![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
სოხუმში ჩატარდა აფხაზური პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელსაც სეპარატისტთა ყველაზე ავტორიტეტულმა ლიდერებმა “ისტორიული” უწოდეს. სესიაზე ერთადერთი საკითხი განიხილებოდა: გალის რაიონის უკანონო პასპორტიზაცია, ანუ, თუ გადმოვთარგმნით, იქაური, საბრალო ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების წაგლეჯა, მათი ადამიანური უფლებების ფეხქვეშ გათელვა და, სამომავლოდ, ამ რაიონში დაბრუნებული მოსახლეობის ხელახალი, მორიგი ეთნოწმენდა, რაკი გამორიცხულია ადამიანმა იცხოვროს ისეთ გარემოში, როდესაც არავითარი უფლება არ ექნება _ დაწყებული სკოლით, დამთავრებული საბანკო ანგარიშის გახსნით.
სესიის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ნაცისტების ბრბო შეიკრიბა. მიტინგი “გამოჩენილ” აფხაზ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს მიჰყავდათ. მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა მიიღეს დადგენილება “ქართველების უკანონო პასპორტიზაციის წინააღმდეგ”, ეს დოკუმენტი მიტინგზე წაიკითხეს; ყოველი პუნქტის დეკლამირებას იმავე ბრბოს აღტაცებული ბღავილი მოსდევდა. ალბათ, ქართველები რომ გამოეყვანათ და იქვე დაეკლათ ცხვრებივით, ასეთივე სისხლმოწყურებული ბღავილი გაისმებოდა.
დადგენილების თუ კანონის შინაარსი, სინამდვილეში, დიდად არ ესმოდათ, მაგრამ ვნებიანად ხვდებოდნენ და გრძნობდნენ მთავარს: საძულველი ქართველების კიდევ ერთი, მორიგი დამცირებისა და ტანჯვა-წამების მოახლოებას.
“დოკუმენტის” მთავარი ინიციატორი გახდა ძველი კგბ-შნიკი რაულ ხაჯიმბა. თუმცა, მხოლოდ მისი მცდელობა საკმარისი არ იქნებოდა, აფხაზურ ხელისუფლებასა და აფხაზურ ელიტას, მთლიანობაში, ამგვარი მიდგომისთვის მხარი რომ არ დაეჭირათ. მაშასადამე, აფხაზეთში საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩამოართვან აფხაზური პასპორტები გალის მოსახლეობას, რადგან ამ რაიონში დაბრუნებული 40-50 ათასი ქართველი, თურმე საფრთხეს უქმნის აფხაზურ სახელმწიფოებრიობასა და საქართველოს მეხუთე კოლონას წარმოადგენს.
სანამ მომხდარის სხვა ასპექტებზე ვიმსჯელებდეთ, დიახაც, უნდა აღინიშნოს, რამდენად გულუბრყვილო (რბილად რომ ვთქვათ) აღმოჩნდა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისეული შერიგებისა და ნაცრის თავზე დაყრის პოლიტიკა. აგრეთვე, ყველა ის პროგრამა _ აფხაზ ომის ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა უფასო მკურნალობის ჩათვლით, მაშინ როდესაც, ხშირ შემთხვევაში, ამგვარ დახმარებას ქართველი ვეტერანები და ქართველი ლტოლვილები ვერ იღებენ. ანუ, ალბათ, რაღაც ისეთი სიბრძნეა, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით: ქართველებს ახალ ეთნოწმენდას უწყობენ და ჩვენ უფასოდ უნდა ვუმკურნალოთ ლტოლვილებისთვის გამოგლეჯილი ლუკმით.
დემაგოგიაა, თითქოს მხოლოდ სეპარატისტული ხელისუფლება უჭერდა ამ კაციჭამიობას მხარს და მოსახლეობა _ არა. ყველა გამოკითხვით, აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა აღფრთოვანებით ეთანხმებოდა ხაჯიმბას წინადადებას და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ხელისუფლება, მიეღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, პრეზიდენტ ანქვაბს თითქოს არ აწყობდა ტაქტიკური მოსაზრებებით: გალის რაიონის მთლიანად დაცლა ან მისი “გაწმენდა” სოციალურად აქტიური მოსახლეობისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწყდება “ეკონომიკური ხიდი” დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რის შედეგადაც, ცხოვრება აფხაზეთში კიდევ უფრო გაძვირდება.
მაგრამ ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, ხელისუფლებაც ყველაფერზე წავიდა. თუმცა, მხოლოდ ამ ზეწოლაშიც არ ყოფილა საქმე. და არც მარტო ის უნდა იყოს მიზეზი, რომ გალელი ქართველები, წლების განმავლობაში, მორჩილად აძლევდნენ ხმას ხელისუფლებას. ანუ ჯერ ბაღაფშს, ახლა კი _ ანქვაბს, ხოლო ოპოზიციონერ ხაჯიმბას ეს ხელს არ აძლევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქ აშკარად იკვეთება კიდევ ერთი მომენტი: აფხაზ სეპარატისტებს სულ უფრო ეძაბებათ ურთიერთობა რუსეთთან. მათ ნამდვილად გაუჩნდათ შიში, რომ რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთშიც მოინდომოს იმგვარი რეფერენდუმის ჩატარება, როგორიც ყირიმში ჩაატარა. ესე იგი, აფხაზეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი, ეშინიათ, რომ გალის დაბეჩავებული მოსახლეობა, რუსებთან და სომხებთან ერთად, მოსკოვის შიშითა და რიდით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭერს მხარს და მეორეც: გალელებისთვის პასპორტების წაგლეჯის საფარქვეშ, სეპარატისტებმა, ჩვეული ქვენაეშმაკობით, დაიწყეს პასპორტების ჩამორთმევა სომხებისა და რუსებისთვის ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმისა და გაგრის რაიონში.
ჩვეული გაიძვერობით, გამოიყენება იგივე ტექნოლოგია, რაც რუსი პენსიონერებისთვის ბინების არდაბრუნების დროს: “თქვენ რა, ქართველებისთვისაც მოითხოვთ ბინების დაბრუნებას? გაგვყიდეთ ქართველებზე?!”
ასევე, ამ შემთხვევაშიც: თქვენ რა, ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევის წინააღმდეგნი ხართ?
ბუნებრივია, მოსკოვი ღიად ვერ იტყვის, რომ მხოლოდ რუსებისა და სომხებისთვის პასპორტების ჩამორთმევა აწუხებს და არა ქართველების ბედი. ამდენად, თანდათანობით აფხაზური ელექტორატი, ამ პროცესთა შედეგად, აფხაზეთში სრულ უმრავლესობად იქცევა. დღეს კი მხოლოდ 50 პროცენტია.
თუმცა, რუსულ-აფხაზური თამაშები ჩვენ მხოლოდ იმიტომ უნდა გვაღელვებდეს, რომ ეს გალში მცხოვრებ ჩვენს უბედურ თანამემამულეებს ეხებათ. საქართველოს ხელისუფლებამ კი, როგორც ვხედავთ, ვითარება, ამ მიმართულებით, არათუ გააუმჯობესა პაატა ზაქარეიშვილის “ბრძნული” პოლიტიკის შედეგად, არამედ პირიქით _ გალის ქართველი მოსახლეობა კიდევ უარეს მდგომარეობაში ვარდება, ვიდრე მიშას დროს იყო.
“ყველაფერი აგვისტოს ომის ბრალიაო”. თუ ასეა, რაღა ახლა იღებენ სეპარატისტები ამ გადაწყვეტილებას _ როცა ხელისუფლება შეიცვალა და თითქოს პირიქით, ვითარების გაუმჯობესება უნდა მომხდარიყო? ერთადერთი ლოგიკური პასუხია: იმიტომ, რომ სოხუმში ხედავენ _ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი კონცენტრირებული პოლიტიკის უნარი არ აქვს, უაზრო ცალმხრივი დათმობების, კეთილი სურვილებისა და არაფრისმომცემი, წყალწყალა რიტორიკის გარდა.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |