|
“ის, რომ პოლიტიკური პარტიების არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო სახელმწიფო არ დაინგრა, სწორედ არაპოლიტიზებული სახელმწიფო მოხელეების დამსახურებაა”
“თუ რუსეთმა დაინახა, რომ საქართველო საკმარისადაა დასუსტებული და პოლიტიკურად დეზორიენტირებული, ის არ დააყოვნებს”
- მოგესალმებით, 13 აპრილს გამართული აქცია - “არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!” პირველ რიგში იმით გამოირჩეოდა, რომ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას არა მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმების შესრულებისკენ მოუწოდეს, არამედ თანამშრომლობაც შესთავაზეს საერთო მიზნის მისაღწევად. ამან გარკვეულწილად დააბნია აქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების ერთი ნაწილიც. მოდით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რას ისახავდით მიზნად აქციის დაგეგმვისას და რამდენად განხორციელდა თქვენი მიზანი?
- ანალოგები იმ ნგრევისა და მსხვერპლის, რომელიც ჩვენ რუსეთისგან მივიღეთ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ძნელად თუ მოიპოვება საქართველოს ისტორიაში. ადამიანები ხშირად გართულები არიან ყოველდღიურობით და, ამიტომ, დიდი სურათი ან ავიწყდებათ ან ვერ ხედავენ. უამრავი უსიამოვნო რეალიიდან ერთს გამოვყოფ: სადაც კი საშუალება მიეცა, რუსეთმა ძირძველი ქართული რეგიონები მიზანმიმართულად და მეთოდურად გაწმინდა ეთნიკური ქართველებისგან. როცა ბევრს ეგონა, რომ ეს საშინელება მაინც 90-იან წლებში დარჩა და აღარ გამეორდება, 2008 წლის აგრესიის დროს პუტინის რუსეთმა ცინიკურად და აუღელვებლად, მთელი მსოფლიოს თვალწინ მოახდინა ცხინვალის რეგიონის საბოლოო გაწმენდა ქართველებისგან. რამდენიმე დღეში უამრავი ქართული სოფელი უბრალოდ მოსპეს, მთლიანად დააცარიელეს და შემდეგ ჯავშანტექნიკით მიწასთან გაასწორეს და ამ გავერანებულ ადგილებს ტოპონიმებიც კი შეუცვალეს. მოსკოვი არა უბრალოდ გვებრძვის, არამედ არსებობის სივრცეს გვისპობს ქართველებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ქართული სახელმწიფოებრიობის ძირითადი წყარო - ქართველი ერი, მოსპოს როგორც ფენომენი. დიახ, კავკასიის ხელახალი დაპყრობის საქმეში დღევანდელი რუსეთის იმპერია მთავარ ამოცანად ისახავს ამ რეგიონში დამოუკიდებლობის იდეის მორალურ-პოლიტიკური ფლაგმანის, საქართველოს, სახელმწიფოებრიობის, მოსპობას, და ამისთვის მისთვის აუცილებელია, გაანადგუროს ამ სახელმწიფოებრიობის ძირითადი წყარო - ქართველი ერი.
აუცილებელია, დღევანდელ მოვლენებს, რუსეთის მიერ ჩვენს მიმართ დღეს გატარებულ პოლიტიკას სწორედ ამ ჭრილში ვხედავდეთ, რათა არ დავკარგოთ სწორი ორიენტირები და, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი არ შევუწყოთ ამ საშიშ გეგმებს. საკმარისია ავყვეთ რუსულ პოლიტიკას, მის პროპაგანდისტულ კლიშეებს და მოვადუნოთ ჩვენი ბრძოლა და შემართება და რუსეთი ეტაპობრივად დაშლის და დააქუცმაცებს საქართველოს სახელმწიფოს და, ამავე დროს, დაქუცმაცებით, გათიშვითა და ნაწილობრივი ფიზიკური განადგურების გზით მოსპობს და ჩაახშობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარ წყაროს - ქართველ ერს, რათა მომავალში გამორიცხოს საქართველოდ წოდებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის აღმოცენების პერსპექტივა. სხვათა შორის, ამაზე ის რუსი პოლიტოლოგები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, კრემლის მიერ რუსეთის დამალული პოლიტიკის გამჟღერებლებად გამოიყენებიან, ღიად საუბრობენ მედიასივრცეში.
ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში გააქტიურებული პრორუსული და ე.წ. “ევრაზიული არჩევანის” მომხრე ორგანიზაციები და ცალკეული პიროვნებები სწორედ ამ მძიმე კონტექსტში არიან განსახილველები. ისინი დღეს რუსეთის მიერ საქართველოს განადგურების პროგრამის შემსრულებლებად გვევლინებიან. მათი დანიშნულებაა, შეიტყუონ საქართველო ისეთ პოლიტიკურ სივრცესა და პროცესებში, საიდანაც მას უკვე უკან დასახევი გზა მოეჭრება, რის შემდეგაც რუსეთი, მათივე მონაწილეობით, გულმოდგინედ შეუდგება საქართველოს განადგურების პროგრამის ფინალური სტადიის აღსრულებას.
13 აპრილის აქციის მიზანს წარმოადგენდა სწორედ ამ ძალების სათანადო მხილება, საზოგადოების კონსოლიდაცია მათი საშიში საქმიანობის აღსაკვეთად და საქართველოს ხელისუფლებისადმი მკაფიო მოთხოვნების წაყენება, რათა მან შესაბამისად და დროულად იმოქმედოს ამ ვითარებაში, რასაც მას ცალსახად ავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა.
ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა 13 აპრილის აქციით არ შემოიფარგლება და ამ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ.
- აქციამდეც და მის შემდეგაც ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ მეხუთე კოლონის არსებობას, ვერც კოლაბორაციონიზმის ელემენტებს ჩვენი თანამოქალაქეებისა თუ ცალკეული ჯგუფების მოქმედებაში და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაქტებს ითხოვენ. მავანნი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციის შესრულებას ითხოვენ “შეშფოთებული” ადამიანებისგან. რეალურად გადაჭარბებული ხომ არ არის კოლაბორაციონიზმისა და მეხუთე კოლონის არსებობის საფრთხის შეფასება? და რამდენად ადეკვატურია ამ მიმართულებით სახელმწიფო მანქანის მოქმედება?
- ის, რომ ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ჩვენ ნათლად დავინახეთ უკრაინის მაგალითზე. ამ მაგალითზე მკაფიოდ ჩანს, რა დიდ როლს თამაშობს მე-5 კოლონა საზოგადოების გათიშვისა და სახელმწიფოს დანგრევის საქმეში. ჩვენი სახელმწიფო მანქანა მე-5 კოლონის აქტიურობაზე ჯერჯერობით საერთოდ არ რეაგირებს. ამ დროს, ეს მისი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მკაფიო იურიდიული ვალდებულებაა და ჩვენ ამაზე დღევანდელ ხელისუფლებას ნათლად მივუთითეთ. თუ ხელისუფლებისადმი ჩვენ მიერ გადაცემულ პეტიციას გაეცნობით, იქ ცალსახად არის მითითებული, თუ საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლები ავალდებულებს მას, იმოქმედოს გადამჭრელად და დაუყოვნებლივ.
- ერთი საინტერესო დაკვირვება უნდა გაგიზიაროთ. თუნდაც უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე, ან თქვენს აქციაზე არ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. რა მიგაჩნიათ ამის მიზეზად? მხოლოდ ის, რომ თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების მხარდაჭერა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მიუღებელია მმართველი ძალისთვის, რადგან ეს მათი “დღის წესრიგი” არ არის? თუ არის სხვა მიზეზიც, იქნებ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასეთი აქციები დროის ფლანგვაა და ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს?
- მოვლენათა არსში წვდომის უუნარობა, სტრატეგიული ხედვის არქონა და, აქედან გამომდინარე, სირაქლემის პოზის პოლიტიკა - ეს არის, სამწუხაროდ, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პორტრეტის მთავარი შტრიხები. აქედან გამომდინარეობს ის, რაზეც თქვენ საუბრობთ.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა თემას. ხაზგასმით უნდა ითქვას - საზოგადოება “ივერია” არ არის შექმნილი ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის მიერ. ის შექმნილია ყოფილი, მათ შორის მაღალი რანგის, სახელმწიფო მოხელეების მიერ, რომლებიც არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას, ხალხსა და სახელმწიფოს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან და იმ მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობის ფონზე, რომელიც ბოლო ორი ათწლეულია მიმდინარეობს, თავისი დინჯი და, ზოგჯერ, თავდაუზოგავი შრომის ფასად ქვეყნის სხვა პატიოსან მოქალაქეებთან ერთად დღემდე როგორღაც მოიტანეს ქვეყანა და სახელმწიფო. ბევრი მათგანი არა მხოლოდ წინა, არამედ იმის წინა მთავრობებშიც საქმიანობდა და საქმიანობდა წარმატებით. ის, რომ პოლიტიკური პარტიების არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო სახელმწიფო არ დაინგრა და დღემდე იქნა შენარჩუნებული, სწორედ ასეთი არაპოლიტიზებული სახელმწიფო მოხელეების დამსახურებაა. დღეს ეს ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგა დრო, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან ერთად, ბოლო მოვუღოთ არაპროფესიონალიზმსა და ავანტიურიზმს ქართულ პოლიტიკაში და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დავაყენოთ.
- საზოგადოება “ივერიაში” საკმაოდ ბევრმა გამოცდილმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა მოიყარა თავი. ვვარაუდობ, რომ შიდა განხილვებისას თქვენ ახდენთ ვითარების მოდელირებას, მით უფრო რუსეთის ახალი დამპყრობლური სტრატეგიის კონტექსტში. რას უნდა ველოდოთ, არის თუ არა პროგნოზირებადი ის ვადა, როდესაც რუსეთი ჩვენთვის მოიცლის?
- რუსეთი ყოველთვის მოცლილია ჩვენთვის. ეს ჩვენ გვავიწყდება ხშირად რაღაცები, ვდუნდებით და ილუზიების ტყვეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე, თორემ მოსკოვში სტრატეგიული მიზანი არ ავიწყდებათ და მიზანმიმართულად მიიწევენ მისკენ. თქვენ უფრო, ალბათ, ამ სტრატეგიის აქტიური ფაზის ამოქმედებას გულისხმობთ. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცედ და თანმიმდევრულად გაატარებს დასავლეთი რუსეთის მიმართ იმ პოლიტიკას, რომლის აუცილებლობის გააზრება, ვფიქრობ, მან უკვე დაიწყო. ამავე დროს, ძალზე ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. და, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ის, როგორ წავა საქმე თავად საქართველოში. რუსეთის მორიგი ნახტომი ჩვენს წინააღმდეგ დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შემზადებული ექნება მას საამისოდ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. თუ რუსეთმა დაინახა, რომ საქართველო საკმარისადაა დასუსტებული და პოლიტიკურად დეზორიენტირებული, ის არ დააყოვნებს. თუ საქართველოს საზოგადოება და ხელისუფლება მყარად იდგება ფეხზე და ისეთი უზენაესი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მტკიცედ იქნება კონსოლიდირებული და, ასევე, თუ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, რუსეთი, მეტი ალბათობით, თავს შეიკავებს. სწორედ ამიტომაა უკიდურესად მნიშვნელოვანი მე-5 კოლონის დროული აღკვეთა, რადგან მისი საქმიანობა სწორედ ამ ფუნდამენტის მორღვევისკენაა მიმართული, რათა შეუქმნას აგრესორს ნოყიერი ნიადაგი ფინალური შეტევისთვის.
- რამდენად ფლობთ ინფორმაციას, “უკრაინული გაკვეთილი” არის ხელისუფლების განხილვის დღის წესრიგში და თქვენ რას ურჩევდით მმართველ გუნდს გადაუდებელ პრევენციულ ღონისძიებებად, რომელიც ხვალ კი არა, დღეს უნდა დაიწყოს?
- ჩვენი ხედვით რომ ეს გაკვეთილი სათანადოდ დანახული და გააზრებული არ არის ხელისუფლების მიერ, სწორედ ეს გახდა 13 აპრილის ღონისძიების გამართვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. რაც შეეხება გადაუდებელ პრევენციულ ზომებს, ისინი ნათლად არის ჩამოყალიბებული აქციის პეტიციაში. შემიძლია გავიმეორო:
ხელისუფლებამ უნდა აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა;
შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება;
კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი;
აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა.
- საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ კიდევ უსუსურია რუსეთის თვითნებობის წინაშე. უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით გააქტიურებას, რომელიც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვისაც, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
- საერთაშორისო თანამეგობრობა უსუსური ნამდვილად არ არის. ის ჯერ სრული სიმძლავრით არ ამოქმედებულა. ეს ცოტა სხვა რამეა. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში სერიოზული გამოფხიზლება მოხდა. ავიღოთ თუნდაც ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ ჟენევის შეხვედრასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კომენტარში ღია ტექსტით განაცხადა, რომ მას პრაქტიკულად იმედი არ აქვს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. ამ განცხადების უკან ძალზე მნიშვნელოვანი და პუტინისთვის უკიდურესად არასასიამოვნო რეალობა დგას - დასავლეთი მას უკვე განიხილავს არა პარტნიორად, არამედ სერიოზულ პრობლემად, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ობამას ტიპის პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი მკვეთრი შეფასება ბევრ რამეს ნიშნავს. რუსეთმა თავისი ქმედებებით მთელი მსოფლიო და, მათ შორის დასავლეთი, ისეთი ეგზისტენციური პრობლემის წინაშე დააყენა, რომ რა ტიპის პოლიტიკოსებიც არ უნდა იყვნენ ახლა წამყვანი სახელმწიფოების სათავეში, მათ მოქმედება აუცილებლად მოუწევთ. ახლო მომავალში კი რუსეთის დღევანდელი ქმედება ხელს შეუწყობს დასავლეთის სახელმწიფოების სათავეში უფრო მტკიცე და მკვეთრი კურსის მომხრე პოლიტიკოსების მოსვლას. სანქციები, რომლებზეც არის საუბარი და, რაც მთავარია, გრძელვადიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგიები, რომლებიც ამოქმედდა და ამოქმედდება რუსეთის წინააღმდეგ, მასშტაბურია და ამ მასშტაბიდან გამომდინარე ინერციული. ისინი მთელი სიმძლავრით უცებ ვერ გაიშლება, მაგრამ სწორედ მათი ამ მასშტაბიდან და ინერციულობიდან გამომდინარე, ერთხელ ამოქმედებული და განვითარებული, ისინი შემდეგ, ასევე, ვეღარ შეჩერდება უცებ და შეიძენს ტოტალურობის ისეთ ხარისხს, რომელიც დამანგრეველი იქნება პუტინის რეჟიმისთვის. ანგარიშების გაყინვა და სავიზო რეჟიმის გამკაცრება მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია დასავლეთის სტრატეგიული გადაწყვეტილება ევროპის გაზმომარაგების საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოვლინდა აშშ-ს ფიქლის გაზზე გადაორიენტირების გადაწყვეტილებაში და, თუნდაც, “სამხრეთი ნაკადის” პროექტზე უარის თქმაში. ვფიქრობ, მსოფლიო ნავთობის ბაზარზეც მალე რუსეთისთვის უკიდურესად არასასიამოვნო სიახლეებს უნდა ველოდოთ. მაგრამ მთავარი დარტყმა, რაც პუტინის რუსეთმა თავისი უგუნური ქმედებებით საკუთარ თავს მიაყენა - ეს არის რუსეთის მიმართ ნდობის საბოლოო ნგრევა გლობალურ მასშტაბში. ასეთ არასაიმედო და სახიფათო “პარტნიორთან” მეტ-ნაკლებად სერიოზულ პოლიტიკურ და, რაც მთავარია, ეკონომიკურ გარიგებებში აწი აღარავინ შევა და ეს, საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის ძალზე მძიმე, დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება.
გეგა სილაგავა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |