|
ამერიკამ ყირიმი “პუტლერს” ჩააბარა; დასავლეთი, ეგზისტენციური საფრთხე და გეოპოლიტიკური ვაჭრობა; წიკლაურის “დაპადიეზდება”; თათუხაშვილის იდუმალი ოპერაცია.
არ გვეშვება ყირიმი და უკრაინა. ვერც ჩვენ მოვეშვებით, რადგან მოდელი, რომელიც იქ ხორციელდება, საქართველოსთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა. არა მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯებითა და ტექნოლოგიით, რასაც რუსეთი ახორციელებს, არამედ დასავლეთის სრული უუნარობითა და უმწეობით.
ეს მეორე ფაქტორი არანაკლებ (თუ მეტად არა) საბედისწეროა, ვიდრე ხსენებული “ტექნოლოგია”, რადგან თბილისი-ქუთაისის ტრასასთან ავისმომასწავებლად მოახლოებულ ოსურ ტრაფარეტებს რომც არ მივაქციოთ ყურადღება, ანუ ზაფხულში, ბათუმისკენ მქროლავი მანქანიდან მარჯვნივ საერთოდაც რომ არ გავიხედოთ, იქ პროვოკაციის მოწყობა იოლი ტექნიკის საქმეა. ბევრად იოლისა, ვიდრე კიევის მაიდანზე, სადაც, როგორც ახლა ირკვევა, რუსული ФСБ-ს მომზადებული სნაიპერები ისროდნენ ორივე მხარეს.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ოსებისთვის სროლა არც დასჭირდებათ: საქართველოს სიძულვილი ისედაც მათი იდენტობაა _ საქართველო რომ არ სძულდეთ, “ნამდვილ ოსებადაც” აღარ ჩაითვლებიან.
ერთადერთი, რამაც ეს უბედურება და საბოლოო დამხობა შეიძლება აგვაცილოს თავიდან, დასავლეთის (ევროპისა და ამერიკის) მტკიცე პოზიციაა. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო პრინციპულ საკითხში რომ არ ამჟღავნებენ ამგვარ სიმტკიცეს? ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, რომ ამერიკული დიპლომატია “ნაწილ-ნაწილ ჩაბარების” ტექნოლოგიას მიმართავს, როდესაც მოსკოვთან მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც რეალისტურად მიაჩნია და ხელი აქვს ჩაქნეული პრინციპულ, ღირებულებით საკითხებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მკაფიო მაგალითია ლავროვ-კერის შეხვედრა პარიზში. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებია, ძალიან სუსტი სახელმწიფო მდივნები ჰყავს ამერიკას: ჰილარი კლინტონიც და ჯონ კერიც უფრო შიდაპოლიტიკური, ანუ შიდაამერიკული დისკურსის პოლიტიკოსები არიან და არა დიპლომატები. ამიტომ ბრწყინვალე პროფესიონალ დიპლომატს, სერგეი ოვანესის ძე ლავროვს ისინი ლუკმადაც არ ეყო.
პარიზშიც იგივე მოხდა: რუსულმა დიპლომატიამ დიდოსტატურად გადაიტანა თემა ყირიმიდან აღმოსავლეთ უკრაინაზე და ამერიკელებს მისცა საშუალება, საკუთარ გამარჯვებად გამოეცხადებინათ მოსკოვის “დიდსულოვანი” თანხმობა, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებიდან.
ესაა გამარჯვება და ამერიკის როლი? იმ ამერიკისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის მთავარი გარანტორი და კონტრიბუტორი იყო?
კი, მაგრამ ყირიმი? ყირიმი კერის საერთოდ არ უხსენებია! ჰოდა, როგორ გინდა შეეკამათო იმ რუს ანალიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ “ამერიკამ ყირიმზე უკვე ხელი ჩაიქნია?” დიახ, ჩაიქნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე ჩაიქნია ხელი საერთაშორისო სამართალსა და საკუთარ გლობალურ სტატუსზე.
“ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ პოსტამერიკულ მსოფლიოში ვცხოვრობთ”, – განაცხადა სერგეი ოვანესის ძემ 2008 წლის 14 აგვისტოს. აბსოლუტურად მართალი გამოდგა, რაკი ამერიკის დეკადანსსა და ძველი დიდების დაჭკნობას გულისხმობდა. თუმცა... მთელი მისი ოჯახი _ ცოლი, შვილები, შვილიშვილები სწორედ იმ “დაცემულ და დეგრადირებულ” ამერიკაში ცხოვრობენ და არა “აღმავალ და ბედნიერ” რუსეთში!
და მაინც, მართალია ლავროვი, თუკი ამერიკის სახელმწიფოს, ასეთი შეურაცხყოფის პასუხად, იმის შნოც აღარ აქვს, “მათ და მათნაირებს” ვიზები მაინც აღარ მისცეს და ამერიკიდან გააპანღუროს.
ყირიმზე მართლა აღარავინ ლაპარაკობს: ამერიკა და ევროპა, შეიძლება ითქვას, შეურიგდნენ, რომ ის აღარასოდეს დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში და (ვიმეორებ) უდიდეს წარმატებად მიიჩნევენ, თუკი მოსკოვი ამ ზღვარზე მაინც შეაჩერეს. თუმცა, ესეც პრობლემატურია: პუტინი პირდაპირ იმუქრება: თუ უკრაინა განაგრძობს დნესტრისპირეთის (მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის) ბლოკადას, მაშინ მოსკოვი ყველაფერზე წავა და შეეცდება, სამხრეთ უკრაინა დაიპყროს, რათა დნესტრისპირეთისკენ გზა გაჭრას.
უზუსტესი ისტორიული ანალოგიაა იმისა, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ხდებოდა: ჰიტლერმა ჯერ ავსტრია შემოიერთა, შემდეგ ჩეხეთის “სუდეთის ოლქი”, სადაც ეთნიკური გერმანელები ცხოვრობდნენ. მერე პოლონეთს წაუყენა ულტიმატუმი: აღმოსავლეთ პრუსიასთან დამაკავშირებელი კორიდორის გაჭრის შესახებ პოლონური ტერიტორიის გავლით და როცა უარი მიიღო, მთელი პოლონეთიც დაიპყრო.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ევროპა (ამერიკას კიდევ რამდენიმე წელი ეძინა) და გერმანიას “უცნაური ომი” გამოუცხადა _ საომარი მოქმედებების გარეშე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი, ნევილ ჩემბერლენის ნაცვლად, უინსტონ ჩერჩილი გახდა.
ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მაშინ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მოქმედებდა:
1) სისტემური შეუთავსებლობა დასავლურ და რუსულ-კომუნისტურ სისტემებს შორის;
2) ეგზისტენციური საფრთხე ნაცისტური გერმანიისგან.
ამიტომ, ინგლისელებიც და ფრანგებიც შეურიგებელნი იყვნენ.
დღეს მოსკოვის “ძველი იმპერიის” აღდგენა არ აღიქმება ეგზისტენციურ საფრთხედ, რაკი, ჯერ ერთი, უკრაინაც, საქართველოც და სხვა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებიც (“მინუს ბალტია”), არაფორმალურად, კრემლის გავლენის სფეროდ აღიქმება და, რაც მთავარია, აღარ არსებობს სისტემური შეუთავსებლობა, ანუ იდეოლოგიური სხვაობა რუსეთსა და დასავლეთს შორის: რუსებიც კაპიტალიზმს აშენებენ. თან მისი ყველაზე ველური ფორმით! ამდენად, ისეთივე კაპიტალისტები არიან, როგორც მათი დასავლელი კოლეგები და, ამ თვალსაზრისით, დასავლურ სისტემას თითქოს საფრთხეს არ უქმნიან _ ევროპაში კომუნიზმის დამყარებას აღარ აპირებენ.
აქედან გამომდინარე, არ არის შემთხვევითი, თუკი ევროპა უფრო რბილად რეაგირებს, ხოლო ზესახელმწიფოებრიობის პრეტენზიის მქონე ამერიკა მაინც ცდილობს, გეოპოლიტიკური თამაში წამოიწყოს. ოღონდ ისე, რომ საკუთარ ჯარისკაცებსა და მოქალაქეთა კომფორტს რეალური საფრთხე არ შეუქმნას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბარაკ ობამა გასულ კვირას საუდის არაბეთის მეფეს შეხვდა. საუბრის თემა ყველასთვის ნათელია, თუმცა ერ-რიადის რეზიდენციიდან ბუზი ვერ გამოფრინდებოდა: ამერიკა საუდიტებს სთავაზობს ზუსტად ისეთივე გლობალური ოპერაციის განხორციელებას, როგორც 1985 წელს, როცა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო: მაშინ საუდის არაბეთმა, ამერიკის თხოვნით, სამჯერ გაზარდა ნავთობის მოპოვება, რამაც მსოფლიო ბაზარზე ფასთა კატასტროფული ვარდნა გამოიწვია: მოსკოვი 8 დოლარად(!!!) ძლივს ყიდდა ბარელ ნავთობს და... იმპერიაც ჩამოიშალა.
შეიძლება თუ არა, დღესაც მოხდეს იგივე? თეორიულად შესაძლებელია: სანაცვლოდ, საუდიტები სირიელი მუსლიმანებისთვის “სტინგერთა” მიწოდებას მოითხოვენ, ამაზე ისრაელი აყვირდება, მაგრამ ეს პრობლემა ამერიკამ, ასე თუ ისე, კიდევ შეიძლება “დაალაგოს”. მთავარია, პუტინის მოთოკვა და მისთვის “მისი ადგილის” მიჩენა: რუსეთის ბიუჯეტი 100 დოლარზეა გათვლილი. საკმარისია 50 დოლარამდე დაეცეს ბარელი ნავთობის ფასი და “პუტლერის სახელმწიფო” 2-3 წელიწადში ჩამოიშლება.
მაინც რისკია, რაკი არავინ იცის, რას მოიმოქმედებს გაავებული, ჩიხში მიმწყვდეული პუტინი. ეყოფა კი ამერიკის დღევანდელ ისტებლიშმენტს, განსაკუთრებით მის სოციალისტ და, შავკანიანობის გამო დაკომპლექსებულ პრეზიდენტს, ნობელის მშვიდობის პრემიით საცოდავად გაამაყებულ ბარაკ ჰუსეინ ობამას, იმის შნო და ნება, ესოდენ თამამად იმოქმედოს და “ვა-ბანკზე” წავიდეს, როგორც დიდი რონალდ რეიგანი წავიდა?
თუ არადა, გაიმარჯვებს შეხედულება, რომელიც დღენიადაგ გამოსჭვივის ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკელ მოღვაწეთა განცხადებებში (ჰენრი კისინჯერის, ზბიგნევ ბჟეზინსკის, მადლენ ოლბრაიტის და ა.შ), რომ, თუ პუტინის მიზანი “ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს” აღდგენაა (ისევ და ისევ, “მინუს ბალტია!”), ამერიკამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს და ეცადოს, პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს: დღეს ხომ რუსეთი, მისი სოციალურ-ეკონომიკური წყობით, მისი თუნდაც ველური და ოლიგარქიული, მაგრამ მაინც კაპიტალიზმით, ასე თუ ისე მაინც შეთავსებადია დასავლეთთან? სხვათა შორის, უფრო მეტად, ვიდრე ჩინეთი. ჰოდა, უნდათ ახლა რუსულ-ჩინური სტრატეგიული ბლოკი დასავლელებს? და ეს ყოველივე რისთვის _ რაღაც “ღირებულებებისა” და “პრინციპებისთვის”, რომლებიც არ იჭმევა?
ანუ ჩვენ თვალწინ ინგრევა დიადი ისტორიული მითი, რომ დასავლური ცივილიზაცია ღირებულებებს ეფუძნება. თურმე, ეს ყოველივე მხოლოდ იდეოლოგია ყოფილა.
კი ბატონო, თუ მიტინგს მოაწყობ “მაიდანზე”, ან “თავისუფლების მოედანზე”, თუ ავტორიტარიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხატს შექმნი, CNN პირდაპირ ეთერში გადასცემს “ვარდებით ზეიმს”, ჩამოვა ამერიკელი დიპლომატი (მაგალითად, კოლინ პაუელი ან ვიქტორია ნულანდი) და “მაიდანზე” პურს დაარიგებს, მაგრამ... მერე, როცა “ფერადი რევოლუციებით” გავეშებული დათვი დაგტორავს, მხრებს აიჩეჩენ, თვალს აგარიდებენ და, ვითომც აქ არაფერიაო, ისე განაგრძობენ პრაგმატულ ურთიერთობას იმავე დათვთან. თითქოს არ დაგიკარგავს “ვარდების რევოლუციის” შედეგად აფხაზეთი, შიდა ქართლი, და “მაიდანის” შედეგად _ ყირიმი.
ეს რომ სწორედ ასეა და არა სხვაგვარად, ბარაკ ობამას განცხადებაც ადასტურებს: “საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე (გზაზეც კი!) არ დგასო”. ვითომ შემთხვევითია, რომ ამ ისტორიულმა ფრაზამ სწორედ მაშინ გაიჟღერა, როდესაც რუსეთის “დასაშოშმინებლად” ყირიმი, ფაქტობრივად, ჩააბარეს? უბრალოდ, ჩვენც ზედ მიგვაყოლეს. ისე რა, სასხვათაშორისოდ, ოღონდ კი აღმოსავლეთ უკრაინაში არ დაუშვან რუსეთის შესვლა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, გლობალური ქარიშხალი სასიკვდილოდ გვეჭიდება. იმგვარად, რომ ვერ გავექცევით. FOX-ზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა: როდესაც წამყვანმა ჰკითხა, მაინც რა შეიძლება მოიმოქმედოს დასავლეთმა პუტინის შესაჩერებლადო, ჩვეული იმპულსურობით უპასუხა: “პუტინის ორივე ქალიშვილი ევროპაში (ჰოლანდიაში) ცხოვრობსო...”
ეს მართლა ძალიან საშიში განცხადებაა, რომელიც ქართველებს სისხლად და ცრემლად შეიძლება დაგვიჯდეს. ბევრ რუს კოლეგა-ჟურნალისტს უთქვამს: ის ორი გოგონა პუტინის ერთადერთი სისუსტეაო. სხვა ყველა მხრივ, მართლა ცივსისხლიანი ალიგატორია, მაგრამ ალიგატორსაც ხომ უყვარს, ალბათ, თავისი ნაშიერი? ამიტომ, მიშას ფრაზამ, როგორც ამბობენ, პირდაპირ გააცოფა და ქართველები კიდევ უფრო შეაზიზღა.
კაცმა რომ თქვას, არის რაღაც ზღვარი, რასაც მართლა არ უნდა გადახვიდე: რას ერჩი იმ პატარა მდედრ ალიგატორებს, ან საერთოდ ვინ გეკითხება _ რა, ნიდერლანდის სპეცსამსახურებმა შენზე უკეთ არ იციან, რომ პუტინის გოგონები იქ ცხოვრობენ? ფართო საზოგადოებამ რა ქნას ან რისკენ მოუწოდებ _ მიუვარდნენ და გააუპატიურონ?
ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება, სააკაშვილის დაკითხვაზე გამოძახების შესახებ, სწორედ ამ ფრაზას მოჰყვა. ირიბად, აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ ჩვენს მთავრობას (უფრო ზუსტად მის დე ფაქტო მმართველს) კვლავაც მოსკოვურ პულსზე უდევს ხელი და არ გამოეპარება მნიშვნელოვანი ძვრები კრემლის განწყობაში. მით უმეტეს, როდესაც მიშას ამ უპრეცედენტო განცხადებაზე რეაქცია მართლა ცოფმორეულია, ანუ ხელისუფლება, პროკურატურის მეშვეობით, ასე ცდილობს მისგან გამიჯვნას და პუტინის “დაშოშმინებას”. თუმცა, თვით მიშა უკვე ძალიან სერიოზულად რისკავს: მის პატარა ალიგატორებზე შეხებას გაცოფებული პუტინი არაფრით აპატიებს. და, სხვათა შორის, ყველგან მისწვდება. მათ შორის მასაჩუსეტშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რბილად გადავდივართ ჩვენს შიდაპოლიტიკურ, “პატარა ორომტრიალზე”: “საქგაზის” ყოფილმა მმართველმა, გიორგი გვიჩიანმა განაცხადა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს, იმ კორპუსს, სადაც ჟვანია და უსუპოვი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.
ძალიან სერიოზული განცხადებაა იმ აზრით, რომ თავდაყირა აყენებს ოფიციალურ ვერსიას. პროკურატურა და ხელისუფლება კი, ჟვანიას საქმის მეტისმეტი ანგაჟირების გამო, სულ უფრო ეფლობა პრობლემათა მორევში.
მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი ჩინოსნის ეს ჩვენება ეწინააღმდეგება უკლებლივ ყველა სხვა ჩვენებას, რომელიც კი საქმეში არსებობს: არა მხოლოდ მეზობლებისა, რომლებიც, პირიქით, ამბობენ, “იმ ღამეს გაზი მეტისმეტად ძლიერი წნევითაც კი იყოო”, არამედ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიასი.
დავაკვირდეთ უცნაურობას: კობა ხარშილაძემ როგორც პირველ, ასევე ყველა შემდგომ ჩვენებაში თქვა, რომ ოთახში შეღწევისთანავე მან და ძაძამიამ გამათბობელი გამორთეს. თუ გაზი არ იყო, რა გამორთეს? ხოლო თუ ტყუიან, მაშინ, გვიჩიანის ჩვენების შემდეგ, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ რატომ არ აღძრა საქმე არა სამსახურებრივი გულგრილობა-გაუფრთხილებლობის (სინამდვილეში, სწორედ გამათბობლის არშემოწმების), არამედ ყალბი ჩვენებისთვის?
ანუ პრობლემები და თავსატეხი ჟვანიას საქმეში კი არ იკლებს, მატულობს და თუ “ნაციონალები” ჭკუით მოიქცევიან, ანუ ბრიყვულად არ გააკეთებენ აქცენტს “პიკანტურ სიმართლეზე”, _ რაც სინამდვილეში არავის აინტერესებს და მხოლოდ მათვე დააზარალებს, _ ხელისუფლება ამ საქმეს პოლიტიკურად წააგებს, რადგან ქმნის მოლოდინებს, რომლებსაც შემდეგ ადეკვატურად ვერ პასუხობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასევე, ნუგზარ წიკლაურის “დაპადიეზდების” გამო: არცთუ კარგად აქვს ხელისუფლებას საქმე, რაკი მისი “სფოუქსპერსონები” უკვე ვეღარ ბედავენ იმ არგუმენტის გაჟღერებას, რომ აი... თქვენ რომ გელაშვილი სცემეთ, რატომ არ გამოიძიეთ? აღარ ჭრის ეს წამოძახება.
თვითონ რატომ არ გამოიძიეს გელაშვილის ცემის საქმე? იმიტომ, რომ იმ “სპეცდანელების” დაჭერა არ აწყობთ, რომლებმაც ბრძანება შეასრულეს და დეპუტატს, ვინც პრეზიდენტის მეუღლეს (არა მიშას, არამედ მის ცოლს) შეურაცხყოფა მიაყენა, სასტიკად გაუსწორდნენ.
ძნელად დასაჯერებელია, წიკლაური პროკურატურის ან სპეცსამსახურთა წარმომადგენლებს ეცემათ. თან ასე უნიჭოდ. თუ მართლა ასეა, ქვეყნის საქმე იმაზე ბევრად უარესად ყოფილა, ვიდრე გვეგონა. შეიძლება “ყოფილ პოლიტპატიმართაგან” იყოს ვინმე.
ანუ, თუ გახსნიან ამ საქმეს _ “ვაია” და თუ ვერა _ “უი”.
ამიტომაც სჯობდა, ყბადაღებულ “სამართლიანობის აღდგენაზე” კი არ ეკეთებინათ გაუთავებელი და მოსაყირჭებელი აქცენტი, არამედ ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე, რომლებიც, ზრდის ნაცვლად მცირდება _ ხელისუფლების სოციალურ ბაზასთან ერთად.
ასე თუ გაგრძელდა, დღეს არა, მაგრამ ხვალ-ზეგ (ესე იგი 1-2 წელიწადში) ფილოლოგებს ნამდვილად მოუწევთ მსჯელობა სხვაობაზე ქართულ “მოედანსა” და უკრაინულ “მაიდანს” შორის.
არადა, ორივე ერთი ფუძიდანაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიდევ ერთ ხმაურიან საქმეს რაც შეეხება _ მიშას დაცვის ყოფილი უფროსის, გენერალ თათუხაშვილის ვაჟის გარდაცვალების შესახებ: მართლა ბნელი ისტორიაა. კომენტატორები და ჟურნალისტები ხშირად ახსენებენ რაღაც “2007 წლის ოპერაციას კოდორში”.
რა ოპერაციაზეა ლაპარაკი? თვით კოდორში არავითარი ოპერაცია იმ დროს არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, დაახლოებით იმ პერიოდში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლა განხორციელდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც ტყვედ აიყვანეს მტრის ოთხი მებრძოლი. მათ შორის ორი აფხაზი და ორი რუსი ინსტრუქტორი.
შემდეგ, გამომდინარე ჩვენში არსებული ბრიყვული სტერეოტიპიდან (“ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე, ხოლო აფხაზები ძმებად გვეკუთვნიან”), ნაცვლად იმისა, ის ორი შეიარაღებული სეპარატისტი გაენადგურებინათ და რუსები გაეშვათ მოსკოვის გაცოფების თავიდან ასაცილებლად, პირიქით მოიქცნენ: აფხაზები გაუშვეს ძმური სიყვარულით, ხოლო რუსები შუბლში გასროლით მოკლეს.
ამას მოჰყვა ტერაქტი ბათუმში, სადაც ნაგულისხმევი სპეცდანის უფროსი რუსულმა სპეცსამსახურმა ააფეთქა და ნადირობა იმავე სპეცდანის სხვა მებრძოლებზე რუსების მხრიდან, რასაც ზოგიერთმა ვერ გაუძლო და შიშით სულიერად დაავადდა.
რებუსებით კი გვიწევს საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეთიკა მოითხოვს ასე. ხოლო გამგები გაიგებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის “მშობლიური უწყების” იმ ქვედანაყოფისთვის, რომელიც საქართველოზე “სპეციალიზდება”, შალვა თათუხაშვილი უცნობი არ იქნებოდა და მისი სიკვდილის პარაგრაფს აუცილებლად შეიტანდნენ უმაღლესი მხედართმთავრისთვის ყოველდღიურად მოსახსენებელ მნიშვნელოვან მოვლენათა ნუსხაში.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთო „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |