|
“9 აპრილის მემორიალთან “მოქალაქე" არ გამოჩენილა. საინტერესოა, საქართველოში თუ იმყოფება, ქვეყნისთვის დაღუპული გმირები მის პატივისცემას არ იმსახურებენ თუ მისი ძველი მეგობრის, გენერალ ლებედის ხსოვნას მიაგო პატივი ამ ჟესტით?"
“მეჩვენება, რომ პროცესები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, ნამდვილად მართულია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უნიჭოდ"
“არავინ არ უშლიდა ხელს ღარიბაშვილს, ლელუაშვილის საკითხი გადაეჭრა, მხოლოდ ის მასალები, რაც მე და თქვენ გამოვაქვეყნეთ ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესებზე, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ვაჟა ლელუაშვილი პასუხისგებაში მიეცათ"
“რომ არა ციხის სკანდალური კადრები, “ოცნებ” ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. მეტიც, წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი 40%-ზეც თანახმა იყო"
“როგორ ფიქრობთ, რამდენი დაპირებაა შესრულებული 70-გვერდიანი დოკუმენტიდან? ერთ-ნახევარი, მეტი არ”
“პრემიერის" კითხვებს “ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ უპასუხა:
- ელისო, მოგესალმები, წელიწად-ნახევარი გავიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ და ქვეყანა ვერ დალაგდა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა რეალურად დგას რუსეთთან კონფრონტაციის წინაშე და უკიდურესი ვადა, რომელიც ჩვენ მნიშვნელოვანი შიდა პრობლემების დასაძლევად გვაქვს, არის მაისის ბოლო, ძირითადი დღის წესრიგი შიდა დაპირისპირების გამწვავებაა. რა არის ამის მიზეზი, მხოლოდ ხელისუფლების გამოუცდელობა?
- მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სერიოზული პოზიტივია, ისევე როგორც ხელისუფლების გადაბარება ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართული ოცნებ” ძალიან მალე დაემსგავსა “ნაციონალურ მოძრაობას", მივიღეთ სრულიად უუნარო პარლამენტი და უმოქმედო მთავრობა. პრემიერი ღარიბაშვილი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. წავა მინისტრების შეცვლის გზით, შეცვლის 5 მინისტრს და მთავრობა გადამდგარად ითვლება და გარანტია არ არსებობს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტს ისევ ღარიბაშვილის კანდიდატურას წარუდგენს ამ პოსტზე. შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სადაც ალექსანდრე ჭიკაიძე მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების დამხობაზე ალაპარაკდა.
ამ განცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოალიციაში სერიოზული დაპირისპირებაა, პირველი განცხადება ირაკლი ალასანიამ და მაია ფანჯიკიძემ გააკეთეს, ორივე მათგანმა შს მინისტრის მოსაზრებები ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ჭიკაიძეს უცერემონიოდ დააყარა. პარალელურად, ქვეყანა სერიოზული საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, რუსული ოკუპაცია ამჯერად კულტურული ოკუპაციის სახეს იძენს, ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ეწევიან რუსული პოლიტიკის პროპაგანდას და ქმნიან აშკარა პროვოკაციების კერებს. მიზეზი, ვფიქრობ, გამოუცდელობასთან ერთად, არის არაპროფესიონალიზმი. ვშიშობ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე დარჩენილი დრო დიდი გამოცდაა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
- როგორ ფიქრობ, რამდენად მართულია ის პროცესები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი თემა ხდება? მაგალითისთვის: ცოცხი არა თუ “იქ" არ იყო, საერთოდ არ ყოფილა; ალასანია, რომელიც არა “იმასთან", არამედ საკუთარ მეუღლესთან ერთად მიფრინავდა; “ჩოკუტაევი", “ჰაკიმ ფაშ”, “ნაციონალების ზონდერები" და ა.შ. და რეალურად რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, მით უფრო, როცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ზოგიერთი აქ ჩამოთვლილი ტყუილიდან კი საერთოდ უფეხოა?
- სამწუხაროდ, მეჩვენება რომ პროცესები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, ნამდვილად მართულია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ უნიჭოდ. რაც შეეხება ცოცხებს, თავად ლადო ბედუკაძემაც დაადასტურა, რომ ცოცხი, როგორც გაუპატიურების იარაღი, იქ საერთოდ არ ყოფილა და ხდებოდა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის დაცინვა, ჩვენ ყველანი ისე ვიყავით აღშფოთებულები იმ კადრებით, რაც ვნახეთ, ემოციებით ვიმსჯელეთ და არა პრაგმატულად, თუმცა ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ციხეებში ყველაფერი რიგზე იყო. ამის დასტურია ე.წ. კარანტინის დაშლის კადრები, რომელიც გიორგი ლომიას ორგანიზებით იქნა გადაღებული, რომელმაც სისტემური დანაშაული ამხილა. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, თვალშისაცემია, ალასანიას წინააღმდეგ ბოლო დროს აგორებული შავი პიარი. მაგ., ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა საზღვარზე დათა ახალაია, რაღაც ფოტოები, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა და ა.შ. ზოგადად, სწორად არ მიმაჩნია პირადი ცხოვრების თემებით სპეკულაცია. ეს, უბრალოდ, ამაზრზენი საქციელია. რაც შეეხება ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების თემას, ვფიქრობ, ეს გამოძიებული არ არის. გვითხრეს, რომ ჩოკუტაევზე ძებნა გამოცხადდებოდა, საინტერესოა, სად გაქრა ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტში სოხუმში იმყოფებოდა და სოციალური ქსელით სარგებლობდა? მაინტერესებს, მიმდინარეობს თუ არა მისი ოფიციალური ძებნა? ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო, აუცილებლად გამოვიძიებდი, ვის მიერ მოხდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს გადაღებული ფოტოების ინტერნეტსივრცეში განთავსება, და ამ შეკითხვებს, უპასუხოდ არ დავტოვებდი, სხვა შემთხვევაში მუდმივად იქნება ამ თემებით სპეკულაცია.
- შს მინისტრის ინტერვიუმ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ხელისუფლებამ აღიარა, “იანუკოვიჩი" ვარო. ჭიკაიძე აცხადებს, რომ საქართველოში მზადდება “მაიდანი", ანუ რევოლუციონერები მთავრობას ისევე უპირებენ დამხობას, როგორც უკრაინელებმა დაამხვეს პუტინის მარიონეტი. ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი ამ ინტერვიუს შემდეგ დაასკვნის, რომ სააკაშვილი არის პროგრესული ძალა, ხოლო “ქართული ოცნებ” - კოლექტიური იანუკოვიჩი. ცალკეული ფაქტების ნგრევა ზონდერებზე კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ ეს თემა ისევ შემოაგდო. იქნებ რამე გავიგე არასწორად, მაშინ რა გვითხრა რეალურად ხელისუფლებამ შს მინისტრის მეშვეობით?
- რა გვითხრა რეალურად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამ თემაზე განმარტებები მის პრესსამსახურს უნდა სთხოვოთ. სამწუხაროდ, მე ამის გაკეთება არ შემიძლია. “მაიდანს" რაც შეეხება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ არჩეულ კურსს არ შეცვლის და ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აუცილებლად მოაწერს. არჩევნები? არა მგონია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საბაბი იყოს, მაშინ რა? “მაიდანის" მოწყობის მიზეზს ვერ ვხედავ. თუ რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას დააპირებს, მაშინ საბურავები კი არა, იარაღი უნდა ავიღოთ ხელში დიდმა და პატარამ, ვინც ამ ოკუპაციასთან შეგუებას არ ვაპირებთ. თუ ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს, რომ ხელისუფლების დამხობა მზადდება, ადეკვატურად უნდა იმოქმედოს. მე უფრო სახელისუფლებო გადატრიალების საფრთხეს ვხედავ - ყველა მინუს ღარიბაშვილი. პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია, თუ უსუფაშვილს გარანტიები ექნება და პოსტს შეინარჩუნებს, მგონია, რომ სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას მსგავს სცენარში.
- იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება, ვთქვათ, იმავე ბოკერიას ედავება დაახლოებით იმას, რატომ არ კითხულობდა “ქრონიკა+"-ს, ან “პრემიერს" და კითხულობდა “ვაშინგტონ პოსტს", თანაც მაშინ, როდესაც თავად კითხულობს “ასავალ-დასავალს", აგერ პუშკინის სკვერში რუსეთის დროშა გაგვიშალეს. რა გამოდის, ხელისუფლება ახალისებს მეხუთე კოლონას თუ საფრთხეების გაანალიზების უნარი არ გააჩნია? მაგალითს მოვიყვან, სენაკის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი ღიად აცხადებს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და რუსეთი გვიხსნის. ბოკერიას გემოვნება უფრო საშიშია ამ ეტაპზე ქვეყნისთვის თუ იმავე რუსეთუმეების?
- გემოვნებაზე არ დაობენ, ვისაც რა უნდა, იმას წაიკითხავს, გაზეთის რეიტინგს მისი მკითხველი განსაზღვრავს და არა ხელისუფლების დამოკიდებულება. სამწუხაროდ, რუსულმა პროპაგანდამ ღია ხასიათი მიიღო, ქვეყანაში, სადაც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ეს არ უნდა ხდებოდეს, ახალისებს თუ არა ხელისუფლება ამ პროცესს? როგორც ვიცი, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უცხო ქვეყნის კაპიტალით არ შეიძლება, ამ მხრივ არ იქნებოდა ურიგო უფრო მკაცრი კონტროლი და ოკუპანტი ქვეყნიდან კულტურული დივერსიებისთვის შემოსული ფულადი თანხების გაკონტროლება.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - კადრები. ადამიანი შეიძლება იყოს არაპროფესიონალი, შეიძლება არ ჰქონდეს გამოცდილებაც, მაგრამ ჰქონდეს პასუხისმგებლობაც, შემართებაც, მონდომებაც და, ასე თუ ისე, საქმეც გამოუვიდეს. თუმცა შევხედოთ ერთ გარემოებას. თქვენ განაცხადეთ, რომ ფლობთ ინფორმაციას კუდ-ის ყოფილი უფროსი მოადგილის ვაჟა ლელუაშვილის ქვემო ქართლის გუბერნატორად შესაძლო დანიშვნის თაობაზე. ის, რომ ამ ადამიანმა რეალურად იყიდა ინდულგენცია, ეს გასაგებია. მაგრამ ხომ შეიძლება ხელისუფლებამ ამის შემდეგ მაინც არ დააწუწოს თავზე მთელ საზოგადოებას? არაერთხელ გითქვამს ამის შესახებ, მაგრამ, ახალი გარემოების გათვალისწინებით, იქნებ კიდევ ერთხელ გვითხრა, რატომ ეშინია ხელისუფლებას ლელუაშვილის და რატომ იგდებს მასხრად საზოგადოებას?
- რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მას გელა ხვედელიძე მფარველობს. კარგა ხნის განმავლობაში, ხვედელიძის გავლენებიდან გამომდინარე, მეც მჯეროდა ეს, მაგრამ წელიწადი გადის მას შემდეგ, რაც ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ მუშაობს და არავინ არ უშლიდა ხელს ღარიბაშვილს, ლელუაშვილის საკითხი გადაეჭრა. მხოლოდ ის მასალები, რაც მე და თქვენ გამოვაქვეყნეთ ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესებზე, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ვაჟა ლელუაშვილი პასუხისგებაში მიეცათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. მეტიც, გუშინ მივიღე სწორედ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ქვემო ქართლში არჩევნები უნდა ჩაიბაროს და სანაცვლოდ, გუბერნატორის პირველ მოადგილეობას ჰპირდებიან. ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ “ოცნების" ერთი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილიო. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რას ნიშნავს? ესე იგი, კონსულტაციები მიდის. ხელისუფლებას ლელუაშვილის იმიტომ ეშინია, რომ ის არის ერთ-ერთი კარგად ინფორმირებული ადამიანი, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, მას ხელთ, სავარაუდოდ, ბევრი კომპრომატი აქვს, თან ის ქვემო ქართლში გავლენებს ინარჩუნებს, თავის დროზე ხელისუფლებას დასჭირდა ქვემო ქართლის დეპუტაციის ხმები, ლელუაშვილს გაურიგდა და ის ციხიდან გამოუშვა და მოიქცა ძალიან უსინდისოდ, იმიტომ რომ ამ საკითხში ხელი გელა ხვედელიძეს შეაწმინდა.
- წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების" მზადებამ და ადგილებზე “კადრების" შერჩევამ დაგვანახა, რომ “ნაციონალები" სულაც არ ყოფილან ცუდი ადამიანები. მათ თურმე ვერც პროფესიონალიზმს დაუწუნებ და ვერც სხვა რამეს. ადგილებზე “ნაცებიდან" “ოცნებაში", რესპუბლიკელებში, თავისუფალ დემოკრატებში და განსაკუთრებით ძიძიგურის პარტიაში - კონსერვატორებში პორტირებულებით არის სავსე “ოცნების" სია. ანუ ამით “ოცნების" კოალიცია აღიარებს, რომ მას არ ჰქონდა არანაირი საკადრო რესურსი, თუ რასთან გვაქვს საქმე? მოდი, ასე დავსვათ საკითხი, თუ ასეთი კარგები იყვნენ ნაციონალები, მაშინ რატომ არ სჯობია, ისევ მათ მივცე ხმა და არა მათგან ვირთხებივით გაქცეულ მედროვეებს?
- მოდით, რეალურად დავინახოთ პროცესი - რომ არა ციხის სკანდალური კადრები, “ოცნებ” ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. მეტიც, წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილი 40%-ზეც თანახმა იყო და აცხადებდა, რომ ბრძოლას პარლამენტში გააგრძელებდა. გამომდინარე აქედან, ცხადია, არ არსებობდა არანაირი საკადრო რესურსი და მინისტრთა კაბინეტიც უმეტესად არაპროფესიონალებით დაკომპლექტდა. სამწუხაროდ, სწორედ ამ რესურსის ნაკლებობის გამო გახდა საჭირო მოლაპარაკებები “ნაცმოძრაობის" ცალკეულ წევრებთან, მათმა ნაწილმა ცდუნებას ვერ გაუძლო და “ოცნებაში" დაპორტირდა. სამწუხაროდ, “ოცნებამ" ისინი სიამოვნებით მიიღო. მაგალითად ზაზა გაბუნიაც კმარა, რომელიც “ქდმ"-დან “ოცნებაში" გადაბარგდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლი ჭორვილელი ჰყავს, “ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გახდა თბილისის საკრებულოში. ამ დრომდე გამალებული დაპირისპირებაა “ოცნების" საარჩევნო სიაში ირაკლი შიხიაშვილის დასაბრუნებლად. ჩემი ინფორმაციით, შიხიაშვილის სიაში დაბრუნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კახი კალაძე. ნამდვილად მივესალმები, თუ კალაძე საკუთარი მოსაზრების დაცვას ბოლომდე მოახერხებს. მე თუ მეკითხებით, გეტყვით, რომ ნაციონალები კარგები არ იყვნენ, ამის მაგალითად მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების სრული დისკრედიტაცია კმარა. ქვეყანა, სადაც სასამართლო თავისუფალი არ არის, ქვეყნად ვერ შედგება, როგორც არ უნდა დასვათ საკითხი, მე პირადად “ნაციონალურ მოძრაობას" არც ერთ არჩევნებში ხმას არ მივცემ.
- არ შემიძლია, არ გკითხო 9 აპრილს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე. არის დღეები, რომელსაც ზეიმი უხდება, დღეები, რომელსაც მხოლოდ დუმილი სჭირდება. ასეთი დღე იყო მუდამ 9 აპრილი - დუმილის, ტკივილისა და ამავე დროს, მერაბ კოსტავასი არ იყოს, “უდიდებულესი წამების" დღე. როგორ ფიქრობ, თუნდაც ეს ინციდენტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ - ხელისუფლება არ ცდილობს, რეალური საფრთხის წინაშე დადგომის შემთხვევაში მას ჰყავდეს კონსოლიდირებული საზოგადოება? ეს ხომ არ არის “გათიშე და იბატონეს" კლასიკური მოდელი და ასეც რომ იყოს, კრიზისულ სიტუაციაში ის შეძლებს “გათიშულის" მართვას?
- დავწერე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში", რომ 9 აპრილის ღამე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ღამეა საქართველოს ისტორიაში და იქ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მას პროვოკაციებისა და დაპირისპირების საგნად ნუ აქცევთ-მეთქი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. 9 აპრილი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებული თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. სხვათა შორის, 9 აპრილის მემორიალთან “მოქალაქე" არ გამოჩენილა. საინტერესოა, საქართველოში თუ იმყოფება, ქვეყნისთვის დაღუპული გმირები მის პატივისცემას არ იმსახურებენ თუ მისი ძველი მეგობრის, გენერალ ლებედის ხსოვნას მიაგო პატივი ამ ჟესტით?
- დაბოლოს, “სამართლიანობის აღდგენ”, თემა რომელიც პირწმინდად წააგო ხელისუფლებამ და მაინც არ ეშვება. ისეთი განცდა მრჩება, რომ ხელისუფლებაში არ ესმით, რომ ხშირად “სამართლიანი" შესაძლოა, არ იყოს “სამართლებრივი" და პირიქით. ამის მიუხედავად ამ მიმართულებით სანახაობა არ გვაკლია. თუმცა ხელისუფლება მალავს, რომ საზოგადოებას ამ ეტაპზე უმთავრეს პრობლემად სოციალური თემატიკა აქვს. უმძიმესი ვითარებაა რაიონებში. მნიშვნელოვნად არის შეცვლილი საზოგადოებრივი განწყობა. რას უნდა ველოდოთ არჩევნებზე?
- “ქართული ოცნების" მთავარი მესიჯი იყო სამართლიანობის აღდგენა. სამწუხაროდ, ეს პროცესი ხელისუფლებამ ნამდვილად პირწმინდად წააგო, არც ერთი გახმაურებული საქმე გამოძიებული არ არის. დამნაშავეები არ დასჯილან, რომელ სამართლიანობის აღდგენაზე მელაპარაკებით, მაშინ როცა “ოცნების" ხელისუფლებამ პირველი უსინდისო უსამართლობა სწორედ იმ პირის წინააღმდეგ ჩაიდინა, რომელიც მათი ხელისუფლების ნაწილი იყო? შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე იმ დანაშაულისთვის დააკავეს, რომელიც მას არ ჩაუდენია. მეტიც, გამოაცხადეს, რომ ის ბრალს აღიარებს. მაინტერესებს, სად არის გელა ხვედელიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება? საქმე თეთრი ძაფითაა შეკერილი. მე შევხვდი და ვესაუბრე ხვედელიძის საქმეს ერთადერთ მოწმეს - ირაკლი გელიტაშვილს. ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ მას გვერდნახევრიანი ჩვენება წესიერად ესწავლა. ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მერე, ოთხი პროცესი გადაიდო, სამჯერ პროკურორი და მისი ოჯახის წევრები გახდნენ ავად. მეოთხედ, თითქოს მოწმემ ითხოვა, ოჯახური მდგომარეობის გამო, ქალაქიდან გავდივარო. პროცესის დასრულების შედეგ, მე ვიყავი ირაკლი გელიტაშვილის სახლში, ვესაუბრეთ დედამისს, რომელმაც დაგვიდასტურა რომ გელიტაშვილი თბილისში იმყოფებოდა და არსად წასულა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მასკარადი? მეტიც, ორ თვეზე მეტია, პროკურატურაში დევს ჩემი ოფიციალური წერილი. ვითხოვ გამოძიების დაწყებას, მყავს მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი ფარესიშვილის სკანდალური ვიდეომასალა ლევან ჩიტაძის ოფისიდან აიტვირთა. მესამე თვე დაიწყო, პასუხი კი არ მაქვს. და ამ პროკურატურის პირობებში ვინმეს სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს?
მართალია, ვებგვერდიდან წაშალეს, მაგრამ მე მაქვს “ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამა და როგორ ფიქრობთ, რამდენი დაპირებაა შესრულებული 70-გვერდიანი დოკუმენტიდან? ერთ-ნახევარი. მეტი არა. არჩევნებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბევრგან “ოცნებ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წააგებს. სხვათა შორის, პოლიტიკური პარტიის შექმნა სწორედ თქვენთან დავაანონსე. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად არის, უბრალოდ, ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ეს არჩევნების წინ გავაკეთოთ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა თუ დავაცადოთ, ამ პოლიტიკურ სპექტრს, საბოლოოდ ამოწუროს თავისი თავი და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე ახალი პოლიტიკური მოძრაობა დავიწყოთ.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |