|
“რეცეპტში მედიკამენტი აქტიური ნივთიერებით უნდა დაიწეროს და პაციენტი თავად მიხვდება, რა და სად იყიდოს”
სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენლები დროდადრო მოსახლეობას უცხადებენ, რომ წამალს აიაფებენ, იწყებენ ფასდაკლებების კამპანიას და ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ ხდება. სინამდვილეში, ალბათ, საინტერესოა, სააფთიაქო ბაზარზე წამალი იაფდება თუ ძვირდება?! ჩვენი რესპონდენტი წამლების მაფიის მიერ საზოგადოების მოტყუებისთვის შექმნილ სპეციალურ სქემებზე გვესაუბრა.
მარინა ბერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გვახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი, ექსპერტი:
- სააფთიაქო ბაზარს 3 ძირითადი მონოპოლისტი კომპანია განაგებს. როგორც კი იქ სხვა მეწარმის მიერ შემოტანილი, ან წარმოებული ანალოგი ჩნდება, დიდი კომპანიების მიერ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მედიკამენტების ანალოგებზე მაშინვე ხდება ფასების დემპინგი, ანუ დაწევა. ამ სამ კომპანიას შორის წლების განმავლობაში არსებობს კარტელური შეთანხმება. ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეთანხმება წერილობითია თუ სიტყვიერი. მთავარია, რომ ამის გამო, სამივეს ერთნაირი სამუშაო და ფასების დაკლების პოლიტიკა აქვს. ამ მეთოდებით ისინი სააფთიაქო ბაზარს მარტო კი არ ფლობენ, არამედ ისე მართავენ, როგორც თავად აწყობთ: ისინი აწარმოებენ მედიკამენტებს, ახორციელებენ იმპორტს, საბითუმო თუ საცალო რეალიზაციას და მეტიც, მონაწილეობენ პაციენტებისთვის დანიშნულების მიცემაში, რადგან მათ ჰყავთ თავიანთი ექიმები. ამ კომპანიებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მიერ ინიშნება მათ ინტერესში არსებული პრეპარატები. სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების ექიმები ამისამართებენ პაციენტებს მათი ინტერესების სფეროში არსებულ აფთიაქებში. რეალურად ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი ადასტურებს იმას, რომ ისინი წამლებს კი არ აიაფებენ, პირიქით, სპობენ კონკურენციას და ანადგურებენ საშუალო და მცირე ბიზნესს ამ სფეროში. ამ პროცესებს საბოლოოდ მივყავართ დარგისა და ქვეყნის განვითარების შეფერხებამდე, პროდუქციის გაძვირებამდე, მომხმარებელი ვერ იღებს ხარისხიან და ეკონომიურად ხელმისაწვდომ ფარმაცევტულ მომსახურებას.
- როგორ ანადგურებს მცირე ბიზნესს, იქნებ ახსნათ?
- მცირე და საშუალო ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობას ალტერნატიულ მომსახურებას სთავაზობენ. მათ აქვთ ნორმალური ხარისხი, არჩევანის საშუალება, მაგრამ მონოპოლისტი კომპანიები ფასების დემპინგით ძირავენ მათ. ამ ფორმით წლების განმავლობაში უამრავი აფთიაქი დაზარალდა და დაიხურა. მოსახლეობა კი ამით ვიღებთ იმას, რომ მედიკამენტებზე ფასები არ იაფდება. ფაქტია, ყველა კვლავ უჩივის წამლებზე მაღალ ფასებს, სამაგიეროდ კი საშუალო და წვრილი ბიზნესი მთლიანად ნადგურდება.
- ახალი ხელისუფლებაც რომ არ ქმნის ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ამაზე რას იტყვით?
- ანტიმონოპოლიური სამსახურის აუცილებლობის საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ რეალური ნაბიჯი არ იდგმება. თუ კანონს რეცეპტის შესახებ იმ სახით მიიღებენ, როგორც ახლა არის, ის ეფექტური არ იქნება. თუ შედეგის დადება უნდათ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ.
სააფთიაქო ბაზრის მოკვლევა ჩავატარეთ და გავარკვიეთ, რა ფასებიც ადევს ერთსა და იმავე წამალს სხვადასხვა აფთიაქებში. ამ კვლევის ყველა მონაცემს, ცხადია, აქ ვერ მოვიტანდი, მაგრამ რამდენიმე მაგალითს აუცილებლად დაგისახელებთ. მაგალითად, 150-მილიგრამიანი “ფლუკონაზოლი-კა”-ს საცალო ფასი ლარში, “ჯი-პი-სი”-ს აფთიაქში, ჯენერიკული სახელწოდებით, დასაფასოებელ შეფუთვებში ღირს 4,80 თეთრი. “პე-ეს-პე”-ს აფთიაქში - “ნიკოფლუკაფსი”, რომელიც შემადგენლობით იგივე მედიკამენტია და 150 მილიგრამია, ღირს 8,85 ლარი. “ავერსსა” და “გეოფარმაში” - “ეფცენიკაფსი”, რომელიც “ავერსის” წარმოების არის, ღირს 9,85 ლარი. ნეიტრალურ აფთიაქში - “უმეფლუკიკაფსი”, ინდოეთის წარმოების - 2,95 ლარი, “ფლუკონალოლიკაფი”, ბელორუსის - 1,60 ლარი. ანუ ერთი და იგივე სავაჭრო დასახელების პრეპარატი, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული, ასეთი მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასებით იყიდება.
- ეს არის მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მაქინაციური სქემა?!
- ეს არის ის, რასაც ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს, კანონით ის მიღებულია, მაგრამ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამის შესახებ და ვიცოდეთ, რომ ერთი და იგივე წამალი ღირს სხვადასხვა ფასი და ჩვენც ვიყიდოთ ის, რომელიც გვაწყობს. რაც შეეხება ხარისხს, ამაზე პასუხისმგებელი ჯერჯერობით არავინ არ არის, რადგან წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია არ არსებობს. ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტი იაფად აქვთ თავისუფალ აფთიაქებს, მაგრამ მონოპოლისტები მათ ძირავენ. ბევრი პრეპარატი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელთან დაკავშირებითაც ხდება ასეთი რამ. “ჯი-პი-სი”-ს აფთიაქებში “აზიტრომიცინი კაფსი”, 250 მლ, ჯენერიკული სახელწოდებით, დასაფასოებელ შეფუთვაში ღირს 85 თეთრი, “პე-ეს-პე”-ს აფთიაქში “აზიმაკკაფსი”, 250 მლ, ანუ იგივე, ღირს 10,95 ლარი. ნეიტრალურ აფთიაქში “კოპრან ლიმიტედი” ღირს 4,5 ლარი. ყველას სამკურნალო ეფექტი ერთი და იგივეა. თუმცა რომელი წამალი რამდენად ეფექტურია, ამას სულ სხვა რამ განსაზღვრავს და არა ფასი. კანონმდებლობის ხარვეზი არის ის, რომ ფასწარმოქმნის საკითხებში სახელმწიფო არ ერევა.
კიდევ გეტყვით ასეთ ფაქტებს: “დიკლოფენაკის” საინექციო ხსნარი ამპულებში, 75 მლ იყიდება “ავერსის” აფთიაქებში. ეს მედიკამენტი “ავერსის” წარმოების, ამპულებში, 6,90 ლარი ღირს, “ფარმადეპოში” კი ის არის ცნობილი “დიკლოდენტის” სახელწოდებით, დაფასოებულია გერმანიაში და ღირს 13,80 ლარი. ნეიტრალურ აფთიაქებში სერბეთის წარმოების “დიკლოფენაკი” 3,20 ლარია, ინდოეთის წარმოების “უმერანი” კი - 1,50 ლარი. ასეთი განსხვავებაა ფასებში ერთი და იგივე შემადგენლობის მედიკამენტზე, რაც არ შეიძლება.
- ანუ მთლიანად ექიმების სინდისზე ყოფილა, მომხმარებელს გააკოტრებენ თუ შეღავათიანად მკურნალობის საშუალებას მიცემენ, არა?!
- ცხადია, ის გამოწერს მედიკამენტს იმ სახელწოდებით, რომელიც მათ აფთიაქებშია და არა თავისუფალ აფთიაქებში. ნეიტრალური აფთიაქები ამიტომ არის ჩაძირული. ასეთი გამოკვლევა სხვა პრეპარატებზეც გვაქვს. ამას იმიტომ ვამბობ, მავანთ გავაგებინოთ, რომ კარგად ვიცით, რაც ხდება და გვინდა მათაც იცოდნენ, რომ ჩვენ ეს ვიცით. ხელისუფლებამ კი ამ საქმეს დროულად უნდა მიხედოს. ჩვენი საუბარი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - რეცეპტში მედიკამენტი აქტიური ნივთიერებით დაიწეროს, მერე უკვე პაციენტიც მიხვდება, რა და სად იყიდოს. ეს, ცხადია, მონოპოლისტებს არ აწყობთ და ახალ კანონპროექტში ამიტომ არ შეატანინეს ეს კომპონენტი.
- რატომ არ შეახსენეთ ეს აქამდე ხელისუფლებას, იქნებ გაეთვალისწინებინათ?!
- არაერთხელ მიმიწვიეს სატელევიზიო გადაცემაში, მაგრამ ამ საკითხზე საუბრისა და საკითხის დასმის საშუალება არ მომეცა. არადა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი არის არსებითი. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია და ამისკენ მივდივართ. თუ ასეა, ჩემი აზრით, უნდა ხდებოდეს დაგეგმარება - რამდენი აფთიაქი გვაქვს, ვის ეკუთვნის ისინი და ა.შ. მაშინ როცა იძირებიან პატარა აფთიაქები და ბევრი ადამიანი რჩება უმუშევარი, ესენი ხომ სახელმწიფოს აწვებიან კისერზე, არა?! ამიტომ საყოველთაო ჯანდაცვის დეკლარირების პირობებში, მით უფრო აქტუალური ხდება ჯანსაღი კონკურენცია, რაც ბიზნესს სულაც არ გამორიცხავს. აბა, თქვან, ვინმე დაინტერესებულა იმით, ერთი და იგივე ინტერესის მქონე რამდენი აფთიაქი არსებობს?! გონივრული ზღვარი ხომ უნდა იყოს გავლებული და ყველა ფეხის ნაბიჯზე აფთიაქს არ ვაწყდებოდეთ?!
კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზეა წარმოდგენილი, აქვთ ძლიერი ინფრასტრუქტურა, ფლობენ როგორც აფთიაქებს, ასევე ფარმაცევტულ ბაზარს, ფარმაცევტულ საწარმოს, სამედიცინო დაწესებულებას, სადაზღვევო კომპანიებს, ჩვენი კვლევის მონაცემებით ასე გამოიყურება: საქართველოში არის დაახლოებით 1800-მდე მოქმედი აფთიაქი. აქედან თბილისში 800-850 აფთიაქია. აფთიაქების საერთო რიცხვში შედის სამედიცინო დაწესებულებების აფთიაქებიც, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების კაბინეტებს. “ავერსს” 200-მდე მოქმედი აფთიაქი აქვს. აქედან თბილისში 100 აფთიაქია. “პე-ეს-პე”-ს 150-მდე მოქმედი აფთიაქი, მათ შორის თბილისში - 80. “ჯი-პი-სი”-ს - 95 მოქმედი აფთიაქი, მათ შორის თბილისში - 60. “ფარმადეპოს” 85 მოქმედი აფთიაქი აქვს, მარტო თბილისში - 45. სხვა ნეიტრალური ქსელური აფთიაქები, რომლებიც ზემოჩამოთვლილი კომპანიების სატელიტად გვევლინება, დაახლოებით 100-მდეა და უმრავლესობა თბილისში ფუნქციონირებს. ერთმანეთის გვერდითაა “ავერსის” ორი ფილიალია, “ჯი-პი-სი-”ს აფთიაქები, “ფარმადეპოს” სამი აფთიაქი 100 მეტრის რადიუსით არის დაცილებული და ა.შ. რეგულაციები, ცხადია, ამასაც სჭირდება, რადგან თავისუფალი, პატარ-პატარა აფთიაქები იძირება, რადგან ამ გიგანტებს ვერ უძლებს. მითხრან იქნებ, რატომ არ უნდა არსებობდეს ბაზარზე თავისუფალი აფთიაქები?! პატარა აფთიაქების ჩაძირვა უნდა დიდ კომპანიებს და სახელმწიფო ამაში ხელს არ უნდა უწყობდეს, მაგრამ გამოდის, რომ უწყობს. წინა ხელისუფლების დროს ყველა პოლიტიკური პარტია ამ თემაზე ლაპარაკობდა, ახალა კი არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს პრობლემა ისევ არსებობს. ხალხმა უნდა იცოდეს, როცა ფასების დემპინგზეა საუბარი, ეს გაიაფება კი არა, ჩაძირვაა.
მეორე ფაქტორია, რომელიც ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. ეს არის საბითუმო და საცალო რეალიზაციის არგაყოფა. სხვა ქვეყნებში ეს სეგმენტები გაყოფილია. უნდა იყოს განსაზღვრული რამდენი პროცენტის მომატება შეუძლია საცალოდ გაყიდვის შემთხვევაში და რამდენის კიდევ საბითუმოს დროს. საბითუმო ხომ უფრო იაფი უნდა ღირდეს, ვიდრე საცალო?! ეს არის მიზეზი იმისა, რომ ზემოაღნიშნულ კომპანიებს აქვს სრული კონტროლი საქართველოს ფარმაცევტული ბაზის ყველა დონეზე. ისინი გამოდიან ფასების დამდგენად მედიკამენტების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, საბოლოოდ კი მომხმარებელსა და აფთიაქს პროდუქცია მიეწოდება ერთი და იგივე ფასით და ამის გამო მცირე აფთიაქები გაკოტრების მიჯნამდეა მისული.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |