![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“პრემიერს” ესაუბრა საქართველოს საინჟინრო და ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი, “ქართული ოცნების” თემატური გარემოსდაცვითი ჯგუფის ექსპერტი და სატყეო საკითხებზე საპროგრამო რეკომენდაციების ავტორი თეიმურაზ კანდელაკი:
_ ბატონო თეიმურაზ, როგორ აფასებთ ქვეყნის სატყეო მეურნეობის დარგში საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მიმდინარე რეფორმებს; თქვენ უკმაყოფილო ჩანხართ...
_ სამწუხაროდ, გასახარი არაფერია. სატყეო სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის. ეს სხვადასხვა, მათ შორის საკანონმდებლო და მარეგულირებელ საქმიანობასაც ეხება. კერძოდ, ქვეყნის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სატყეო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი და საჯაროდ განხილული “საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტი, 2013 წლის 11 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, მაგრამ სახეცვლილებით, როგორც “საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია”. ფაქტობრივად, მოხდა სხვადასხვა ცნებებისა და დატვირთვის მქონე დოკუმენტების ჩანაცვლება, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სრული თანხმობით განხორციელდა. რაც ნიშნავს, რომ არ გამართლდა ჩვენი, და კიდევ მრავალი სპეციალისტის მოლოდინი: საქმე გვაქვს, პრაქტიკულად არაფრისმომცემ დოკუმენტთან, რომელიც უფრო ადრე შემოგდებული “ტყის კოდექსის” სრულფასოვანი მემკვიდრეა; თუ არა ოქტომბრის მოვლენების შედეგები, წინა პარლამენტის მიერ ის უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული, რასაც ტყეების სრული განადგურება მოჰყვებოდა. იმ შემთხვევაში, იმძლავრა საზოგადოებრივმა აზრმა. ამჟამად ის გარკვეული ძალების ინერტულობის გამო ჩამოუყალიბებელი დარჩა, საპროტესტო ძალების კონსოლიდაცია არ შედგა. საქმემ, უდავოა, იზარალა.
_ მიგაჩნიათ, რომ სატყეო სააგენტო ვერ გაერკვა, რა სახელმძღვანელო დოკუმენტები სჭირდება სატყეო რეფორმებს
_ დიახ, “სატყეო პოლიტიკა” საკანონმდებლო დოკუმენტი არ არის, თუმცა მისი მნიშვნელობა ბოლო ოცი წლის სრულ კოლაფსში მყოფ ქვეყნის სატყეო დარგისთვის გადამწყვეტია, შემდეგი ძირითადი მიზნების გამო:
_ უნდა განისაზღვროს სახელმწიფოსა და მთლიანობაში საზოგადოების დამოკიდებულება და პოზიციები ტყეებისა და სატყეო დარგის განვითარების მიმართ;
_ საფუძველი ჩაუყაროს თვისობრივად ახალი სატყეო კანონმდებლობის შექმნას;
_ გახდეს გადაუდებელი ინსტიტუციონალური, ეკონომიკური და საკადრო რეფორმების ორიენტირი: მეცნიერულად და ფინანსურად დასაბუთებული სატყეო დარგის განვითარების კონცეფციის, შემდგომ პროგრამების საფუძველზე და ა.შ.
საუბედუროდ, ეს მიღებული დოკუმენტი, სატყეო პოლიტიკის ვერც ერთ მოთხოვნას ვერ პასუხობს. ამიტომ სატყეო სააგენტომ უკვე ერთ კვირაში განაცხადა სატყეო რეფორმების დოკუმენტის განხილვის თაობაზე, რაც თავისთავად კაზუსია და კიდევ ერთხელ მეტყველებს უნიათო სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ნაჩქარევად მიღებაზე. ამავე დროს, სატყეო დარგის ხანგრძლივ პერიოდში განვითარების სრულყოფილი კონცეფციის გარეშე, რეფორმების დაწყება არაფრის მომცემია. მეტიც, ის შეიძლება გახდეს ტყის რესურსების სრული ამოწურვისა და ამ სფეროში ანტისაბაზრო პრინციპების დამკვიდრების დასაწყისი.
_ თქვენი აზრით, მკვეთრი შეუსაბამობაა მიღებულ დოკუმენტებს შორის?
_ ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ერთმანეთისგან არსით და პრინციპულად განსხვავებულ ორ დოკუმენტთან: პირველი _ “სატყეო პოლიტიკა” (სახელმწიფო ვალდებულებები) _ ამჟამინდელი “სატყეო კონცეფცია” _ მხოლოდ საორიენტაციო, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ტყეების, როგორც საზოგადოებრივი საკუთრების სახელმწიფო მართვაზე, მათი დაცვის, კონტროლისა და ტყითსარგებლობის ორგანიზაციის ჩათვლით; მეორე _ “სატყეო რეფორმები”, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 35-40% ტყეების მართვისა და ხე-ტყის დამზადება-რეალიზაციის მონოპოლიურ უფლებებს, საგულდაგულოდ შექმნილ სახელმწიფო “შპს” ან “სააქციონერო საზოგადოებას” უბოძებს, ე.ი. სახელმწიფო ახდენს ტყეებს დაცვა-აღდგენის მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულ დელეგირებას, არავითარი კაპიტალისა და გამოცდილების მქონე კომერციულ, კრედიტებზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში.
მაშასადამე, განხილვაში მყოფი “სატყეო რეფორმების” განხორციელების შემთხვევაში, ახლად შექმნილ სახელმწიფო შპს “საქართველოს ტყეებს” გადაეცემა (შესაძლებელია ქონების სახით) ქვეყნის ტყის რესურსები და ექსკლუზიული უფლება ხე-ტყის დამზადება-რეალიზაციაზე; საბაზრო პრინციპების საწინააღმდეგოდ _ პროდუქციაზე ფასების დადგენა და მხოლოდ ამ გზით მიღებული მოგებით ტყის დაცვა-კვლავწარმოების განხორციელდება; ე.ი. იქნება მოგება: განაწილდება დივიდენდები, შესრულდება ტყეების დაცვა და აღდგენა. არ იქნება საკმარისი მოგება, “ტყის რესურსების მეტი რაა საქართველოში?”, და აგუგუნდება მთის, ისედაც მომსპარ და მიუვალ ტყეებში ბენზოხერხები, მორსათრევი ტრაქტორები და მძიმეტონიანი მორსაზიდი ავტომანქანები, ან დაუცველი დარჩება კორომები და გაუშენებელი ტყე. მით უმეტეს, რომ დაგეგმილია 1 მლნ კბმ დამზადებული ხე-ტყით 3 მლნ კბმ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მათ შორის 2,5 მლნ საშეშე მერქანზე. როგორ? ვკითხოთ ავტორებს.
მიუღებელია სატყეო რეფორმები განვითარების ხანგრძლივვადიანი კონცეფციის გარეშე, პრიმიტიულად გათვლილი არარეალურ მონაცემებზე, დაფუძნებული 4-წლიან ბიზნესგეგმაზე, სადაც საერთოდ არ ჩანს, და არც შეიძლება გამოჩნდეს ტყის რესურსების მაჩვენებლების ცვალებადობის დადებითი ან უარყოფითი ტენდენციები. მაშინ ისმება კითხვა, ვის ინტერესებშია დაგეგმილი სატყეო რეფორმები? რას მიიღებს ტყის რესურსების კანონიერი მესაკუთრე _ საზოგადოება: მეტი რაოდენობისა და იაფფასიან საქმიან ან საშეშე მერქანს? თუ უფრო დაცულ და მოვლილ ტყეებს? ახალნაშენ ნარგაობებს? მეტყევეთა ძლიერ კორპუსს? თუმცა, ასევე გაურკვეველია დაინტერესებული პირის, თუ პირთა ჯგუფის მამოძრავებელი ინტერესები. ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
_ ანუ თქვენ ხედავთ ინტერესთა კონფლიქტს კომერციულ ჭრებსა და ტყის რესურსების დაცვის მიზნებს შორის?
_ თვალნათელია, ინტერესთა კონფლიქტი კომერციულ ჭრებსა და ტყის რესურსების დაცვისა და კვლავწარმოების მიზნებს შორის, რომელიც წარმატებით იქნა დაძლეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში.
რეფორმის ავტორებს ავიწყდებათ, რომ სატყეო პოლიტიკას აქვს პირობით ორი მხარე: პირველი დაკავშირებულია ტყეების აღდგენასთან და დაცვასთან, მეორე კი _ ტყით სარგებლობასთან. სახელმწიფოსთვის მიზნების ასეთ დიფერენციაციას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს, მათ შორის ეკონომიკურიც, რადგანაც პირველი მათგანი დაკავშირებულია ხარჯვით ნაწილთან, ხოლო მეორე შემოსავლით ნაწილთან და მათი გამიჯვნა, სახელმწიფო ტყეების მდგრადი მართვის თვალსაზრისით, საბაზრო ეკონომიკის აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, სატყეო პოლიტიკა რჩება სტაბილური დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იცვლება მხოლოდ ამოცანები, რომელთა გადაწყვეტის შემთხვევაში მიიღწევა აღნიშნული მიზნები.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმართება, ძირითადად, მსოფლიოს 4 მილიარდი ჰექტარი ტყის ფონდი, რომლის 80% სახელმწიფო საკუთრებაშია, და რომელთა დანახარჯები 1 ჰექტარ სატყეო ფართობზე, საშუალოდ, 7,5 აშშ დოლარია, ნაცვლად 4,5 შემოსავლებისა. ჩვენთან, პირიქითაა: სატყეო შემოსავლები მნიშვნელოვნად აჭარბებს დანახარჯებს, რომლებიც 1 ჰექტარზე გადაყვანით დაახლოებით 2,8 ლარის ან 1,6 აშშ დოლარის ტოლია, რაც 4,7-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე.
_ ამ მიმართულებით რა პრაქტიკულ გამოცდილებას ვერ ითვალისწინებს რეფორმატორთა გუნდი?
_ სატყეო რეფორმების გუნდისთვის არ აღმოჩნდა ცნობილი: ტყის მეურნეობის ეკონომიკური ორგანიზაციის მოდელები (სისტემები), რომელიც, როგორც წესი, ისწავლება სატყეო პროფილის სტუდენტებისთვის. კერძოდ, 90-იანი წლების რადიკალური რეფორმების პერიოდამდე, რიგ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ყოფილი გდრ) დანერგილი იყო: ტყის მეურნეობის ფინანსირება საწარმოო საქმიანობის სახსრებით (ხე-ტყის დამზადებისა და პროდუქციის რეალიზაციის ხარჯზე). სისტემა ეფუძნებოდა ტყის დაცვა-გაშენებისა და ხე-ტყის დამზადების ერთობლიობას, რომლის თვითღირებულებაში შედიოდა ორივე საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები და იფარებოდა ხე-ტყის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით.
აღნიშნული და ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის შემდგომ “ქართული სატყეო რეფორმების” მიერ შემოთავაზებულია ანალოგიური სისტემა, რომელიც რეკომენდებული იყო საბჭოთა კავშირის კომპლექსური სატყეო მეურნეობებისთვის (1957-65 წელი ლატვია), და ეფუძნება უკვე: ნაცვლად პროდუქციის თვითღირებულებაში შეტანისა, ფაქტობრივი საწარმოო დანახარჯების დაფარვას მოგებიდან. მაგრამ, პრაქტიკაში ორივე მოდელზე კატეგორიული უარი ითქვა, სამი უმთავრესი მიზეზის გამო:
პირველი _ გარემოსდაცვითი პოზიციები, ხე-ტყის დამზადების მოცულობების შემცირების საყოველთაო ტენდენციები;
მეორე _ ტყის პროდუქციის (დაცვა-გაშენება, ხე-ტყის დამზადება) თვითღირებულების სისტემატური ზრდა, რაც საბოლოოდ აისახება ხე-ტყის სარეალიზაციო ფასსა და სამომხმარებლო კალათაზე;
მესამე _ ყველა შემთხვევაში, სატყეო მრეწველობაზე, როგორც მოგების მომტანი სექტორის ინტერესებზე უცილობელი და პრიორიტეტული უპირატესობის მინიჭება, შედეგად სატყეო-სამეურნეო საქმიანობაზე, მათ შორის ტყეების ფიზიკურ, ხანძრებისგან და მავნებელ-დაავადებებისგან დაცვაზე, დამხმარე როლის მიკუთვნება.
_ რატომ მოხდა სატყეო დოკუმენტების ასეთ შეუსაბამობაში მოყვანა.
_ ხაზს ვუსვამთ, რომ ლაპარაკია სატყეო დარგის განვითარებისა და ფუნქციონირების უმთავრეს ორ დოკუმენტზე: “სატყეო პოლიტიკაზე” და “სატყეო რეფორმებზე”, რომლებიც სპეციფიკური, პრაქტიკული, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების სატყეო დოკუმენტებია. ელემენტარულად, მათი შედგენა და შემდგომში განხორციელება მეტყევეთა უშუალო, უპირატესი და ორგანული პრეროგატივა, მოვალეობაა. საუბედუროდ, მეტყევე სპეციალისტთა, მათ შორის მაღალკვალიფიცირებულ მეცნიერთა კორპუსის აზრი, სატყეო საქმიანობის არც ერთ სფეროში, ამჟამადაც არ აღმოჩნდა საჭირო. განვითარება ვერ ჰპოვა კოალიცია “ქართული ოცნების” გარემოსდაცვითი საპროგრამო კონცეფციის ფარგლებში, იმ ძნელ და რეპრესიულ პერიოდში შესრულებულმა სამუშაოებმაც.
ამგვარად, სატყეო დარგი, რომელიც ყველა დონეზე კატასტროფის წინაშეა, და როგორც არასოდეს, სჭირდება მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესების, უფრო სწორად, კრიზისიდან ეტაპობრივი გამოყვანის სახელმწიფო პოლიტიკა, განვითარების კონცეფცია და შესაბამისი რეფორმები. ნაცვლად, მივიღეთ ყოველგვარ ინოვაციასა და სიახლეს მოკლებული, საქართველოს ტყეების არმცოდნე უცხოელი, და იგივე დონეზე მყოფი ადგილობრივი გარემოს დამცველი ორგანიზაციისა და მათი ექსპერტთა ხედვების ან ვარაუდების თხზულებები.
_ ეს შემთხვევითი პროცესია?
_ არა. სახელმწიფო სატყეო ორგანოები მეთოდურად იხსნიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, იმყოფებიან “თბილად მოკალათებულნი” ბიუჯეტის კმაყოფაზე და ხელში შეჰყურებენ სატყეო-სამეურნეო საქმიანობასთან არც პროფესიულად და არც პრაქტიკულად არაფრით დაკავშირებულ არასამთავრობო, რიგი ფავორიტი ორგანიზაციების სატყეოს საკანონმდებლო და პროგრამულ მოღვაწეობას. მეტად საეჭვოა ამ ორგანიზაციების დაფინანსების პრიორიტეტობა, წახნაგოვანი თემატიკა და პროფესიონალიზმი. რაც მნიშვნელოვანია, მათ არ გააჩნიათ არავითარი პასუხისმგებლობა არც სახელმწიფო და არც სამეცნიერო ორგანიზაციების მიმართ. დაუზუსტებელი ცნობით, სატყეო მეურნეობის სფეროში დაბანდებულია 27 მლნ აშშ დოლარი, საიდანაც 22 ან საზღვარგარეთის ფონდების გრანტებია და ის ყოველგვარი განჭვრეტის გარეშე, მხოლოდ გარემოსდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება: უნაყოფო და ძვირადღირებულ შეხვედრებზე, სადაც მეტყევე სპეციალისტების მოწვევით მონაწილეობა მინიმალურია, შესაბამისად, გადაწყვეტილებებში მათი აზრი გაუთვალისწინებელი რჩება; აგრეთვე, არაფრისმომცემ, დაბალი კვალიფიკაციის კვლევებსა და მათ გაპიარებაზე. მაშინ, როცა დარგის პირველი რიგის ამოცანა: ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა-შეფასება, სათანადოდ არ არის დაფინანსებული.
_ საინტერესოა, რა პოზიციები აქვს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს?
_ საგულისხმოა, რომ ტყის რესურსებისადმი დიდი ინტერესის მქონე ქვეყნის გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო, რომელიც აქტიურად აპიარებდა “სატყეო პოლიტიკის” დოკუმენტს, ამჟამად დუმილს ამჯობინებს, რაც ლოგიკურია: ის სატყეო რეფორმების მიღმა აღმოჩნდა, რამდენადაც იკარგება მისი, როგორც ქვეყნის ტყეების მდგრადი მართვის მთავარი “მოთამაშის” ფუნქციები.
სამაგიეროდ, მონოპოლიის როლში ყოფნას ამჯობინებს სატყეო სააგენტო, რომელიც თავს აღწევს სამინისტროს, შესაბამისად, სახელმწიფო გარემოსდაცვით “კლანჭებს”, იღებს სრულ კომერციულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ტყის რესურსების ათვისების სფეროში. კატასტროფის ტოლფასია, თუ ამ რეფორმების ინიციატორები, მკაცრი კონკურსის წესით სახელდახელოდ შერჩეული მეტყევე-სპეციალისტები, სახელმწიფო მოხელეები არიან. ვინ, თუ არა მათ, უნდა იცოდნენ, ასეთი ნაბიჯების მიუღებლობა და რომ სატყეო მეურნეობის დარგი ძალზე სენსეტიურია, ამგვარი რადიკალური გარდაქმნების მიმართ.
_ რა განაპირობებს სატყეო დარგში გარდაქმნების აუცილებლობას?
_ დღეს, უკვე ყველასთვის თვალნათელია, ტყის მეურნეობის მართვის ინსტიტუციონალური მოწყობის არაეფექტიანობა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ტყის რესურსების არსებულ სავალალო მდგომარეობას. მიუღებელია გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში სატყეო სააგენტოს არსებული ფორმით ფუნქციონირება, ტერიტორიული სატყეო მეურნეობების ქსელის არარსებობის პირობებში, რასაც საერთო არაფერი აქვს შემოთავაზებულ მოდელთან. ამავე დროს, ეჭვს არ იწვევს, ახალი მეთოდოლოგიით, მეტყევე-მეცნიერთა და სპეციალისტთა გუნდით, სატყეო რეფორმების თვისობრივად ახალი კონცეფციის მექანიზმების დამუშავების აუცილებლობა. რასაკვირველია, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, საქართველოს სატყეო დარგის ფუნქციონირების თავისებურებები და ევროპის ქვეყნებში მისი განვითარების ტენდენციები.
_ როგორ წარმოგიდგენიათ დარგის განვითარების კონცეფცია.
_ ჩვენი თვალსაზრისით, სატყეო რეფორმები, დარგის ხანგრძლივვადიანი კონცეფციის საფუძველზე უნდა ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განვითარების სამ სცენარს: დაჩქარებულს, ზომიერსა და ინოვაციურს. დაჩქარებული სცენარი ეფუძნება სატყეო დარგში ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილი უმძიმესი ვითარების უსწრაფეს გამოსწორებას, გასული საუკეთესო წლების ტენდენციების გათვალისწინებით. ზომიერი სცენარი, თავისი ბუნებით, გარდამავალია დაჩქარებულიდან ინოვაციურ განვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ხელსაყრელ ალტერნატივას და გულისხმობს შედარებით მაღალ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, ტყის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფო მხარდაჭერის ზომებს, სატყეო პროდუქციის ეფექტიანი მოხმარების სტიმულირებას, საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის სრულყოფას, ხე-ტყის ღრმა გადამუშავების წილის გაზრდას, წინა ორი ათწლეულის ჩამორჩენის დაძლევას ინოვაციებისა და გარღვევითი ტექნოლოგიების გზით 2030 წლამდე.
სატყეო დარგის გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმირებისას საკუთრებას სატყეო მიწების ფონდზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. ტყის პრივატიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, მასშტაბები არ უნდა გახდეს რომელიმე დირექტიული დაგეგმვის ობიექტი და განხორციელდეს სახელმწიფოს, მოსახლეობისა და კერძო ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, დაამტკიცოს თავისი უპირატესობა საკუთრების სხვა ფორმების მიმართ.
_ რას ისურვებდით?
_ პირველ რიგში, იმედს გამოვთქვამთ, რომ სატყეო სააგენტოს ეყოფა გონიერება, დროულად მოხსნას განხილვიდან წარმოდგენილი დოკუმენტი და შეუდგეს სატყეო დარგის ხანგრძლივვადიანი განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციის დამუშავებას, სადაც გამოიკვეთება გადაუდებელი სატყეო რეფორმები. ხოლო საზოგადოების ფართო წრესა და იმ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებს, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ ხეთა უსისტემო ჭრას “ასათიანზე”, “კუს ტბასა” და “ვაკის პარკში” და ა.შ., დროულად გააქტიურდნენ, რადგან შეიძლება სრული განადგურების საფრთხეში აღმოჩნდეს არა ერთეული ხეები, არამედ მთლიანობაში ქვეყნის საუკუნოვანი ტყეების მომავალი.
გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |