|
სექტემბრის ნატოს სამიტზე ისტორია არ უნდა განმეორდეს
სახეზეა XXI საუკუნის ახალი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის კონტურები
“პრემიერს” ესაუბრა დემოკრატიის განვითარებისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე დავით ტაბატაძე:
_ დავით, რა არის დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევა?
_ დავიწყოთ იმით, რომ დღეისთვის საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ევროკავშირში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ამჟამინდელ “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას” ჩაანაცვლებს და, ასევე, სექტემბრის ნატოს სამიტზე მაპ-ის მიღება, რომელიც საქართველო-დასავლეთის ურთიერთობებს ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ამ პროცესის შემაფერხებელი მთავარი საფრთხე არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომლის პოლიტიკური ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ერთადერთ მაინტეგრირებელ ფაქტორად რჩება. რუსეთის სურვილი საკუთარი პოლიტიკური დომინაციის აღდგენისა სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და მთლიანად დემოკრატიულ დასავლეთს. იმისთვის, რომ სწორი პასუხი გაეცეს ამ გამოწვევებს, შევძლოთ სადღეისო თუ სამომავლო საფრთხეების ანალიზი, პროგნოზირება და დამცავი პრევენციული ზომების გათვლა, უპირველეს ყოვლისა, საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული ჩვენი პრობლემური მეზობლის პოლიტიკური დოქტრინა, ლიდერთა მენტალობა, რუსების ეთნოფსიქოლოგია და ა.შ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში მუდამ უნდა იყოს რუსეთში მიმდინარე პროცესებისა და მოსალოდნელ ცვლილებათა ობიექტური სურათი, რათა საქართველოსთან ურთიერთობაში რუსეთის ხელისუფლების ნებისმიერი აქცია თბილისისთვის სიურპრიზად არ იქცეს და საქართველოს პოსტფაქტუმ მოქმედება არ მოუწიოს. ობიექტური სურათის ანალიზი შესაძლებელს გახდის, თავი დავაღწიოთ ილუზიებსა და შეცდომებს. მომავალი იმედგაცრუების გამოსარიცხად უნდა განვსაზღვროთ საკუთარი შესაძლებლობებიც და გარედან დახმარების მოცულობაც. საჭიროა სწორი გათვლები დასავლეთის მხარდაჭერის მასშტაბებსა და შესაძლებლობებზე.
_ რუსეთის პოლიტიკური ამბიციები ახსენე და მინდა აღვნიშნო, რომ ეს უკვე ამბიციები არ არის, ეს უკვე ამ ამბიციების განხორციელების გზაა, 2008 წელი, ახლა უკრაინა და ა.შ. როგორ აისახება ეს ყველაფერი დანარჩენ მსოფლიოზე?
_ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორად განსაზღვრული და შეფასებული უნდა იქნეს რუსეთის, როგორც ახალი გეოპოლიტიკური მსოფლიო მოთამაშის, როლი გლობალური პოლიტიკის არენაზე და დასავლეთთან მისი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი და მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ამჟამად რუსეთი მიზნად ისახავს იმპერიული კურსის ნაწილობრივ მოდერნიზაციას, ახლებურ მიდგომებს, მცდელობას, გახდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემის მთავარი არქიტექტორი, ქმედებებს, რომლებიც პოლიტიკის თეორიაში “რბილი ძალის” სახელითაა ცნობილი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ “რბილ ძალას” _ ზეგავლენის არაძალისმიერ მექანიზმებს _ რუსეთი მხოლოდ დასავლეთთან მიმართებით იყენებს.
_ “რბილ ძალაში” რას გულისხმობთ?
_ “რბილი ძალის” კონცეფციის ავტორია ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ნაი, რომელმაც თავის ნაშრომში “რბილი ძალა _ მსოფლიო პოლიტიკაში მიზნის მიღწევის საშუალება” (გამოაქვეყნა 2004 წელს) წამოაყენა ახალი მიდგომა თანამედროვე საგარეო ურთიერთობებში. ეს თეორია ემიჯნება “უხეში ძალის” თეორიას. ის დაფუძნებულია იძულებისა და ზეწოლის მექანიზმზე და სასურველი მიზნის მისაღწევად აქცენტს აკეთებს თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ რესურსებზე. “რბილი ძალის” კონცეფციის პრაქტიკული რეალიზაცია აქტიურად დაიწყო აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მისი “გადატვირთვის პოლიტიკა” არის “რბილი ძალის” პოლიტიკის განხორციელების კლასიკური ნიმუში.
რუსეთიც ცდილობს, არ ჩამორჩეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც ფარულ დაპირისპირებას კვლავ აგრძელებს. “რბილი ძალის” რეალიზაციის მიზნით, მოსკოვი იყენებს სახელმწიფო სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს, მედიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფონდებს, ცნობილ სახეებს, მეცნიერებს, ექსპერტებს, უცხოეთში სახელგანთქმულ პიროვნებებს, ემიგრაციასა და ე.წ. “მეხუთე კოლონას”. მან ეს მექანიზმი დაამუშავა სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში, გამოიყენა ბალტიის რესპუბლიკებსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. აქ განხორციელებული “რბილი ძალის” პოლიტიკა შეზავებულია ძველ ძალისმიერ მიდგომასთან. რუსეთის გაკეთილშობილების ეს მცდელობაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ კრახით დამთავრდა. დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთი ნაკლებად ძალისმიერ მიდგომებს იყენებს.
რუსული “რბილი ძალის” პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტია რუსეთის საგარეო პოლიტიკის “ჰუმანიტარული მიმართულება”, რომელიც დაკავშირებულია უცხოეთში რუსეთის ინტერესებისა და ერთა თვითგამორკვევის უფლებათა დაცვასთან. მოსკოვი სამხედრო ოპერაციების განხორციელების დროს ყოველთვის აპელირებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ჰუმანიტარული მოტივაციით. ასევე, ერთ-ერთი კომპონენტია სხვა ქვეყნების შინაგან პროცესებზე ზეგავლენის ტაქტიკა, რომელიც გამოიხატება ხელისუფლებაში კანონიერი გზით პრორუსული ძალების მოსვლით. ეს ტექნოლოგია, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენება, რამაც უკვე გამოკვეთა გარკვეული შედეგები. რუსული “რბილი ძალის” კონცეპტი ეფუძნება “ველიკორუსულ ფასეულობებს”, “ტრადიციების დაცვას”, რომელიც გაზავებულია რუსული ნაციონალიზმითა და მესიანიზმით და მათი გაკეთილშობილების ახალი მცდელობაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანტისემიტიზმი და ანტივესტერნიზმი, რამდენადაც “ტრადიციების დაკარგვა” ებრაელების ან დასავლეთის კულტურული ზეგავლენის შედეგად აღიქმება; და ასევე _ ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტიევროპული განწყობების შესაქმნელად და რუსეთის გარშემო მათ დასაზვერავად გამოიყენება. მართლაც, ჰომოსექსუალისტობის თემა, კრემლის “ტრადიციონალისტური” იდეოლოგიის წყალობით, საზოგადოებრივი ყურადღების ეპიცენტრში მოექცა თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა სექსუალური უმცირესობების სტატუსის თემას ევროპული ქვეყნების საჯარო დისკურსებში არცთუ იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც ამის წარმოჩენას კრემლი ცდილობს. პუტინის რუსეთის იდეოლოგიურ ფასადს ზოგიერთი მეცნიერი, ძირითადად, ანტიგლობალისტები და ნაციონალისტები ჩვენშიც და დასავლეთშიც, სინამდვილედ აღიქვამს. ამ წრეებში პუტინი განიხილება დასავლური ლიბერალიზმის ალტერნატივად.
_ გამოდის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთი სერიოზული და გავლენიანი მოთამაშე ხდება, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს წესრიგი?
_ სახეზეა XXI საუკუნის ახალი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის კონტურები, რომლებშიც რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი გლობალური მოთამაშე ხდება. ამიტომაც დღესდღეობით საქართველო კვლავ რჩება რუსეთის მხრიდან რეალური პრეტენზიების სამიზნედ და პერმანენტულ რეჟიმში უნდა ველოდოთ ახალ-ახალ გამოწვევებსა და შემოტევებს რეალური სუვერენიტეტის ხელყოფის ჭრილში, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენების შემდგომ. ამიტომაც, რაც უნდა რთული მისაღწევი იყოს, ქართულმა დიპლომატიამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამომავლო რეალობა, როდესაც ნებისმიერი კონფლიქტის დროს საქართველო რუსეთთან პირისპირ არ აღმოჩნდება მოვლენათა მოსალოდნელი თუ მოულოდნელი სცენარების განვითარების შემთხვევაშიც კი. ამასთანავე, აუცილებელია უცხოელ მოკავშირეთა რეალური ზეგავლენის მასშტაბების განსაზღვრა რუსეთთან მოსალოდნელი აგრესიის ნეიტრალიზების თვალსაზრისით.
_ როგორც რუსი, ასევე ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა დაიწყოს “სუფთა ფურცლიდან”, შენ როგორ აფასებ?
_ გრძელვადიან და არა საშუალოვადიან გათვლებში, ალბათ, მცდარი იქნება “სუფთა ფურცლიდან” რუსეთთან ურთიერთობების პროგნოზირება. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობისას ამოსავალი პოსტულატები უნდა იყოს პრაგმატიზმი და ზომიერება, რომელიც, მონტესკიეს თუ დავესესხებით, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი სიქველეა, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, რადგან საქართველოს არა აქვს დიდი ხნის ლოდინისა და კუს ნაბიჯით სიარულის ფუფუნება. უნდა მოხდეს მოსკოვიდან მომდინარე ყველა შესაძლო რისკის ანალიზი. რუსეთი ზეწოლის საკმაოდ ბევრ და მრავალფეროვან არსენალს ფლობს, ამიტომ საჭიროა თითოეული მათგანის გათვლა და მის ასაცილებლად შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება.
_ საინტერესოა, რა ზომები უნდა მივიღოთ?
_ რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ ყირიმის მოვლენებმა, “დომინოს თეორიის” მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლოს. ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, მოვლენებს დავასწროთ და მივიღოთ პრევენციული ზომები, რომელთა თანახმადაც რუსეთმა თავისი კოზირი _ ერთა თვითგამორკვევის საერთაშორისო სამართლის პრინციპით აპელირება _ ვერ გამოიყენოს. მით უმეტეს, მსოფლიოში არსებობს ასეთი მიდგომის პრეცედენტი, კერძოდ: კანადის ფედერალურმა მთავრობამ 1998 წელს მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს კვებეკის ცალმხრივად გამოყოფის ლეგიტიმურობის განსასაზღვრად. სასამართლომ დაადგინა, რომ, კანადის კანონმდებლობის მიხედვით, კვებეკს არა აქვს ცალმხრივად გამოყოფის უფლება და დაადასტურა, რომ უკანონო გზით განხორციელებული სეცესიის დაკანონება შეუძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ამ შემთხვევაში ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა ვერ დადგება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სახელმწიფოს რომელიმე შემადგენელი ნაწილის აღიარება.
უნდა ვიფიქროთ, რომ ესპანეთში, შექმნილი პოლიტიკური ანალიზის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ასეთივე წესით მოხდეს მსჯელობა კატალონიის თაობაზე. დასანანია, რომ დღემდე არც ჩვენთან უმსჯელიათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მით უმეტეს, რომ ასეთ აკრძალვებს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობაც ითვალისწინებს. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ დღეს მაინც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომლებიც, ძირითადად, არაქართული მოსახლეობითაა დასახლებული, რათა მოსკოვის სამომავლო პროვოკაციებს ზურგს არ უმაგრებდეს პოლიტიკურ-სამართლებრივი ბაზის არასრულყოფილება.
_ ამ ეტაპზე გადაუდებელ და სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანად საქართველოს საგარეო მიმართულება და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია სახელდება.…
_ დიახ, რა თქმა უნდა, სამომავლო გათვლებსა და პერსპექტივებში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის გადაუდებელ და სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანად გვესახება ჩვენი საგარეო პოლიტიკის გააქტიურება ევროპის წამყვან ქვეყნებთან, განსაკუთრებით, საფრანგეთთან და გერმანიასთან, მით უფრო, რომ ეს ორი ქვეყანა იყო მაპ-ის დაბლოკვის ავტორი. ამიტომ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან. საფრანგეთთან მიმართებით აბსოლუტურად სწორი გათვლაა ჩვენი ჯარისკაცების ცენტრალურ აფრიკაში გაგზავნა, მაგრამ რაც შეეხება ევროპის პირველ მევიოლინეს _ გერმანიას _ მასთან საქართველოს საკმაოდ მშრალი და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. აუცილებელია ამ ურთიერთობების მეტი დათბობა, ლობისტური, პიროვნული თუ სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენება, რათა სექტემბრის ნატოს სამიტზე ისტორია არ განმეორდეს.
_ საუბრობდნენ, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა კონკრეტულად რა სახის ზეწოლა შეიძლებოდა ყოფილიყო, არ თქმულა. შენი აზრით, რა ზეწოლაა მოსალოდნელი?
_ საქართველოზე რუსეთის ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები. თავის დროზე ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა 80%-იანმა მაჩვენებელმა ზედმეტი თავდაჯერებულობის ატმოსფერო შექმნა. ალიანსში გაწევრიანებაზე საზოგადოება ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა და ამიტომაც, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, დიდ მოლოდინს დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. პირველივე სერიოზულ წინააღმდეგობაზე, ბუქარესტის სამიტზე, მოხდა ილუზიების ჩანაცვლება იმედგაცრუებით. ამ ფონზე ძალიან გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, რომლებიც პრორუსულ პროპაგანდას ჯერჯერობით ღიად ვერ ბედავენ, მაგრამ იმავე მიზანს დასავლეთისა და მისი ფასეულობების კრიტიკით აღწევენ. დღეს პროდასავლური ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა კომპონენტი დარტყმის ქვეშაა. ამიტომაც აუცილებლად მიგვაჩნია თავისებური საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობაში, რათა გარკვეულ წინააღმდეგობებსა და მოსალოდნელ პროვოკაციებს ილუზიების ჩანაცვლება და იმედგაცრუება არ მოჰყვეს. თბილისში ფართო საზოგადოების მონაწილეობით უნდა მოეწყოს არაერთი დისკურსი, სამეცნიერო კონფერენცია თუ სხვა სახის ღონისძიება, რომლებზეც სერიოზული მეცნიერული კვლევა იქნება ჩატარებული თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოში არსებული დილემებისა და გამოწვევების თაობაზე.
ლაშა ნოდია გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |