|
ძალიან ძნელია საქართველოში არატრივიალური და არასტერეოტიპული აზრის გამოთქმა, რომელიც უკვე დამკვიდრებულ და უალტერნატივოდ მიჩნეულ "მეინსტრიმს" ეწინააღმდეგება. ბევრად ძნელი, ვიდრე სხვა თავისუფალ საზოგადოებებში. წმინდად ქართული პარადოქსია, რომ ჩვენში თავისუფლება შობს საზოგადოებრივ ცენზორს, რომელიც იცავს მას დემოკრატიისგან. დემოკრატია კი საქართველოში, აუცილებლად წარმოშობს ავტორიტარიზმს, მაგრამ მის სიკეთეთა თაობაზე მსჯელობა იმავე საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტის მძვინვარე წინააღმდეგობას აწყდება, რომელიც კვლავ შობს ცენზორსა და ა.შ. და ა.შ. – დაუსრულებლად. ანუ წრე იკეტება.
მცირე პროვოკაციის სახით, დამკვიდრებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი მაგალითი მრავალთაგან: უკრაინის ტრაგედია და ის, რაც ამ ქვეყანას ჩვენს თვალწინ დაემართა ანალოგიურ სტერეოტიპთა და მეინსტრიმთა დომინანტობის შედეგად
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დღეს უკრაინა დაშლილი, არშემდგარი სახელმწიფოა. დასავლეთმა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ყირიმი აშკარად "ჩააბარეს" – ეს თემა აღარც კი ფიგურირებს მოლაპარაკებებში, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ევროპამ აღიარა უკრაინული სახელმწიფოს დაშლა.
ყირიმის მოკვეთა რუსეთის მიერ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევს, მთლიანად, უკრაინული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას. მაგრამ როგორ მივიდა უკრაინა აქამდე?
1991 წლიდან, ესე იგი საბჭოთა იმპერიის დაშლის მომენტიდან, უკრაინელები ამაყობდნენ, რომ მათ შეძლეს დემოკრატიული, პლურალისტური მმართველობის დამკვიდრება _ სიტყვის შეუზღუდავი თავისუფლებით, პლურალიზმით ყველა სფეროში, მრავალპარტიულობით, გაუყალბებელი და პატიოსანი არჩევნებით, მთავრობების ციკლურად ცვლით და სხვა.
სანამ რუსეთში, ელცინის დროს, დაახლოებით ასეთივე სისტემა იყო, უკრაინის პოსტსაბჭოურ ელიტას არ უჭირდა ქვეყნის ინტერესების დაცვა. ელცინის ანალოგიურ სისტემასთან ურთიერთქმედებით, უკრაინულმა ელიტამ ძალიან ბევრს მიაღწია: პირველ რიგში, "შემოიმტკიცა" ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა, განავრცო ნახევარკუნძულსა და დონბას-ხარკოვში თავისი რეალური და არამხოლოდ ფორმალური სუვერენიტეტი, არაძალადობრივად ჩაახშო რუსული სეპარატიზმის გამოვლინებები, გააძევა ქვეყნიდან სეპარატისტთა ლიდერი "პრეზიდენტი" მაშკოვი, დაამკვიდრა გრივნა, როგორც ფულის უალტერნატივო ერთეული, აგრეთვე, უკრაინული ენის სახელმწიფო სტატუსი, განამტკიცა საზღვრები, მათ შორის ყირიმის მონაკვეთზე და ა.შ.
გარდა ამისა, იმდროინდელმა უკრაინულმა ელიტამ, უნიჭიერესი პოლიტიკოსის, უკრაინის სსრ ყოფილი კომუნისტური ლიდერის, ლეონიდ კრავჩუკის ხელმძღვანელობით, მიაღწია 1994 წლის შეთანხმებას რუსეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით: უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ სტატუსზე, სამაგიეროდ, მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები "დიდი სამეულისგან".
ანუ უკრაინის პოტსაბჭოურმა ელიტამ, იმ ეპოქაში თავისი ქვეყნისთვის გააკეთა შესაძლებლის მაქსიმუმი.
ყველაფერი თითქოს იმას მეტყველებდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, პლურალიზმი, მრავალპარტიულობა და ხელისუფლებათა ცვალებადობა (დემოკრატიის უძირითადესი ფაქტორები) უკრაინას სამშვიდობოს გაიყვანდა, მაგრამ... დაახლოებით 1998 წლიდან თავი იჩინა თვისებრივმა წინააღმდეგობამ დემოკრატიასა და ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობას შორის: "სამშვიდობოს" უკრაინა საბოლოოდ ვერ გავიდოდა, თუ ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებს ვერ განახორციელებდა, ამ რეფორმებს კი იგივე დემოკრატია და პლურალიზმი უშლიდა ხელს, რაკი მოსახლეობა მათ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა: სოციალური პაკეტის შეკვეცა, ბუნებრივ აირზე ან ელექტროენერგიაზე ფასების უმცირესი მატებაც კი მძვინვარე რეაქციას იწვევდა, რაც დაუყოვნებლივ აისახებოდა პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე.
ამდენად, ელიტამ, რომელიც 1991-1998 წლებში წარმატებით მოქმედებდა ჯერ ლეონიდ კრავჩუკის, შემდეგ ლეონიდ კუჩმას ხელმძღვანელობით, რეფორმების დაკონსერვება და ნელი, ფრთხილი, ევოლუციური განვითარება ამჯობინა, რაც იმ პირობებში აბსოლუტურად მიზანშეწონილი და გონივრული ტაქტიკა იყო. მაგრამ უკრაინის ე.წ. "კრეატიული კლასი", ძველ წიაღში შობილი ახალი საზოგადოება, "ვესტერნიზებული" ელიტა, ამას არ შეურიგდა და იულია ტიმოშენკოს მსგავსი ავანტიურისტების, აგრეთვე, იუშჩენკოს მაგვარი რადიკალი ნაციონალისტების ლიდერობით განახორციელა ძველი სისტემის ნგრევა, ანუ პირველი "მაიდანი" 2004 წელს.
თუმცა, ვერაფერი ახალი ვერ დაამკვიდრა: იუშჩენკომ შეინარჩუნა დემოკრატია, პლურალიზმი, არც კი უცდია ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელება, რაკი დემოკრატიის პირობებში ეს სრულიად შეუძლებელი იყო.
შედეგად გამოვიდა სრული მარაზმი, ანუ მუდმივი კინკლაობა მთავრობასთან და მთავრობის შიგნით, ამაზრზენი ქაოსი პარლამენტში, გაუთავებელი უსაგნო დაპირისპირება, ეკონომიკური ვარდნა, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ დროს რა ხდება რუსეთში?
რუსეთში რომ ელცინის სისტემა შენარჩუნებულიყო, კიევის ქაოსი და პოლიტიკური ტურბულენტობა (პლურალიზმისა და მრავალპარტიული დემოკრატიის პირდაპირი შედეგი ამისთვის სრულიად მოუმზადებელ ქვეყანაში) უკრაინულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. მაგრამ ელცინის წასვლის შემდეგ, ძალაუფლებას ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურისა და უმაღლესი სამხედრო გენერალიტეტის "ნაჯვარი ძალა" დაეუფლა, რომელმაც სათავეში "ნაცრისფერი" პუტინი მოიყვანა.
ამ უკანასკნელმა სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლო ძალაუფლების კონსოლიდაცია, განდევნა ქვეყნიდან გუსინსკი-ბერეზოვსკი-პატარკაციშვილები, სხვანი და სხვანი, მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარა მედია, აღკვეთა ყოველგვარი პლურალიზმი, დაამკვიდრა ფაქტობრივი ერთპარტიულობა, გაზარდა სახელმწიფოს როლი ყველა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროცესში, ანუ შექმნა თითქმის კლასიკური ავტორიტარული სისტემა.
როგორც კი მისი ჩამოყალიბება დაასრულა, მაშინვე შეუდგა "რუსული სამყაროსა და რუსული მიწების შეკრებას" უმთავრესი _ უკრაინული მიმართულებით. აკი ჯერ კიდევ ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა: "უკრაინით რუსეთი იმპერიაა, ხოლო უკრაინის გარეშე _ არარაობა".
რაც მთავარია, პუტინმა დაიწყონ უკრაინის დემოკრატიული სისტემებისა და პლურალიზმის, აგრეთვე, სიტყვის თავისუფლების, მრავალპარტიულობის წარმატებით გამოყენება მისი სახელმწიფოებრიობის დასასუსტებლად და საფუძვლის გამოსათხრელად, წინააღმდეგობათა გასაღვივებლად, რეფორმების შესაფერხებლად...
კრემლის მრავალრიცხოვანი, კარგად ანაზღაურებადი და მოტივირებული აგენტურა, აგრეთვე, "სასარგებლო იდიოტთა" მთელი არმია ჩაინერგა უკრაინის დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის მედიაში, პოლიტიკურ პარტიებში, სოციალურ სტრუქტურებში _ ძლიერი პროფკავშირების სახით, რომლებიც ყველანაირად ბლოკავდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელ რეფორმებს.
ანალოგიური მეთოდები პუტინს ბალტიის ქვეყნებში ან პოლონეთში "არ გაუვიდოდა", რადგან დასავლეთმა სწრაფად მოახერხა მათი ინკორპორირება და უსაფრთხოების საკუთარ სისტემებში ჩართვა. ანუ იმათ "შეასწრეს" სხვა კოორდინატთა სისტემაში, სადაც პუტინის ავტორიტარული მანქანა ვეღარ მისწვდებოდათ.
უკრაინა კი, პრეზიდენტ კლინტონის ეპოქიდან, მოსკოვის არაფორმალური გავლენის სფეროდ ითვლებოდა. ამიტომ პუტინს ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა, რათა იქ დესტრუქციული პროცესები გაეღვივებინა ისევ და ისევ თვით უკრაინის დემოკრატიულ ინსტიტუტთა გამოყენებით.
დროთა განმავლობაში ამას მოჰყვა ქაოსის გაძლიერება; პოლიტიკური სისტემის დამბლა; ხელისუფლების სრული არაქმედითობა; ეკონომიკური და სოციალური ფონის შემდგომი გაუარესება; პოლიტიკური კლასის თანდათანობითი დევალვაცია, დეგრადაცია და დელეგიტიმაცია; ყოვლისმომცველი კორუფცია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა, ჭეშმარიტი დემოკრატიისა და პლურალიზმის პირობებში, ძალიან ძნელია ახლად შექმნილი სახელმწიფოსთვის და ა.შ. და ა.შ.
საბოლოოდ პუტინმა მაინც მიაღწია მიზანს და უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაამხო ვიტალი კლიჩკოსმაგვარ "სასარგებლო იდიოტთა" მეშვეობით!
ყირიმი მხოლოდ ტაქტიკური, საშუალედო ეტაპია, რასაც, რამდენიმე წლის შემდეგ, უკრაინული სახელმწიფოს სრული ჩამოშლა უნდა მოჰყვეს.
ამ ქვეყნის უბედურება "ცივი შხაპია" ჩვენებური ლიბერალებისთვის, რომლებიც უკვე მრავალი წელია (გამსახურდიასდრონდელი დისკუსიიდან დაწყებული, "ჯერ დემოკრატია თუ ჯერ სახელმწიფოებრიობა"), თუთიყუშებივით იმეორებენ ბრიყვულ სტერეოტიპებს და საკითხის ასე დასმასაც კი დანაშაულად გითვლიან.
არადა, უკრაინული კატაკლიზმის შემხედვარეთ მაინც ხომ გვაქვს უფლება, დიახაც, დავსვათ და ბევრისთვის არასასიამოვნოდ ვუპასუხოთ ლოგიკურ კითხვას:
რამ დაღუპა უკრაინა?
პასუხი: დემოკრატიამ!
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |