![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
შესავალი
რითია ღირსშესანიშნავი ეს დღე? 31 აგვისტოს ყირგიზეთმა, ტრინიდადმა და ტობაგომ იმპერიებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს; შარლ ბოდლერმა, მარინა ცვეტაევამ და პრინცესა დაიანამ ამიერი ქვეყანა დატოვეს; სამყაროს კი, რომის იმპერატორი კალიგულა, "Scorpions"-ის გიტარისტი რუდოლფ შენკერი და მე მოვევლინეთ. დადგენილი ჩარჩოებიდან გასვლით, შინაგანად დაკავშირებულ ამ მოვლენათაგან, მე მხოლოდ ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლების საკუთარ მცდელობებზე ვისაუბრებ. მაშ ასე...
I. მარტოობა - გზა სიმშვიდისკენ
მთელი ცხოვრება ღრმა განცდებში გავატარე. პირველი სურათი, რომელიც ჯერ კიდევ 6-7 წლის ბავშვს სამუდამოდ დამამახსოვრდა, ასე გამოიყურება: ქ. პეტროპავლოვ-კამჩატსკი, ძლიერი ქარბუქი; თავიდან ფეხებამდე შეფუთული, ციგაზე ვზივარ და მასზე გამობმული თოკით, თოვლის ბურუსში გახვეული დედა, აღმართში მიმათრევს; გარშემო, მხოლოდ თოვლის გორაკებია. ამ დროიდან, სამყაროში მარტოობის განცდა დამეუფლა. როგორც კი წამოვიზარდე, გოგონების უყურადღებობამ, ცხვირის სიდიდემ და ბანჯგვლიანმა ფეხებმა შემაწუხა. სტუდენტობისას, უპასუხო სიყვარულსა და სამყაროს უსამართლოდ მოწყობაზე ვდარდობდი. ერთი სიტყვით, ამა თუ იმ სახით, მარტოსულობის მძიმე განცდა მუდმივად არ მტოვებდა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ მარტოობაში ვარ თავისუფალი, ალბათ, ბედნიერიც. მთელი 50 წელი დამჭირდა, რათა მარტოსულობას ჯერ შევჩვეოდი, შემდეგ მარტოობაში მეპოვნა საკუთარი თავი - მასში ხელმეორედ დავბადებულიყავი და დედის მუცლის სიმშვიდის მსგავსად, შემყვარებოდა ის.
ნახევარი საუკუნე დამჭირდა, რათა მძიმე ფიქრებით, უძილო ღამეებით, ტანჯვით, ტკივილით, კვდომით, ცრემლებითა და გაუთავებელი წუწუნით უხვად გაჯერებული სუბსტანცია მიმეღო და მისგან ადამიანის ყოფის მთავარი სიბრძნე გამომედნო: "მეგობარო, პლანეტები უშენოდაც მოძრაობენ, მზეც თავისით ჩადის და ამოდის, ხვალ მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს. სამყარო შენგან დამოუკიდებლადაც გამართულად ფუნქციონირებს, ხოლო კაცობრიობა სიკვდილისთანავე დაგივიწყებს... ასე რომ, მეგობარო, შენი განცდები ფუჭია; ბედისწერას იქამდე მიენდე, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზეც დიდად ნუ იდარდებ. ადამიანო, დაიჯერე, ამაოდ შფოთავ, დაწყნარდი და გულგრილობამდე მისული, აუტიზმის მსგავსი სიმშვიდე დაისადგურებს შენში.
II. განცდების ტყვეობაში
ჩვენი ცხოვრება - ერთი მხრივ, ხანგრძლივი განსაცდელია, ხოლო მეორე მხრივ, ამ განსაცდელით მოყენებულ, "დაუმსახურებელ" ტკივილზე დარდი და "უსამართლოდ" თავსდამტყდარი გასაჭირის დაძლევაზე განუწყვეტელი ფიქრი. დავუკვირდეთ - ჩვენი დრო ძირითადად, საკუთარი თუ უახლოესი ადამიანების პრობლემებზე დარდს მიაქვს. ეს ფიქრები დღისით გვაწუხებს და ღამით არ გვაძინებს, ისინი ჩვენს გონებას მთლიანად მოიცავენ. სწორედ დარდია, რომ გვღლის, გვთრგუნავს და გახარების საშუალებას არ გვაძლევს, ეს განცდები იწვევს ჩვენს გაღიზიანებასა და აგრესიას. ვიღებთ კი, თუნდაც, ამხელა მსხვერპლის გაღების ხარჯზე, რაიმე შედეგს? არა. მაშასადამე, ამგვარი დარდი არაპროდუქტიულია და ამიტომ ფუჭი. ჩვენი მთავარი მტერი ეს განცდებია და ის დიდად განსხვავდება მიზანდასახული ფიქრისგან, რომელიც კონკრეტული ამოცანის, რაციონალური აზროვნებით გადაჭრაზეა მიმართული. ამიტომ ყველაზე სასარგებლო რჩევა ასეთია - განაგდე არაპროდუქტიული ფიქრები, ამაო დარდი და განცდები! წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი "ჩაგიხვევენ" და "წაგიღებენ" - "უსამართლობა" გულს აგიჩუყებს და შენ ტკივილით, გაჭირვებით, საკუთარი თავის შეცოდებით ტკბობაში საბოლოოდ ჩაიძირები.
III. სიმშვიდის პრაქტიკუმი
დასაწყისისთვის, უნდა ითქვას, რომ ეს ცხოვრება, მართლაც წუთისოფელია და მის მატერიალურ მხარეზე დიდად კონცენტრირება არ ღირს. ყოველდღიური ყოფა ატანის შემდეგ ხერხს გკარნახობს - ეცადე, გულდაწყვეტა თუ წყენა დაივიწყო და ცხოვრება ისევ ხალისიანად განაგრძო. მეც, წარსულიდან, მხოლოდ მიღებული გამოცდილება მახსოვს, მომავალზე არ ვდარდობ და დღევანდელი დღით ვცხოვრობ.
გახსოვდეს, ყველა განსაცდელი გადაივლის. გაჭირვების ჟამს, რათა სიძნელეების თავდახრილი გადატანა გაგიადვილდეს, საკუთარ თავს ხშირად უმეორე - მძიმე ვარდნას, თუ მას მოთმინებით აიტან, აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ჯილდო. სასიხარულო ამბავი, წარმატება წინაა! არ აჰყვე სასოწარკვეთას და იქონიე რწმენა - გამარჯვება და კეთილდღეობა მოგაკითხავს შენ! თუნდაც მძიმე სენის ჟამს, დათრგუნე დარდი, ნუ წახვალ საკუთარი თავის შეცოდებით ტკბობაში. სენი, რომელიც არ კლავს - აძლიერებს.
იმისთვის, რომ ყოველდღიური ყოფის წნეხმა არ გაგთელოს, აუცილებელია საკუთარი ფიქრები მართო და პროდუქტიული აზროვნება ისწავლო!
ეცადე, ნეგატიური ზრახვა არ მიიღო და განაგდო იგი - სანამ დამთრგუნველი აზრი, მძიმე განცდად ჩამოყალიბდება, გონებით მისი "ტრიალი" შეწყვიტე; გულაჩუყებული, ნუ დატკბები საკუთარი საცოდაობით და, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უარყოფითი განცდა გულში არ ჩაისახლო. იგივე ეხება ღამის არაპროდუქტიულ ფიქრებს, რომელთაც უძილობამდე მივყავართ - ნებისყოფის დაძაბვით, როგორმე შეწყვიტე ცნობიერების ნაკადი, ფიქრებს არ გაჰყვე; მაგალითად, იფიქრე თუნდაც, რაღაც სისულელეზე, ითვალე, ან ნებისმიერი, მარტივი ამოცანა ამოხსენი. ყველა შემთხვევაში, უბრძანე საკუთარ თავს, ნუ შეჰყვები განცდებს და დამერწმუნე, შენ ფიქრების მართვას ისწავლი. მუდმივად, საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დაუსვი: ამ ფიქრებმა, რაიმე რეალური შედეგი მომცა? არა! მაშ, რა საჭიროა ისინი?!
გაღვიძებისთანავე ადექი, დილიდან ხალისიან, ტემპიან მუსიკას მოუსმინე, აყევი მას, იცეკვე, იმღერე. შემოქმედებითი, გატაცებით შრომა - უებარი გზაა უარყოფითი, ფუჭი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად. იკითხე და იფიქრე წიგნის შინაარსზე, გააკეთე ამაზე ჩანაწერები და საკუთარი აზრი გამოხატე.
ცხოვრებამ ათასგზის დამარწმუნა, რომ მომავალზე წუხილი, ცხოვრების, თუნდაც ერთი წლით დაგეგმვა, სიზიფეს შრომას ჰგავს. ჩემს მიერ "გათვლილი" 100 ვარიანტიდან, რეალური ცხოვრება არა თუნდაც მე-100, არამედ, მაგალითისთვის, 278-ე ვარიანტს მთავაზობდა. ასე რომ, მომავალზე დარდი არაპროდუქტიულია და ამიტომ აზრს მოკლებული - მომავალი, მიუხედავად ჩვენი გათვლებისა და მასზე დარდისა, მაინც მოულოდნელ არჩევანს გვთავაზობს. გაითავისე, რომ ბედისწერა შენთვის მიუწვდომელი კანონებით მოქმედებს და "შეუცნობად არიან გზანი უფლისანი". მაინც ისე იქნება, როგორც იქნება და წინასწარ თავის მოკვლა, არაფერს ცვლის.
IV. პოზიტიური აზროვნების 3 მთავარი თეზისი
1. მიეჩვიე გამარჯვებას და გამარჯვებულის როლს - ყოველივე შენს ხელთაა, შენ უნდა შეძლო ნებისყოფის მობილიზაცია და ყველაფერი გამოგივა. შენ ხარ ის, რაც გსურს იყო. შენ იმ ადგილს იკავებ, რა ადგილსაც შენს საკუთარ თავს ანიჭებ.
2. იცოდე, თუ მოინდომებ, ბეტონის "კედელში გახვალ"! ამისთვის, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე, შემდეგ წაიკითხო და "კედელში გასვლის" ხერხების შესახებ ყველაფერი გაიგო, მერე წარსულის გამოცდილება და შენზე ჭკვიანი ადამიანების რჩევები გაითვალისწინო, კიდევ იფიქრო და ბოლოს... გაქანებით, მიზანდასახულად "კედლისკენ" გაქანდე. ამჯერად დაუფიქრებლად და უკანმოუხედავად წინაღობას მივარდე და... შენ ისე გახვალ "კედელში", რომ თავიც კი არ გეტკინება.
3. საქმე გაქვს მძიმედ, გიჯერებ, მეტიც, თანაგიგრძნობ, მაგრამ დარდით არაფერი გეშველება. ასეთ მძიმე დროს, სჯობს, იფიქრო, რამდენ ადამიანს, გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე შენ... ბევრს ლეიკოზი აქვს, მძიმედ დაავადებულ მცირეწლოვან შვილს უვლის, ციხეში ზის და მრავალი სხვა... შენ შეგიძლია მათზე იფიქრო, შეიცოდო და შეიყვარო ისინი, ამასობაში საკუთარი დარდიც გადაგივლის.
V. დღეს
55 წლის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ცხოვრების ნელმა დინებამ, მდინარე ზამბეზივით, გადატეხის ადგილს მიაღწია და ვიქტორიას ჩანჩქერივით, სწრაფი ვარდნა იწყო. დროის სვლა აჩქარდა - წლები, თვალის დახამხამებაში გადის, თუმცა, მნიშვნელოვანი მოვლენების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
უნდა ერთი, ყურადსაღები შემჩნევა გავაკეთო. ასაკის მატებასთან ერთად, ფრიად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მივაკვლიე - ჩემი ყოველდღიური განწყობა, აშკარად ფულის ქონაზეა დამოკიდებული. საკმარისია, 100-300 აშშ დოლარი უჯრაში მეგულებოდეს და ცხოვრება ჰაეროვანი, ფერადი და მშვენიერი მეჩვენება. უფულობისას, პირიქით, სასოწარკვეთა მიპყრობს, საკუთარ თავზე მეტად კი სხვებზე ვღიზიანდები. შენც ასე იქნები - ხშირად ფული არ გაქვს და ამას განიცდი. მესმის, ძნელია, მაგრამ სანამ უკიდურესად არ გაგიჭირდება, არ ითხოვო. ფუფუნებაზე ნათხოვ ფულს, არც ფასი აქვს, თან "სპონსორებიც" მიგიხვდებიან და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. თუ ითხოვ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი მინიმუმი გჭირდება და გულით მოგცემენ კიდეც. მინიმალურით დაკმაყოფილდი და ბევრი მოგეცემა.
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სამი ფუნდამენტური პრინციპის ჭეშმარიტებაში დამარწმუნა, რომელთაც საკუთარ თავს გამუდმებით ვახსენებ:
- "მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის";
- "ადამიანი ცვალებადია";
- აშკარად "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!"
VI. ცხოვრების აზრი
ჩემი ასაკისთვის არ შეიძლება, არ დაფიქრდე ცხოვრების აზრზე. პირად ცხოვრებაში, მე შვილებზე ფასეული, გასახარი და ხანგრძლივად სასიყვარულო, ვერაფერი აღმოვაჩინე. საზოგადოდ კი, საქართველოს, მისი თავისუფლების იდეისთვის ბრძოლა მინდა იყოს ჩემი ცხოვრების აზრი. შვილებისა და შენი ქვეყნის იქით, ყოველივე წარმავალია და დროებითი.
პირადი ცხოვრების აზრთან დაკავშირებით, ადამიანს გიჩნდება მეტად მწვავე კითხვა: დააკლდებოდა კი კაცობრიობას რაიმე, რომ საერთოდ არ დაბადებულიყავი? აი, აქ კი გულდაწყვეტით, მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო - ფარდობითობის თეორია მე ვერ შევქმენი, ვერც "რობინზონ კრუზო" ან "სამი მუშკეტერი" დავწერე, ამიტომ თამამად შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ სიკვდილის შემდეგ, ყოფიერება უჩემოდ განაგრძობს თავის დინებას და კაცობრიობა გულდაწყვეტის გარეშე დამივიწყებს.
ასეა თუ ისე, რადგან, ერთი მხრივ, ფარდობითობის თეორია ვერ შევქმენი, ხოლო მეორე მხრივ, ყოველდღიური ყოფისგანაც დავიღალე, გმირული სიკვდილი ჩემთვის საუკეთესო გამოსავალია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩემი გაჩენა არ იქნება აზრს მოკლებული - ასე კაცობრიობას საკუთარ მნიშვნელოვნობას დავუმტკიცებ, საკუთარ პიროვნებაზე ხსოვნასაც დავტოვებ და ერის ისტორიაში, ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკალური ანსამბლის, "ორერას" ტოლფას წვლილს შევიტან. ამის გამო, ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს - ამ ცხოვრებას ნუ ეპოტინები, შენ ხომ მაინც, ატომებად დაიშლები. მიწა - მიწად იქცევი და გაქრები...
რწმენა? გაჭირვების ჟამს - მიწაზე განრთხმული მორწმუნე ვხდები, დალხენისას კი ღმერთი მავიწყდება და მორიგ წარმატებას საკუთარ ძლიერებას ვაწერ. ხანდახან ალტრუისტი ვარ, ხშირად - ეგოისტი, იშვიათად - კაცთმოძულე. უსამართლობისგან თავს, ირონიით, არცთუ იშვიათად მწარე სარკაზმითაც ვიცავ.
და მაინც, რისთვის ცხოვრობს ადამიანი? როგორია მისი "ბედნიერების ფორმულა"? რაღა თქმა უნდა, წარმატებისთვის, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნობის განცდითა და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებით იქნას რეალიზებული. ჩვენი ცხოვრების აზრი შემოქმედებითი შრომით თვითდამკვიდრებაა და ასე საკუთარი თავის წარმოჩენა, წარმატების მწვერვალისკენ სწრაფვა. ღირს კი დაბადება, შემდეგ წვალება, ამდენის დათმენა, თუ ვერ შეჰქმენი "ფარდობითობის თეორია"? ალბათ, არა და მიუხედავად ამისა, მე მაინც 31 აგვისტოს დავიბადე და ვცხოვრობ.
P.S.
სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ზემოდაწერილის სრულად გაგებისთვის, გათავისებისთვის, ჯერ უნდა ყველაფერი დაკარგო, აუცილებელია, სასტიკი ტკივილი და დიდი გასაჭირი გადაიტანო. ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტ-ნაკლები დაძლევა და ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან განთავისუფლება არ მოდის.
ზურაბ ოდილავაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |