|
"აი, თურმე რა მოვიპოვეთ..."
"პრემიერს" ესაუბრა პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი:
- ჯუმბერ, მოგესალმები. სანამ შენს შემოქმედებაზე გკითხავ, უფრო დეტალურად გვითხარი, რას გულისხმობდი, როცა ამბობდი: "ნახეთ, რამდენი ხალხი მიაწყდა მცხეთას, ყველაფრისა და ყველასგან უიმედოდ დარჩენილ ხალხს მარტო უფალი შემოგვრჩა იმედად... გაიღვიძეთ, ქართველებო, ახლა დეპოშიც აღარ ვართ, ახლა დანტეს ჯოჯოხეთის კიბის ბოლოზე ვართ და სადაცაა ჩავვარდებით..." რატომ ამბობს პოეტი, რომ ახლა დანტეს ჯოჯოხეთის კიბის ბოლოზე ვართ, რა არის ამის მიზეზი?
- ცნობიერება შეიცვალა, ფასეულობა გადაფასდა. პოეტი ჩემთვის უფრო მორწმუნე ადამიანია, ღმერთთან ლაპარაკობს, ახლოს ესაუბრება. ჩვენ კი უფალს ვშორდებით, ნელ-ნელა ჩავდივართ დანტეს კიბეებზე, თითქმის ბოლო საფეხურებზე ვართ... ხალხი უიმედოდაა, 25 წელია უკან და უკან მივდივართ, უწინ უკეთესად ვცხოვრობდით... ყველასგან და ყველაფრისგან უიმედოდ დარჩენილი ხალხი უფალს შეჰღაღადებს, არც იცის, საით წავიდეს... თითქოს სწამთ და არ იციან, რა არის რწმენა... უფალი ჩვენში უნდა იყოს, ბერი გაბრიელი ყველგან მისწვდებოდათ, თუ გულით შესთხოვდნენ... იქ კი, მცხეთაში, გასაცოდავებული ბრბო იყო და შემეცოდა ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ღმერთი ჩვენში...
- როგორ შეაფასებს თავად თანამედროვე მწერლობის წარმომადგენელი თანამედროვე მწერლობას, პასუხობს თუ არა ის დროისა და ეპოქის გამოწვევებს?
- მიუხედავად იმისა, რომ... ქართულ მწერლობას არ ჰყავს პატრონი, არ აქვს თავშესაფარი, გატელევიზორებული (რა უცნაური სიტყვაა) მწერლებით უკეთებენ ანტირეკლამას, მაინც ვიტყოდი, რომ საქართველოში საქართველოსთვის მაინც თანამედროვე ქართული მწერლობაა მთავარსარდალი... ქართული მწერლობაა ისევ ერის ზნეობრივი კატეგორიის, გენეტიკური კოდის მატარებელი და ისევ მას ყველაზე მეტად "ერის წყლული უჩანს წყლულად", თუმცა კი მავანს არ უნდა, ერის წინამძღოლი იყოს, რათა უფრო ადვილად მოახერხოს ერის გადაშენება...
- ხშირად ამბობენ, რომ პოეზიაში პატრიოტული თემა ძველმოდურია, თუმცა შენს პოეზიაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. რას უპასუხებ მათ, ვისთვისაც პატრიოტული თემა ძველმოდურია?
- აქ საქმე სხვაგვარადაა. პატრიოტული თემა ისევე მარადიულად დარჩება პოეზიაში, როგორც თავად პოეზიაა. უბრალოდ, პატრიოტულ ლექსში არ უნდა იყოს მარტო სიტყვების ბრახაბრუხი, ტაშისა და სადღეგრძელოსავით ლექსი. ლირიკული, ჰაეროვანი უნდა იყოს. ვიღაცას ჰგონია, რომ ამ თემაზე ადვილია წერა და წერენ. მეც ვერ დავარქმევდი ლექსს ბევრ მათგანს... მაგრამ აბა, ნახეთ, როგორია ირაკლი აბაშიძის "პალესტინა-პალესტინა", როგორია "ვეფხისა და მოყმის ბალადა", ანდა თემურ ჩალაბაშვილის "დაიგვიანეს" - ჰამლეტ გონაშვილზე... აქ მარადიული თემებია და მათ გარეშე პოეზია ვერ იქნება სრულყოფილი.
- როცა სამშობლოზე წერ, ერთდროულად იგრძნობა ოპტიმიზმიც და პესიმიზმიც, იგრძნობა შიშიც - "კვდება კი არა, მკვდარია და ადგომაც არ სურს, მოტყუებული თევზებივით ანკესზე ვრჩებით!.." რატომ აღმოვჩნდით ანკესზე?
- პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს ლექსებს ეცნობი და ასე გულდასმით კითხულობ, მართლა დიდი მადლობა, თემურ... სამშობლო დარდიცაა და სიხარულიც, ტკივილიც და სიამაყეც... და შიში იმისა, რომ ერთ დღეს საბოლოოდ შეგვირყვნიან, მოგვიოხრებენ... ზვიად გამსახურდიას დროს ბედნიერი ვიყავი, დამოუკიდებლობას ვესწრებოდი და აი, თურმე რა მოვიპოვეთ... 9 აპრილის შემდეგ მივატოვე ყველაფერი და დავბრუნდი რუსეთიდან... იქ, დონის როსტოვში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჯერ ქართული სათვისტომო, მერე კი კავკასიის გაერთიანებული კულტურის ცენტრი ჩამოვაყალიბე, ქალაქის აღმასკომი მიჭერდა მხარს, მთელი უნივერსიტეტი, პერსპექტივა მქონდა, ახლა, ნამდვილად ვიცი, დიდი კაცი ვიქნებოდი. მე კი ავდექი და წამოვედი. აბა, რა, ქართველები დახოცეს რუსთაველზე - 30-მდე... მერე კი ჩვენ ვხოცეთ ერთმანეთი - ათასამდე, ათი ათასამდე ცხინვალშიც, სოხუმშიც, თბილისშიც, ჭუბერზეც... სულ მიტინგებზე ვდგავართ საწყალი ქართველები... ვიდექი გამსახურდიასთან, შევარდნაძესთანაც, მერე "სხვააკაშვილთან" (ამ სიტყვას ვასიკო ოდიშვილს დავესესხები), ბოლოს "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ რა, ჩავრჩით ოცნებებში, ისევ მოტყუებულები, ისევ პატივაყრილები, ისევ, ისევ, ისევ... ახლახან ჩემი ახლობლის და დააკავეს, წერილის მაგივრად ნარკოტიკები შეაჩეჩეს, ორი შვილის დედაა, 8000 მოგვეცი და 5 წლით ჩაგსვამთო, რამხელა შეღავათია... ხოლო ის, ვინც გადასცა, არ დაუკავებიათ, თბილად ჰყავთ, კიდევ სხვისთვის რომ მოაწამვლინონ სიცოცხლე. პრევენციას კი არა, პირიქით, შენი სახელმწიფო დანაშაულისკენ გიბიძგებს, რომ მერე ფული გამოგძალოს...
- რას შეცვლიდი არა მხოლოდ შენთვის, არამედ შენს ირგვლივ?
- პირველ ყოვლისა, ჩემო თემურ, სატელევიზიო სივრცეს შევცვლიდი... ტელევიზიაა ყველაზე დიდი მტერი დღეს საქართველოში. გადააჯიშეს, გადააგვარეს თაობა... ეს კერძო კომპანიები თავს უფლებას აძლევენ, გვაგინონ, გვლანძღონ ეთერიდან... არავითარი ცენზორი, არავითარი მორალი მათ არ აქვთ... უნდათ სექსზე საუბარი, ისაუბრონ სპეციალურად დაშვებულ დროს, გვიან, ღამის საათებში... უნდათ სატანისტური მოძღვრება, ესეც განსაკუთრებულ დროს აკეთონ (ან, საერთოდაც, რატომ უნდა აკეთონ ეს ჩვენს ქვეყანაში)... დღეს შვილთან ერთად ტელევიზორის ყურება გრცხვენია... ზოგჯერ, თითქოს არაფერი და უცბად ისეთ რამეს იტყვიან ან გაჩვენებენ, გაწითლდები კაცი... მაგათ ჰგონიათ, არ ვიცით, რა ხდება ევროპაში, ამერიკაში... აბა, გაბედონ და დღისით, მზისით, საყოველთაო სიხშირის მაუწყებლებმა ასეთი რამეების ჩვენება აკადრონ მოსახლეობას...
- როგორ გგონია, რატომ გაქრა ბრძოლისა და ცვლილების მუხტი?
- როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ლამის 25 წელი მიტინგზე, ქუჩაში დგას საქართველო. რამდენი მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ხალხისთვის არაფერი შეცვლილა... ყოველთვის ახალგაზრდები, სტუდენტები აქტიურობდნენ... რა მიიღეს?.. უმაღლესი განათლება ისევ ფასიანი და არათანადროულია, ახალგაზრდები ისევ უმუშევრად და უპერსპექტივოდ არიან... ყველა, ვინც ახერხებს, საზღვარგარეთ მიდის... ზუსტად ასეა - "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის"... ხალხი, ახალგაზრდობა იბრძვის და მის მონაპოვარს სხვები ეუფლებიან, უფრო სწორად ისევ ისინი, ოღონდ სახეშეცვლილები...
- რა არის შენთვის ტრადიცია და რა არის ევროპული - დასავლური ფასეულობა, რამდენად თავსებადია ერთი მეორესთან და რეალურად რის ეშინია საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დასავლურ მისწრაფებებში გახრწნას ხედავს?
- ტრადიცია ჩემთვის არ არის ვიწრო ჩარჩოებში მოთავსებული ეროვნულობა. თითქმის ყველა, განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქვეყნის ფასეულობანი იდენტურია... არც ძალიან დავაშორებდი ერთმანეთისგან ქართულ-კავკასიურ და ევროპულ ფასეულობებს... მე მინახავს ესპანეთშიც, საბერძნეთშიც, გერმანიაშიც, იტალიაშიც თავსაფრიანი სოფლელი ქალები და წვერულვაშიანი მამაკაცები... მომისმენია, როგორ მიუღებელია მათთვისაც საყურიანი ბიჭები, ძალიან მოკლეკაბიანი და სიგარეტის მწეველი გოგონები... ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ჩემთვის ეროვნული ფასეულობა ქვეყნის კულტურული საგანძურია, შოთაა, ილიაა, ვაჟაა, გალაკტიონია... კიდევ "ჩაკრულოა", "ლილეა", "ურმულია", "ჭონაა" - კიდევ რამდენი გამომრჩა... ახლა ქართული ცეკვა ავიღოთ, ქართული ფერწერა, მხატვრობა, ქანდაკება... რომელი ერთი... დაუჟინიათ, - რას ჰგავსო ქართული სუფრა... ქართული სუფრა ქართველი კაცის გენეტიკაა, უფლის სადიდებელია, ნახე რას ვამბობთ ხოლმე სადღეგრძელოზე - დავლოცოთო, ლოცვები ვთქვათო, ჩვენ ვილოცებით, ერთმანეთს ვლოცავთ, ქვეყანას ვლოცავთ, უფალს განვადიდებთ... ღრეობა ყველგან ღრეობაა და ქართული აქ არაფერ შუაშია. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ - მთაში, კერძოდ ხევსურეთში, სმის დროს კეჭნაობის ტრადიცია იყო, მთვრალი ხევსურები კეჭნაობდნენ და ისეთ მაღალ საფეხურზე იყო აყვანილი ეს საბრძოლო ხელოვნება, რომ ალესილი სატევარის ოდნავ ღრმად დასმისთვის მოპაექრე მკაცრად ისჯებოდა... ახლა გადავხედოთ დასავლური ფასეულობებისადმი ჩვენს განსაკუთრებულ შიშნარევ დამოკიდებულებას. შემიძლია ხმამაღლა და გულწრფელად განვაცხადო, რომ მთავარი დამნაშავე აქაც ზემოხსენებული ჩვენი სატელევიზიო სივრცეა... როცა ხალხისთვის, ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელ სიახლეებს გვთავაზობენ, თავს იმით იმართლებენ, ჩამორჩენილები ხართ, მთელი ევროპა ასეაო... და ხალხიც, ბუნებრივია, ადეკვატურად მოქმედებს. არადა იქ მსგავსი არაფერი ხდება. მოგეხსენებათ, როგორი ტრადიციული ქვეყნებია საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, მთელი სკანდინავია და კიდევ ბევრი ქვეყანა, სადაც ჩვენზე არანაკლებ იცავენ ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. მართალია, ჩემთვის ცივილიზაცია კავკასიიდან, იბერიიდან, შუმერიდან იწყება, მაგრამ თანამედროვეობის კულტურული აღქმის ხაზი იმ "ბაროკოდან", "როკოკოდან", "ოქროს ხანიდან" გრძელდება, რომლის მთავარი მაგისტრალიც ევროპაზე გადის.
- ხშირად ამბობენ, რომ ამა თუ იმ პოეტს სხვა პოეტის გავლენა აქვს, ან ჰგავს. ამას შენც ადასტურებ, მაგრამ იქვე ამბობ - "პოეტები ჰგვანან პოეტებს, მაგრამ ყოველთვის არ ჰგვანან ერთმანეთს..."
- მურმან ლებანიძეს აქვს ერთ ლექსზე - "არ მომიპარავს, მიპოვნიაო..." როგორც ყველა ადამიანი უფლის მოზელილი თიხაა, ასევე, ყველა პოეტი ერთიმეორისგან მომდინარეობს... ყველა პოეტშია გალაკტიონი, თვითონ გალა კი ნახე, რას ბრძანებს - "რუსთაველი მახსოვს ბავშვიო..." ეს რაზე მეტყველებს რომ - რუსთაველი იყო მასში, გალაკტიონში... ეს იმას კი არ ნიშნავს, ავდგეთ და გადავიწეროთ ერთმანეთისგან. ხშირად ემართებათ, მოეწონებათ ლექსი და უნდათ თვითონაც დაწერონ იმ თემაზე, მაგრამ ბოლოში რომ გადიან, ხედავენ, იგივეს ცუდი ვარიანტი გამოუვიდათ... ზოგი ხევს, ზოგი ვერ უძლებს ცდუნებას და თავისად ასაღებს, რაც თავისთავად ცუდია. რაც შეეხება მსგავსებას... პოეტი უნდა ჰგავდეს პოეტს არა მარტო პოეტურობით, მათ თითქმის ერთნაირი სამყაროს აღქმა უნდა ჰქონდეთ, ერთნაირი განცდა სიყვარულის, სიკეთის, სამშობლოსი, უფლისა... ჩემთვის ყველა პოეტი კეთილი, კარგი ადამიანია... ახლა ვინ არ ამაყობს, გალაკტიონს შევხვედრივარო, ვაჟას გულქანზეც - ახლოს მინახავსო... თითქმის დაგვიკარგეს ეს შეგრძნება, თორემ განა ახლა არ არიან. რამდენიც გინდა, იმდენი საამაყო და სათაყვანებელი ხალხი გვყავს, მაგრამ ვინ იცნობს? საზოგადოება, ახალგაზრდა თაობა ტელემწერლებს, ტელემხატვრებს, ტელემომღერლებს ცნობს... მე ახლაც პირჯვრის წერით ჩავუვლი ხოლმე მწერალთა სასახლეს, რატომღაც კნინობითად მწერლის სახლი რომ შეარქვეს, მაგრამ რა... სისტემას ეს ვერ ცვლის... სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ - პოეტები ჰგვანან პოეტებს, მაგრამ ყოველთვის არ ჰგვანან ერთმანეთს! დიახ, ისინი პოეტები არიან, ლექსებს წერენ, მაგრამ არ არიან თანმიმდევრულნი, არ ესმით ერთნაირად, არ ესმით ერთმანეთის... სხვადასხვანაირია მათი აღქმა სიყვარულისა, პატრიოტიზმისა... ბევრი მეფის, ხელმწიფის ნავში ზის, ზოგი ეშმას სამსახურშია... წესიერი პოეტები კი ცოტანი არიან და იმათაც ებრძვიან ტელევიზიებით, შოუებითა და ათასი რაღაცით...
- რას იტყვი ლიტერატურულ კონკურსებზე? რამდენად ობიექტურად ტარდება ისინი და რაში ეხმარება ასეთი კონკურსები ახალგაზრდა შემოქმედებს?
- ჰოო, რთულ თემას მივადექით... არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს, თემო, მაგრამ ზემოხსენებული ტელევიზიებისა არ იყოს, ზოგი ამ კონკურსთაგანი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ შეურაცხმყოფელია ლიტერატურისა. ხშირად ისინი ტარდება არა ლიტერატურის ან ლიტერატორის, მწერლის წარმოსაჩენად, არამედ საკუთარი პიარისა და გამოჩენისთვის... ერთი-ორი ვინმე ფულიანი მოიფიქრებს კონკურსს, ერთ-ორ სახელოვან მწერალს ამოიყენებს გვერდით და მიდის ტაკ-მაცუნი... ობიექტურობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია... დღევანდელი ტენდერებივით ტარდება - სადღაც მოიფიქრებენ ხეების დარგვას, მერე ჩაიტარებენ ტენდერს, გაიმარჯვებენ და ჩადებენ მიწაში... მე ჯერ ამათი გახარებული ნარგავები არ მინახავს... ასევე, არ მინახავს ამ კონკურსებში გამარჯვებული ავტორების მბრწყინავი შემოქმედება... ახლა კიდევ რა მოიგონეს - ტაბახმელის პოეზიის საღამოო, ჩარგლისაო, ნატახტრისაო... პოეზია ვიღაცას ბუკისა და ნაღარის ცემა ჰგონია... არ ვფიქრობ, რომ ასეთი კონკურსები რამეში ეხმარება ახალგაზრდა შემოქმედს, მგონი, პირიქითაც - ცუდ განწყობაზე აყენებს და უსუსურობის განცდას უქმნის...
- როგორია შენი შემოქმედებითი გეგმები? ახალი კრებული ხომ არ გამოდის? და საერთოდ, რაზე მუშაობ?
- მესამე კრებული ოთხი წლის წინათ გამოვეცი, მერე ერთობლივი 13 პოეტის 13 ლექსის კრებული გამოიცა... ახალი წიგნიდან არც ერთი აღარ დამრჩა, ვერავის ვჩუქნი... ამიტომ მინდა ახლო მომავალში ან ის მესამე გავიმეორო, ან ახალი გამოვცე... ახლა პოემას ვწერ, არ ვიცი, რა გამოვა, თემა მომწონს, ისტორიულია... რაც შეეხება ლექსებს, თითქმის ყოველდღიურად ვწერ, ყველა კარგი ვერ გამოდის, მაგრამ მე მათით ვსულდგმულობ, ისინი არიან "პური ჩემი არსობისა", ოღონდ მართლა... ჩემი შემდეგი გეგმა და ყველაზე მთავარი საზრუნავი ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და იმ სათავეებთან დაბრუნებაა, სადაც ყოველთვის იყო - დიახ, ქართული მწერლობა უნდა გახდეს ქართველი ერის მესაჭე და წინამძღოლი...
თემურ ჭუმბურიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |