![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ამიხსენით, როგორი ექნება ხელისუფლებას რეაქცია იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა?”
“კონსტიტუციას რა ვუყოთ, რით გავამართლოთ ვადამდელი არჩევნები”
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც რუსეთს ხმის უფლება შეუჩერდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთს არ სურს ევროპელი კოლეგების რჩევების მოსმენა.
“მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა. მოვისმინე მოსაზრებები, რომ ისინი აქ უნდა იყვნენ, რათა რაღაც ისწავლონ. ეს ძალიან საინტერესო აზრია, ეჭვი არ მეპარება PACE-სა და ევროპელი ლიდერების პედაგოგიურ შესაძლებლობებში, მაგრამ სწავლის პროცესს ორი მონაწილე სჭირდება -მასწავლებელი და მოსწავლე. ჩვენ აქ ველოდებოდით მომავალ მოსწავლეებს -ბატონ პუშკოვს, სლუცკისა და სხვებს, მაგრამ ისინი არ არიან, არ უნდათ სწავლა. კარგია, რომ გვინდა, მათ ვასწავლოთ, მაგრამ მათ არ უნდათ, ისწავლონ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგას არა რუსეთის საპარლამენტო ასამბლეაში ყოფნა-არყოფნის, არამედ თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ღირსების საკითხი”, -განაცხადა ბერძენიშვილმა.
“პრემიერი” სტრასბურგიდან დაბრუნებულ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:
-რა შთაბეჭდილებით დაბრუნდით ევროსაბჭოს ასამბლეის სესიიდან, რა შეიცვლება რეალურად ამ გადაწყვეტილებით უკრაინის, ან საქართველოსთან მიმართებაში?
-ამ სხდომაზე არ იხილებოდა საკითხი, რომელი ქვეყანა როგორ მდგომარეობაში უნდა იყოს. სტრასბურგში პირველ დღეს უკრაინის არსებული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რეზოლუცია განიხილებოდა, მეორე დღეს -რუსეთისთვის უფლებამოსილების, ან ხმის უფლების შეჩერების საკითხი. ორივე საკითხზე ევროსაბჭოს ჰქონდა მყარი გადაწყვეტილება და ევროპამ ორივე შემთხვევაში თქვა, რომ რუსეთის მოქმედება დაუშვებელია. რამდენად იმოქმედებს სანქციები, ამაზე ლაპარაკი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძალიან ძნელია. ევროპას ჰქონდა საშუალება, უფრო მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო, ან საერთოდ დაეხუჭა თვალი. მათ აირჩიეს, როგორც იციან ხოლმე, საშუალო გადაწყვეტილება -რუსეთს არ ჩამოერთვა უფლებამოსილებები, მაგრამ წაერთვა ხმის უფლება და ჩამოერთვა უფლება, მონაწილეობა მიიღოს საკომიტეტო მუშაობასა და სადამკვირვებლო მისიებში. ევროპის საბჭოს ეს გადაწყვეტილება რუსეთს არ მოეწონა, დელეგაციამ ბოლო კენჭისყრას არც დაუცადა, ისე სწრაფად დატოვა სტრასბურგი, ხოლო მათ მიერ დაქირავებულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დარბაზში ბლომად ჰყავდა შემოყვანილი (საინტერესოა, როგორ ახერხებენ ასეთ თამაშს), ევროპელ დეპუტატებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მგონი, ევროპაც კი გაოცდა.
რაც შეეხება იმას, როგორი იქნება ეს მოვლენა საქართველოსთვის, თუკი მსოფლიო თვალს დაუხუჭავს რუსეთს და ეტყვის, ყოჩაღ, რაც გინდა გააკეთეო, საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან ცუდი. რუსეთი დაიჯერებს, რომ მას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდება, უკრაინის შემდეგ საქართველოსაც მიადგება, ან პარალელურ რეჟიმში იმოქმედებს. ეს ქვეყანა ყველაფრის უფლებას მისცემს თავს. ის, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებაში ეთანხმებოდა ევროპას, იყო სწორი და არანაირად საკამათო არ ყოფილა. ასევე მოიქცნენ ჩვენი მეგობარი ბალტიის ქვეყნები. ბუნებრივია, ასე მოიქცნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, აზერბაიჯანის დელეგაციამ თავი შეიკავა, სომხეთის დელეგაციამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, სერბეთმა და რატომღაც თურქეთის დელეგაციის ნაწილმაც. ყველა შემთხვევაში ევროსაბჭო ერთი, მთლიანი დაწესებულება არ არის, მაგრამ იქ ჩადებულია სხვა ღონისძიებები, თუ რუსეთი არ დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოში ჰქონდა.
-ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ, რომ ის შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, აქტიურ ქმედებებს არ მიმართავს. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საგარეო ასპარეზზე, რომ შიდა დაპირისპირება განიმუხტოს?
-ამ შემთხვევაში ჩვენ და ჩვენი ოპონენტები ერთნაირად გამოვდიოდით ევროპის საბჭოში, რაიმე განსხვავება ოპონენტებსა და არაოპონენტებს შორის არ იყო. იქ საგარეო საკითხზე რაიმე განსხვავებული აზრი არავის გამოუხატავს. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, საზოგადოებას აჩვენონ, რომ მხოლოდ ისინი არიან საქართველოს მოყვარულები, სხვები კი -მტრები, მაგრამ ეს არასერიოზულია. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე, დელეგაციის წევრები: თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი ევროსაბჭოს წინაშე იმაზე კრიტიკულად გამოვიდნენ, ვიდრე “ნაციონალი” გიორგი კანდელაკი.
-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი გიორგი კანდელაკის მოთხოვნით შევიდა...
-ეგ მართალია, მაგრამ არა გიორგი კანდელაკის, არამედ 50 დელეგატის მოთხოვნით, მათ შორის, ჩვენი ხელმოწერებიც იყო. ეს უბრალოდ, პროპაგანდაა, კანდელაკი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველება, მაგრამ რეალობა სხვაა. ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს საიტზე და დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად შეუძლია ნახოს ყველამ, ვინ რა მოითხოვა, ვინ რას მისცა ხმა, ვინ რა თქვა და ა.შ. ჩვენ ყველამ ერთად მივეცით ხმა და გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, თანაც ოპონენტების მხრიდან იქ რაიმე კრიტიკა არ გაგვიგია.
-როცა საქმე პროპაგანდას ეხება, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს ძალიან სახიფათო თამაში, იგივე რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემა, საუბარია რუსული ფულის შემოდინებაზე. თუკი, ასეთ პროცესებს ვირაც მართავს, ხელისუფლება რატომ დუმს?
-არც ერთი ფაქტი არ დასტურდება ჯერჯერობით. მერე რას დააპირებს რუსეთი და კარგად რომ არ მოიქცევა, ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ არც რუსული ფულის შემოდინების და არც პასპორტიზაციის არც ერთი ფაქტი დადასტურებული არ არის. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ რუსეთს საქართველოში საელჩო არა აქვს და მის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს. შვეიცარიის ელჩი ბატონი დეხლერი, რომელიც გახლავთ საქართველოს და დღევანდელი ხელისუფლების დიდი მეგობარი, ამბობს, რომ ასეთი რამ არ ხდება და რა ვქნათ, საიდან დაგიდასტუროთ სხვაგვარად? თუკი ასეთი რამ რეალურად მოხდება, ხელისუფლება მიხედავს და საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს, არასერიოზული ბრალდებაა. ამიხსენით, როგორ ექნება ხელისუფლებას რეაქცია იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა?
-ანუ უარყოფთ, რომ რუსეთის დაინტერესება არ არის, ვთქვათ, თბილისის ქუჩებში რუსული დროშის გამოჩენა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინანსებთან კავშირში არ იყოს?
-საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის გეგმები, რა თქმა უნდა, განხორციელებას იწყებს. ჩვენ ვხედავთ გააქტიურებულ რუსეთუმე მოღვაწეებს, დავინახეთ, რომ რაღაც-რაღაცებს ვიღაც-ვიღაცებმა მხარი არ დაუჭირეს, ან დაუჭირეს. პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ ისეთი რამ, რომ არიქა რუსული ფული შემოვიდა და საქართველოს ხელისუფლება ამას ხელს კი არ უშლის, პირიქით, უწყობსო, ძნელია ამაზე სერიოზული რეაქციის მოხდენა.
-კონკრეტულად რას ხედავთ?
-კონკრეტულად ვხედავ იმას, რომ ჯერჯერობით რუსეთი საქართველოზე მუშაობს იმ დონეზე, რა დონეზეც მუშაობს “ევრაზიული ინსტიტუტი”, ანუ აქ არის რუსეთის მომხრე 5 კაცი, ხელში დაიჭერენ რუსეთის დროშას, ალბათ, ამაში მათ რუსეთიდან უხდიან სათანადო თანხას, ან არ უხდიან. ისინი დადიან ქუჩაში და იძახიან, რომ საბჭოთა კავშირი კარგია. ამაზე მეტი რუსული მოღვაწეობა არ დაგვინახავს. ჯერჯერობით, პარლამენტში არავის არც ერთი კანონპროექტი არ შემოუტანია ისეთი, რომ მისი პრორუსულობა ჩანდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ, როგორც კი, ერთი გამოვლინება იქნება, პასუხი მაშინვე გაეცემა. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს, მისი საკონსულოს შენობის წინ ერთი ფაქტი იპოვეთ რუსული პასპორტის გაცემის და ვისაც დაინახავთ, პირადად მე მაშინვე დაგაპატიმრებინებთ. გარწმუნებთ, ეს ყველაფერი ტყუილია.
-წინასაარჩევნო კამპანია ამჟამადაც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგებს ისევ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გაიყოფს. თქვენი პროგნოზი როგორია?
-გამოკითხვების მიხედვით შეფარდება დაახლოებით ექვსი ერთზეა. მეორე ადგილზე ჯერჯერობით მართლა არის “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ მას აქვს არაუმეტეს 10%-ისა. მათი შედეგი -20%, რასაც მათ საპრეზიდენტო არჩევნებში მიაღწიეს, ადგილობრივ არჩევნებში მიუღწეველია. გამოკითხვები არჩევნებამდე ტარდება და მისი შედეგები შემდგომში შეიძლება დადასტურდეს, ან არ დადასტურდეს. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო კოალიციას დადასტურების იმედი აქვს. სიმართლე გითხრათ, მე არ ვგულშემატკივრობ “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთ ადგილს, საერთოდ თუ არ იქნებიან პოლიტიკაში, უკეთესი იქნება, მაგრამ გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ მხარდამჭერები ჰყავს.
-წინასაარჩევნოდ რამდენიმე არასაპარლამენტო გაერთიანება შეიქმნა. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საიმისო რესურსი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატი მოიპოვონ?
-არასაპარლამენტო გაერთიანებების რეიტინგი გამოკითხვის მიხედვით ჯერჯერობით, მაღალი არ არის, მაგრამ ეს ახალი გაერთიანებებია და კიდევ იქნება საჭირო გამოკითხვა რაღაც დროის შემდეგ. ისე, ყველა რომ გაერთიანებულიყო, რა თქმა უნდა, მეტს მიაღწევდნენ და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შეძლებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მეორე ადგილიდან ჩამოგდებას. გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებში ადგილებს, პირველის გარდა, მეორე და მეხუთე ადგილს მნიშვნელობა არა აქვს, რადგან იქ უმრავლესობას ვინც მოიპოვებს, ის არის გამარჯვებული. “ნაციონალური მოძრაობა” რომელ ადგილზე იქნება, დიდი ფასი და აზრი არ იქნება. ეს პარლამენტი არ არის, რომ ტრიბუნა გამოიყენონ. ამიტომ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველგან უნდა გაიმარჯვოს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”. ასეთია წინასწარი განწყობა. კოალიციის შიგნით არის საქმიანი ვითარება. ყველა პროგნოზი, რომ სიების ვერშედგენის გამო კოალიცია დაინგრეოდა, ისე დასრულდა, როგორც ყველა ჭორაობა სრულდება. საარჩევნო სიები შედგენილია, კოალიცია დაშლილი არ არის, მიმდინარეობს მუშაობა.
-არჩევნებამდე კი არა, არჩევნების შემდეგ დაშლას ვარაუდობდნენ და “რესპუბლიკელებზე” კეთდებოდა აქცენტი...
-არჩევნების შემდეგ რამ უნდა გამოიწვიოს კოალიციის დაშლა, არგუმენტი მითხარით. გამარჯვების შემდეგ კოალიცია იშლებოდეს, ასეთი რამ ჯერ არსად მსმენია. თუ დამარცხება იქნება და “ნაციონალური მოძრაობა”, ან სხვა ვინმე დაგვამარცხებს, მაშინ კოალიცია საფრთხეში ჩავარდება, მაგრამ ეს ამბავი ვერ მოხდება. ძალიან რომ მოინდომონ, ვერ წავაგებთ არჩევნებს იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც სულს ღაფავს. კოალიცია “ქართული ოცნება” მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აუცილებლად მივა.
-მაგ ლოგიკით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე “ნაციონალური მოძრაობაც” მივა და სწორედ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარი ბრალდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით ჩამოშორება არ მოისურვა. ასე არ არის?
-ეს არ არის სახელისუფლებო გუნდის ბრალი, ეს არის “დანაშაული”, რომელიც ჩადებულია საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 4 წელიწადში ერთხელ იმართება. უკაცრავად, მაგრამ ის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ ეკუთვნის ის ხმები, რომელიც მას 20102 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქვს მიღებული, უნდა დადასტურდეს ორი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებით. მაშინ ნუღარ მოხვდება ნურც ერთი პარლამენტში და დაასრულებს მოღვაწეობას. ჩვენ რომ ქვეყანაში არჩევნები იმის მიხედვით ვატაროთ, ვისი რეიტინგი გაიზარდა და ვისი დაეცა, კონსტიტუციას რა ვუყოთ, რით გავამართლოთ ვადამდელი არჩევნები? არ მიიღო ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში მონაწილეობა და ვისი ბრალია, რომ კონსტიტუციას პატივისცემა სჭირდება? იმის დაბრალება, რატომ ვიცავთ კონსტიტუციას, ასეთი მართლა საქართველოში თუ მოხდება, თორემ სხვაგან იკითხეთ, რას გეტყვიან. იმ პარტიის მოთხოვნით, რომელსაც რეიტინგმა არ მისცა საშუალება, რომ პარლამენტში მოხვედრილიყო, ან იმ პარტიის მოთხოვნით, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა იმ არჩევნებში, ახლა ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები, -ეს მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ჩვენზე უფრო ბედნიერი არავინ იქნება, თუკი არ შევხედავთ “ნაციონალურ მოძრაობას”. მე პირადად მირჩევნია მათ ადგილას ნინო ბურჯანაძე იჯდეს, თუკი ჩემს კომფორტზეა ლაპარაკი, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად სხვა სურათი მივიღეთ. მაშინ მარტო ჩვენ რომ გავსულიყავით, ბრალდება იქნებოდა, პარლამენტი ერთპარტიულიაო. ასეთი არასერიოზული მიდგომებს საფუძველზე, არავითარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. საქართველომ უკვე ჩაატარა ორი ნორმალური არჩევნები და ჩაატარებს მესამესაც. ევროპისგან უკვე ვიცით, რომ საქართველოს წინ გადასადგმელი ნაბიჯი უკვე მოახლოებულია. საქართველოში რუსეთს პოლიტიკურ ძალებში დასაყრდენი არ ჰყავს, გარწმუნებთ იგივე ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატო არ გვინდა და რუსეთთან დიალოგია აუცილებელიო, ხვალ რომ პარლამენტში მოხვდნენ, რუსეთს დასაყრდენ ძალად არც ისინი გამოადგებიან.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |