|
“მომავალი სწორედ იმით შეგვაფასებს, რამდენად შევძლებთ სახელმწიფოს ინტერესების პირად გამორჩენასა და “პატრონის” შეკვეთაზე მაღლა დაყენებას”
“რეალურად ისიც არ ვიცით, რა სახის დახმარებას შეიძლება ველოდეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან”
“ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, მაშინ როცა, რუსეთის მხრიდან, გაცხარებული საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით”
“ჩემთვის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო სექტორის გულგრილობაც გასაკვირია”
“პრემიერის” კითხვებს უპასუხა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ:
- მოგესალმებით, ჩვენს საუბარს თქვენი სიტყვებით დავიწყებ: ყველამ, ვისაც რამედ გვიღირს ეს ქვეყანა: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები ამ მავნებლობის შესაჩერებლად! ანუ, განგაშის ზარი?
- “დღეს “კინოს სახლთან” განვითარებული პროცესები მიმართულია ქვეყანაში იმიტირებული სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისკენ. ყველამ, ვისაც რამედ გვიღირს ეს ქვეყანა: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები ამ მავნებლობის შესაჩერებლად! საერთო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად საქართველოსთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში!” - ეს სიტყვები “კინოს სახლთან” მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დავწერე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ევრაზიის ინსტიტუტისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.
მართალია, საგანგაშო ჯერჯერობით არაფერია, მაგრამ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ “კინოს სახლის” აქცია ერთჯერადი აქტიდან პროვოკაციების კასკადად არ შემოგვიბრუნდეს, რომლის მიზანი საქართველოში სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია და დესტაბილიზაცია იქნება. ამ შეხვედრაზე, მოგეხსენებათ, გაისმა “ისტორიული” თუ ისტერიული მოწოდებაც: “ფეხზე წამოვუდგეთ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ რუს გმირებს”. მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული: ამ და მსგავსი მოსალოდნელი პროვოკაციების მიზანი საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიის ხელოვნური აგორება, ინსპირირება შეიძლება იყოს, შემდეგ კი სცენარი ნაცნობია - რუსეთს უდგება “საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა”. ამიტომ ვამბობ, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ზღვარი ჩვენს გონიერებასა და სიმშვიდეზე გადის და ამაში ერთიანი უნდა იყოს ხელისუფლებაც, პოლიტიკური სპექტრიცა და საზოგადოებაც.
- ახლახან დაბრუნდით აშშ-დან. ქართველი საზოგადოება და თუნდაც ამერიკელი ჩინოვნიკები თანაბრად აღიქვამენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს? შედარებისთვის, რა არის ვაშინგტონიდან დანახული საფრთხე და რა არის ქართველი ობივატელის საფრთხე?
- ვაშინგტონმა საქართველოს შესახებ იცის ის, რასაც მისი შესაბამისი სამსახურები აწვდიან და აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გაზიარებული ხედვები და ანალიზები. მინდა გითხრათ, რომ მე შევხვდი თითქმის ყველა ოფიციალური სტრუქტურისა თუ კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს, ვინც საქართველოს მიმართულებით მუშაობს და, ბუნებრივია, მოვისმინე ხედვების ძალიან ფართო სპექტრი: დაწყებული იქიდან, რომ საქართველო რეალურად დგას რუსეთის მხრიდან რისკების წინაშე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, დამთავრებული იმით, რომ რუსეთი უკრაინის ფონზე შედარებით იოლად მოინელებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებას. ანუ, ფაქტობრივად, შეხედულებათა ის სპექტრი, რომელიც ამერიკაში მოვისმინე, თითქმის თანხვდება საქართველოს პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ მოსაზრებებს. თუმცა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინფორმაციის გარკვეულ სიმწირესთან გვაქვს ადგილი იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. როგორც მე შეხვედრიდან გამოსული ქართველი ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის კომენტარიდან შევიტყვე, იგივე პრობლემებმა იჩინა თავი გუშინ ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას.
გამოდის, რომ, თუ დასავლეთი არასრულადაა ინფორმირებული საქართველოს წინაშე არსებული სავარაუდო რისკებისა და საფრთხეების წინაშე, მისი მზაობაც, ჩაერთოს ამ შესაძლო საფრთხეების განეიტრალებაში, არასათანადოა! ვისი ბრალია ეს, მარტო საქართველოს ხელისუფლების თუ იგივე ქართული “სინქ-თენქებისაც”, რომლებიც, როგორც ჩანს, არასრულად აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას და შესაბამისად, არაზუსტ ხედვებს აცნობენ ჩვენს საგარეო პარტნიორებს.
აქედან გამომდინარე, გამოდის, ჩვენ რეალურად ისიც არ ვიცით, რა სახის დახმარებას შეიძლება ველოდეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, საქართველოში სიტუაციის გართულების შემთხვევაში.
დამაფიქრებელია ახლახან “გარდიანში” გაჟღერებული მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ ნატო-მ უარი უნდა თქვას შემდგომ გაფართოებაზე. კერძოდ, “გარდიანი” წერს, რომ “უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უნდა დარჩეს ნეიტრალური ქვეყანა და ამის გარანტორები უნდა იყვნენ რუსეთი და ამერიკა”. რა თქმა უნდა, ეს დასავლეთის ოფიციალური პოზიცია არ არის, მაგრამ ჩვენთვისაც, ბუნებრივია, საინტერესოა, მოვისმინოთ დასავლეთის რეალური ხედვები ნატო-ში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის კუთხით.
- არანაირი სურვილი არ მაქვს, ყველაფერზე ხელი ხელისუფლებისკენ გავიშვირო, თუმცა საზოგადოების მონოტონიზაციასა და ეროვნული იდეის - თავისუფლება და თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრირება - ნიველირებაში სწორედ რომ ხელისუფლებას აქვს უდიდესი წვლილი. არ მეთანხმებით?
- მე შემიძლია, დაგიდასტუროთ ის, რომ დღეს ხელისუფლებას არ აქვს იდეოლოგია და მწყობრი საინფორმაციო პოლიტიკა, რაც ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნისთვის სახიფათოა. ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული, მაშინ როცა გაცხარებული საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით რუსეთის მხრიდან. ნახეთ, როგორი მწყობრად ორგანიზებული საინფორმაციო ფრონტი აქვს გაშლილი რუსეთის შესაბამის სამსახურებს საქართველოში ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ბოლო დროს სახელისუფლებო პიარმა აშკარად წამოიწია, თუმცა ერთია პიარი და მეორე - საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და იარაღია.
- მტერი ვახსენე, ნამდვილად არ ვარ კუდიანებზე დევნის მომხრე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავისი ქმედებებით, საუბარი არ მაქვს სამართლებრივ ქმედებებზე, გვეუბნება, რომ ქვეყნის მტერი არის “ნაციონალური მოძრაობა”, ახდენს სხვა სახის ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტურ ნიველირებას და მათ მხოლოდ იმიტომ არ ასახელებს მტრად, რომ სუსტად მიაჩნია, მის ცხვირწინ დადის ხილული “მეხუთე კოლონა” და არც იმჩნევს ამას. რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის რეალური მტრის იგნორირება, რომელიც ქვეყანაში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა?
- ყველაზე მარტივია, მოვკიდოთ ამ ადამიანებს ხელი და შევყაროთ ციხეში ქვეყნის მტრის იარლიყით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. მაგრამ ამით იმ პანდორას ყუთს გავხსნით, რომლის დახურვაც მერე უაღრესად გაგვიჭირდება. იმიტომ რომ ქვეყნის მტრის იარლიყი ყველაზე იოლი მისაწებებელია ნებისმიერი სახის პოლიტიკური ოპონენტისთვის, განსხვავებული აზრის მატარებელი საზოგადოებრივად აქტიური ფიგურისთვის, მედიასაშუალებისთვის და ა.შ. “კუდიანების” დევნის კამპანია თუ დაიწყო, არის საშიშროება, რომ ეს ავტორიტარიზმისკენ შებრუნების დასაწყისად იქცეს, რითაც ყველა მასტის ავანტიურისტი ისარგებლებს. მეორე მხრივ, შეუძლებელია ასე, რეაგირების გარეშე ხდებოდეს “მეხუთე კოლონის” აღორძინება ქვეყანაში და სპეცსამსახურები ამას გულგრილად უყურებდნენ. არსებობს ანალოგიურ პრობლემებთან გამკლავების ღია და ფარული მეთოდები. ფარული მეთოდები შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა. რაც შეეხება საჯარო პოლიტიკას, აქ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა და ეს გზა, ვფიქრობ, ისევ მასიურ საინფორმაციო-იდეოლოგიურ მუშაობაზე გადის. ნებისმიერი სხვა გზა შეიცავს უზარმაზარ საფრთხეს. კარგით, არ გვაქვს ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა. რატომ არ არის ამით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოება?! რატომ არ არის ეს მათი გრანტებისა და პროექტების მთავარი თემა, ამაზე დიდი საფრთხე დღეს აქვს ქვეყანას რამე?! არ შეიძლებოდა, ეს თემა გამხდარიყო არასამთავრობო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევის ობიექტი?! ჩვენ ხომ გვახსოვს სწორედ ამ სექტორის მიერ ინიცირებული, რამდენიმეწლიანი მასირებული საინფორმაციო კამპანიები იგივე “ვარდების რევოლუციის” წინ. რატომ არავინ ფიქრობს დღეს ერთობლივი ძალისხმევით მძლავრი საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნული იდეის - თავისუფლება და თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრირება - საზოგადოებაში შემდგომი გამყარების მიზნით. ჩემთვის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო სექტორის გულგრილობაც გასაკვირია ამ საკითხის გარშემო.
- თქვენ აცხადებთ, რომ ქვეყანა “ისტორიული მოვლენის” წინ დგას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ამ ისტორიულ მომენტს და პირიქით, თავისი უმოქმედობით საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, ეკონომიკური უმოქმედობით, ყველა სფეროში გაჩერებული რეფორმებით ამუხრუჭებს და უკან ექაჩება ქვეყანას, რომელიც “ავტოპილოტით” მიემართება დასავლეთისკენ. ცალკეული ფაქტების შეჯერების საფუძველზე გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას, არა მხოლოდ “ისტორიული მოვლენის”, არამედ “ისტორიული მისიის” განცდა აქვს?
- გააჩნია, რა არის დღეს “ისტორიული მისია”. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დავწერე: “საოცარ ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ - ერთდროულად რისკებითა და შანსებით სავსე ეპოქაში. ნახეთ, რა ხდება?! თურქეთის პრემიერმა, ისარგებლა რა ყირიმის კრიზისში დასავლეთის ჩართულობით და იმით, რომ დღეს თურქეთის გვერდში დგომას საერთო დასავლური პოლიტიკის შემუშავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გადაწყვიტა ინტერნეტრესურსების შეზღუდვა თურქეთში და პირველ ეტაპზე “ტვიტერის” აკრძალვა. სტრატეგიული პარტნიორისგან წელს ქვევით დარტყმის ტოლფასია ეს საქციელი. ამ ფონზე ნახეთ, როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოს წონა და ფასი! რამდენი რამეა დამოკიდებული დღეს საქართველოს ხელისუფლების ფილიგრანულ დიპლომატიასა და ოსტატობაზე”.
ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ახლახან რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ნატო-სადმი ოფიციალური თბილისის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანისა და ტვირთების ტრანზიტისთვის: “აშკარაა, რომ ნატო უკვე ვეღარ ისარგებლებს რუსეთის ტერიტორიით, ამიტომაც ჩვენი მარშრუტი აქტუალური ხდება”, - განუცხადა “იზვესტიას” ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის მქონე პირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინადადებათა პაკეტი უკვე გადაეცა აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო სარდლობას და ნატო-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში”. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად იყენებს იმ შანსებს, რომელსაც მას დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა სთავაზობს.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპული მედია აქტიურად განიხილავს რუსეთიდან ევროპაში, უკრაინის გვერდის ავლით, გაზის ტრანსპორტირების ახალი პროექტის “სამხრეთ ნაკადის” მომავალსაც და წერს, რომ ევროპამ შეიძლება უარი თქვას ამ პროექტის რეალიზაციაზე არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ესეც ზრდის საქართველოს როლსა და ფუნქციას, როგორც ევროპაში ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული დერეფნისა.
თუმცა, ეს ყველაფერი შანსებია, რომელთა რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველომ უდანაკარგოდ გაიარა ის პოლიტიკური შტორმი, რომელიც დღეს ლამის მთელ მსოფლიოს ემუქრება. დღევანდელობის ისტორიულ მისიად მე სწორედ ამას მივიჩნევდი: ტერიტორიული თუ ადამიანური დანაკარგების გარეშე შევძლოთ იმ კატაკლიზმებიდან გამოსვლა, რომელიც შესაძლოა, წინ გველოდება: გვახსოვდეს, რომ უმთავრესი მიზანი საქართველოს სახელმწიფოს შენარჩუნებაა, ოღონდ არა მორიგი მსხვერპლისა და ნგრევის ფასად. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ამ უცნაურად ცინიკური პოლიტიკური ეპოქის მიერ გაჩენილი შანსების რეალიზებას. მე ეს მგონია თანამედროვეობის: ხელისუფლებისა და საზოგადოების “ისტორიული მისია”.
- დაბოლოს, თქვენ მოითხოვთ კონსოლიდაციას, რა შეიძლება ამ კონსოლიდაციის საფუძველი გახდეს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეროვნული კონსენსუსისთვის, ვინ უნდა იყოს ამის ინიციატორი?
- ინიციატორი უნდა იყოს საზოგადოება, უფრო ზუსტად მისი აქტიური ნაწილი, ის ადამიანები, რომლებიც საყოველთაო ნიჰილიზმის ეპოქაში მაინც ინარჩუნებენ საქართველოს მოსახლეობის ნდობასა და პატივისცემას. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა შეიმუშაონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გარშემო საყოველთაო კონენსუსის პლატფორმა, რომლის პრინციპებზეც შეჯერდება, ქვეყნისთვის ამ ისტორიულად სასიცოცხლო მომენტში, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალა. არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ასეთი დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებრივი ინტერესების პირობებში, მით უფრო, როცა წინ საარჩევნო კამპანია გვაქვს, რომელიც ყოველთვის ამძაფრებს ხოლმე ისედაც არსებულ დაპირისპირებებს. თუმცა, მომავალი სწორედ იმით შეგვაფასებს, რამდენად შევძლებთ სახელმწიფოს ინტერესების პირად გამორჩენასა და “პატრონის” შეკვეთაზე მაღლა დაყენებას. მე მინდა, რომ გამოვიდე ინიციატივით და საზოგადოების ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ კონსენსუსის პრინციპებზე. საზოგადოების პასუხისმგებლობა დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლების.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |