|
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის საკითხი კვლავ გადასაჭრელია
სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოში სამედიცინო დანახარჯების წილი მედიკამენტებზე ყოველთვის უკიდურესად მაღალი იყო - დაახლოებით 50 პროცენტი. ხელისუფლება შეიცვალა და ცხადია, დეკლარირებულად მოხდა პოლიტიკის ცვლილებაც. საინტერესოა, ხორციელდება თუ არა ცვლილებები ამ კუთხითაც, რა მიზნები აქვს დასახული ხელისუფლებას და ელოდება თუ არა მოსახლეობას, ამ მხრივ, სასარგებლო სიახლე?!
მარინა ბერაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გვახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი, ექსპერტი:
- ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, კვლავ რჩება აქტუალურად სამედიცინო დანახარჯებზე მედიკამენტების გაზრდილი წილი. ანუ ადამიანები თერაპიული მკურნალობისთვის საკუთარი ჯიბიდან კვლავ საკმაოდ ბევრს ხარჯავენ. შეიძლება ახალი ხელისუფლების პოლიტიკის განხორციელების შემდეგ ექიმთან ვიზიტი და ლაბორატორიული გამოკვლევები უფასო და ხელმისაწვდომია, მაგრამ ადამიანს ამის გარდა სჭირდებათ მკურნალობა, რაც მედიკამენტების გარეშე შეუძლებელია. მასზე თანხის გადახდა კი ხდება პაციენტის ჯიბიდან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ძველი პრობლემები კვლავ რჩება აქტუალურად, რადგან მედიკამენტებზე ფასები არ შემცირებულა. ჩვენს ორგანიზაციას შუალედური კვლევის შედეგი უკვე აქვს, ამიტომაც თამამად ვიტყვი, რომ არის პრეპარატები, რომელთა ფასებიც კი არ შემცირდა, უფრო გაიზარდა. ასე რომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი კვლავ გადასაჭრელია. ასევე, აქტუალურია მედიკამენტების ხარისხის საკითხიც, რომლის გადაჭრაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოახერხოს. ეს არის სერიოზული პრობლემები, რომელსაც საზოგადოება უჩივის. ექიმთან მიხვალ, დანიშნულებას მოგცემს, უნდა მიიღო რამდენიმე წამალი, რომ მორჩე, მაგრამ წამალი არის ძალიან ძვირი.
- ანუ რასაც ემსახურება სახელმწიფო პროგრამები, ექიმთან ვიზიტის ხელმისაწვდომობა, ის ვერ ხდება. ადამიანი ვერ იკურნება და სხვანაირად რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! გამოდის, რომ ჯანდაცვის პროექტებს შედეგი არ აქვს, რადგან ის არასრულყოფილია. ასეა?!
- ეს პრობლემები მხოლოდ ჩვენთან არ არის, ის ყველგანაა. სისტემები, რომელიც ნორმალურ და განვითარებულ ქვეყნებშია შექმნილი, ემსახურება იმას, რომ ის იყოს ხარჯთეფექტური და ხელმისაწვდომი. როცა ჯანდაცვის მთელი მოსახლეობის საყოველთაო მოცვაზეა საუბარი, იგულისხმება არა მხოლოდ სამედიცინო დახმარება, არამედ სამკურნალო საშუალებებიც, ანუ ესეც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ცვლილებები სისტემურად ისე უნდა განხორციელდეს, ერთმანეთს ავსებდეს და მთლიანობაში, მოსახლეობისთვის შეღავათიანი იყოს.
ახალმა ხელისუფლებამ უკვე გაახმოვანა, რომ სექტემბრიდან სამკურნალო წამლები რეცეპტით გაიყიდება. ამას საზოგადოების მითქმა-მოთქმა უკვე მოჰყვა. რომელ მედიკამენტებს შეეხება ეს ცვლილებები, ჯერ განხილვის სტადიაშია და მალე გვაცნობებენ, მაგრამ ხომ საინტერესოა, რატომ გადაწყდა, რომ მედიკამენტი რეცეპტით გაიყიდოს?!
საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია წამლების რეცეპტით გაყიდვა და ამაში ახალი არაფერია. ამ ინიციატივამ ერთ-ერთი წინამორბედი ჯანდაცვის მინისტრის დროსაც წამოიწია, მაგრამ მხოლოდ 24 საათი იარსება. როგორც ჩანს, მაშინ არ იყო მზაობა და არც ინფრასტრუქტურა უწყობდა ხელს ამის განხორციელებას, რადგან ექიმთან მისვლაც კი პრობლემას წარმოადგენდა. ახლა ერთი შეხედვით ეს დაბრკოლება მოხსნილია, ამიტომ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ წამლის დანიშვნა კი არა, მისი გამოწერა მოხდეს.
სამკურნალო საშუალებები იყოფა 2 ჯგუფად - რეცეპტით და მის გარეშე გასაცემ წამლებად. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკით, ჩვენთან კი 3 ჯგუფად არის დაყოფილი: სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებად (მასში შედის ნარკოტიკების მთელი ჩამონათვალი), მედიკამენტები, რომელთა მოხმარებაც ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს და წამლები, რომლის გამოყენებისას ინსტრუქცია არ არის აუცილებელი. პირველი და მეორე ჯგუფი შეიძლება გაერთიანდეს და რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებში შევიდეს. ამით ის დაემთხვევა საერთაშორისო სტანდარტს, მეორე ჯგუფში კი დარჩება ის მედიკამენტები, რომელიც მხოლოდ ინსტრუქციით უნდა მივიღოთ. ახლა ხდება იმის დამუშავება, რომელი წამლები უნდა შედიოდეს პირველ და მეორე ჯგუფებში.
- ახლა ისიც მითხარით, რატომ გახდა ეს აუცილებელი?
- როგორც გაცხადდა, ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ მოსახლეობის მხრიდან ავიცილოთ თვითმკურნალობა, რომელიც ცუდ შედგეს იძლევა. ასევე, ეს გახლავთ სააფთიაქო ნარკომანიის შემცირების პრევენცია. ბოლო დროს მოიმატა წამალდამოკიდებული ადამიანებისგან ნარკონივთიერებების შეძენისა და თრობის ფაქტებმა. ზემოჩამოთვლილ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა კი აქვს, მაგრამ ასეთ პრობლემებს რეცეპტით ვერ მოაგვარებ. ნარკომანიის პრობლემაც ყველა ქვეყანაშია, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, სადაც ათეული წელია წამლები რეცეპტით გაიცემა. ამით იქ არ მოსპობილა ნარკომანია და, ალბათ, ვერც აქ მოისპობა. ასევე, გასათვალისწინებელია, რამდენად მზადაა ჩვენი ინფრასტრუქტურა ასეთი ცვლილებების მისაღებად და დროულია თუ არა ეს ინიციატივა, იგივე რომ არ მოხდეს, რაც უკვე მოხდა და ეს ცვლილება მხოლოდ მცირე დროით არ იყოს მოქმედი.
- იცით, ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
- დავიწყებ იმით, რომ ამ პრობლემის მოგვარებას, პირველ რიგში, გამართული საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. ასევე, წამლის გამოწერა უნდა მოხდეს მისი ჯენერიკული სახელწოდებით, ანუ მასში შემავალი აქტიური ნივთიერების მიხედვით. ასევე, უნდა შეიქმნას რეცეპტის გამოწერის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს. ექიმი სამკურნალწამლო საშუალებას ნიშნავს სავაჭრო დასახელებით. როცა ექიმი წამალს მხოლოდ სავაჭრო დასახელებით ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ეზღუდება შესაძლებლობა, შეიძინოს იგივე ნივთიერების შემცველი, მაგრამ სხვა დასახელების წამალი. მაგალითად, ბორის მჟავა ცალკე ღირს ძალიან იაფი. როცა ექიმი მას გამოწერს, გამოდის, რომ ის თავად წყვეტს, პაციენტმა უნდა იყიდოს იაფიანი ბორის მჟავა თუ შუშხუნა ასპირინი, რომელიც გაცილებით ძვირია. თუ მედიკამენტი კვლავ სავაჭრო ნიშნით გამოიწერება, პაციენტი ისევ იძულებული გახდება, იყიდოს ის წამალი, რომელსაც ექიმი გამოუწერს. მოგეხსენებათ, ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ფლობენ კლინიკებს და ამ კლინიკებში მუშაობენ ექიმები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების გამტარებლები არიან. ასევე, არ არის განსაზღვრული საცალო და საბითუმო ფასები. წამლის შემომტანი, რეალიზატორი და ფარმაცევტული კომპანიისა და კლინიკის მფლობელი ერთი და იგივე სუბიექტია, რითაც რეალურად პაციენტი ზიანდება.
ჯენერიკული სახელწოდება არის მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება. ჯენერიკული პრეპარატების მწარმოებლები მატერიალური ტექნიკური ბაზით არ ჩამოუვარდებიან ორიგინალი პრეპარატების მწარმოებლებს. ისინი ხარისხით ნაკლებად განსხვავდებიან, განსხვავება მათ შორის მხოლოდ ფასშია. ექიმის ეკონომიკურ დაინტერესებას კანონი კრძალავს, ფარმაცევტის ინტერესი კი ეკონომიკურ ინტერესებს ეყრდნობა. კანონი ავალებს ფარმაცევტული სფეროს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, უზრუნველყონ მოსახლეობა ხარისხიანი და ეკონომიურად ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით, რაც ჩვენთან ასე არ ხდება. რეცეპტის სავაჭრო სახელწოდების მითითება ზღუდავს მოსახლეობას შეღავათიანი მედიკამენტის მოძიებაში. ანუ მათ არჩევანის შესაძლებლობა ეკარგებათ, რაც კონსტიტუციურად კანონის დარღვევაა. ასე რომ, ჯენერიკული მედიკამენტის გამოწერა არ აღმოფხვრის ამ პრობლემას. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს რეცეპტის გამოწერის ცენტრალიზებული სისტემა. ამ სისტემით გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული ყველა სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტულ სუბიექტს. დანიშნულების საჯაროობა პროფესიულ წრეებში საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასწორი, ან არაკეთილსინდისიერი დანიშნულებების რიცხვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ეს გამორიცხავს, ერთ დანიშნულებაში შედიოდეს რამდენიმე არასტეროიდული, ანუ ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ანდაც ერთი და იგივე ჯგუფის ანტიბიოტიკები. დამეთანხმებით ბევრი შემთხვევაა, როცა ერთ ადამიანს რამდენიმე ტიპის ანთების საწინააღმდეგო ნივთიერება აქვს გამოწერილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ექიმები საქართველოში ბონუსის სისტემით მუშაობენ. რაც მეტ პრეპარატს დანიშნავენ ისინი, მით მეტი სარგებლობა ექნებათ. ცენტრალიზებული სისტემით კი, ეს თავიდან იქნება აცილებული. რეცეპტი ხომ იმიტომ გვინდოდა, რომ თავიდან აგვეცილებინა ჭარბი რაოდენობის ანტიბიოტიკების ზემოქმედების მავნე შედეგი და თუ დანიშნულებაში რამდენიმე ანტიბიოტიკი შევა, რომელიც დაკანონებულიც იქნება, მაშინ რა აზრი აქვს რეცეპტის შემოტანას?! რეცეპტის ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას და პაციენტის უფლებების დაცვას. ის საშუალებას მისცემს ექიმს, ფარმაცევტსა და მკურნალობის დამფინანსებელ წყაროს, იმუშაონ კოორდინირებულად, პაციენტს კი ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი, მრავალჯერ გაკონტროლებული სამედიცინო და ფარმაცევტული მომსახურება. კომერციული თვალსაზრისით, ეს განაპირობებს ჯანსაღ კონკურენციას, ამიტომაც არის განვითარებულ ქვეყნებში ეს პირობები აუცილებელი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში აქვს რეცეპტს აზრი, სხვაგვარად კი - არა. კიდევ ვიმეორებ, თუ რეცეპტში შევიტანთ სავაჭრო დასახელებას, მაშინ გამოდის, რომ ვაკანონებთ უკანონობას.
ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ტელეარხზე ვიყავი მიწვეული და დავსვი კიდეც შეკითხვა: რეცეპტში სამკურნალო პრეპარატი რომელი სახელწოდებით იქნება შეტანილი, სავაჭრო თუ ჯენერიკური ფორმით-მეთქი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვსვამ ამ კითხვას. კანონპროექტი უკვე განსახილველად არის გამოტანილი და მალე ძალაში უნდა შევიდეს, ამ პროექტით ხდება ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერის დარეგულირება. ახლა არ დავიწყებ ამ კანონპროექტის წაკითხვას, მხოლოდ რამდენიმე პუნქტზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელზეც მომეჩვენა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა. ეს საკითხი მინდა ახლა განვიხილოთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა და როგორ წერია ამ პროექტში. როგორ უნდა ეწეროს, ყველაფერი უკეთესად რომ იყოს.
- გისმენთ, ძალიან საინტერესოა...
- დავიწყებ ამ პროექტის პირველი პუნქტით, რომელმაც კითხვის ნიშანი გამიჩინა: დანართის მე-6 პუნქტში ნათქვამია, “რეცეპტის ბლანკზე ფარმაცევტული პროდუქტი იწერება მისი სავაჭრო დასახელებით”. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი ვალდებულია, გააკეთოს მედიკამენტის რეკლამა, რომელიც პაციენტს უნდა გამოუწეროს. ეს კი ეწინააღმდეგება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონის განსაზღვრას. რეცეპტში მედიკამენტის სავაჭრო ნიშნით გამოწერა ნიშნავს ექიმის მხრიდან რეკლამირებას. იმისთვის რომ კანონი არ დაირღვეს, ექიმმა რეცეპტში მედიკამენტი უნდა გამოწეროს აქტიური ნივთიერებით და არა სავაჭრო დასახელებით. სავაჭრო სახელწოდების რეცეპტში გამოწერა გარდაუვლად გამოიწვევს, როგორც მინიმუმ, ორი მანკიერების წარმოშობას - პრეპარატების კიდევ უფრო გაძვირებას, ექიმზე ფარმაცევტული კომპანიისგან ბონუსის გაცემის გამო და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მოესპობა. დანართის მე-16 პუნქტში კი აღნიშნულია: “რეცეპტი, რომელიც არ პასუხობს ზემოჩამოთვლილ თუნდაც ერთ მოთხოვნას, ან შეიცავს ერთმანეთთან შეუთავსებელ სამკურნალო საშუალებებს, უნდა ჩაითვალოს ძალადაკარგულად”. არსებობს ერთმანეთისგან შეუთავსებელი სამკურნალო საშუალებების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც შესაძლებელია შესაბამისი ცხრილების მოძიება, სადაც მხოლოდ აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებებზეა საუბარი და არა სავაჭრო დასახელებების ურთიერთქმედებებზე. ეს პირდაპირ იმაზე მეტყველებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი აუცილებლად აქტიური ნივთიერებით უნდა გამოიწეროს, რადგან “სავაჭრო ნივთიერების ურთიერთქმედება” ძნელი წარმოსადგენია. ანუ ეს პუნქტიც შეუსაბამოა.
დანართის მე-12 პუნქტში ნათქვამია: “ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი დოზით გამოწერისას, რომელიც აღემატება უმაღლეს ერთჯერად დოზას, ექიმი ვალდებულია, ამ ნივთიერების დოზა აღნიშნოს სიტყვიერად და დასვას ძახილის ნიშანი. ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი დოზით გამოწერისას, რომელიც აღემატება ერთჯერადი მიღების დასაშვებ დოზას და არ გააჩნია შესაბამისი აღნიშვნა, ავტორიზებული აფთიაქი და ფარმაცევტი ვალდებულია, გასცეს წამალი ერთჯერადი დოზის ნახევარი რაოდენობით, რაზედაც პაციენტს აძლევს სიტყვიერ განმარტებას”. თავად ეს პუნქტი მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროება მოითხოვს, ექიმმა რეცეპტში მედიკამენტი აქტიური ნივთიერებით გამოწეროს და არა სავაჭრო სახელწოდებით, ვინაიდან ასეთ რეცეპტში აქტიური ნივთიერების აღნიშვნა ვერ მოხერხდება.
დანართის მე-17 პუნქტი: “აკრძალულია ავტორიზებული აფთიაქის ფარმაცევტის მიერ რეცეპტში გამოწერილი სამკურნალო საშუალების შეცვლა მკურნალ ექიმთან შეთანხმების გარეშე”. ამ პუნქტის მიხედვით, შესაძლებელი ყოფილა ექიმის თანხმობის მერე სამკურნალწამლო საშუალება შეცვალოს ფარმაცევტმა. გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში, ფარმაცევტმა სად უნდა ჩაწეროს ინსტრუქცია ამის შესახებ?! თუ ექიმმა რეცეპტში მედიკამენტი უნდა გამოწეროს სავაჭრო დასახელებით, მაშინ ის მედიკამენტის რომელი დასახელებით იქნება უფლებამოსილი და თანახმა, რომ ფარმაცევტმა შეცვალოს რეცეპტში გამოწერილი პრეპარატი? ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ნიუანსები ამ პროექტში კიდევ არის. მთავარი კი მაინც ისაა, რომ პაციენტის ინტერესია იგნორირებული. მას რომ უნდოდეს იგივე ნივთიერების შემცველი წამალი უფრო იაფად იყიდოს, გზა მოჭრილი ექნება.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |