!
- ბატონი ბიძინასი დღესაც მჯერა. ის ტყუილად არ გადადგამს ნაბიჯს და ყოველთვის შორს იხედება. მას სამოქალაქო სექტორიდან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც, ალბათ, დრო სჭირდება. არა მგონია, ის გაიქცეს და ხალხი ასეთ დღეში დატოვოს. ასე რომ ნდომებოდა, საქართველოში არც ჩამოვიდოდა. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია “მოქალაქის” საშუალებით. შეუძლია, იქიდან აკონტროლოს ხელისუფლება და მოუთითოს არასწორ ნაბიჯებზე.
- ჯერჯერობით “მოქალაქისგან” ასეთი არაფერი გვსმენია და...
- ივანიშვილი დინჯი ადამიანია და ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ თვლის. ალბათ, ჯერ არ არის ის ეტაპი დამდგარი, როცა აქტიურ ქმედებაზე გადავიდეს. მისი იმედი კიდევ მაქვს.
- მხოლოდ მისი იმედი გაქვთ? ანუ ყველაფერი ისევეა, როგორც წინათ?
- არა, კიდევ არის ხალხი, რომლისაც მჯერა. მაგალითად, პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი პატიოსნების, ნიჭის იმედი მაქვს, სხვებიც არიან, რომლებიც მგონია, რომ არაფერს დაიშურებენ, ქვეყანამ წარმატების გზით რომ იაროს, თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვი. ბევრის საქციელი არ მომწონს. ასევე არ მომწონს ის, რომ სკამებზე დასხდებიან თუ არა, სხვა ადამიანები ხდებიან და ივიწყებენ ყველას ტკივილს. ამპარტავნებაში ვარდებიან. გაუგებარია, ამ ადამიანებს რა მოსდით და რატომ ჰგონიათ, რომ ეს სკამები მარადიულია. ჯერჯერობით მაქვს ამ ხელისუფლების იმედი, არადა ეს წლებიც მალე გაივლის და ხალხი აღარ აირჩევთ. მოგეხსენებათ, იმედი ბოლოს კვდება. ღმერთმა ნუ ქნას, იმედი აღარ გვქონდეს, თუმცა ძალიან დავიღალე ამ მოლოდინით. ზვიადის პერიოდიდან დაიწყო და არ დამთავრდა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. მაშინაც ჩართული ვიყავი ამ საქმეებში. საუბედუროდ, ბოლო პროცესების თავშიც მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემი შვილი ზვარაკად შეეწირა ამ ქვეყანას და კრიმინალ ხელისუფლებას.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |