|
“რუსეთს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს და ამ ინსტრუმენტებს აუცილებლად გამოიყენებს”
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ როჯერსმა FOX NEWS-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან განთავსებული ათობით ათასი რუსი სამხედროს გარდა, რუსეთი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
კერძოდ, მათ გადააქვთ თავიანთი ტექნიკის საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში და საამისოდ, არანაირი მიზეზი არ არსებობს. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთისგან გასაკვირი არ იქნება, ირანთან მჭიდრო ურთიერთობებისა და არც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მარშრუტის ძიება. “ორივე ქვეყანა, მართალია, სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ შეზღუდულია საერთაშორისო სანქციებით, რომელიც მალე შეავიწროებს რუსეთს ყირიმში შეჭრის გამო”, - ნათქვამია The Financial Times-ის სტატიაში.
მაიკ როჯერსი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს. უკრაინის საზღვრებთან მდგომ რუსეთის ჯარებს, თუკი ამას გადაწყვეტენ, ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ უკრაინაში შეიჭრნენ.
“უკრაინის საზღვრებთან ჩვენ ათობით ათას სამხედროს ვხედავთ. საუბარია არა მხოლოდ მათ რიცხოვნობაზე, არამედ მათ დანიშნულებასა და კონფიგურაციაზე. რამდენი სამხედრო ერთეულია განთავსებული საზღვარზე და რისი შესაძლებლობა აქვთ მათ. აღმოსავლეთ საზღვარზე მათ დღეისთვის ყველაფერი გააჩნიათ, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება და კომენტირება “პრემიერმა” საგარეო პოლიტიკის საკითხების ექსპერტს სერგი კაპანაძეს სთხოვა:
- მაიკ როჯერსი ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და სომხეთში შეჭრას განიხილავს, რათა რუსეთ-ირანს შორის გასასვლელი შექმნას. რამდენად დამაჯერებელია ეს განცხადება და პოტენციურად რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო?
- ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ პუტინი კიდევ უფრო შორს არ წავა. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აღმოსავლეთ უკრაინის მიერთება, ან სიტუაციის უკიდურესობამდე გამწვავება. სწორედ, ამიტომ სურს უკრაინის ფედერალიზაცია, რომ მოიპოვოს კონტროლის ბერკეტი აღმოსავლეთ უკრაინაზე. ეს, ასევე, შეიძლება იყოს დნესტრისპირეთის მიერთება, ან პრაქტიკულად საბოლოო ჩამოშრება მოლდოვასთვის. გაგახსენებთ, რომ უკანასკნელ ხანს მოსკოვმა გაააქტიურა თეზისი იმის შესახებ, თითქოს დნესტრისპირეთი სრულ იზოლაციაში იმყოფება მოლდოვას გამო. ზუსტად ასე დაიწყო 2008 წელსაც რუსეთის მოქმედებები. პირველი, რაც რუსეთმა გააკეთა, დსთ-ის სანქციების რეჟიმიდან გამოსვლა იყო. ანალოგიურად, მას შეუძლია, მთელი რიგი მოქმედებები განახორციელოს საქართველოსთან მიმართებაში. სამხედრო მოქმედებები, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. მით უმეტეს, რომ ამას განსაკუთრებული მობილიზაციაც არ სჭირდება. ცხინვალიდან რუსული არმიის დაძვრა და სახმელეთო დერეფნის გაჭრა სომხეთისკენ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს იქნება სერიოზული დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის, ქართული უსაფრთხოებისთვის. ამასთანავე, ჩემი აზრით, რუსეთმა ყირიმის აღიარების შემდეგ შეიძინა სერიოზული უსისხლო ინსტრუმენტი - ანექსიის მუქარა! თუ ყველა სხვა ინსტრუმენტი, რომელიც მას აქვს, მეტ-ნაკლებად “ჭუჭყიანია”, ახლა ის გულისხმობს ხალხის გაღიზიანებას და ეს ინსტრუმენტი არის სრულიად “სუფთა”. წარმოიდგინეთ, რამხელა ნეგატივი მოჰყვება რუსეთის მხრიდან ემბარგოს გამოცხადებას საქართველოზე, ან ჯარის შემოყვანას, ან რამე სხვა ოპერაციის განხორციელებას.
- ქვეყნის შიგნით ვითარების გამწვავების საფრთხე რამდენად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ქუჩებში რუსულდროშოვანი პირების გამოჩენას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად, თუმცა არასერიოზულად აფასებს?
- მცირერიცხოვანი გამოსვლებიც კი ნატოს წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის მიერ არის მხარდაჭერილი, დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ხოლო ანექსიის მუქარა მარტივი ინსტრუმენტია: გაუგზავნის გზავნილს თბილისს ან კიშინიოვს, რომ დაანებონ თავი ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო ამის სანაცვლოდ, არ დაკარგავენ საბოლოოდ სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთს. რომელი მთავრობა წავა იმაზე, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც ამ რეგიონების რუსეთისთვის გადამფორმებელი?
- არის თუ არა დამოკიდებული ვითარების ესკალაციის შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ვადების მოახლოებაზე?
- რუსეთს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს და ამ ინსტრუმენტებს აუცილებლად გამოიყენებს. თუ როდის, ამის გამოცნობა ძნელია. ეს შეიძლება მოხდეს ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში. მაგრამ აუცილებლად გამოიყენებს!
- უკრაინის მოვლენების კონტექსტში ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან კოსოვოს პრეცედენტმაც გაიჟღერა. როგორ ფიქრობთ, აქვს საერთო ნიშნები კოსოვოსა და ყირიმის მოვლენებს?
- კოსოვოს აღიარება მოხდა იმიტომ, რომ სერბებმა მოახდინეს კოსოვოს ეთნიკური წმენდა. კოსოვოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო დარწმუნდა, რომ ისინი დემოკრატიულ საწყისებზე იყვნენ შექმნილი და შეძლებდნენ ხალხის ნების გამოხატვას. კოსოვოში მოხდა ინტერვენცია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მიზნით. იქ მოქმედებდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და ამ მხარეების დაახლოებას აქტიურად ცდილობდა საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი. საქართველო კოსოვოს არ აღიარებს პრეცედენტად, არამედ აღიარებს უნიკალურ შემთხვევად, რომელსაც გავლენა არა აქვს მსოფლიოში სხვა კონფლიქტებზე არც საქართველოში, არც დნესტრისპირეთში და არც ყირიმში. მის “პრეცედენტულობას” ამტკიცებს მხოლოდ რუსეთი, ასევე სოხუმი, ცხინვალი, ტირასპოლი... რაც ყირიმში ხდება, ამას არაფერი აქვს საერთო კოსოვოსთან. იქ არ მომხდარა ეთნიკური წმენდა, არ ყოფილა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და რეფერენდუმისას დამკვირვებელიც კი არ შეუშვეს შიგნით.
- რუსი ექსპერტების ნაწილი ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით კრიტიკულ და ხშირად რადიკალურ დამოკიდებულებას გამოხატავს. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათ პოზიციას გარკვეული გავლენა მაინც ექნება რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე?
- ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ახლახან თბილისში გამართული კონფერენცია, რომელშიც რუსი და ქართველი ექსპერტები მონაწილეობდნენ. მოგვეცა საშუალება, მოგვესმინა რუსი ექსპერტების დამოკიდებულება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. მე მაინტერესებს მათი დამოკიდებულება უკრაინის მოვლენების მიმართ, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება ოკუპაციისა და დეოკუპაციის მიმართ. ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ ამ შეხვედრებს ექნება შედეგი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიგონ, რას ფიქრობენ საქართველოში მათი კოლეგები. ძალიან მნიშვნელოვანია, რუსმა ანალიტიკოსებმა იცოდნენ, რომ საქართველოში არის ცალსახა დამოკიდებულება მთელი რიგი საკითხების მიმართ.
- თქვენ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვით რუსეთის მიერ უკრაინის სიტუაციის განმუხტვის ხუთპუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მან ამერიკულ მხარეს გადასცა. რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს რუსეთის მიდგომების განხილვა მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში?
- ამ პუნქტებით პრაქტიკულად უთხრა დასავლეთს, რომ სიტუაცია გამოუვალია და უკრაინასა და ყირიმს თავს არ დაანებებს.
ამ დოკუმენტის პირველი პუნქტი, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება არალეგიტიმურია, სამთავრობო შენობები კი - უკანონოდ დაკავებული. ჩანს უკან დახევა იმაში, რომ ის არ ითხოვს იანუკოვიჩის დაბრუნებას. თუმცა, რაში სჭირდება ახლა იანუკოვიჩი, როცა ყირიმის უკან დაბრუნება ისედაც აღარ გამოვა.
რუსეთი პრაქტიკულად ამ მუხლით ახდენს დღევანდელი მთავრობის დელეგიტიმაციას, რაზეც ითხოვს უკრაინის მთავრობისვე თანხმობას. რუსეთი უხეშად ერევა უკრაინის შიდა საქმეებში და ფედერაცია ამ შემთხვევაში, ნიშნავს უეჭველი დაშლისკენ გადადგმულ ნაბიჯს. მისივე მოდელით, ფედერაცია ნიშნავს, რომ თვეები და წლები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციაზე. ეს კი უკრაინას დიდ ქაოსში გახვევს. იქ, სადაც საუბარია ნეიტრალურ სამხედრო პოლიტიკურ სტატუსზე, უარის თქმა ნატოზე და სავარაუდოდ, ევროკავშირზეც, შიდა საქმეებში კიდევ ერთი ჩარევაა.
ეს ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, პრაქტიკულად, ქვეყნის ორად გახლეჩას ნიშნავს. აღმოსავლეთში ისევ პრორუსული ძალები გაიმარჯვებენ და თუ ამჟამინდელი მთავრობა დარჩება, დასავლეთსა და კიევში მას ლეგიტიმურობა აღარ ექნება.
ეს დაახლოებით იგივეა, ჩვენ რომ გვეუბნებიან, თითქოს ახალ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობენ.
- შექმნილი ვითარებიდან რა გამოსავალი არსებობს, მით უმეტეს, რომ აშშ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო მუდმივად რუსეთის დასჯაზე აკეთებს აქცენტს?
- ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება რუსეთისთვის უარის თქმა და ამ დოკუმენტის თავზე გადახევა. უფრო ჭკვიანური და სახიფათო იქნება, ამაზე ნაწილობრივ დათანხმება და კომპლექსურ თამაშში შეყოლა, სადაც შეიძლება უკრაინამ და დასავლეთმა ერთად გაიმარჯვონ, მაგრამ შეიძლება უმძიმესადაც დამარცხდნენ და მთელი ქვეყანა დაიკარგოს. ისევ სანქციებითა და პუტინის შეშინებით თუ გამოვა რამე, თორემ ამგვარად უკრაინა წყვეტს არსებობას იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ ის ვიცით.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი, „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |