|
ქეთი მელუა და უკრაინის გეოპოლიტიკური კრიზისი; "იალტა-2" დიდი სამეულის აჩრდილებთან; როდის დაიწყო 21-ე საუკუნე; ვარდების სურნელი ყირიმში; სააკაშვილის დაბარება და "ხურდაში დაბრუნებული საქართველო"
სანამ პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაბარებაზე ვიმსჯელებდეთ, აუცილებელია დავხატოთ კონტექსტი, რომელიც ლამის გლობალურად გადაიჭიმა პლანეტის მთელ პალიტრაზე: CNN-FOX-ის გახშირებული ინტერვიუებით ჩვენი ქვეყნის ყოფილ ლიდერთან, აგრეთვე, ყირიმის "ანშლუსითა" და დასავლეთის სრული უმწეობით, როგორმე გამოვიდეს 1945 წლის გაზაფხულზე, კენიგსბერგში, რუსი ჯარისკაცების მიერ უსასტიკესად გაუპატიურებული გერმანელი ქალის უსასოობა-უილაჯობიდან, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა.
და მის ქვეყანასაც, როგორც ჩანს, საუკუნეობით გაჰყვება.
სწორედ ეს ქალბატონია დღეს მთავარი "მუხრუჭი", დასავლეთმა რაიმე ქმედითი გაუბედოს და "ხელი შეუბრუნოს" რუსეთს. მაგრამ ამგვარი მოქანცულობა და უსასოობა მხოლოდ ამ ისტორიული ტრავმით არ უნდა იყოს გამოწვეული. ბოლოს და ბოლოს, რუსებს ავსტრიელები და იტალიელები, მით უმეტეს ფრანგები ასე მასობრივად არ "უკვნესებიათ". მიზეზი კიდევ უფრო ღრმაა და ამის გარკვევაში ერთი ჩვენი უნიჭიერესი თანამემამულის ინტერვიუ დაგვეხმარება:
გასულ კვირას რუსულ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა საუბარი ქეითი (არა ქეთი, არამედ ინგლისურად – "ქეითი") მელუასთან. ეს გოგონა ნამდვილი ფენომენია და ასი პროცენტით ადასტურებს, რომ ქართველები მართლა გენეტიკურად ნიჭიერი ხალხი ვართ, თორემ სხვამ რატომ ვერ მიაღწია ამდენს თანამედროვე მუსიკის სამშობლოში?
კითხვაზე: "უკრაინისთვის ყირიმის წართმევის შესახებ ხომ არაფერს იტყოდითო", _ ასე პასუხობს: "ეს ინდივიდუალური საქმეა. პოლიტიკაში ბევრი არაფერი მესმის... პოლიტიკა რომ მაინტერესებდეს, წავიდოდი და პოლიტოლოგიას ვისწავლიდი... ამიტომ დუმილი ბუნებრივია... გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შავი შავია, ხოლო თეთრი – თეთრი!.."
ეს ფრაზა ადასტურებს, რომ ქეითი მელუა, მენტალურად, ნამდვილი ევროპელია. და როგორი სიამაყითაც არ უნდა აგევსოს გული ქართველ ადამიანს, როცა ბრიუსელის მეტროში ქეთი მელუას მომავალი კონცერტის რეკლამას შენიშნავ, სინამდვილეში, ის ქეითია და არა ქეთი, ანუ იმავე მენტალობის მატარებელია: დასავლური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ, ყველა გამოკითხვით, კატეგორიულად წინააღმდეგია რაიმე სერიოზული ნაბიჯებისა "რუსი დათვის" წინააღმდეგ.
განსაკუთრებით აი, ეს თეზისი: "...როცა შავი შავია, ხოლო თეთრი – თეთრი..."
ადოლფ ჰიტლერის დროსაც ასე იყო: "დაშოშმინების პოლიტიკა", "მიუნხენის გარიგება..." სანამ ჰიტლერმა ებრაელი ბავშვების დაწვა არ დაიწყო ღუმელებში, ისხდნენ სადღაც ლონდონის კაფეებში, წრუპავდნენ ყავას... "ოღონდ ჩვენ არ შეგვეხოს, ოღონდ ჩვენი წყნარი, მშვიდი, შემოქმედებითი და სიხარულის მომტანი ცხოვრების წესი არ დაირღვეს და... ალბათ, ორივე მხარე დამნაშავეა: ცხოვრება ხომ შავ-თეთრად ჯერ არ ქცეულა, პუტინს უკრაინელი ბავშვები ხომ არ დაუწვავს ყირიმში..."
ასეთ საზოგადოებაში განა გასაკვირია, რომ ჯერჯერობით ერთადერთი, რაც დასავლეთმა მოახერხა, მხოლოდ სიმბოლური სანქციები იყო: რამდენიმე ჩინოსანს (მაგრამ არა მათ შვილებსა და შვილიშვილებს) აუკრძალეს ევროპა-ამერიკაში მოგზაურობა. ისიც მხოლოდ 6 თვის ვადით. რუსულ ბანკ "როსიას" კი ოპერაციების ჩატარება შეუზღუდეს. ავუარები არ გაუყინეს – მხოლოდ გადარიცხვები და სადებეტო ბარათებით სარგებლობა. ესეც დროებით.
ამასობაში, ვლადიმერ პუტინი მტკიცედ, მიზანმიმართულად აკეთებს თავის საქმეს. ახლა ბევრს მსჯელობენ: გეგმავს თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის ანშლუსსაც – ყირიმის შემდგომ?
კითხვის ასე დასმა იმთავითვე მეტყველებს, რამდენად არაკომპეტენტურია ის ხალხი, ვისაც თანამედროვე რუსეთის ამ ძალიან ჭკვიან, ცბიერ და უკვე გამოცდილ ლიდერთან აქვს საქმე: პუტინი იმოქმედებს ურყევი კანონის შესაბამისად, რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა: ის ახლა გამოწვლილვით აკვირდება, რას იზამს დასავლეთი და თუ შეატყო, "ყურებზე ხახვსაც ვერ აჭრიან" და, იმავდროულად, უკრაინელმა ლიდერებმაც "დაჭამეს ერთმანეთი "ძალაუფლების გაყოფისას (ამის ნიშნები უკვე არის), აუცილებლად დაიკავებს დონბასს, ხარკოვსა და ოდესას.
რა და ვინ შეუშლის ხელს ნახევარმილიონიან რუსულ არმიას, რომელიც უკვე კონცენტრირებულია უკრაინის საზღვრებთან? ქეთი მელუა, ფრანგი ბურჟუები, ვენელი ბიურგერები თუ უკრაინის საცოდავი, გაძვალტყავებული, 30-ათასიანი პროფესიული არმია?
უკრაინის ხელისუფლების ბრძნული გადაწყვეტილებით, უკრაინაში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ გაუქმდა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება, არმია დააკომპლექტეს კონტრაქტორებით და ახლა უკვირთ, რატომ არ ისროლეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ყირიმში და რატომ არ დაანებეს ამით იქვე (იმავე სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში) მხცოვრები ცოლ-შვილი რუსებს გასაუპატიურებლად და ამოსაწყვეტად.
გინდოდათ პროფესიული არმია – ინებეთ: პირველ რიგში ცოლ-შვილს დაურეკავს მობილურით თბილისში, გორში, სენაკში, ზუგდიდში და ამის მიხედვით იმსჯელებს, იომოს თუ არა. განსხვავებით 20 წლის რუსი სალდათისგან, რომელსაც დასაკარგი არც არაფერი აქვს და ოჯახისგან ათასობით კილომეტრში იმყოფება.
თითქოს სხვა თემაა, მაგრამ ამაშიც მჟღავნდება, რამდენად პრიმიტიული იყო "ეროვნული მოძრაობიდან" მომავალი დისკურსი, ჩვენს პირობებში პროფესიული არმიის უპირატესობაზე – რეკრუტირებულ არმიასთან შედარებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერჯერობით კი პუტინი პირდაპირ, თავხედურად მოითხოვს იალტაში ახალი დიდი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას.
იმავე "ლივადიის სასახლეში", სადაც 1945 წელს შეიკრიბნენ იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ დელანო რუზველტი. მათ დაადგინეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი, გაიყვეს ევროპა და განსაზღვრეს მისი მომავალი ათეული წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ 1961 წლის ბერლინის დაპირისპირებამ, ან 1962 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო "კარიბის კრიზისმა" ეს წესრიგი შეარყია, ის არ დანგრეულა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა სცადა, იალტა შეენარჩუნებინა, თუმცა თვითონ გამოუთხარა მას საფუძველი კოსოვოს დამოუკიდებლობის ბრიყვული (დიახაც, ბრიყვული!), უპასუხისმგებლო აღიარებით.
ამით დაინგრა ძველი კონსტრუქცია, რომლის საფუძველი საზღვრების ურღვევობა იყო და აღორძინებულ რუსეთსაც მიეცა საშუალება, იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს, _ ესე იგი თავხედურად და უკანმოუხედავად.
"იალტა-2" კი (პუტინის თვალთახედვით) სხვა არაფერია, თუ არა აღიარება მისი უფლებისა, აღადგინოს ერთიანი დიდი მოსკოვური სახელმწიფო ფორმულით (მინუს ბალტია), რაკი ბალტიის რესპუბლიკებმა, მათდა საბედნიეროდ, შეასწრეს ნატო-ში, ევროკავშირში, იქცნენ ევროპის ორგანულ ნაწილებად, ანუ აღმოჩნდნენ რეალური "წითელი ზოლის" მიღმა.
ამ ზოლსაც გადააბიჯებს, "რამე რომ იყოს", მაგრამ არა დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე. ეს სამომავლოდ, პერსპექტივაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ საუკუნეში ბევრს კამათობდნენ, როდის დაიწყო მე-20 საუკუნე. თითქოს აქ ყველაფერი ნათელია: დაიწყო 1900 ან 1901 წელს (ასტრონომიული და მათემატიკური ინტერპრეტაციების შესაბამისად), მაგრამ ისტორიკოსები და პოლიტოლოგები თვლიან, რომ სინამდვილეში XX საუკუნის დაწყების თარიღია 1914 წლის 28 ივნისი, როდესაც სერბმა ნაციონალისტმა, გავრილო პრინციპმა, ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერც-ჰერცოგი ფრანც-ფერდინანდი მოკლა.
ამავე ისტორიული ლოგიკით, XXI საუკუნე დაიწყო 2014 წლის 21 მარტს, როცა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის ფედერაციაში ორი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ. უბრალოდ რომ ვთქვათ, დაიპყრო მეზობელი ქვეყნის ტერიტორია და (განსხვავებით კოსოვოსა და აფხაზეთისგან) მისი დამოუკიდებლობა კი არ უცნია, უბრალოდ მიიერთა!!!
ასეთი რამ ჰიტლერის შემდეგ მსოფლიოში არ მომხდარა: ახალი სახელმწიფოები კი წარმოიშობოდა, მაგრამ სხვა სახელმწიფოს მიერთება საკუთარი ტერიტორიისთვის... თუ დასავლეთი ამასაც "გადაყლაპავს", ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბრუნდება XIX საუკუნეში, როდესაც სახელმწიფოები თავის ფუნქციად ტერიტორიულ გაფართოებას მიიჩნევდნენ. საოცარი სიზუსტით მეორდება ის წინააღმდეგობები, მაგალითად, რამაც 1853-1856 წლების ყირიმის ომი განაპირობა. იმ განსხვავებით, რომ თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი რუს დათვს დღეს ვერ უბედავენ იმას, რაც მაშინ გაუბედეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაფერთან ერთად, ყირიმში "ვარდების სურნელი" ტრიალებს: იმ აზრით, რომ უბედურება, რაც უკრაინის სახელმწიფოს დაატყდა თავს, უდავოდ იმ პროცესის შედეგია, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ევროპის განთავისუფლების მესამე ტალღა" უწოდა. ის დაიწყო "ვარდების რევოლუციით" საქართველოში, გაგრძელდა პირველი მაიდნით და საბოლოოდ დასრულდა ყირიმის ანშლუსით.
რას ნიშნავს რევოლუცია? რევოლუცია არის ლეგიტიმურობის ძალით მოპოვება. ჩვენებურ "რევოლუციონერებს" და მათ უკრაინელ კოლეგებს ვერაფრით შეასმენდი, რომ ნებისმიერი რევოლუცია თავისთავად ქმნიდა საფუძველს სახელმწიფოს დელეგიტიმაციისთვის გარეგანი ჩარევით. ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენილიყო, კიევის, ესე იგი უკრაინული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა რჩებოდა. და თუ ეს ლეგიტიმურობა დაირღვა კიევში, ფაქტობრივად, შეიარაღებული აჯანყებით (იგივე რევოლუციით), მაშინ ყირიმელებმაც ძალით დაარღვიეს უკრაინული ლეგიტიმურობა.
და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა, რომ "მაიდანის თავდაცვითი რაზმები" კარგია, ხოლო "ყირიმის თავდაცვითი რაზმები" – ცუდი, რეალურად ორივე უკანონო იყო. ხოლო დელეგიტიმაციის პირობებში ყველაფერს უკვე შიშველი ძალა წყვეტს: შიშველმა ძალამ და ლინჩის წესით გასამართლების მუქარამ აიძულა ედუარდ შევარდნაძე, გადამდგარიყო, თორემ ასიათასიანი მიტინგი კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრებოდა; ძალამ აიძულა იანუკოვიჩი, გაქცეულიყო, თორემ ნიჟეგორიეს რეზიდენციაში მიაკითხავდნენ სარზე გასასმელად და... რუსეთმაც ძალით წაართვა უკრაინას ყირიმი.
მორჩა და გათავდა!
ამიტომ, ნებისმიერი რევოლუცია ყოველთივს შეიცავს რისკს, რომ ის თვით სახელმწიფოებრიობას დააზიანებს. ხოლო თუ არა გყავს ნაპოლეონი, რომელიც ლეგიტიმისტთა შეტევას ძალითვე მოიგერიებს, მაშინ ამგვარი რევოლუციებისგან სჯობს, თავი შეიკავო, თორემ საბოლოოდ ქვეყანას დააზიანებ!
ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ არ არსებობს პირდაპირი კორელაცია 2003 წლის "ვარდების რევოლუციასა" და 2008 წლის აგრესიას ან 2014 წლის მაიდანსა და ყირიმს შორის. ვიმეორებ: მაშინ ფრანგი ერი უნდა იყო და "მარსელიოზას" სიმღერით მთელი ევროპა დაამარცხო... თუმცა, საბოლოოდ ისიც დამარცხდა და წმინდა ელენეს კუნძულზე ნელი შხამით ამოხდა სული.
ყველაზე დიდი სიბრიყვე, რაც შეიძლებოდა რუსეთის მეზობელ პოსტსაბჭოურ ერებს დამართნოდათ, სწორედ ესაა – ნაცვლად ნაბიჯ-ნაბიჯ, ევოლუციური განვითარებისა, "რევოლუციური ნახტომით" სცადეს პოსტსაბჭოური ელიტების ჩანაცვლება, ამით ხელყვეს საკუთარ, მყიფე სახელმწიფოთა ლეგიტიმურობა და შედეგიც შესაბამისი მიიღეს:
როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით, მოსკოვმა მხოლოდ იმ სახელმწიფოთა დანაწევრება ცნო, ან ტერიტორიულად მიიერთა, სადაც რევოლუცია მოხდა და სადაც ისტორიულ პერიოდზე "გადახტომა" სცადეს: დნესტრისპირეთისა ან ყარაბახის დამოუკიდებლობა კი დღესაც არ უცნია.
ვითომ შემთხვევით? უხერხული კითხვაა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების ირიბი პასუხი საერთოდ გამაოგნებელია: აბა, რა საჭიროა "ისტორიის კუთვნილებად" ქცეული ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე გამოძახება, როცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს პრობლემებს ევროასოცირების ხელმოწერის წინ?
როგორც ჩანს, ჯერ ერთი, მიაჩნიათ, რომ ყირიმის ფონზე შექმნილი კონიუნქტურა ყველაფერს გადაფარავს და ევროპა არავითარ შემთხვევაში აღარ გააუქმებს "ასოცირების" გაფორმებას, რაკი ეს მის მორიგ მარცხად და მოსკოვისთვის კიდევ ერთ დათმობად აღიქმება.
და მეორე: ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ხოლო დავით ნარმანიას პირველივე ტურში გამარჯვება ძალზე საეჭვოა. ამიტომ მიშას მოძულე ელექტორატის მობილიზებაა საჭირო.
თითქოს სწორი გათვლაა, მაგრამ ვაითუ... ვაითუ, დასავლური პოლიტკორექტულობისა და პრაგმატიზმის პირობებში, ისევ ჩვენ "დაგვაბრუნონ ხურდაში" რუსეთს?
აქ სწორხაზოვანი გათვლები არ არსებობს და თუ ვინმე ასე პრიმიტიულად გათვლის "კონიუნქტურაზე", შეიძლება კიდეც დამარცხდეს. სააკაშვილს ბევრი არაფერი დააკლდება პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით. არც ნარმანიას დააკლდება ბევრი _ მაქსიმუმ, მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს. აი, ქვეყანამ კი შეიძლება ყვითელი ბარათი მიიღოს იმის მიხედვით, როგორ "დალაგდება" დასავლეთისა და რუსეთის რესურსები "იალტა-2"-ის წინ, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც აუცილებლად შედგება, რაკი რეალობა ნამდვილად შეიცვალა, ყირიმი უკვე აღარ დაბრუნდება და ევროპაც უკვე ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო "უმანკოების დაკარგვამდე".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეიკრიბებიან თუ არა ლივადიის სასახლეში რუსეთისა და დასავლეთის ლიდერები _ პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. ახალი მსოფლიო წესრიგის დასადასტურებლად არაფორმალური "დათქმაც" საკმარისია.
"დიდი სამეულის" აჩრდილნი კი, ალბათ, უკვე შეთანხმდნენ იალტის სანაპიროზე, რომ ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც მათ შექმნეს, სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიულ წყვდიადს ქართულ სამაჩაბლოსთან, ქართულ აფხაზეთთან და უკრაინულ ყირიმთან ერთად.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |